გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

როგორ მიმდინარეობ ცნობიერების/სულიერების ამაღლება

 

2019 წელი. 6 ივლისი. როგორ მიმდინარეობ ცნობიერების/სულიერების ამაღლება

ჩემი წიგნის ნაწყვეტების გამოქვეყნება დავიწყე ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში. ინტერნეტში დასმული კითხვები მაიძულებს განვაზოგადო და სისტემატიზაცია გავუკეთო მთლიანად ჩემს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რაც ამ გამოცდილების შედეგად მივიღე. ეხლა ვხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არამც თუ ერთი ცხოვრების, არამედ მრავალი ინკარნაციის გამოცდილების თემაა - ანუ უკიდურესად ვრცელი და რთული, ეს ერთგვარი სისტემატიზაცია, დაჯამება და განზოგადება მაინც შესაძლებელია. და ამ პროცესების ერთიანი აღწერა მეც მიადვილებს დავინახო სრული სურათი.

კითხვაა: რა სტადიაზე მიიღწევა „მე“-ს დაკარგვა. მე ამ კითხვას სხვანაირ ფორმულირებას გავუკეთებდი: როგორ მიმდინარეობს ცნობიერების (იგივე სულიერების) ამაღლება და რა იგულისხმება „მე“-ში, რომელიც იკარგება ადამიანის განღმრთობისას?

ვინაიდან ცნობიერება სულის მთავარი თვისებაა და ფაქტიურად მის არსს წარმოადგენს, პასუხის გასაცემად დავიწყებ დასაწყისით (იხ. ნახ. 10. გ.), როცა გონიერების ცნობიერება ანუ მენტალური სხეულის ქვედონე არის „ფიზიკური მენტალური დონე“ - ეს არის 666 ცნობიერება.

ჩვენი, მატერიალური განზომილებების ადამიანების ცნობიერება აღიქვავს მხოლოდ უხეშმატერიალურ განზომილებას, რადგან ჩვენი მენტალური ველი ვიბრირებს ძალიან დაბალ სიხშირეებზე და ჩვენი სენსორიკა შესაბამისად შეზღუდულია. მაგრამ ამ მატერიალურ ადამიანებშიც არსებობს გრადაცია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ჭამაზე, ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე და გამრავლებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს არის ადამიანი-მხეცის - 666 ცნობიერება, ანუ „ფიზიკური მენტალური დონე“, რომელიც ქვედა რიგის/სიმკვრივის არსებებს - „ცხოველების“ კატეგორიას ესაზღვრება. მეორე დონე მატერიალურ ადამიანში არის „ენერგეტიკული ადამიანი“. იგივე „ენერგეტიკული მენტალური დონე“. ეს ადამიანი სექსუალობის, სხეულის მოვლის და საერთოდ ფიზიკურ სხეულზე აქცენტირების თემითაა გატაცებული, მისი სილამაზის სტანდარტია (რადგან სილამაზის აღქმა ბევრის მთქმელია) სექსუალური ატრიბუტიკის ჰიპერტროფირება. ანუ, ვინაიდან მენტალური ცნობიერება მე-2 ჩაკრის დონეზე ვიბრირებს, სწორედ სექსუალობასთანაა ბევრი ასპექტი, მათ შორის საკუთარი სილამაზის აღქმა დაკავშირებული. ასეთ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ რაც უფრო დიდი ზომისაა სქესობრივი ატრიბუტიკა, მით უფრო ლამაზია, ამიტომ ქალური სილამაზე მათთვის დაკავშირებულია გადიდებულ ტუჩებთან, გადიდებულ მკერდთან და ას. შ. ეს „გადიდების“ სურვილი ხანდახან იმდენად მძაფრდება, რომ ავადმყოფურ დეფორმაციაში გადადის, ისე, რომ ადამიანი ამას ვერ ამჩნევს. შემდეგი საფეხურია, როცა მენტალური ცნობიერება ვიბრირებს მესამე ჩაკრის დონეზე („ვნებებბის და სურვილების მენტალური დონე“). აქ ადამიანი ცხოვრებისეული ენერგიით იჟღინთება. მისი სილამაზის სტანდარტია - ჯანმრთელობა და ათლეტურობა. ამ მენტალური ცნობიერების დონეზე ადამიანი „ვნებების“ ტყვეა. მას უამრავი ამბიცია, კარგი თუ ცუდი მოტივაციის აქტიური ქმედებების სურვილი ამოძრავებს. როდესაც ჩაკრა მე-4 დონეზე ვიბრირებს, ეს არის ინტელექტუალური მენტალური დონე. ინტელექტუალური ადამიანი ინტელექტუალური მოღვაწეობითაა დაკავშირებული და მისი სილამაზის სტანდარტი საკუთარ თავთან დაკავშირებით (ამაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სწორედ საკუთარი გარეგნობით ახდენს ადამიანი საკუთარი „მე“-ს თვითგამოხატვას და ამ თვითგამოხატვაში ჩანს მისი ცნობიერების დონე) არის გარეგნობისთვის ყურადღების არმიქცევა. ეს კარგად ჩანს მეცნიერებში. მენტალური ადამიანის უფრო მაღალ ქვედონეებზე (მე-5, მე-6, მე-7) ჩნდება „ქარიზმატული“, „გულისმიერი“ და „სულიერი“ ტიპის ადამიანები, რომელთა სილამაზის სტანდარტი არის გარეგანი მოწესრიგებულობა და შინაგანი (სულიერი) სილამაზის გამოვლინება გარეგნობაში. სულიერ ადამიანებს ერთი შეხედვით არაფრით გამოსარჩევი გარეგნობა აქვთ, მაგრამ ამავე დროს ისინი თითქოს შიგნიდან ანათებენ. ეს სულიერი საწყისის ერთ-ერთი გამოვლინებაა ფიზიკურ გაგეგნობაში.

ცნობიერების ამგვარი „ასვლა“ ჩაკრების შესატყვისად მიმდინარეობს მენტალური სხეულის „გაფართოებით“ და საკუთარი თავის გაიგივებით უფრო და უფრო დიდ სტრუქტურებთან (რეალურად ეგრეგორებთან). რას ნიშნავს ეს? დავიწყოთ თავიდან... ყველაზე დაბალი დონის მენტალური ცნობიერება (666) ამავდროულად ყველაზე ეგოისტური და სხვებისგან დისტანცირებულია (იხილეთ ნახ. 10 გ.). ის საკუთარ მიწიერ „მე“-ზეა ორიენტირებული და მის გადარჩენასა და მოვლაზე ზრუნავს. ასეთი ადამიანი თავს აიგივებს (თვითრეფლექსია) მხოლოდ საკუთარ თავთან და სხვა ადამიანები, ოჯახის წევრებიც კი არ აღელვებს. შედარებით წინ წასულია ის კატეგორია ვინც თვითრეფლექსიას ახდენს ოჯახის დონეზე. ანუ ასეთი ადამიანის ცნობიერება მოიცავს ოჯახს (ოჯახის ეგრეგორს). მისთვის მთავარი მისი სახლია. რაც სახლის და ოჯახის გარეთ ხდება ან არ არის საინტერესო ან საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ისევ მის ოჯახს ეხება. ასეთი ტიპის ადამიანების მაგალითია ბევრი ქართველი, რომლის სახლში ყველაფერი დალაგებული და სუფთაა, მაგრამ სადარბაზო (რომელიც საერთოა და არა მისი ოჯახსი საკუთრება) ნაგავში იფლობა. ეს იმიტომ ხდება, რომ სადარბაზო მისი თვითრეფლექციის ზონაში არ შედის. შემდეგი საფეხურია, როდესაც ცნობიერება ფართოვდება და ადამიანი ხვდება, რომ მარტო სახლი კი არაა მისი, არამედ ქალაქი, შემდეგ ქვეყანა/ერი, შემდეგ კაცობრიობა და შემდეგ სრულიად პლანეტა. რაღაც დონეზე რათქმაუნდა ყველა ადამიანი იაზრებს, რომ, მაგალითად ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს, მისია და ის თავად მისი ნაწილია, მაგრამ საუბარია ამ აღქმის სხვა დონეზე. ეს არის საკუთარი თავის სიღრმისეული იდენტიფიცირება ქვეყნის ეგრეგორთან. ამ დროს შენ და შენი სამშობლო ერთი ხართ. ყველაფერ ცუდს, რაც შენ სამშობლოში ხდება, ისევე მძაფრად აღიქვავ და განიცდი, როგორც საკუთარს. ეს ცნობიერების საკმაოდ მაღალი დონეა, რადგან თვითრეფლექსია საკმაოდ ფართო მაშტაბზე ვრცელდება. ამ ცნობიერების დონეზე იბადებიან და თავს ავლენენ ეროვნული გმირები. ემპათიის გრძნობა უკიდურესად გამძაფრებულია და გაძლიერებულია ქვეყნის ეგრეგორის დონეზე. ანუ, ქართველი ქართველს უთანაგრძნობს, როგორც საკუთარ თავს. შემდეგი საფეხურია ცნობიერების გაფართოება კაცობრიობის ეგრეგორზე. „მატერიალური“ ადამიანისთვის ეს ძალიან მაღალი დონეა, რადგან მაქედან „სულიერი“ ადამიანის კატეგორიაში გადასვლისთვის ერთი ნაბიჯია. ეს ერთი ნაბიჯი კი ყველაფერია! ცნობიერების ამ დონეზე ადამიანი თვითრეფლექსიას ახდენს ყველა ადამიანზე დედამიწაზე. მისი ემპათია ვლინდება ერთნაირად, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე, ასევე სრულიად უცხო ადამიანზე. აფრიკაში მოშიმშილე ბავშვის ბედი ისევე გაღელვებს, როგორც საკუთარი შვილის და მზად ხარ შენი კომფორტული ცხოვრება მიატოვო და დასახმარებლად წახვიდე. ეს ჯერ კიდევ მატერიალური ცნობიერებაა, მაგრამ თავისი არსით (7-ობრივი ფრაქტალის ანალოგიებით) უტოლდება „ქრისტესეულ ცნობიერებას“. ამის შემდეგი ეტაპია (მე-7 ეტაპი) როდესაც ცნობიერება ფართოვდება პლანეტარული მაშტაბით და შენი თვითრეფლექსია გადადის სრულიად პლანეტაზე, თავისი „ცხოველების“, „მცენარეების“ და „მინერალების“ კატეგორიებით. ყველაფერი შენია. ყველაფერზე გული შეგტკივა. ემპათია ადამიანებზე, ცხოველებზე, ეკოლოგიაზე, ბუნებაზე იმდენად ძლიერდება, რომ ამ თანაგრძნობის და განცდების ფონზე შეუძლებელია იყო ბედნიერი და ცხოვრება ხშირად გაუსაძლისი ხდება. ძალიან ძნელია ასეთი ძლიერი თანაგრძნობით ცხოვრება, მაგრამ ეს ის ტანჯვაა, ის მშობიარობის ტკივილი, რომლიდანაც ახალი ცნობიერება, განღმრთობილი ადამიანი იბადება. ესაა ნათლობა სულით და ცეცხლით. ეს არის სწორედ საფეხური შენი უკვდავი სულისკენ, დაკარგული ედემისკენ, ცათა სასუფევლისკენ, მდგომარეობისკენ, როდესაც გლობალური თვითრეფლექსია და ემპათიაც რჩება, ღმერთთან ერთობა კი უშრეტი ნეტარების შეგრძნებას განიჭებს. ამ დროს ცნობიერება (იგივე სულიერება) გადადის არსებითად ახალ, მე-5 საფეხურზე (იხ. ნახ. 10. ბ.), რომელიც უკვე სულიერი ტრიადის (მე-5, მე-6, მე-7) ნაწილია და ადამიანის მიერ საკუთარი სულის შეგრძნება მძაფრდება. ეს არის ადამიანი „უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეულის“ აღქმის ცნობიერებით. ძლიერდება განცდა, რომ მისი „მე“, მისი ინდივიდუალობა და მისი სხეული არ არის ერთი და იგივე, რომ მისი მიწიერი ინდივიდუალობა არ არის მისი ჭეშმარიტი არსი, რომ მისი ნამდვილი „მე“ უკვდავია და როგორც ერთჯერად ტანსაცმელთან ისეთ დამოკიდებულებაშია მიწიერ ინდივიდუალობასთან. ამ ეტაპზე ბუნებრივად იხსნება მე-3 თვალი ანუ სულიერი ხედვა და ეს გახსნაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, ასევე 7-ობრივი ფრაქტალის აღმავლობის პრინციპის შესატყვისად.

თავდაპირველად სულიერი ხედვა იხსნება ეთერულ ანუ ენერგეტიკულ ველზე (2 პლანეტარული შრე. იხილეთ ნახ. 10 ბ. ბ-ზე გამოსახულია ადამიანის „სხეულები“, მაგრამ ჩვენს პლანეტასაც ანალოგიური პლანეტარული ველები აქვს). ასეთი ადამიანები ხედავენ სტიქიების ენერგეტიკულ გამოვლინებებს, ანუ ეგრეთ წოდებულ ბიოველებს, როგორიცაა მაგალითად, ადამიანის აურა და დაავადებები. ვინაიდან ნატიფი განზომილებები არის ერთგავრი ვიბრაციულ-ენერგეტიკული ფენები, იქიდან მოსულ ინფორმაციას ადამიანის ტვინი ხშირად ვიზუალიზაციას უკთებს ფერების სახით. გავიხსენოთ, რომ ხილულ სპექტრში ყველაზე დაბალსიხშიროვანი ფერი არის წითელი, ხოლო მაღალსიხშიროვანი (მაღალვიბრაციული) არის იისფერი. ამიტომ იქ სადაც ენერგეტიკულ ველებში დაბალი ვიბრაციებია, ადამიანი „ხედავს“ წითელს. მაგალითად, დაავადება ადამიანის ენერგეტიკულ სხეულში აღიქმება როგორც წითელი ნათება. სამკურნალო მცენარეები ანათებენ ლურჯად და იისფრად, რაგდან ეს ყველაზე მაღალსიხშიროვანი ნათებაა. დაავადებული ადამიანის მიერ იისფერი ფერის საკუთარ აურაში მიღებით (სამკურნალო მცენარის მიღებით), ენერგეტიკული სხეულის (მე-2 სხეულის) სპექტრი მაღლდება და აურა მაღალვიბრაციულ ფერს იღებს (ცისფერს, თეთრს, ოქროსფერს. როგორც წესი ეს ყველაფერი ერთად ლივლივებს). ეს არის ენერგეტიკული მკურნალების ხედვის დონე და მათი მოქმედების არეალი. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც ადამიანმა ამ შრეში უნდა გაიაროს, გარდა ენერგომკურნალობის და ბიოველების აღქმისა, არის დაბალ-სიხშიროვანი, ანუ დემონური ენერგეტიკის გარჩევა ღვთაებრივი, ანუ მაღალსიხშიროვანი ენერგეტიკისგან. ამ გარჩევითობის უნარის გარეშე შემდეგ შრეზე (ასტრალზე) ცნობიერების ამაღლება საშიშია, რადგან აქ რეალურად გხვდებიან უსხეულო ცოცხალი არსებები, რომლებმაც ნებისმიერი „გარეგნობა“ შეუძლიათ რომ მიიღონ და მათი ბუნების ამოცნობა, სწორედ ენერგეტიკის გარჩევითაა შესაძლებელი. სწორედ ასტრალის ხედვაა ის, რასაც ქრისტიანობაში ხიბლს ეძახიან. და ეს ხიბლი რომ გაიარო, ეთერული შრის გამოცდილებაა აუცილებელი, რომ დემონური არსების დადგენა შეძლო მისი სულის გამოსხივებით და არ ენდო სულიერ თვალებს, დაივიწყო „მატერიალური კატეგორიები“, რომელსაც ასე ნაჩვევი ხარ. ეს ენერგიების და ინფორმაციის სამყაროა.

ავღწეროთ რა ხდება, როცა ცნობიერება იწყებს მე-3 პლანეტარულ ველზე (შრეზე), ანუ ასტრალზე გასვლას. ხომ გახსოვთ 7 ფრაქტალის ხეზე ეს არის „ვნებების“ დონე, ხოლო ადამიანის სხეულში ასტრალურ ანუ ემოციურ სხეულს შეესატყვისება. ამიტომ აქ იწყება ბრძოლების თემა და მრავალფეროვანი ფანტასტიკური სიუჟეტების მატერიალიზაცია, რომელიც მოუმზადებელი გონებისთვის შეიძლება იმდენად დამთრგუნველი და საშიში აღსაქმელი იყოს, რომ ადამიანი ჭკუიდანაც კი შეშალოს. ამ ფენაში ნატიფმატერიალურ ფორმებში მატერიალიზდება საკუთარი და სხვისი შიშები, ვნებები, დაუოკებელი სურვილები. ამას ასტრალური კონსტრუქციები ქვია. მაგრამ აქ არის ასევე რეალური უსხეულო სხვადსხვა ტიპის დემონური არსება. ისინი თავს გესხმიან, შენ კი მოგერიება გიწევს. ამ ფენაში სწავლობ „ბოროტებასთან ბრძოლის“ ნამდვილ არსს, ანუ იმას, რომ ძალადობას ძალადობა მხოლოდ აძლიერებს, ნეგატივს ნეგატივი მხოლოდ კვებავს და რომ ბოროტება დაბალი ვიბრაციის ენერგეტიკული რხევებია, რომლის წამოწევა მხოლოდ მაღლითაა შესაძლებელი, ანუ სულიერი ნათებით, სიკეთით, სათნოებით, შინაგანი სულიერი ჰარმონიით და გულის გამონათებით. აქ იქმნება გარემოებები, სადაც ადამიანი სხვადასხვა პირობებში სწავლობს ამ ყველა თვისების გამონათებას ნატიფ დონეზე. თუ ასტრალის დონეზე ადამიანი (განდობილი) წარმატებებს აღწევს, უმაღლესი ძალები მას ანიჭებენ ერთ-ერთი იერარქის ენერგიას. პირობითად დავუძახოთ მას ვედური ტერმინი - შაკტი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასევე ძალიან საფრთხილოა, რადგან ამ ენერგიის არასწორი გამოყენებით ადამიანი შეიძლება პირიქით, დაეცეს ვიბრაციებში და უკუაგდოს თავისი სულიერი განვითარება. შაკტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა „ლოცვის ძალა“, როდესაც ქრისტეს ენერგიით ან ღვთისმშობლის ენერგიით ფანტავ ბნელ ძალებს და ამაღლებ ვიბრაციებს ეგრეგორების საშუალებით. შაკტის მონიჭება, უდიდესი ნდობაა უმაღლესი იერარქის მხრიდან ადამიანის მიმართ და უპირობოდ სწორი, ალტრუისტული მოტივაციით უნდა იქნას გამოყენებული, რომ ადამიანმა არც სხვა და არც საკუთარი თავი უნებლიეთ არ დააზიანოს. შაკტის განიჭებენ მხოლოდ იმის მერე, რაც ბოლომდე გააცნობიერე „ბოროტებასთან ბრძოლის“ ანუ ასტრალის ბუნების ჭეშმარიტი არსი!

imma95


ნახ. 10. ა) ცოცხალი არსებების; ბ) ადამიანის სხეულების და გ) ადამიანის მენტალური სხეულის გრადაცია 7-ობრივი ფრაქტალით.

ამ გაკვეთილს რომ გაივლი, გადადიხარ მენტალურ შრეზე. ეს არის იდეების სამყარო - ის სამყარო რომელიც ძერწავს ჩვენს მატერიალურ რეალობას. ეს შემოქმედების, დემიურგების სამუშაო არეალია. აქ სწავლობ როგორ შექმნა მენტალური კონსტრუქციები, რომლებიც შემდეგ ასტრალის და ეთერის გავლით „დაილექებიან“ მატერიალურ განზომილებაში შესაბამისი ფორმებისა და მოვლენების სახით. ეს ის სფეროა, სადაც დიდი მუშაობა მიდის, როგორც ბნელი, ასევე ნათელი იერარქიის წარმომადგენლების მხრიდან. ეს სფეროა სულიერ სამყაროსთან მოსაზღვრე და ამიტომ სწორედ ისაა რეალურად პრობლემატური ნათელი ძალებისთვის, რადგან ბნელი ჩარევაც აქედან მიდის. ეს უმაღლესი მაგიური და ტანტრული მოქმედებების შრეა. ამ სფეროში შეიძლება შექმნა მენტალური კონსტრუქცია, დავუშვათ რაღაც იდეა, რომელსაც „დალექვით“ ჩანერგავ კონკრეტული ქვეყნის ეგრეგორში და ამ იდეების მოსვლა დაიწყება ამ ქვეყნის მოქალაქეების დონეზე, ისე, რომ ისინი ვერც მიხვდებიან, რომ ეს იდეები გარედანაა მოსული. მენტალური ველის დონეზე ადამიანი (განდობილი) სწავლობს როგორ გახდეს საკუთარი რეალობის დემიურგი. მაგრამ ამ სფეროს მხოლოდ საბაზისო დონეზე გაცნობენ, რადგან ითვლება რომ სწორი შემოქმედი ვერ იქნები, თუ უმაღლეს სულიერ ტრიადასთან არ გექნება კავშირი, რადგან მხოლოდ ღმერთთან ერთობით შეიძლება გახდე მისი ნების გამტარებელი და მისი თანაშემოქმედი. მხოლოდ მაშინ მოგეცემა „ზევიდან“ რეალური ძალა. ამიტომ ცნობიერების ამაღლება უნდა გააგრძელო მე-5, მე-6 და მე-7 განზომილებებამდე. და აი, აქ იწყება რეალურად ღმერთის შეგრძნება და ის ნეტარება, რომელზეც წმინდა მამები და განსხივოსნებული ადამიანები საუბრობენ.

ცნობიერების მე-5 დონე არის განღმრთობის დასაწყისი. ამ დროს ადამიანი საკუთარ უმაღლეს მე-ს, უმაღლეს ინდივიდუალობას აღიქვავს, იმ უკვდავ სულს, რომელიც მრავალი ინკარნაციით გამოცდილებებით ამდიდრებს საკუთარ მრავალწახნაგოვან ბუნებას და უკვდავ ინდივიდუალობას ძერწავს სამომავლო, უფრო მაღალი ევოლუციური ციკლისთვის. ცნობიერების ამ დონიდან მატერიალურ რეალობას აღიქვავ, როგორც ქვემოთ განლაგებულ სივრცეს და შენი სული, შენი ცხოვრების ბატონ-პატრონი ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ადამიანი სულიერ ხედვას იწყებს, გინდა ასტრალის, გინდა მენტალის და გინდა უმაღლის ტრიადის დონეზე, ავტომატურად ხდება მისი ცნობიერების „ფრაგმენტაცია“ (ანუ დაქსაქსვა). ანუ, ის მატერიალურ სამყაროში ორიენტირებს, ამავე დროს ასტრალს ხედავს, ამავე დროს უმაღლესი მე-ს თვალით ხედავს და ას. შ. ეს, მრავალ განზომილებაში ერთდროული ხედვა ისევე ბუნებრივად აღიქმება როგორც ის ფაქტი, რომ ჩვენ ხედვა, ყნოსვა, სმენა და შეგრძნება ერთდროულად შეგვიძლია. მე-5 დონის ცნობიერება უმაღლესი ეთერის (ანუ მე-5 განზომილების 1-ელ, მე-2 ქვედონეების) დონეზე ხვდება სულიერად ამაღლებულ არსებებს და ეკონტაქტება მათ. ამ არსებებს მენტალის და ასტრალის დონეზე ჩამოსვლაც შეუძლით, მაგრამ ეს მათგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ვიბრაციულად მათთვის ეს გარემო ზედმეტად ბნელი და ბლანტია. ხოლო თუ შენ ახვედი მათ დონემდე, ეს კონტაქტი უფრო სრულფასოვანი და გამართულია. ასტრალის და მენტალის დონეზე თუ იმყოფები და სულიერი არსება მენტალური ან ასტრალური სხეულით შეიმოსა, რომ შენთან „ჩამოვიდეს“, ის დიდხანს ვერ გაჩერდება შენ დონეზე და მისგან მიღებული ტელეპატიური აზრები შეიძლება დაბინძურდეს ასტრალის და მენტალის ბნელი გამოსხივებებით, დემონური არსებების აზრობრივი იმპლანტებით და სხვ.

სწორედ ასე ხდება მედიუმების და ჩენელერების მიერ უმაღლესი სულიერი არსებების მიერ მოწოდებული აზრების დამახინჯება. ეს დამახინჯება ხანდახან საოცარ მაშტაბებს აღწევს. ამიტომაა, რომ ხშირად ვერ გაიგებ მედიუმი ეშმაკს ეკონტაქტება თუ ანგელოზს. გარდა ამისა, იმისთვის რომ ამაღლებული სულის არსება შენ დონეზე ჩამოვიდეს და შედარებით სრულფასოვანი კონტაქტი შედგეს, შენ და მას უნდა აკავშირებდეს სიყვარულის ენერგია, რადგან სიყვარული ყველაზე მაღალვიბრაციული გრძნობაა და მისი გამონათებით გარემოც იწმინდება და კონტაქტიც ადვილდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიყვარული ძლიერი გამაერთიანებელი ძალაა. ტყუილად არ ხდება, რომ როდესაც ვინმე გვიყვარს, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მივილტვით რომ ეს ადმიანი (თუნდაც საყვარელი ცხოველი) ჩავიხუტოთ, ახლოს მივუშვათ, ჩვენ პირად სივცეში შევიერთოთ. იგივე პროცესი ხდება სულთა უსხეულო ურთიერთობის დროს. თუ შენ და ამაღლებულ არსებას სიყვარული გაერთიანებთ, ამ არსების ცნობიერება ადვილად შემოვა შენს ველში, ხოლო შენ მის გულს შეეხები. ამიტომ არის რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ღმერთის არა შიშს, არამედ სიყვარულს ქადაგებს. ანგელოზებმა ეს ყველაფერი ზედმიწევნით იციან და ამ შეცდომებს იშვიათად უშვებენ. ისინი ცდილობენ ადამიანის ცნობიერება ჯერ უკიდურესად გაწმინდონ და წამოწიონ მე-5 დონემდე მაინც, რომ მასთან სრულფასოვანი კონტაქტი დაამყარონ. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ნამდვილი წინაწარმეტყველი, მედიუმი, ადეპტი, განდობილი თუ როგორც გინდათ დავარქვათ, უნდა იყოს უკიდურესად ზნეობრივი, წმინდა გულის ადამიანი, რომელსაც 7-ობრივი ცნობიერების ზნეობრივი (მენტალური) გაფართოვების და შემდეგ მე-5 დონის ცნობიერებით პლანეტარული შრეების გაკვეთილები აქვს გავლილი. ეს თვისებები არაერთი ინკარნაციის მანძილზე მუშავდება. უმაღლეს სულიერ იერარქებს ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვთ იმათ მიმართ, ვისთანაც ტელეპატიური ან გულისმიერი (როგორც წესი ორივე ერთად) კავშირი აქვთ. და სანამ ამ კავშირს დაამყარებენ ბევრი ინკარნაციის მანძილზე ცდიან ამ სულს მზაობაზე. ასეთი ხანგრძლივი მზადება იმიტომ მიდის, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის მიტაცება ბნელი ძალების მიერ და ცრუ სწავლებების და ცრუ წარმოდგენების გავრცელება. სწორედ პიროვნული თვისებებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ რამდენად სანდოა ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლი პიროვნება და მისგან მიღებული ინფორმაცია. ნათქვამია, რომ „ხე ნაყოფით შეიცნობა“.

ნათელი ძალებისთვის ინკარნაციაში, ანუ განსხეულებაში არსებული ადამიანი, რომელსაც კავშირი აქვს სულიერ სფეროსთან (სულიერ ტრიადასთან) უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ სხეულში მყოფი სულითაა შესაძლებელი დააკავშირო სულიერი განზომილებები ფიზკურთან და ამოქაჩო პლანეტარული სიხშირეები სულიერი განზომილებიდან სინათლის (სული წმინდას) გადადინებით, რადგან მხოლოდ განსხეულებული ადამიანია ეგრეგორების სისტემით დაკავშირებული უამრავ სხვა ადამიანთან და ამ ერთი ადამიანის „წამოწევით“ უამრავი სხვა „წამოიწევა“, ხოლო თუ ამ „წამოწეულთა“ რიცხვი გარკვეულ კრიტიკულ რაოდენობას მიაღწევს, სრულიად პლანეტარული ველების სიხშირეები წამოიწევა და შეიძლება მთლიანად პლანეტა გადავიდეს ახალ, უფრო ამაღლებულ ევოლუციურ ციკლში. ეს პროცესი გავს დუღილს. თავიდან დუღილის ერთეული კერები წარმოიქმნება (ცალკეული ამაღლებული სულის ადამიანები) ცალკეული ბუშტუკების სახით, როდესაც დუღილის კერები გარკვეულ რაოდენობას აღწევენ, მთელი წყალი ერთბაშად დუღდება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეხლა ნათელი იერარქია ცდილობს. ასეთი ადამიანები წარმოადგენენ ნათელ ძალთა ცენტრებს, ფორპოსტებს, სინათლის ფოკუსებს. მათი საშუალებით უამრავი ამოცანა ხორციელდება ყველა ნატიფ დონეზე.

მე-6 დონე (მე-6 სხეული) არის ქრისტესეული ცნობიერება. აქ ინდივიდუალობა რაღაც დონემდე იკარგება რადგან ამ დონეზე ადამიანი სულთა ერთობას აღიქვავს თავისი „ბუნების“ ფარგლებში. რას ვგულისხმობ? ადამიანისთვის ეს არის ყველა ადამიანის (ანუ თავისნაირის) ერთობა. მიქაელისთვის ეს არის ერთობა მასსა და მის „მეომრებს“, ლეგიონს შორის, რომლებიც ერთიან ცნობიერებას ქმნიან სწორედ მე-6 განზომილების დონეზე.

მე-7 დონე (მე-7 სხეული) არის ყველა ცოცხალის ერთობა ასევე შენი ბუნების დონეზე. ადამიანისთვის ეს არის პლანეტარული ლოგოსი. მიქაელისთვის ზუსტად არ ვიცი. ვიცი მხოლოდ რომ ეს მე-7 დონე სხვა პლანეტებისა თუ სრულიად სამყაროს მე-7 ფრაქტალური დონის სწორფერია, ანუ იგივე ბუნების მატარებელი, რაც სხვადასხვა ფრაქტალების მე-7 დონეებს აქვთ, სულ ერთია იქნება ეს დედამიწა, თუ სხვა პლანეტა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ უმაღლესი არსებების ცნობიერება, რომლებიც უსხეულოდ ზედა ტრიადის დონეებზე იმყოფებიან, სამივე უმაღლეს განზომილებაში ერთროულად თანაარსებობენ. ანუ მე-5, მე-6 და მე-7 დონეზე მათი ცნობიერება სამკუთხედის, სამების ფორმატში თანაიმყოფება. სწორედ ამის მიხვედრა გამიჭირდა საკმაოდ დიდ ხანს. როდესაც ცნობიერებით მიქაელს ვეხები, მე მის ინდივიდუალობასაც ვგრძნობ და მის ღმერთთან შერწყმულ მე-6 და მე-7 ასპექტებსაც. სწორედ მე-6 დონეზე ხდება მის მიერ ჩემი მიღება საკუთარ ცნობიერებაში, ხოლო მე-7 ასპექტით მე ვგრძნობ ნეტარების და ბედნიერების შემოდინებას და შეგრძნებას, როგორც ოქროსფერ ნაკადებს, რომლებშიც ჩემი „მე“ იკარგება და ღმერთის ცნობიერებას ერწყმის.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff