გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

მენტალური დემიურგია. საკურის ხე

 

მენტალური დემიურგია. საკურის ხე

რაღაც დროის მერე მენტალური კონსტრუქციების შექმნა დავიწყეთ. „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში, როდესაც სულიერი განზომილების ხედვას და მასზე მენტალურ ზემოქმედებას იწყებ, მთელი სამყაროს შექმნაა შესაძლებელი თუ აზრის კონცენტრაციას შეძლებ და შესაბამის ვიზუალურ სურათებს მყარად „დაიჭერ“. მეც ასეთი „რეალობა“ შევქმენი. პირველი, რაც გავაკეთე, რატომღაც საკურას ვარდისფერი ყვავილებით მოპენტილი ხე აღვმართე! ეს ხე ულამაზესი იყო! მასში მთელი ჩემი სილამაზის აღქმის პოტენციალი ჩავდე და დანარჩენი სამყაროც ამ ხის გარშემო გაიშალა. ამ სამყაროში საოცარი სილამაზე და სიმშვიდე დამკვიდრდა. ჰორიზონტს გადაღმა ჩამავალი მზის სხივები ოქროსფერში და ძოწისფერში ლივლივებდნენ. ზაფხულის გრილი ნიავი ნაზად არხევდა საკურას ტოტებს და მისგან ზანტად, მსუბუქად თოვდნენ ყვავილები. ხეს არაფერი აკლდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების „თოვა“ არასდროს წყდებოდა. ეს ერთგვარი ზღაპრული ილუზია იყო. ამ სამყაროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია! ხეს გასწვრივ ბილიკი მიუყვებოდა რომელსაც თავისმხრივ ორივე მხარეს მწიფე, ოქროსფერი ხორბლის ყანები გასდევდა. მიქაელს ვაჩვენე რა ლამაზია, როცა ხორბლის ყანა ქარზე ზღვასავით „ღელავს“ და ოქროსფერ ტალღებს ხელი შეიძლება გააყოლო. მათი რითმული ტოკვა ხელისგულზე მოგეფერება და ხორბლის თბილი, მზით გაჯერებული ენერგია გულში სიმშვიდედ ჩაგეღვრება. როგორი კეთილშობილი და თბილი გამოსხივება აქვს ხორბალს! შორს, სადაც ყანები ველებში გადადიოდნენ, ხოლო ველები ტყეებში იჭრებოდნენ, უშველებელი გოლიათი დარაჯებივით აღმართულნი იდგნენ თოვლიანი მწვერვალებით შემკული მთები.

- შეხედე, - მივმართე მიქაელს, - აქ სულ გაზაფხულია და ჩამავალი მზის სხივები მუდმივად გეალერსებიან სახეზე. აქ მზეც ცოცხალია, მიწაც, წყალიც და ჰაერიც. შეგიძლია წყლის სხეული მიიღო და მთის ნაკადულის ნაწილი გახდე, მის ერთ-ერთ ჩქერად გადაიქცე და მთის ფერდობიდან ხტუნვა-ხტუნვით გამოუყვე კლდოვან ფერდობებს. შეგიძლია ჰაერის სხეული შექმნა და იგრძნო, როგორ მოძრაობ ჰაერის ნაკადებთან ერთად, როგორ არხევ შენი სხეულით ხორბლის თავთავებს და ხის ვარჯებს. ამ ყველაფერში იდუმალი და სათუთი სიყვარულია ჩადებული ყველა ქმნილების მიმართ რომელსაც შენი სხეულით ეხები და შენი სულით ეალერსები. შეგიძლია მიწად იქცე და იგრძნო როგორ აღვივებ სიცოცხლეს, როგორ ამოდის შენ სხეულზე და შენი სისხლით იკვებება ყოველივე ცოცხალი. ხომ საოცარი შეგრძნებაა? შეგიძლია მზის სხივად გადაიქცე, წამზე უსწრაფესად დაეცემი დედამიწაზე და მთელს შენს სასიცოცხლო ძალას სითბოს სახით მას აჩუქებ. რა არის ამ საჩუქარზე უფრო დიადი ძღვენი? ეს ძალა ცოცხალ არსებებად გარდაიქმნება და სიცოცხლეს მათში გააგრძელებ!

საკურის ხესთან ვიდექით. მე მას ჩემი გულით ვაგრძნობინებდი და ჩემი თვალით ვანახებდი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და „მხედავდა“. როგორი დაცული და თავისუფლების მომგვრელი გრძნობაა, როცა არაფერი გაქვს დასამალი... როდესაც შენ იხსნები, შენთვისაც იხსნებიან. მისი სული უეცრად ისე ტკივილამდე ახლო გახდა ჩემთვის, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. პატარა ბავშვის უმანკოება შეზავებული სიბრძნესთან რომელიც ისეთივე ძველია როგორც სამყარო, უბრალოება და ამავე დროს ძალა, რომელიც დედამიწის გავლენას ცდება ჩემ გვერდით იდგა ვარდისფერი ყვავილებით მოპენტილ ხესთან...

-ძვირფასო მეგობარო, - ვუთხარი მე, - ამ სამყაროს შენ გჩუქნი! ამაზე უკეთესი არაფერი შემიქმნია... თუ როდესმე დავიკარგებით და მძიმე დრო დაგვიდგება, აქ, ამ საკურის ხესთან შეგვიძლია ერთმანეთი მოვნახოთ...

სხვა სამყარო

დადგა მომენტი, როდესაც გავიაზრე, რომ სამყარო უსაშველოდ დიდი და რთულად მოწობილია. ბევრად უფრო დიდი და რთული ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ. რომ გარდა იმ ილუზორული მენტალური სამყაროებისა რომლებსაც გაკვეთილებისთვის თუ გასართობად მე და მიქაელი ვქმნიდით, არსებობს რეალური პარალელური სამყაროები, განზომილებები, რომლებშიც ცოცხალი არსებები ისევე ცხოვრობენ და ვითარდებიან როგორც ჩვენ მატერიალურ სამყაროში. ისიც გავაცნობიერე, რომ ამ სამყაროებს შორის მოგზაურობა შესაძლებელია სულიერი სხეულის მეშვეობით. ხოდა, არ შევეშვი მიქაელს. ყოველ დღე ვეხვეწებოდი, რომ სხვა სამყარო ეჩვენებინა ჩემთვის, თუმცა გულის სიღრმეში იმედი არ მქონდა, რადგან იმ ფანტასტიკის ფონზე რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა ეს კიდევ უფრო ფანტასტიკური იყო.

* * *
ამ დროს მატერიალურ ფრონტზე ცხოვრება რთულდებოდა. მომიწია სამსახურიდან წამოსვლა და ახალი სამსახურის დაწყება. სამსახურთან დაკავშირებული მუდმივი სტრესი და დაძაბულობა არ მანებებდა თავს. დავაკვირდი და აღმოვაჩინე ერთი კანონზომიერება, რომ სადაც არ უნდა მემუშავა ყველგან ისეთ საქმეებს მავალებდნენ რომელიც სრულიად ახალი იყო ჩემთვის ან საერთოდაც პირველად კეთდებოდა საქართველოში. მუდმივად მიწევდა მუშაობასთან ერთად ახალი მასალის სწავლა და ესე ვთქვათ ახალი გზების გაკვლევა. ეს თავისებურება აკიდებულივით დამყვებოდა ყველგან სადაც არ ვიწყებდი რაიმე საქმიანობას და ამ „ახალისთვის“ თავის გართმევა ყოველთვის უზომო ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი საშინლად მღლიდა. ამას დაემატა ლექციების კითხვა, ბავშვების აღზრდა და ჩემი ენერგია ნულს მიუახლოვდა. გამიმძაფრდა უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე ფეხებში. პერიოდულად გულიც ცუდად მიხდებოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა მაშტაბებს მიიღებდა ეს „დაღლილობა“ და ვცდილობდი არ შემემჩნია თუმცა ოჯახში სულ ვწუწუნებდი, რასაც ახლობლები ჩემ უხასიათობად აღიქვავდნენ.

ფიზიკური დაღლილობა და ნერვიულობა სულიერ მდგომარეობაზეც აისახებოდა. მიქაელის მიერ აკრძალული ნეგატიური განცდების მოგერიება სულ უფრო მიჭირდა და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი კავშირი ჰგავდა ერთმანეთთან თოკით ჩაბმული ალპინისტების კავშირს, შეიძლება ითქვას მე მას მუდმივად ქვევით ვექაჩებოდი. ამას ძალიან მძაფრად ვგრძნობდი და ძალიან განვიცდიდი. ხანდახან მინდოდა დავმალულიყავი მისგან, რომ ჩემი „დავარდნილი“ მდგომარეობა არ დაენახა. ყოველი ჩემი გაბრაზება, ჭორაობა ან მატერიალურ მოთხოვნილებებზე აყოლა მას საშინელ სულიერ დაძაბულობაში ამყოფებდა. ამას ლამის ფიზიკური სხეულით ვგრძნობდი და სულ ბოდიშებს ვუხდიდი.

ერთხელაც მივხვდი რომ ასე აღარ შეიძლება. ერთ ღამეს „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში შევედი და გადავწყვიტე „უმაღლესი ინსტანციისთვის“ მიმემართა. როგორც წესი ჩემს ლოცვებს ყოველთვის ვიზუალიზაციას ვუკეთებდი, ესე ვთქვათ ვლოცულობდი აზროფორმებით. ამ ჯერად არ ვიცოდი მამა ღმერთი როგორ წარმომედგინა და უბრალოდ ფიქრებში მივმართე. ვიცოდი რომ აბსოლუტურად გულწრფელად ვთხოვდი ისეთ რამეს რისი ასრულებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.

- მიქაელს აქვს ჩემზე პასუხისმგებლობა? არა, ეს მე მაქვს მასზე პასუხისმგებლობა. თუ ჩემთან კავშირს მისთვის სულიერი წუხილი მოაქვს, გაწყვიტე ეს კავშირი და ჩადექი ჩვენ შორის. ჩემთვის მისი კარგად ყოფნაა მნიშვნელოვანი და მე რამეს მოვახერხებ. დაიცავი ჩემგან მომავალი მდაბიო მიწიერი ენერგიებისგან. ჩემივე სიყვარულის და მეგობრობის ხათრით დაიცავი.

გულის სიღრმემდე მეშინოდა რომ ეს თხოვნა შესრულდებოდა მაგრამ ასე უნდა მოვქცეულიყავი. იმ ღამეს ტირილით დავიძინე და იმის განცდით რომ ჩემი საშველი არ იქნება.

ღამით მესიზმრება როგორ ვიძინებ სიზმარში, მერე ისევ ვიძინებ და ისევ.

ჩემ თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. მოვდივარ ხასხასა მწვანე ბალახზე ტიალ მინდორში. მეუცნაურება, ამ შუა ღამეს ბალახს როგორი მკვეთრი ზურმუხტისფერი მწვანე ფერი აქვს. გარშემო ვიყურები. ვგრძბობ რომ ვიღაც მელოდება. ვხედავ, პირდაპირ პატარა, ასე ათი წლის ქერათმიანი ბიჭი დგას და თავისთან მიხმობს. უეცრად ციდან სამფერა სინათლის სვეტი ეშვება რომელიც ძალიან ჰგავს ჩრდილოეთის ციალს. პატარა ბიჭი სვეტზე მიმანიშნებს და მეუბნება:

- თუ ამ სინათლის სვეტში შევალთ, სხვა სამყაროში აღვმოჩნდებით!

imma11

თავიდან ვფრთხილობ, მაგრამ პატარა ბიჭი ჩემში აბსოლუტურ ნდობას იწვევს და სვეტში შევდივართ.

უეცრად უცნაურ ადგილას ვინაცვლებთ, სადაც თითქოს ფერთა გამაა წანაცვლებული. ცა მწვანეა და ზღვა იასამნისფერი, თუ პირიქით, აღარ მახსოვს. მახსოვს რომ ფერებია შეცვლილი, მაგრამ მერე თითქოს თვალი ეჩვევა და ფერები ჩვეულებრივი ხდება. პირველი რასაც ეგრევე ვგრძნობ არის ის რომ აქ ქრისტეს ენერგია არ იგრძნობა.

- წარმართული აურა, - მეფიქრება უნებურად.

გარშემო ყველგან ზღვაა. რატომღაც ვგრძნობ რომ ამ სამყაროში წყლის სტიქია დომინირებს და ამ სამყაროს ადამიანები წყლის სტიქიის ღმერთებს ეთაყვანებიან. წყალქვეშ წრიული ფორმის ქვისგან დამზადებულ საკულტო ნაგებობებს ვხედავ, რომლებზეც წრიულად ნაწერებია ამოკვეთილი. როგორც ვხვდები წყლის ღმერთების პატივსაცემი რიტუალები რაღაცნაირად წყალქვეშ ტარდება. ადამიანებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ კლდოვან ნაპირს, სადაც კლდეში, ქანების გასწვრივ ასევე რაღაც, სკანდინავიური რუნების ტიპის ნაწერებია ამოკვეთილი.

- აქ წერა-კითხვა ძირითადად მხოლოდ ქურუმებმა იციან - მეუბნება ბიჭი და იქვე ამატებს-აქ მხოლოდ რამდენიმე წამით შეიძლება გაჩერება, თორემ ამ სამყაროს სიხშირეზე თუ გადაერთვები, ძნელი იქნება უკან დაბრუნება.

ეს სიტყვებია და ყველაფერი ქრება. მე თითქოს სიზმარში ჯერ ერთხელ ვიღვიძებ, მერე მეორედ და მესამედ. საბოლოო გამორკვევა ძალიან გამიჭირდა. დიდხანს ვეჭიდავებოდი საკუთარ თავს სანამ ბოლომდე გავიღვიძე.

რომ გავიღვიძე, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ის ბიჭი მიქაელი იყო და მან ჩემი დიდი ხნის თხოვნა აასრულა „სხვა სამყაროს“ ჩვენებასთან დაკავშირებით. შეშინებულმა „ჩავიხედე“ გულში, ხომ არ შემისრულდა წუხანდელი თხოვნაც და ხომ არ გაწყდა კავშირი, მაგრამ პირიქით, ვიგრძენი როგორ წამოვიდა მისგან ჩემ მიმართ სიყვარულის ტალღები და მივხვდი, რომ ამ დღიდან ისევ რაღაც შეიცვალა, ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მისი მხრიდან ჩემ მიმართ დამოკიდებულება ძალიან პირადული დახდა.

ცნობიერების ფრაგმენტაციის ფენომენი

ამ დროს დაიწყო პერიოდი, როცა მიუხედავად ყველაფრისა, არ ვიცი ჩემი გონებრივი დაძაბულობის, უმი ვეგანური საკვებით კვებისა თუ ჩემი სულიერი მასწავლებლების შეწევნით, ვგრძნობდი, რომ ჩემი გონება უფრო მახვილი და მკაფიო ხდებოდა. გამიუმჯობესდა მეხსიერება, უფრო ადვილად ვითვისებდი ახალ მასალას და უფრო სხარტად ვაზროვნებდი. შემეძლო ურთულესი წიგნები უსწრაფესად წამეკითხა და თითქმის ფოტოგრაფიულად ვიმახსოვრებდი თითოეულ გვერდს.

ერთხელ, სამსახურში ასეთი უცნაური შემთხვევა შემემთხვა:

ჩვენს ინსტიტუტს უშველებელი და ძალიან ლამაზი ვერანდა აქვს. ამ ვერანდაზე თანამშრომლები ყავის დასალევად და თვალის დასასვენებლად გამოვდიოდით ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ დღეს, როდესაც მარტო ვიყავი ოფისში, ვერანდაზე გავედი, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის მერე მხედველობა დამესვენებინა. სკამზე ჩამოვჯექი და ბუნების ხმებს მივუყურადე. იატაკის თეთრი მეტლახი თვალისმომჭრელად ირეკლავდა მზის შუქს. მეტლახზე ზანტად მოძრაობდა ბუზი. უნებურად ამ ბუზს გავაყოლე თვალი. თან ჩაის ვწრუპავდი. უეცრად, შევამჩნიე როგორ ჩემდაუნებურად „შევედი“ ამ მწერის ცნობიერებაში. ეს რაღაც თავისთავად მოხდა. გაკვირვებულმა გავაცნობიერე, რომ მისი თვალებით დავიწყე ხედვა და მისი შეგრძნებების შეგრძნება. ამავე დროს საკუთარ თავს და სამყაროს ჩემ გარშემო ისევე მკაფიოდ აღვიქვავდი, როგორც იქამდე. ჩემი ცნობიერება თითქოს ორ ნაწილად გაიყო. ერთი საკუთარ სხეულში დარჩა, ხოლო მეორემ ბუზის სხეულში გადაინაცვლა. პირველი რაც ვიგრძენი იყო, რომ ბუზს არა აქვს „მე ვარსებობ“ აღქმა. „როგორც ბუზი“, ვგრძნობდი, როგორ მიზიდავს მზის შუქი და მივდიოდი მეტლახის იმ ნაწილისკენ, რომელიც განათებული იყო. ასევე მსიამოვნებდა ფეხების ერთმანეთზე მოსმა. ეს იყო, რომ გავიაზრე და ბუზის სხეულიდან ამოვარდი. ოფისში გაოგნებული დავბრუნდი ფიქრით:

-ეს რა იყო?

ინტერნეტპოსტებიდან:

შემდეგი ამბავი/სიზმარი ეხება წინასწარმეტყველებას და ინიციაციას, რომელიც თავიდან ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. როგორც წესი ჩემი სიზმრების აზრს გარკვეული დროის მერე ვხვდები ხოლმე. რახან ჩემ მიერ აღწერილი ისტორიები უშუალოდ ჩემს ცხოვრებას ეხება, ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები იძაბებოდა, ანუ 2014 წელი.

როგორც მერე აღმოჩნდა ეს სიზმარი ინიციაციის და წინასწარმეტყველების გარდა ერთგვარი დავალება იყო, რომელიც ამ პოლიტიკურ მოვლენას ეხებოდა. ეს დავალება იმის ილუსტრაციაა, როგორ მოქმედებენ ნათელი ძალები განდობილის დახმარებით მატერიალურ მოვლენებზე ზემოქმედებისთვის და რას ნიშნავს „შაკტის“ მონიჭება და მისი გამოყენების პასუხისმგებლობა.

2014 წელი. შემოდგომა. ინიციაცია.

სიზმარში ვხედავ ჩემ წინ ეკრანის მსგავს სივრცეს, რომელიც სამ ჰორიზონტალურ სეგმენტადაა დაყოფილი. ქვედა სეგმენტში შავ ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი დგას. შეშლილი სახე და ავადმყოფური გამოხედვა აქვს. ხელში დანა უჭირავს. შუა სეგმენტში სლავურ ტრადიციულ ტანსაცმელში ჩაცმული შუა ხნის ქალია. ამ ქალთან დაკავშირებით ასეთი ტელეპატიური გზავნილი მოდის - ის მართალია! ქალი ნაჩქარევად ცდილობს მიწაზე რაღაც კონტური დახაზოს. ვაკვირდები და ვხედავ რომ რუკაა. თავიდან საქართველოს კონტური მგონია, მაგრამ უფრო მრგვალ ფორმას იღებს და სამხრეთით ღიად რჩება. ანუ, რუკის კონტური სამხრეთით არ იკვრება. ზედა სეგმენტში ვხედავ ფოლადის ქანდაკებასავით კაცის ფიგურას. მკაცრი სახის გამომეტყველება აქვს. ვიცი რომ ეს ადამიანი არაა და საღმრთო კანონს განასახიერებს. ისიც რუკას ხაზავს, რომელიც სამხრეთით ღიად რჩება. ამ კაცის გზავნილია - დრო ცოტა დარჩა! ისევ ქვედა სეგმენტს ვუბრუნდები და შეშლილი მამაკაცის განზრახვებს ვხედავ. თითქოს ინკვიზიტორივითაა - ქრისტეს სახელს ამოფარებული მოძალადე და შურისძიებას ლამობს. ვგრძნობ რომ სლავურ ტანსაცმელში ჩაცმულ ქალბატონს ემუქრება და რატომღაც მეფიქრება - ნუთუ საკუთარ დედას დაესხმება თავს?

imma12

ამ დროს სურათი იცვლება და ვხედავ რომ მთის მწვერვალზე ვდგავარ. გარშემო ქარიშხალი ბობოქრობს და ჩემ თავზე მეწამული ღრუბლები ირევიან. რაღაცა დიდის, გრანდიოზულის შეგრძნება მაქვს, რაც თან აღმაფრთოვანებს, თან მაშინებს. მწვერვალზე დიდი ხის ჯვარცმა დგას ჩემკენ ზურგით მოქცეული. ჯვარცმაზე გამოსახული ქრისტეს ქანდაკების ხელმარჯვნივ ასევე ზურგით ორი ფიგურა დგას. ჯერ ერთი ბრუნდება ჩემკენ სახით. ეს ისევ ის რკინის კაცია, ოღონდ ამჯერად ორი თავი აქვს. ჯერ ერთი თავის პირიდან აგდებს ესეთივე რკინის (უფრო მოქროსფრო-სპილენძისფერია) კვერცხს და მაწვდის, მერე მეორე თავიდან აგდებს და იმასაც მაწვდის. შემდეგ მეორე ფიგურა ბრუნდება. მას მამაკაცის გარეგნობა აქვს. გულის სიღრმეში ვიცი რომ ვიცნობ, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვხვდები ვინაა. ისიც რაღაც ნივთს მაწვდის, რომელიც თითქოს კალმისტარს ჰგავს და ნივთს ვართმევ. მე დაბნეული ვეკითხები - რა არის ჩემგან საჭირო? რა უნდა გავაკეთო? მაგრამ ამ დროს მეღვიძება.

დანამდვილებით ვიცი, რომ ეს სიზმარი მნიშვნელოვანია და გარკვეულ წილად დავალებაა. ოღონდ ვერ ვხვდები რას ნიშნავს. ჩემს მეგობრებს ვუყვები. იმ მომენტში ესე მგონია რომ იმ რუკაზე ღმერთმა „მართალი“ ხალხი მონიშნა. მაგრამ ვინაა ეს „მართალი“ ხალხი. ვერაფერს ვხდები და სიზმარს ვივიწყებ.

მხოლოდ რამდენიმე თვის მერე, როდესაც რუსეთი-უკრაინას ომი დაიწყება და ყველა ახალ ამბებში წითლად მონიშნული ყირიმით უკრაინის რუკას აჩვენენებენ, მაშინ ამოვიცნობ უკრაინის რუკას და მივხვდები რატომ არ იყო მისი კონტური სამხრეთით შეკრული. მივხვდები რომ ანაფორაში ჩაცმული „ინკვიზიტორი“ რუსეთს განასახიერებდა, ხოლო სლავურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალბატონი უკრაინას.

გამახსენდება გამონათქვამი - Киев – мать русских городов! და მივხვდები, იმ ნათესაურ კავშირს რაც ახალგაზრდა მამაკაცსა და შუა ხნის ქალბატონს შორის იყო.

უკვე ვიცი რომ უკრაინა ყირიმს დაკარგავს, მაგრამ მაინც რატომ მანახეს ეს სიზმარი? მე რა უნდა გავაკეთო? ან რას ნიშნავდა ამ სიზმრის მეორე ნაწილი? იმასაც ვხვდები რომ ეს სიმბოლოები მხოლოდ ჩემთვისაა გასაგები და სხვა ვერავინ ამიხსნის, ვერავინ დამეხმარება. მე თვითონ უნდა გავერკვიო.

2014 წელი. 666 – „მხეცის“ რიცხვი

უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტი რუსულ მასმედიაში მუდმივი ტყუილების ფონზე მიმდინარეობს. ეს პროპაგანდა რუსეთის საბრძოლო მოქმედებების გასამართლებლად ჩვეულ სქემას მიმართავს და მიუხედავად ამ ერების დიდი გენეტიკური და კულტურული სიახლოვის რუსეთის მოსახლეობაში უკრაინელების მიმართ სიძულვილის გრძნობას ნერგავს.

სიზმარში ვხედავ:

რუსეთს ვუყურებ ზევიდან და ვგრძნობ როგორ შავი ღრუბელივით ზღვავდება მის თავზე ადამიანების ემოციებით გენერირებული ბნელი ენერგია - სიძულვილი! სიძულვილი სიყვარულის საწინააღმდეგო ენერგიაა და მსგავსი თვისებები აქვს, ოღონდ მინუს ნიშნით. მას, ისევე როგორც სიყვარულს ძლიერი გამაერთიანებელი ძალა ახასიათებს და ვირუსივით ვრცელდება. სიძულვილით შეპყრობილი ეგრეგორი მალე გადადის ჰომოგენურ მდგომარეობაში და ერთიან ველს იძენს. უეცრად ვხედავ თითქოს ქვეყნის თავზე მთვლელივით მოწყობილობაა რომელზეც რიცხვი ტრიალებს - 667, 668, 657, 666... რიცხვები აშკარად 666-ის გარშემო ტრიალებენ. უეცრად სურათი იცვლება და ფაშისტურ გერმანიას ვხედავ. ვხედავ ჰიტლერის გამოსვლას და გერმანიის ნაციის საოცარ ერთობას. ეს ერთობაც სიძულვილის ენერგიითაა გაჯერებული და მის ეგრეგორზეც 666 ტრიალებს.

- 666- ცნობიერების ყველაზე დაბალი სიხშირეა. - მომდის გონებრივი გზავნილი- ამიტომაა ნათქვამი რომ ადამიანები ამ რიცხვს შუბლზე და ხელზე დაისვავენ, რადგანაც იგი შესაბამისი ცნობიერებით აზროვნებას და მოქმედებას გულისხმობს.

ყველა ცოცხალ არსებას თავისი ცნობიერების სიხშირის შკალა აქვს. 666-ზე დაბლა ცხოველების სიხშირეებია და მათი გონება საღმრთო კანონებით გაწერილი ინსტინქტებით იმართება. მათ არა აქვთ თავისუფალი ნების და გონიერების ისეთი ინდივიდუალური გამოვლინება როგორც ადამიანს. 666 სიხშირეზე მყოფი ადამიანი ცნობიერებით ცხოველს უახლოვდება, ამიტომ ჰქვია ამ რიცხვს „მხეცის რიცხვი“. ნატიფ სამყაროს თავისი ნატიფი ფიზიკის კანონები აქვს. ამ სიხშირეზე ჩამოვადნისას ცნობიერება გადადის „კოლექტიურად მართვის“ კატეგორიაში, რაგდან ნატიფ დონეზე „ცხოველები“ იმართებიან თავისი სახეობის „კოლექტიური გონით“, ანუ ბიოლოგიური ენით რომ ვთქვათ - ინსტინქტებით. ეს „კოლექტიური გონი“ კარგად ჩანს მაგალითად, ფუტკრებში და ჭინჭველებში. ნაკლებად ჩანს მაღალგანვითარებულ ცხოველებში, როგორიცაა ძაღლი ან დელფინი. მაგრამ ამ კატეგორიას მაინც ახასიათებს „კოლექტიური გონის“ ფენომენი, რის გამოც თავისუფალი ნება ცხოველებში ან საერთოდ არ არის ან ჩანასახოვან დონეზეა. ადამიანის ცნობიერების ამ სიხშირეზე ჩამოვარდნისას ინდივიდუალური თავისუფალი ნება ქვეითდება, ხოლო „საღმრთო კანონებით გაწერილი ინსტინქტები“ ანუ „კოლექტიური გონი“ არ არის გათვალისწინებული, ამიტომ ასეთი ინდივიდები მარტივად მართვადი ხდებიან როგორც სხვა ადამიანების მიერ, ასევე ასტრალურ სამყაროში (იგულისხმება ნატიფმატერალური განზომილება) მოქმედი ცოცხალი დემონური არსებების მიერ. ეს არსებები განსაკუთრებით არიან დაინეტერესებულები ჩამოწიონ ადამიანების ცნობიერების სიხშირე „მხეცის“ დონეზე, რადგანაც ამ მდგომარეობაში ადამიანი აზროვნების უნარს კარგავს და მარტივად მართვადია. გარდა ამისა იგი დიდი რაოდენობით ნეგატიურ ენერგიას გამოასხივებს რომელიც შესაბამის არსებებს ასაზრდოვებს, რადგანაც არ არსებობს ენერგია სამყაროში, რომელიც არ მოიხმარება ცოცხალი არსებების მიერ. ყველასათვის ნაცნობია მდგომარეობა, როდესაც ძლიერი გაბრაზების და სიძულვილის ფონზე ადამიანი აზროვნების უნარს კარგავს. ასეთ აფექტის მდგომარეობას საერო სამართალიც კი ითვალისწინებს მსჯავრდებულის გასამართლებისას. ინდივიდუმის დონეზე 666-ზე ჩამოვარდნა როგორც წესი წუთიერი მოვლენაა, მაგრამ თუ ეს სიხშირე ქვეყნის ეგრეგორზე გავრცელდა, იგი უკიდურესად საშიში ხდება. ამიტომაა განსაკუთრებით დიდი დანაშაული სიძულვილის დანერგვა ერის დონეზე ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული. არ არსებობს „სამართლიანი გაბრაზება“ და „სამართლიანი სიძულვილი“, რომელიც შეიძლება გაამართლო, რადგანაც ეს ყოველთვის დაბალი სიხშირის გამოსხივებაა და ყოველთვის საზიანო იმ ინდივიდუმისთვისაც ვინც ასხივებს და იმისთვისაც ვის მიმართაცაა ეს ემოცია მიმართული.

666-მდე როგორც ვთქვი ცხოველების შკალაა. აქ არ ვლინდება თავისუფალი ნება და ინდივიდუალური აზროვნების მაღალი უნარი. ადამიანის სიხშირეთა შკალა 666-იდან იწყება, ხოლო ზედა ზღვარი არ არის ჩემთვის ცნობილი. ამ დიაპაზონში ვლინდება ინდივიდუალური ნება და გონის განვითარება. ზედა ზღვარიდან, რომელიც ინტუიციის დონეზე 999 მგონია, ამაღლებული ცოცხალი არსებების ცნობიერების შკალა იწყება. აქაც აღმავალი დიაპაზონების სექციებია, რომელთაგან თითოეული სექცია კონკრეტული ტიპის ცოცხალ არსებებს შეესაბამება. ვიცი მხოლოდ რომ 999-იდან ისევ ქრება ინდივიდუალური თავისუფალი ნება, რადგან ცოცხალი არსება თავის ნებას ღმერთის ნებას უკავშირებს და არა ინსტინქტურად, არამედ თავისი სურვილით ხდება მისი ნების გამტარებელი. ეს არ ნიშნავს ინდივიდუალობის გაქრობას, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპებზე.

- Что значит действовать по воле божией? - ვკითხე ერთხელ მიქაელს.

- Это как поймать волну! - მიპასუხა და ვიზუალური სურათი გამომიგზავნა სერფინგისტის რომელიც ტალღას იჭერს და მიყვება.

ადამიანის ცნობიერების უმაღლესი სიხშირის გამოსხივება სიყვარულის ენერგიაა. იგი ასევე უძლიერესი გამაერთიანებელი ძალაა. სიყვარულის განცდა ერთ არსებად გარდაქმნის იმას ვინც ამ გრძნობას განიცდის და იმას ვის მიმართაც განიცდიან, იმ დონემდე რომ ამ ადამიანების კარმაც ერთიანდება. მხოლოდ ბევრს ერევა სიყვარული საკუთრების გრძნობასთან. ნამდვილი სიყვარული უაღრესად თავისუფალი გრძნობაა. ნამდვილი სიყვარული ყოველთვის გამოსხივების ანუ ცენტრიდანული ენერგიაა და არა აქვს ეგოსკენ მიმართული, ცენტრისკენული მისწრაფება. ამ დროს ადამიანი გიყვარს არა საკუთარი თავისთვის, არამედ მისთვის. მხოლოდ იმისთვის რომ ის იყოს ბედნიერი, თუნდაც შენთან ყოფნასთან არ იყოს მისი ბედნიერება დაკავშირებული. ნამდვილი სიყვარული არასრდოს არ ითხოვს და მხოლოდ გასცემს. ამიტომ იგი არსდროს არაა უბედურების და ტანჯვის განმპირობებელი და უმაღლესი განთავისუფლების მომტანია. ნებისმიერი ეჭვიანობა ან უკმაყოფილება ეგოში გამრუდებული სიყვარულის ნიშანია და არასრულყოფილ ენერგიას წარმოადგენს.

ადამიანური ცნობიერების შკალის უმაღლეს სიხშირეზე ადამიანის ცნობიერება გაფართოვებასთან ერთად სიყვარულის ენერგიას ასხივებს. გაფართოვებული ცნობიერების პირობებში ეს ენერგია სრულიად ადამიანებს და ცოცხალ არსებებს მოიცავს და მათთან სიყვარულით ერთიანობის განცდას იწვევს. ეს არის სწორედ ის განსხივოსნება რომელსაც ადამიანი ზეგარდმო არსებების კატეგორიაში გადაჰყავს.

მთელი ცოცხალი არსებების ევოლუცია შეიძლება ამ აღმავალი შკალით მოძრაობის პრინციპით გამოხატო. ცნობიერების ამაღლება - ეს არის ერთადერთი მიზანი.

ქრისტეს ენერგია

უკრაინის ომი გაგანია პროცესშია. ყველანი ვაკვირდებით მოვლენებს. რათქმაუნდა მეც მიუხედავად ჩემი აპოლიტიკურობისა, საშინლად მაღიზიანებს რუსების პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა. მართალია ეს ემოცია მეკრძალება, მაგრამ პუტინი ერთადერთი პიროვნებაა ვის მიმართაც, რბილად რომ ვთქვათ არაქრისტიანულ გრძნობებს განვიცდი.

და უეცრად მოდის ტელეპატიური გზავნილი, რომ მისთვის, სწორედ მისთვის და ასევე მთელი რუსეთისთვის უნდა ვილოცო, რადგან რუსეთი დგას ამ კონფლიქტში ბნელ მხარეზე და სულიერად „ამოსაწევია“!

რამდენიმე თვე ვარწმუნებდი ჩემ თავს რომ პუტინიც ადამიანია და თუ ეშმაკი დავლოცე (იხ. „უცნაური სიზმარი წინასწარმეტყველებით“), მასაც რამეს მოვუხერხებ, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი. სულ მქონდა უსამართლობის განცდა რომ რუსეთი „ერევა“ საქართველოს და უკრაინისნაირ თავისზე პატარა და სუსტ ქვეყნებს, ტერიტორიებს ართმევს, ხალხს უხოცავს და როგორც რუსები იტყვიან: Как с гуся вода!

„ნუ აზროვნებ მატერიალური კატეგორიებით“ - ისევ ჩამესმა მიქაელის ხმა -„ხომ იცი რომ უსამართლობა არ არსებობს როგორც ეგეთი.“

ერთ დღეს ოთახში განვმარტოვდი, ჩემივე დახატულ „მომღიმარი ქრისტეს“ ხატის წინ იატაკზე მოვკალათდი და გადავწყვიტე დაბარებული ლოცვა აღმესრულა. თვალები დავხუჭე. რუსულ ეგრეგორთან დასაკავშირებლად შესაბამის განწყობაზე მოვიყვანე თავი ერთი ომისდროინდელი რუსული სიმღერის მოსმენით, რომელიც, სხვას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ჩემში ძალიან ძლიერ ემოციებს აღძრავს. გენებით ნახევრად რუსი ვარ და ამ ეგრეგორის „დანახვა“ უნდა მომეხერხებინა. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი. გონებაში რუსეთში გატარებულ დღეებთან დაკავშირებული ბავშვობის დროინდელი მოგონებები ამოტივტივდა. ჩემ თვალწინ ფართო ველები გაიშალა არყის ხეებით, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. ჟოლოს ბუჩქებით და სოკოებით მოფენილი აყვავებული მდელოები და ტყეებით მონაცვლე ვრცელი ველები... წამით მომეჩვენა, თითქოს ყვავილებისა და მოცელილი ბალახის სუნიც კი მოვიდა ჩემამდე... და სივრცე... ისეთი ფართო, გაშლილი სივრცე, როგორსაც საქართველოში ვერ იგრძნობ... სივრცე, რომელიც შენში დიდი და თვალუწვდენელი სამშობლოს აღქმას გიჩენს... თითქოს ბებიის ხმა ჩამესმა, რომელიც ახალგამომცხვარი ღვეზელების საჭმელად მეძახდა და თვალებიდან ცრემლები წამსკდა. რუსეთის ეგრეგორმა ბასრი დანასავით გადამისვა გულზე და უაღრესად მძაფრი ტკივილი ვიგრძენი. ის ქვეყანაზე გადაფარებული თხელი ენერგეტიკული ქსოვილივით აღიქმებოდა. რადგან ქრისტესთან შეხვედრის მერე მის სულიერ ენერგიას (შაკტის) „ვცნობდი“, იესოს ლოცვა დავიწყე და მის ენერგიას მოვუხმე. პარალელურად რუსული ეგრეგორი წამოვწიე და ქრისტეს ენერგია დავუკავშირე. არ ვიცი რატომ, დაკავშირების ადგილი „დავაფიქსირე“ ვიზუალიზირებული დანის წვერით და უეცრად „დავინახე“ როგორ აგორდა დაკავშირების წერტილიდან „ქრისტეს ენერგიის“ ტალღა, რომელმაც ატომური ბომბის ტალღასავით გადაუარა რუსეთს და სადაც გაიარა ისეთივე ნანგრევები დატოვა, როგორც აფეთქება ტოვებს ხოლმე. „თვალებს“ არ ვუჯერებდი. როგორ შეიძლებოდა ისეთ ღვთაებრივ ძალას, როგორც „ქრისტეს ენერგიაა“ ნგრევა გამოეწვია? იმას რასაც მე ვხედავდი და რაც დაინგრა არ ეკუთვნოდა მატერიალურ სამყაროს. ეს ნატიფი სამყაროს კონსტრუქციები იყო, როგორც ჩანს ბნელი სტრუქტურები, შესაძლოა შავი მაგიის კატეგორიიდან. ბოლომდე ეხლაც არ ვიცი და დიდი იმედი მაქვს რომ არაფერი დავაშავე. ერთი კითხვა მქონდა საკუთარ თავთან - საიდან ვიცოდი ის რაც გავაკეთე? ან რაც გავაკეთე მართლა მუშაობს? რატომღაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ ცნობიერების სხვა დონეზე ისეთ ცოდნას ვფლობ, რომელიც სრულად ვერ გადმომაქვს ფიზიკურ სამყაროში.

სიზმრის მეორე ნაწილის მნიშვნელობა რაღაც დროის მერე გახდა ჩემთვის ცნობილი. მთის მწვერვალზე, ჯვარცმაცთან მომხდარი მოვლენა ერთგვარი ინიციაცია იყო. ფოლადის კაცი, კარმას ან უფრო ფართო გაგებით საღმრთო კანონს განასახიერებდა. ორი კვერცხი, თითოეული თავიდან გადმოგდებული, ორი სამყაროს (ფიზიკური და სულიერი, თუმცა „სულიერს“ შესაძლოა ნატიფ ფიზიკურ სამყაროებს ვუწოდებ) აღქმის უნარს განასახიერებდა. მეორე მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა მაცხოვარს, როგორც ჩანს ჩემი უშუალო სულიერი მასწავლებელია, ალბათ მიქაელი და მანაც რაღაც მომანიჭა (მოგვიანებით ჩამატებული: როგორც მერე გაირკვა წერის უფლება).

2014 წელი. დეკემბერი. სტამბული. შავი მაგი

სიზმარში ვხედავ ჩემ პირდაპირ ადამიანის სულს. საიდანღაც ვიცი რომ ეს სული შავ მაგს ეკუთვნის. სავარაუდოდ მამაკაცია. საშინელი შესახედია - შავი, ამორფული, საზიზღარი, უფორმო მასა! ვუყურებ და თითოეულ მის დანაშაულს ვხედავ. ვხედავ რამდენი ადამიანი გააუბედურა, რამდენი ბოროტება ჩაიდინა. ყოველი მისი ცოდვა შავი ენერგიის სახით იყო დალექილი მის სულიერ სხეულზე რომელსაც რათქმაუნდა ძლიერი დემონური ენერგეტიკა ჰქონდა. რეფლექსურად დავიწყე იესოს ლოცვა და ლოცვის ენერგია სულისკენ მივმართე. გულში უნებურად აღმეძვრა შურისძიების სურვილი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ჩემდაუნებურად გამეფიქრა რომ ეხლა ვაჩვენებ ამას სეირს! ლოცვის ენერგიას ნაკადის ფორმა მივეცი და შავი სულისკენ მივმართე. სული შეიშმუშვნა, დეფორმირდა და დაპატარავება დაიწყო. უეცრად ჩემ წინ, თითქოს მიწიდან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი ამოიზარდა. ეხლაც მახსოვს როგორ გამოიყურებოდა თავისი ჯინსებით და წითელი კეპით. აღშფოთებულმა საშინელი საყვედურები მომაყარა:

- ასეთი ძალა გაქვს და არ იცი როგორ გამოიყენო? ვინ არის შენი მასწავლებელი?

მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე.

- ჩვენ არავის ვანადგურებთ, ჩვენ ან ვაგდებთ ან აღვადგენთ!!! ეხლა მათ ექნებათ უფლება სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვლოდ აიღონ!

მე გაოგნებული ვუყურებდი. განსაკუთრებით ბოლო სიტყვები ცუდად მომხვდა გულზე.

მერედა განა მე ვინმეს ვანადგურებდი?!

უეცრად ზურგსუკან ორმა მამაკაცმა ერთმანეთში გადაილაპარაკა. მათი ხმა გარკვევით გავიგონე. თითქოს გვერდიდან მაკვირდებოდნენ და ჩემს მოქმედებებზე აკომენტარებდნენ. ერთმა მეორეს ძალიან მშვიდად უთხრა:

-არ არის ჯერ მზად. „ძალა“ უნდა ჩამოვართვათ, თორემ საკუთარ თავს ავნებს.

აქ გამეღვიძა საშინელი გრძნობით რომ რაღაც ძალიან შემეშალა და რაღაცა ძალიან დავაშავე. თავს იმითი ვიმშვიდებდი რომ ეს მხოლოდ სიზმარია. მაგრამ არის რო ჩემი სიზმრები მხოლოდ სიზმრები? სულ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა შემშლოდა. მაშინ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლოცვის ენერგია თუ „ძალა“ იმ არსებაზე არ უნდა მიმემართა, არამედ „გამეფანტა“ გარშემო, რომ გარემოს საერთო ვიბრაცია ამეწია. მიქაელს და იესოს ვევედრებოდი, რომ კიდევ ერთი შანსი მოეცათ და ნამდვილად სწორედ მოვიქცეოდი.

იმ დღეს მთელი დღე საშინელ ხასიათზე ვიყავი და უენერგიოდ ვგრძნობდი თავს. ტაქსიმის მაღაზიებში ვიბოდიალეთ, მაგრამ არც საყიდლები მახალისებდა, არც ქალაქში სეირნობა. ვცდილობდი ჩემი უხასიათობა არ შემემჩნია და თავს ვაჩვენებდი, რომ ძალიან მაინტერესებს რასაც ვათვალიერებ. ამ დროს სულ ეს სიზმარი მედგა თვალწინ. იმის შეგრძნება, რომ ჩემზე უარის თქმას აპირებდნენ, თავს არ მანებებდა.

მეორე ღამეს დამესიზმრა:

რაღაც სახლში ვცხოვრობ, სადაც ქვედა სართულზე ორი ქალბატონი მყავს მეზობლად - დედა და ქალიშვილი. მათ ხშირად ვხვდები კიბეზე ჩასვლა-ასვლისას, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ან ერთს ან მეორეს და არასდროს ერთად. ერთხელაც, სადარბაზოში დედას ვაწყდები. თავისთან მიპატიჟებს ჩაიზე. მეც მეზობლურ თავაზიანობას ვიჩენ და მასთან ბინაში შევდივარ. პატარა მრგვალ მაგიდას ვუსხდებით. ლაქით დაფარულ ძველებურ მაგიდაზე ვინტაჟური სტილის მაქმანებიანი გადასაფარებელია რომელზეც ძვირფასი ფაიფურის ჭურჭლი დგას. ჩაის მისხავს. მე გარშემო ვიყურები და თვალით მის ქალიშვილს ვეძებ, თან ვეკითხები სახლშია თუა არა. როგორც ყოველთვის მეუბნება რომ სახლში მარტოა. უეცად ნაცნობი გრძნობა მეუფლება, თითქოს სიცივე მეპარება კანქვეშ და გარშემო მრუმე, ბნელი ძალა ზღვავდება. მკვეთრად ვბრუნდები ქალისკენ და თვალს თვალში ვუყრი. ზუსტად ვიცი რომ ჩემ წინ ალქაჯია, რომელიც ხან ასაკოვან ქალბატონად აჩვენებს თავს, ხან მის ქალიშვილად. სინამდვილეში ეს ერთი პიროვნებაა. ალქაჯიც ხვდება რომ მე ის ამოვიცანი. დაძაბულად ვდგებით პირისპირ და ერთმანეთს თვალს არ ვაშორებთ. მე ლოცვას ვიწყებ, რადგან ესაა ჩემი იარაღი, ოღონდ ამჯერად კარგად მახსოვს რომ ლოცვის ენერგია მასზე უშუალოდ არ უნდა მივმართო და ვცდილობ ოთახის სივრცეზე გავანაწილო. უეცრად ვაცნობიერებ რომ ჩემი ლოცვა „ცარიელია“! ჩემს ლოცვას ძალა არა აქვს და უბრალოდ სიტყვების რახარუხია! უმწეო და დაბნეული უკან ვიხევ და არ ვიცი რა გავაკეთო. ამ არსების წინაშე დაუცველი ვარ. ალქაჯი მაშინვე ხვდება ჩემს მდგომარეობას, გაბოროტებული სახე ძველებურ ტკბილ გამომეტყველებას იბრუნებს და დაცინვით მეუბნება:

- ხომ ხედავ არაფერი შეგიძლია... იქნებ მოვილაპარაკოთ და რამეზე შევთანხმდებით.

მე ვპასუხობ, რომ არაფერი მაქვს მასთან მოსალაპარაკებელი. ამაზე ალქაჯი უარესად ბრაზდება. განრისხებული ხელს იქნევს და რაღაც შავი ხვრელივით სივრცეში მისვრის, სადაც არაფერია აბსოლუტური სიშავის და უსასრულო ვარდნის გარდა. ასე ვვარდები უძირბოლო სიბნელეში. ალბათ უნდა შემეშინდეს, მაგრამ არ მეშინია. ვიცი რომ მიქაელი არ მიმატოვებს და ველოდები. უეცრად ჩემ წინ საოცარი სანახაობა იშლება. აბსოლუტური წყვდიადის ფონზე უშველებელ ცეცხლოვანი ანგელოზი ჩნდება! ამ სიბნელეში მისი კაშკაშა, მოლივლივე სხეული კიდევ უფრო მკვეთრად ანათებს! პირველად ვხედავ მას მისი ცეცხლოვანი სხეულით! ის ხელს ხელში მავლებს და ერთი წამით... მხოლოდ ერთი წამით მეჩვენება თითქოს ჩაჭიდების ადგილას ჩემი ხელი ცოტათი ცეცხლოვანი ხდება, ხოლო მისი ცოტათი ადამიანის!.. იქნებ უბრალოდ მეჩვენება? ყველაფერი ქრება და...

imma13

მე და ჩემი მეგობრები მივდივართ სავაჭრო ცენტრში. ნინას ჯინსები აქვს საყიდელი...

ამ მომენტზე მეღვიძება და ვფიქრობ რა მოხდა. მართალია ლოცვის „ძალა“ ჩამომართვეს, მაგრამ მიქაელი არ მიმატოვებს. რაც არ უნდა მოხდეს. არასდროს არ მიმატოვებს. როგორ ავხსნა, რომ არსებობს ისეთი კავშირი სულებს შორის, რომელიც ყველა ჩვენთვის ცნობილ კავშირზე ძლიერია, ეს არც მეგობრობაა, არც პატივისცემა, არც თაყვანისცემა... მგონი სიყვარულზეც მეტია. ეს უბრალოდ კავშირია, რომლის გამოც შენს საყვარელ სულს ჯოჯოხეთშიც კი ჩაყვები. მიქაელმა არ თქვა ჩემზე უარი. ეს ცალსახად ვიგრძენი. იმ დღიდან ჩვენი კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ლოცვის ძალა კიდევ დიდ ხანს არ მქონდა. ძალა იმიტომ ჩამომართვეს რომ მე ის არასწორი მოტივაციით მოვიხმარე და დასკვნაც მთლად სწორი ვერ გამოვიტანე. როგორც მერე მიქაელი ამიხსნის, როდესაც ადამიანი გარკვეული ტიპის ღვთაებრივი ენერგიის (როგორც მე ვუწოდებდი „ლოცვის ძალის“/“შაკტის“) გამტარებელი ხდება, იგი ვალდებულია ეს ენერგია ყოველთვის „წმინდა მოტივაციით“ გამოიყენოს. არსებობს სხვადასხვა ტიპის ენერგიები. როგორც ამ ენერგიებს, ასევე მათ გამტარებელ სულებს შესაბამისი თვისებები აქვთ. მაგალითად ქრისტეს ენერგიას ისეთი თვისებები აქვს, რომ მისი გამოყენებისას არ შეიძლება გქონდეს ისეთი შინაგანი განწყობა, როგორიცაა შიში, შურისძიების სურვილი, რაიმე ტიპის ეგოისტური სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ენერგია „მრუდდება“ და დემონურ კალაპოტში ექცევა. როგორც წესი ორი ტიპის „გამრუდებაა“ ყველაზე ხშირი - შიში და ე. წ. „სამართლიანი“ შურისძიების სურვილი, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა. ასეთი „გამრუდებული“ ენერგია იმასაც აზიანებს, ვის მიმართაცაა მიმართული და იმასაც ვინც ამ ენერგიის გამტარებელია. ამიტომაა მნიშვნელოვანი შეგეძლოს მუდმივი შინაგანი ჰარმონიის შენარჩეუნება რაც არ უნდა მოხდეს, შეგეძლოს ემოციების სწრაფი გადართვა და „სულიერი კატეგორიებით აზროვნება“.

გარდა გამრუდებისა არსებობს გატარებული ენერგიის არასწორი მიმართვა. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ გამტარებელი სული აიგივებს თავს მატერიალურ სამყაროში არსებულ რაიმე გამოვლინებასთან ან ეგრეგორთან, მაგალითად თავის ქვეყანასთან, თავის ოჯახთან ან თავის რელიგიასთან. რა ეგრეგორთანაც არის დაკავშირებული ინკარნირებული სულის იდენტობა, იქ მიედინება მისი ენერგია. რაც უფრო ვიწროა ეგრეგორი, მით უფრო ვიწრო მიზანს ხმარდება იგი, ხოლო რას უნდა მოხმარდეს შენს მიერ გატარებული საღმრთო ენერგია, გამტარებელი ადამიანის (შაკტი ავატარის) მიერ სწორედ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად თუ „გამტარებელ“ ადამიანს ძალიან ძლიერი მიჯაჭულობა აქვს თავის ოჯახთან, მაშინ გატარებული ენერგია ამ ეგრეგორის სპექტრში გარდატყდება და მას ხმარდება, რაც ხშირად არ წარმოადგენს ამ ენერგიის მოხმარების მიზანს. თუ ადამიანს ძალიან ძლიერი ნაციონალური მიკუთვნების განცდა აქვს, მაშინ მისი ენერგია მის ქვეყანას ხმარდება. თუ, მაგალითად, ადამიანს მიაჩნია რომ მხოლოდ მისი რელიგიაა ერთადერთი ჭეშმარიტი, მისი ენერგია ამ რელიგიის ეგრეგორს ხმარდება. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება რომ ადამიანის სული მატერიალური სამყაროს ილუზიის თამაშში ერთვება, იგი თავს აიგივებს ამ სამყაროს სხვადასხვა გამოვლინებებთან, ეჯაჭვება მათ და საკუთრების გრძნობა უჩნდება, როგორიცაა - ჩემი შვილები, ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა და ას. შ. რაც უფრო მაღალია ადამიანის ცნობიერება მით უფრო დიდ ეგრეგორთან შეუძლია მას საკუთარი თავის გაიგივება ან სრულიად გათავისუფლება. მაგალითად - ჩემი პლანეტა, ჩემი კაცობრიობა. თანამედროვე ადამიანის ცნობიერება ჯერ ჯერობით ამაზე მეტად ვერ ფართოვდება, თუმცა დადგება დრო როდესაც ადამიანი თავისი ცნობიერებით არა მხოლოდ მისი მშობლიური პლანეტის, არამედ კოსმოსის და არა მარტო კოსმოსის, არამედ სხვა მატერიალური და სულიერი განზომილებების მაცხოვრებელი და თანაზიარი გახდება ან სრულიად გათავისუფლდება მატერიალური და ნატიფი სამყაროებისგან და ღმერთის ცნობიერებას შეერწყმება ყველა მის გამოვლინებაში.

2015 წელი. ზაფხული. დედის ავადმყოფობა

გაზაფხულზე დედაჩემს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მდგომარეობის სიმძიმე არ ვიცოდი, რადგან არ მეუბნებოდნენ რომ არ ვენერვიულე. ერთ ღამეს ასეთი სიზმარი ვნახე:

მე და დედაჩემი რაღაც შენობაში ვიმყოფებით. შენობის მთელი იატაკი სავსეა შხამიანი გველებით. ჩემ ძმას სპეციალური ჩექმები აცვია და გველების არ ეშინია, მე კი ვცდილობ მათზე ზევიდან ვიფრინო და შიგ არ ჩავვარდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალები მეცლება და ცოტაც და მათ შუაგულში აღვმოჩნდები. დედა ზის და ჩემთვის ჩექმებს კერავს. თავის თავზე საერთოდ არ ზრუნავს და გველებს არ ერიდება. მე ვსაყვედურობ, რადგან ჩვენზე ზრუნვაში სულ არ იჩენს სიფრთხილეს. უეცრად ერთ-ერთმა გველმა დედას ფეხში ჩაავლო. მე საშინლად შემეშინდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ნაკბენი სასიკვდილოა, მაგრამ დედა უბრალოდ ხელს ისვავს და უდარდელად მეუბნება:

-Ничего! Само пройдет, - და კერვას აგრძელებს.

უცებ ვხედავ რომ ზურგზე დაცვითი თილისმა კიდია, მთელი ცხოვრება რომ იცავდა ისეთი. თილისმა ტყდება, შემდეგ კი გზას ვხედავ. გზაზე მარხილი მიდის. მასში მაცხოვარი და ღვთისმშობელი სხედან, შუაში კი ზურგშექცეული დედა ზის. მარხილი მშორდება და თვალს ეფარება.

რომ გავიღვიძე, ვიცოდი, რომ დედა არ გამოჯანმრთელდებოდა...

2015 წელი. აგვისტო. გონიო. გაფრთხილება მომავალ სირთულეებზე

მესიზმრება რომ რაღაც უხილავი ძალა მიტაცებს და ზევით მიმაფრენს. როდესაც ღრუბლებს ვცდები ხმა მესმის:

-ნუ გეშინია, საშინელი არაფერი მოხდება!

2015 წელი. შემოდგომა. თბილისი. დედის გარდაცვალება და საზვერეები

ოქტომბერში დედა გარდაიცვალა ქიმიოთერაპიის გართულებით.

ამ დროისთვის ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად შეირყა და სიარული მიჭირდა ფეხებში ძლიერი სისუსტის გამო. საშინელ ძალისხმევად მიჯდებოდა ყოველი მოძრაობა. პერიოდულად გული მიხდებოდა ცუდად და სუნთქვა მიჭირდა. დედაჩემის გარდაცვალებასთან დაკავშირებულმა ნერვიულობამ კიდევ უფრო დამიმძიმა მდგომარეობა.

მახსოვს გარდაცვალებიდან პირველი დღეები მშობლებთან სახლში ვრჩებოდი.

ორმოცი დღე არ იყო გასული, როდესაც ეს ორი სიზმარი დამესიზმრა:

თითქოს სოლოლაკის ძველ ბინაში შევდივარ. დედაჩემი პატარა ბნელ ოთახში წევს, იმ საძინებელში რომელიც ძალიან არ უყვარდა სიბნელისა და ჩახუთულობის გამო. სახლში სიცარიელე და სიბნელეა. 90-იანი წლების განწყობა სუფევს. დედა მარტო წევს, რამდენიმე საბანში შეხვეული, დაბერებული, გაჭაღარავებული, მარტოსული და მივიწყებული ცდილობს როგორმე გათბეს.

-Ты должна уйти отсюда… - ვეუბნები მე.

-Вы все хотите что бы я ушла! - მეუბნება გაბრაზებით, -вы меня не любите!

-Ты должна пойти с Христом!- არ ვეშვები მე და მეღვიძება.

მეორეჯერ მესიზმრება თითქოს:

რაღაც ძალიან დიდ და ნათელ სახლში ვართ. სახლი ლამაზ ბუნებაშია გამწვანებული ხეებითა და ყვავილებით გარშემორტყმული. დედაჩემი, ახალგაზრდა და ლამაზი სამზარეულოში ფუსფუსებს. სამზარეულოში დიდი ნათელი ფანჯრებია, ზუსტად ისეთი, როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. სახლი სავსეა სტუმრებით. როგორც ჩანს ძირითადად დედაჩემის ნათესავები არიან. დედა მხიარული და სიცოცხლით სავსეა. წინსაფარი უკეთია და ღუმლიდან ახალ გამომცხვარ ნამცხვარს იღებს. ნამცხვრის სუნთან ერთად ოთახში ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვის სურნელი იფრქვევა, მაგრამ მე, არ ვიცი რატომ, ვეუბნები:

- Отсюда тоже ты должна уйти...

დედა თითქოს ყურს იყრუებს და ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს ჩემს სიტყვებს.

-Ты должна пойти с Йисусом. Там может существовать все что когда либо было, будет или может быть.

ამაზე გამეღვიძა და გამიკვირდა საიდან მომივიდა ეს ფრაზა თავში, თუნდაც სიზმარში, რადგანაც ამ ტიპის აზრი არასდროს მომსვლია თავში. მივხვდი მხოლოდ, რომ ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე, ადამიანის ცნობიერება იცვლება და ერთგვარ ილუზორულ ხაფანგებში შეიძლება მოექცეს თავისი ყველაზე ღრმა შიშებიდან, თუ პირიქით, აუსრულებელი სურვილებიდან გამომდინარე, რომლებიც მას მიწიერ სამყაროსთან უხილავი კავშირებით აკავშირებს.

2016-2017 წლები. პრობლემების მოზღვავება

2016 წელმა წელმა გაიარა უსახურად და უკვალოდ. თითქმის ვეღარ ვხედავდი სიზმრებში ჩემს სულიერ მასწავლებლებს და დღისით მთელი დღეები მკურნალობებში და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში გადიოდა. ერთადერთი გრძნობა რომელიც არასდროს მტოვებდა იყო მათთან უწყვეტი კავშირის შეგრძნება. ყოველთვის როდესაც მიქაელზე ან იესოზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი მათ სიყვარულს ჩემ მიმართ რომელიც ჩემი მხრიდანაც საპასუხო გრძნობას აღძრავდა და ეს არიადნას ძაფი იყო რომელიც არასდროს წყდებოდა, ყველაზე ბნელ და შეუვალ დღეებში და ღამეებშიც კი, მაშინაც კი როდესაც უიმედობის, ინვალიდობისა და წვალების პერსპექტივის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ჩემს ცნობიერებას ვეღარ ვაკონტროლებდი. გამუდმებით ნეგატიური აზრები მიტრიალებდა თავში, მუდმივად უარყოფითი მოვლენები წარმომიდგებოდა თვალწინ, მახსენდებოდა ყველაფერი ცუდი რაც გადამწყდა თავს, ყველაფერი რაც როდესმე ვინმემ მაწყენინა უწყვეტ ნაკადად მაწყდებოდა და მოსვენებას არ მაძლევდა. თითქოს მთელი ნაგავი რაც ჩემ სიღრმეში ცხოვრების განმავლობაში დაილექა, ზედაპირზე ამოტივტივდა და მახრჩობდა. მთელი ძალებით ვცდილობდი ჩემი ცუდად ყოფნა ოჯახის წევრებს არ ეგრძნოთ, თუმცა არა ვარ დარწმუნებული რომ კარგად გამომდიოდა. დღე არ გადიოდა რომ არ მეტირა. ხანდახან არც ვტიროდი, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდნენ. ჩემი უმცროსი შვილის ჯანმრთელობაც შეირყა და ეს კიდევ უფრო აუტანელ ტვირთად დამაწვა გულზე. გადაწყვეტილებები მე უნდა მიმეღო, მაგრამ ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი. ღმერთს ვევედრებოდი, რომ მხოლოდ ჩემზე გადამტყდარიყო ეს უბედურება და ჩემს შვილებს და ქმარს არ შეხებოდა. ასე, ერთ წელიწადში დავკარგე ჩემი ცხოვრება - ჯანმრთელობა, სამსახური, დედობა და ცოლობა. დღეები და თვეები გადიოდა რომ ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ან თუ ვდგებოდი ჯოხით ან ყავარჯნებით ძლივს გადავაადგილდებოდი ოთახის ფარგლებში. ვეღარც ჩემს შვილებს ვაქცევდი ყურადღებას და ვეღარც ქმარს. ვგრძნობდი, რომ ცხოვრება აღარ მინდოდა, მაგრამ ერთადერთი რაც მაჩერებდა ჩემი შვილები იყვნენ.

ერთ ღამეს სიზმარში მიქაელი გამომეცხადა. ამჯერად ახალგაზრდა ბიჭის გარეგნობა ჰქონდა.

- გინდა წაგიყვანო?- მკითხა.

- ხომ იცი რომ არა ვარ მზად და ოჯახს ვერ დავტოვებ - ვუპასუხე მე ცოტა დაბნეულად და გამეღვიძა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff