გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

„ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა; ცეცხლოვანი იერარქია

 

2018 წელი. მაისი. „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა

მიქაელი:

- თუ გახსოვს ერთ-ერთ საუბარში გითხარი რომ შენ სწავლებას სხვა დანიშნულებაც აქვს. ეს არის შენი „ცხოვრებისეული მისიის“ გზა, რომელიც გაიარე და რომლის ნაკვალევზე სხვებიც გაივლიან. შენ გაიარე „ჩვეულებრივი ადამიანის“ გზა. გზა ადამიანისა რომელიც ცხოვრობდა არახელსაყრელ პირობებში და არახელსაყრელ დროს, საიმისოდ რომ სულიერ სამყაროსთან ასე მჭიდროდ დაახლოებულიყო და სულიერი პოტენციალი ასე გაეხსნა. თუ შენ შეძელი, სხვაც შეძლებს! ადრე, ასეთი ნატიფ სამყაროსთან მისტიკური ურთიერთობის გამოცდილება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთეულებისთვის, მათთვის ვინც შესაბამის გარემოებებში იბადებოდა, მაგალითად ტიბეტელი ლამებისთვის რომლებსაც ხუთი წლის ასაკიდან აბარებენ მონასტერში და მთელი ცხოვრება ჰიმალაის წმინდა გარემოში ხვეწენ თავიანთ უნარებს. ასეთი შესაძლებლობები ძალიან ცოტა სულს ექმნება. ჩვენ გვჭირდება გზა იმ უამრავი ადამიანისთვის რომელიც ჩვეულებრივ პირობებში იბადება. ჩვენ გვჭირდება ბადე, რომ ამ ადამიანთა სულები ზედაპირზე ამოვიყვანოთ. თანამედროვე ადამიანები სულ უფრო მოწყდნენ ტრადიციურ რელიგიებს, რომლებიც თავისმხრივ დეგრადირდნენ მასების ზეგავლენით და ჩვენ ძალიან გვტკივა გული, როდესაც ვხედავთ როგორ ვკარგავთ სულებს, როგორ იკეტავენ ათეიზმით მაღალი პოტენციალის და მაღალი ცნობიერების ადამიანები, რელიგიებისა და მათი მსახურების არასრულყოფილების გამო სულის განთავისუფლების გზას. ამიტომ გვჭირდება ჩვენ, ახალი „ინდივიდუალური“, „შინაგანი“, „გულისმიერი“ გზა, რომელშიც ადამიანს „ჩავიბავთ“, როგორც თოკით და მის ცნობიერებას მაღალ სიხშირეზე ავწევთ. ეს არის გზა სადაც მხოლოდ ორია - ადამიანი და ღმერთი! არსებობს საზოგადოების მთელი ფენა რომელსაც ამ კავშირის დამყარების უნარი აქვს და ამავე დროს სრულიად მოწყვეტილია ჩვენგან. შენი ცხოვრებისეული გზა მათთვის ნათელი მაგალითია. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც ვერც ერთ რელიგიურ მიმდინარეობაში თავის ადგილს ვერ პოულობენ, ეს „ინდივიდუალურ გზა“ მონახონ. ამ გზას არ ჭირდება ტაძრები, რიტუალები და მღვდელმთავრები. კაცობრიობის ცნობიერების სიხშირის აწევით ფიზიკური სამყარო სულიერს უახლოვდება. ამ პირობებში აღარ არის აუცილებელი ფიზიკურ განზომილებაში გყავდეს სულიერი მოძღვარი. მითუმეტეს „არახელსაყრელ“ გარემოში ძნელია ღირსეული სულიერი მოძღვარის პოვნა. ადამიანი, რომელსაც მწვერვალზე აყავხარ თვითონ უნდა იყოს მწვერვალზე ნამყოფი და არა რუკით ხელმძღვანელობდეს. აღარ არის აუცილებელი მრავალჯერ გადაწერილ, საუკუნეების მანძილზე სახეცვლილ და ხშირად სრულიად აბსურდულად ინტერპტერიტებულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობა. წმინდა წიგნებით ხელმძღვანელობა მხოლოდ ეტაპია სულთა ევოლუციაში. სამყაროთა დაახლოების პირობებში ცნობიერების სათანადო სიმაღლეზე დაჭერით შესაძლებელია ამაღლებულ სულიერ განზომილებაზე გასვლა და სულიერი სამყაროს მეუფესთან რეალური, გულისმიერი კავშირის დამყარება. ამ კავშირის შეგრძნებაზე შეიძლება წლები წავიდეს და შეიძლება წამიერად მოხდეს, გააჩნია სულის მზაობას. მთავარია ადამიანმა გულის კარნახით მიაგნოს იმ ამაღლებულ სულს, ვისაც ესე ვთქვათ სულიერად „ჩაებმება“. იქნება ეს იესო ქრისტე, ღვთისმშობელი მარიამი, კრიშნა, წმინდა იოანე ნათლისმცემელი თუ ვინმე სხვა, ადამიანისა და ამ მეუფის სულიერ ნათესაობაზეა დამოკიდებული. ეს არის ძალიან ღრმა და პირადი კავშირი ადამიანისა და მეუფის გულებს შორის, რომელსაც ადამიანი მატერიალური სამყაროს ილუზიიდან ნელ-ნელა გამოჰყავს და სულიერ მწვერვალებს აზიარებს. შენ თვითონაც იცი, როგორი ნეტარი მდგომარეობაა როდესაც ამ კავშირს ამყარებ და როგორი არაჩვეულებრივი და ფანტასტიკური შესაძლებლობები იხსნება ამ დროს. ამ კავშირის ერთხელ დამყარებისას, მას ვეღარ წყდები. ის მაგნიტივით იზიდავს შენს სულს. ადამიანმა სამჯერ უნდა მოუხმოს თავის სულიერ წინამძღვარს სახელით და ჩააბაროს მას და მისი შუამავლობით ღმერთს, თავის სულზე ზედამხედველობა. უნდა გახადოს ეს მეუფე თავისი ცხოვრების თანაზიარი. ამას ჰქვია - Ходить перед богом! ამ მომენტიდან მისი სულიერი ზრახვები თუ მოქმედებები სრულიად „ხილვადი“ ხდება მეუფისთვის და გარკვეული, საღმრთო კანონით ნებადართულობის საფუძველზე, მას მეტი ჩარევის შესაძლებლობას აძლევს. ადამიანმა უნდა ისწავლოს თავის მეუფესთან ყოველდღიური, შინაგანი საუბარი, როგორც პიროვნებასთან, რომელიც მუდმივად შენ გვერდითაა და შენი უახლოესი მეგობარი და მექომაგეა. არავინ იფიქროს რომ ესეთი გულისმიერი, ფიქრით საუბარი არავის ესმის. ყოველი სიტყვა გაგონილია! ყოველი თხოვნა გაგონილია! არავინ იფიქროს რომ აწუხებს თავის სულიერ წინამძღვარს ან მის დროს აცდენს. გაიხსენე, რომ ამაღლებულ სულებს ცნობიერების დაქსაქსვის (ფრაგმენტაციის) უნარი აქვთ. მათ შეუძლიათ ბევრ ადგილას იყვნენ ერთდროულად. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ საუბარში უნდა დომინირებდეს პოზიტიური ენერგია და დადებითი ემოციები, რადგან ეს არის მაღალი სიხშირის ენერგია, რომლითაც კავშირი მეუფესთან ძლიერდება და მყარდება. თუ ადამიანი თავის მეუფეს ყველა დადებითი მოვლენის, სიხარულის და სიყვარულის თანაზიარს გახდის, ათასჯერ მეტ საზღაურს და უკუგებას მიიღებს უკან. იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანს თავისი მეუფის მიმართ ნამდვილი სიყვარულის გრძნობა გაუჩნდება და იქიდანაც საპასუხო ემოციას იგრძნობს, მოხდება ამ ორის ერთიან ველში გაერთიანება და ადამიანის სულიერი წინსვლა გაცილებით ფართო მაშტაბებს და სწრაფი განვითარების ხასიათს მიიღებს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ეს ურთიერთობა სულის განვითარებას უნდა მოხმარდეს და არავითარ შემთხვევაში არ არის წვრილმანი ჭორაობის და მდაბიო მატერიალური საკითხების განხილვებზე ან მატერიალური სარგებელის მიღების სურვილზე ორიენტირებული კონტაქტი. ასეთი ურთიერთობისთვის რათქმაუნდა გარკვეული სულის მზაობაა საჭირო, უძლიერესი შინაგანი მისწრაფება და სულიერი წინამძღვრის უდიდესი ნდობა და ერთგულება. ამ თვისებების გარეშე კავშირი ვერ შედგება. დამიჯერე, შეუძლებელია მატერიალური სამყაროს ილუზიიდან თავის დაღწევა ღმერთისაკენ ძლიერი გულისმიერი მისწრაფების გარეშე. ყოველი ინკარნაციის დასრულებისას, ფიზიკურ სხეულთან განშორებისას ადამიანს უამრავი ბორკილი აკავებს მიწიერ სფეროსთან სხვადასხვა დამოკიდებულებების სახით, ოჯახი იქნება ეს, სამსახური თუ სამშობლო. ეს ბორკილები სულს უმალ უკან, ხელახან განსხეულებაში აბრუნებენ და ასე დაუსრულებლად. ღმერთის შიში არაფერია, გარდა ადამიანის ზნეობრივი კონტროლისა. მას ადამიანი სულიერ სამყაროში ვერ გადაჰყავს. აუცილებელია ღმერთთან სიყვარულის ველში გაერთიანება, რომლის დროსაც ნელ-ნელა გწყდება მატერიასთან შემბოჭავი ბორკილები და თვალი გეხსნება, რომ შენი ჭეშმარიტი სახლი სხვაგანაა, სულიერ განზომილებაშია, სადაც გელიან და სადაც უნდა დაბრუნდე. მაგრამ აბსტრაქტულ ღმერთთან, როგორც აბსოლუტთან, რომელიც ყველაფერი ყველაფერშია ასეთი პირადი კავშირის დამყარება ძნელია, რადგანაც ადამიანის გონება პიროვნებებთან ურთიერთობასაა მიჩვეული და არა აბსტრაქტულ, თუნდაც ყოვლისმომცველ ძალა-გონებასთან. ამიტომ იცოდე, რომ ჩვენ, რომელნიც ვდგავართ კაცობრიობის სადარაჯოზე, უფრო ახლოს ვართ ვიდრე გგონიათ და ახლა, სამყაროთა გზაგასაყარიდან ადამიანებს ვუწვდით ხელს და სულმოუთმენლად ველოდებით მათი გულების ძახილს!

2018 წელი. 1. ივნისი. ცეცხლოვანი იერარქია

მე:

-ეხლა ვიცი, რატომ არის ბევრი ძველი საკულტო ნაგებობა მზის მოძრაობაზე და განსაკუთრებით მზის ნაბუნიობებზე ორიენტირებული...

მიქაელი:

-როგორც უკვე გითხარი, ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა სენსორული სტატუსის მქონე არსებები აღიქვავენ, როგორც ფორმებს, ფერებს, ხმებს ან ვიბრაციებს, არის ტალღოვანი ენერგიები... ფაქტიურად სინათლე... ანუ თქვენი ცნობილი გამონათქვამი - ცოდნა სინათლეა და უცოდინრობა სიბნელე - სინამდვილეში არ არის ალეგორია, არამედ პირდაპირი აზრია. მე ნელ-ნელა მიმყავდი ამ აზრამდე... ჩემი ბუნება არის სიბრძნე, იგივე სინათლე... ამიტომ არის რომ განსხვავებით თქვენი სხეულისგან, რომელიც ხუთი სტიქიის ელემენტთა კომბინაციისგან შედგება, ჩემი სხეული მხოლოდ ცეცხლოვანი სტიქიის ნატიფ მატერიას წარმოადგენს. ამიტომ დამინახე ერთ-ერთ სიზმარში როგორც ცეცხლოვანი ანგელოზი და ეს ყველაზე ჭეშმარიტი ჩემი გარეგნობაა. ცეცხლოვანი სხეული ჩემნაირი სულის თვისებების მქონე არსებებისთვის ყველაზე შესაფერისია და ჩვენი საარსებო გარემოც ცეცხლოვან გამოვლინებას წარმოადგენს. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ხშირად ცეცხლოვანი ხმლით გამომსახავენ. ადამიანებმა ბევრი იციან, მაგრამ ხშირად მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე, რადგან კაცობრიობის კოლექტიური მენტალი ბევრ ინფორმაციას ინახავს. ჩემთვის მზის სხივი იგივეა რაც თქვენთვის კარგად გატკეპნილი ბილიკი, რომელზეც თავისუფლად შეიძლება გაიარო. გაიხსენე წინა ზაფხულის ნაბუნიობა, 21 ივნისი. სწორედ ამ დღეს, როდესაც მზის ანუ ცეცხლის, იგივე სინათლის ენერგია ყველაზე ძლიერია, ჩვენი სამყაროები განსაკუთრებით ახლოსაა. სწორედ მაშინ დავაკავშირე მე შენთან ჩემი გულის ჩაკრა. ჩვენ ერთ ველში გავერთიანდით და მას მერე შენ განსაკუთრებით მკაფიოდ „გესმის“ ჩემი. ჩვენ დიდი ხანია კაცობრიობასთან კავშირი გვაქვს. ძველი მზის საკულტო ნაგებობები, სწორედ მზის ენერგიის კონცენტაციასა და „წმინდა ადგილას“ ჩვენ ადეპტებთან კავშირის დასამყარებლად შენდებოდა. ეს გულისმიერი კავშირი და შედეგად ცნობიერის ერთ ველში გაერთიანება ჩვენს ქურუმებს, ადაპტებსა და მღვდელმთავრებს საშუალებას აძლევდათ „ღმერთების“ სახელით ელაპარაკათ. მათ ყველაზე ძლევამოსილი მეფეებიც კი ყურს უგდებდნენ და ემორჩილებოდნენ. ქრისტიანულ და იუდეველურ კულტურებში მე ცნობილი ვარ როგორც მთავარანგელოზი მიქაელი, მაგრამ მე ბევრი სახელი მაქვს და ბევრი ინდივიდუალიზაცია. ძალიან ადრე კავშირი იმდენად ძლიერი და იმდენად სუფთა იყო, რომ ჩვენ დროებით განსხეულებაც კი შეგვეძლო და ადამიანებს ძალიან დიდ ცოდნას გადავცემდით. ეს ცოდნა დიდ წილად ეხებოდა კოსმოსს, რადგან ადამიანს უნდა სცოდნოდა თავისი ადგილი სამყაროში, სცოდნოდა რომ იგი კოსმოსური ოჯახის წევრია და სამყარო გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა იმდროინდელი ადამიანისთვის. ჩვენ ვასწავლიდით ასტროლოგიას, ასტრონომიას და მათემატიკას, მატერიალური და სულიერი სამყაროების კანონებს, სტიქიების ფლობით მატერიის დამორჩილებას...

ჩემ წარმოდგენაში ამოტივტივდა სტოუნჰენჯი, მაიას ტომების საკულტო ნაგებობები და პირამიდები, სამხრეთ ამერიკისა თუ სხვა კონტინენტებზე აშენებული მეგალითური ნაგებობები. „განმანათლებელი ღმერთები“ (ცივილიზატორი ღმერთები)... ეს ყველაფერი იმ დროს ეკუთვნოდა, როდესაც კავშირი ჯერ კიდევ არ იყო გაწყვეტილი...

მიქაელი:

- რაც შენ წარმოიდგინე, მხოლოდ მონარჩენია, იმისი რაც იყო. მხოლოდ ჩვენთან კავშირი შესაძლებელი იყო სულიერად ძალიან ამაღლებული სულებისთვის, რომლებსაც სიყვარულის, სიხარულის, მადლიერების სიხშირეებზე ეჭირათ გონება. დროთა განმავლობაში, კაცობრიობის მიერ ცოდნის არასწორი გამოყენებით განპირობებულ დეგრადაციასთან ერთად ქურუმები და მღვდელმთავრებიც ირყვნებოდნენ. მათი ცნობიერების სიხშირე ეცემოდა და მიუხედავად სწორედ ჩატარებული რიტუალებისა, ისინი ჩვენ ვეღარ გვიკავშირდებოდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა მათ მიერ ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ჩანაცვლება დემონური სულიერი არსებებით, რომლებიც სათაყვანო ენერგიად ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ძალას ითხოვდნენ. მაშინ დაიწყო მსხვერპლშეწირვების ეპოქა... შენ უნდა იცოდე, რომ ცოდნის გაღება ისევე როგორც მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან დუალურ სამყაროში მისი გამოყენება როგორც სიკეთისთვის ასევე ბოროტებისთვისაა შესაძლებელი. ცოდნის გამცემს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ მისმა მოსწავლემ ეს ცოდნა სწორი მიმართულებით გამოიყენოს. კაცობრიობის სულიერი დეგრადაცია ჩვენც მძიმე ტვირთად დაგვაწვა... გახსოვს მითი პრომეთეზე, იგივე ამირანზე?.. ამ მითში, ისევე როგორც მითების უმრავლესობაში, უამრავ გამოგონილ ისტორიებს შორის დიდი ჭეშმარიტებებიცაა გაჟღერებული. პრომეთემ ადამიანებს ცეცხლი გადასცა, რომელიც ღმერთებს მოპარა და ამისთვის ზევსმა იგი კავკასიონის კლდეს მიაჯაჭვა, სადაც მას საუკუნეების განმავლობაში ჯიჯგნიდა არწივი. ამ ისტორიის ჭეშმარიტი აზრი შემდეგია: ჩვენ გადმოგეცით ცეცხლი, ანუ სინათლე, იგივე სიბრძნე და კარმული პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე, რითიც საღმრთო კანონმა ანუ კარმამ, იგივე ღმერთმა მატერიალურ სამყაროს ბედთან მიგვაჯაჭვა. ყველა თქვენი არასრულყოფილება და უბედურება ჩვენ გვირტყავს, როგორც არწივი პრომეთეს სხეულს. როდესღაც ჩვენ გაგათავისუფლეთ ცხოველური უმეცრებისსგან და ეხლა დრო მოვიდა რომ თქვენ, განღმრთობილმა ადამიანებმა, „ნახევარღმერთებმა“ გაგვათავისუფლოთ ჩვენ, როგორც ჰერკულესმა პრომეთე!...

უნებურად გამიელვა თავში:

- და რომ არ გადაგეცათ ჩვენთვის სიბრძნე?

- როგორც გითხარი, ცოცხალი არსებების ევოლუცია ცნობიერების განვითარებით/აწევით მიმდინარეობს. გონის ჩასახვა და განვითარება ერთ-ერთი სიხშირეთა დიაპაზონია აღმავალ შკალაზე, რომელსაც ვერ გამოტოვებ და ვერ გადაახტები. ამ დიაპაზონში, ცოცხალი არსებებების განვითარებას იერარქიის ჩვენი შტო განაგებს. ეს ჩვენი ვალი იყო უზენაესის მსახურებაში. ახლა საშიში დროა... ჩვენთან კავშირის გაწყვეტის გამო სიბრძნის განვითარება წავიდა მხოლოდ მატერიალური სამყაროს შესწავლის გზით. სულიერი და მატერიალური სამყაროების ცოდნას შორის დიდი ნაპრალი გაჩნდა. ეხლანდელი ინტელექტუალური ადამიანისთვის ღმერთის რწმენა და სულიერი განზომილებების აღიარებაც კი სამარცხვინოდ აღიქმება. სინამდვილეში მატერიალურ და ნატიფ სულიერ სამყაროებს ბევრი ერთნაირი კანონი და პრინციპი აერთიანებს. სულიერი ცოდნა კი გაცილებით მაღალი დონის ცოდნაა და მისი აღქმა გაცილებით მაღალ უნარებს და დიდ სიბრძნეს მოითხოვს. გაიხსენე, როდესაც ქრისტემ შენი ცნობიერება გააფართოვა და აწია, როგორ დაინახე მატერიალური განზომილება?

მე გამახსენდა ნაცრისფერი ბნელი სიბრტყე და თავჩაქინდრული ადამიანები. ამ სიბრტყეს თითქოს რაღაც ბნელი ქსოვილივით ეფარა ზედ.

მიქაელი:

- თუ კაცობრიობა საღმრთო სინათლის პირველწყაროს საბოლოოდ მოწყდება, ის თვითგანადგურდება, სვარაუდოდ მატერიალური ცოდნის არასწორი გამოყენებით. ეს „ბნელი ქსოვილი“ უნდა გათხელდეს, გაირღვას და გაქრეს! და ამის გაკეთება მხოლოდ შიგნიდან, მატერიალური განზომილებიდანაა შესაძლებელი!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff