გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

სინათლის ფოკუსის დაყენება

 

2018 წელი. 5 ივლისი. სინათლის ფოკუსის დაყენება

მიქაელი:

- როდესაც ადამიანი საკუთარ სულიერ საწყისთან კავშირს აღადგენს, გადმოსული ენერგია იწყებს მისი ქვედა ოთხი სულიერი სხეულიდან კარმული დანალექის აღმოფხვრას. ანალოგია რომ გავავლოთ ეს პროცესი ჰგავს რაიმე ნაჭრის დაფერთხვას მტვერისგან. სულიერ სხეულებში მაღალი ვიბრაციის ენერგია ამ დანალექს ფაქტიურად „ფერთხავს“. ეს რათქმაუნდა სიმბოლური შედარებაა. ამ პროცესს კარმის დაჩქარება ჰქვია და მატერიალურ განზომილებაში ჩანს თითქოს ადამიანს ყველანაირი უბედურება ატყდება თავს. კარმის დამუშავება ოთხივე სულიერი სხეულის დონეზე მიმდინარეობს, ამიტომ ეს უბედურებები ეხება როგორც მენტალურ, ასევე ემოციურ, ენერგეტიკულ და ფიზიკურ სფეროს. გადახედე შენი მოგონებების ქრონიკას. შენ გრძნობდი უენერგიობას, გონებრივ დაბინდულობას, რომლის პერიოდში ჩემთან კონტაქტი აღარ შეგეძლო, ძლიერ ემოციურ ვარდნებსა და დეპრესიას, რომ აღარაფერი ვთქვა ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე. მაშინდელი მდგომარეობა შენ ისეთი ფრაზით გამოხატე, რომელიც ზუსტად ასახავდა მიმდინარე პროცესებს: „თითქოს მთელი ნაგავი რაც ჩემ სიღრმეში ცხოვრების განმავლობაში დაილექა, ზედაპირზე ამოტივტივდა და მახრჩობდა.“ მაშინ შენ სულიერ სხეულებში პირველმა ძლიერმა ნაკადმა გაირა. გარდა ამისა შენი „ომ“ მანტრის პრაქტიკა, რომლის დროსაც შენ ღმერთს მოუწოდებდი -„ Отец мой, отчисти сердце мое, сонастрой мою душу и тело!”- ასევე ზედა ტრიადასთან კავშირის გაძლიერებას ემსახურებოდა. სინათლის მომდევნო ნაკადებთან ერთად შენი ქვედა ოთხი სხეული გაიწმინდა და ჰარმონიზირდა ზედა ტრიადასთან მიმართებაში. ენერგეტიკული, მენტალური და ემოციური მდგომარეობა დალაგდა, ჩემთან კავშირი დაგიბრუნდა, თუმცა 2017 წლის ზაფხულის ნაბუნიობაზე მე მომიწია შენში ჩემი „თანამყოფობის“ „დამატება“. ამან პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და როგორც იქნა, ბოლო პერიოდში სინათლემ დაიწყო აკუმულირება. ეს გამოიხატა გონებრივ მკაფიობაში, ჩემთან კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებაში. ემოციურ სხეულმა ძლიერი სიყვარულის გამოსხივება დაიწყო, მენტალურმა სხეულმა სიბრძნე, ხოლო ეთერულმა სხეულმა ზედა განზომილებებთან კავშირის დამყარება. ფიზიკური სხეული ყველაზე მძიმე თემაა ჩვენთვის, მაგრამ როდესაც კარმა საკმარისად აღმოიფხვრება, ისიც დაიწყებს სინათლის დაგროვებას, და ასე დამყარდება შენი სულიერი და ფიზიკური სხეულებით სინათლის ფოკუსი. ასე ნელ-ნელა და თანმიმდევრულად ხდება ადამიანის აღდგენა და მისი სულიერი ჩირაღდნების განსხივოსნება! ეს ძალიან ლამაზი სანახაობაა იმისთვის ვინც ხედავს!

2018 წელი. 6 ივლისი. დაცემული ანგელოზები

როცა გავიაზრე, რომ მათ, ჩემს მასწავლებლებს, რეალურად შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანების ცნობიერებაზე და კარმის მიმდინარეობაზე, ცოტა არ იყოს შიში დამეუფლა, რადგან გავაცნობიერე ასეთი ძლევამოსილების შესაძლო მაშტაბები და ფიქრებმა ისევ იმათთან დამაბრუნეს ვისაც ეს ძლევამოსილება არასათანადოდ შეუძლია გამოიყენოს. მიქაელმა ჩემი ფიქრები წაიკითხა, მაგრამ პასუხი ეგრევე არ გამცა. იგრძნო რომ ჩემ შეგრძნებებში უნდა გავრკვეულიყავი და ისევ, კიდევ ერთხელ და მერამდენედ, მივადექი იმას, რაც ყველაზე საშიში და ყველაზე მნიშვნელოვანია...

მე:

- სულ მაინტერესებდა რატომ გინდოდა რომ სამყაროს ფრაქტალურ წყობაში გავრკვეულიყავი...

მიქაელი:

- გარკვეულიყავი არა... გაგეხსენა, ის რაც ისედაც იცი... - და გააგრძელა, - თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის ღმერთი თუ ღმერთები, რომლებიც ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვას ითხოვდნენ სინამდვილეში არ არიან ნათელ ძალთა იერარქიის წარმომადგენლები... მე მინდა რომ შენ გააგრძელო. ჩამოაყალიბე ძირითადი დებულებები.

მე:

- ისინი, ვინც მსხვერპლშეწირვით მსახურებას ითხოვდნენ „დაცემული ანგელოზები“ იყვნენ...

მიქაელი:

- არა მარტო! და მათაც კი ჩვენ ასე არ ვუწოდებთ, მაგრამ თქვენი რელიგიური ტერმინოლოგიით ალბათ ეს არის ყველაზე სწორი ტერმინი.

მე:

- ეს არსებები... რომელიღაც ზეგანზომილებიდან არიან... მათ ადამიანების ცნობიერებით და დრო/სივრცით მანიპულაციის უნარი აქვთ, რადგან მათი ცნობიერება გასულია, როგორც შენ თქვი, სწორხაზოვანი აზროვნებიდან...

მიქაელი:

- ეს მე-5 განზომილებაა (იგივე მე-5 სიმკვრივე) 7-ობრივი ფრაქტალის „სიცოცხლის ხე“-ში, მაგრამ ქვედა დონეები ინდივიდუალური ცნობიერების შკალაზე (იხ. ნახ 8-ზე მომავალში).

მე:

- ნათელ ძალთა იერარქებს არ ჭირდებათ ცოცხალ არსებათა სასიცოცხლო ენერგია, რომ ამ ენერგიით მანიპულირებდნენ რადგან ისინი პირველწყაროსთან არიან უშუალო კავშირში და შემოქმედებითი ენერგია მათზე ზეგარდმო გადმოსული ენერგიას წარმოადგენს...

მიქაელი:

- გაიხსენე სქემა და ლურჯი წყვეტილი, ქვემოთ მიმართული ვერტიკალური ისარი... პრინციპი იგივეა, რადგან ფრაქტალი იგივეა...

მე:

- ხოლო ბნელი, მე-4 (ვისაც ფიზიკური სხეული აქვს) და მე-5 განზომილების („დაცემულთა“ შემთხვევაში, რომლებიც უსხეულოები არიან) არსებები, ვინაიდან მოწყვეტილები არიან პირველწყაროს, ესე ვთქვათ „ქვევიდან“ იკვებებიან... ადამიანების ბნელი ემოციებისა, ფიქრებისა და შიშის ენერგიით... ეს ნატიფი ენერგიის ნაირსახეობაა რომელიც ფიზიკურ განზომილებაში არ აღიქმება არც ჩვენი სენსორიკით, არც ფიზიკური ხელსაწყოებით... და მათ დრო/მატერიის მანიპულაციისთვის ძლიერი ენერგეტიკული შემოდინება ჭირდებათ, რაც ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვიდან მიიღება... განსაკუთრებით ბავშვების, რადგან მათ ეს ენერგია უხვად აქვთ... ეს მე-5 განზომილება უფრო მაღალ ვიბრაციულ სიხშირეზეა, ვიდრე ადამიანების ცნობიერების განზომილება, ხომ მართალია? - მე ფიქრი შევწყვიტე, რადგან უნებურად კითხვა გამიჩნდა, - მე მეგონა რომ უფრო მაღალი სიხშირის განზომილებაში მყოფი სულები უფრო მაღალზნეობრივი, უფრო ღვთაებრივები არიან. როგორ შეიძლება, რომ ამ, ჩვენზე აღმატებულ განზომილებაში უფრო ბოროტი არსებები არსებობდნენ?

მიქაელი:

- ისევ შეხედე „ადამიანის“ სულიერი ხის სქემას და მიხვდები, რადგან მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს და ანალოგია იგივეა. ქვედა ოთხი სამყარო (ქვედა ტეტრადა) „დაბალ“ განზომილებებს მიეკუთვნება, ისევე როგორც ადამიანის ქვედა ოთხი სხეული. ხოლო ზედა სამი სამყარო ასევე უმაღლესი ტრიადაა, როგორც ადამიანის სულის აგებულებაში. სამყაროები აღმავალი ცნობიერების სიხშირის შკალითაა განთავსებული, როგორც მრავალჯერ მითქვია. თქვენ, ადამიანები აღემატებით მესამე (ფაუნა), მეორე (ფლორა) და თავისთავად პირველი (მინერალური) განზომილების ცოცხალ არსებებს ცნობიერების სიხშირით. გახსოვს, რომ გიყვებოდი, რომ ადამიანის ყველაზე დაბალი სიხშირე ცხოველის სიხშირეს ესაზღვრება და 666-ით გამოიხატება (ეს რიცხვიც რომ იცოდე, ფრაქტალების საკრალურ გეომეტრიასთანაა დაკავშირებული). ამიტომ დაერქვა ამას მხეცის რიცხვი. სწორედ მხეცის და არა ცხოველის, იმიტომ რომ ცხოველის დონეზე დაცემული ადამიანი მხეცი ხდება და არა ცხოველი (ანუ მე-4 განზომილების ადამიანი მე-3 განზომილებამდე ვარდება). მიუხედავად იმისა რომ თქვენი ცნობიერების სიხშირე ცხოველებზე მაღლა დგას, განა თქვენში ბოროტება მეტად არ არის გამოვლენილი, ვიდრე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში? რომელი ცხოველი შეედრება სისასტიკით გაბოროტებულ ადამიანს? რომელ ცხოველს შეუძლია წარმოიდგინოს და გამოავლინოს ისეთი სიბნელე, ბოროტება და მანკიერება როგორც ადამიანს? ანალოგიურად, ცნობიერების შკალით ერთი რანგით ანუ მე-4 მდე დაცემული მე-5 განზომილების არსებებშიც იგივე ხდება, ოღონდ უფრო დიდი ინტენსივობით. აქ ცოცხალი არსება როგორც უკიდურესად ღვთაებრივი, ისევე უკიდურესად დემონური შეიძლება გახდეს, რადგან მას მეტის შესაძლებლობა აქვს და თავისუფალ ნებას ინარჩუნებს, რომ არჩევანი მიიღოს ბნელ მხარეს დადგეს თუ ნათელ მხარეს. მხოლოდ ამ დაცემას უკიდურესად დიდი მაშტაბები აქვს და ამ არსებების მიერ გამოვლენილი ბოროტებაც ისეთივე წარმოუდგენლად სასტიკია თქვენთვის როგორც თქვენი ბოროტება თქვენზე დაბლა მდგომი ფლორა/ფაუნის არსებებისთვის. აქვე მინდა გითხრა, რომ როგორც თქვენ მე-4 განზომილებაში, ასევე მე-5 განზომილებაშიც არის ქვეგანზომილებები, რომლებსაც ასევე 7-ობრივი სტრუქტურა აქვთ. ეს თქვენი „ბოროტი“ თუ „მრისხანე“ „ღმერთები“ მე-5 განზომილების ყველაზე დაბალ ქვეგანზომილებიდან (1-ლი საფეხური) არიან დაცემულები ან მე-4 მატერიალური განზომილების მე-5 ცნობიერების საფეხურის სხვა პლანეტის არსებები არიან.

მე:

- მე მაინტერესებს, რატომ უნდა აირჩიოს მე-5 განზომილების განვითარებულმა და სამყაროს კანონებში ჩახედულმა არსებამ ბნელი მხარე? განა მათ არ იციან კარმის კანონები და განა მათ ეს სამართლიანი საღმრთო კანონი ვერ დააყენებს თავის ადგილზე?

მიქაელი:

- მე-5 განზომილების არსებებს, როგორც უკვე იცი, შეუძლიათ დამატებითი განზომილების აღქმა ანუ მათ მეტი შემოქმედების უნარი აქვთ. ეხლა წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც მე-4 განზომილების არსებებს წარმოადგენენ. ისინი თავისზე დაბლამდგომებს, ანუ მე-3, მე-2 და 1-ლი განზომილების არსებებს მართავენ, თქვენი სიტყვებით ფლორა-ფაუნა-გეოლოგიას. ანუ თქვენი შემოქმედებითი ენერგია ასე ვლინდება. თქვენ ამ მართვის სტრატეგიის არჩევაში სხვადსხვა ვარიანტი გაქვთ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. შეგიძლიათ აირჩიოთ ჰარმონიული ვარიანტი და შესანიშნავი ნაკრძალი შექმნათ, სადაც თქვენზე ქვემდგომი არსებები საუკეთესო პირობებში იარსებებენ და განვითარდებიან. მაგრამ შეგიძლიათ ასევე შექმნათ ფერმები და სასაკლაოები, სადაც თქვენზე ქვემდგომ არსებებს იმისთვის გაზრდით, რომ საკვებად მოიხმაროთ. ხვდები საითკენ მიმყავს? მე-5 განზომილებას იმიტომ ეძლევა ასეთი შემოქმედების ძალაუფლება, რომ ის სულიერი განზომილების ნაწილია, ანუ აქ თავისუფალი ნება ერთგვარად შესუსტებულია და „ღვთის ნება“ დომინირებს, მაგრამ არა მაშინ, როცა მე-5 განზომილების არსება „დაცემულია“ ანუ მოწყვეტილია პირველწყაროს. ახლა, რა არის კარმა... როდესაც კარგად გესმის მისი მოქმედება, ეს არის სამყაროს ერთ-ერთი კანონი... ისეთივე კანონი, როგორც მსოფლიო მიზიდულობის კანონია, რომელიც თქვენ ფიზიკურ განზომილებაში მოქმედებს და ყველასათვის ცნობილია. მსოფლიო მიზიდულობის ანუ გრავიტაციის კანონი განა ყველაზე არ მოქმედებს, განურჩევლად სქესის, პროფესიისა თუ სულიერი მიღწევებისა?

მე ვეთანხმები და ის აგრძელებს:

- გრავიტაცია ფლორა/ფაუნის, ანუ მე-2, მე-3 განზომილების არსებებზეც მოქმედებს და მათ შანსი არა აქვთ ამ კანონს შეეწინააღმდეგონ. არ იფიქრო ფრინველებზე, რადგან ისინიც ამ კანონის ფარგლებში არსებობენ და მოძრაობენ. მაგრამ თქვენ... მე-4 განზომილების არსებებმა, თქვენი თავისუფალი ნებისა და მაღალი ცნობიერების გამოყენებით მაინც მოძებნეთ ხერხი, რომ ეს კანონი გადაძალოთ, როდესაც კოსმოსში გაფრინდით. თქვენთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის კოსმოსი არ არის ბუნებრივი საარსებო არეალი და შესაბამისად თქვენ გრავიტაციის კანონი უნდა დაძლიოთ რომ მოხვდეთ იქ სადაც გინდათ, მაგრამ „საღმრთო/ბუნების კანონებით“ არაა თქვენი ადგილი... თუმცა ამ სურვილის ასასრულებლად გარკვეული „ფასია“ გადასახდელი, როგორიცაა დიდი რაოდენობის საწვავი და შესაბამისად მისი ენერგია. ანუ დიდი ენერგიის ინვესტიციაა საჭირო! ანალოგიურად კარმის მოქმედების კარგი ცოდნით, შესაძლებელია მისგან გარკვეულად თავის დაღწევა... თუმცა ამისთვისაც თავისი ფასია გადასახდელი. და ეს ფასი ხართ თქვენ, ადამიანები და თქვენ მიერ გამოსხივებული ენერგია! პირველწყაროს მოწყვეტილმა მე-5 განზომილების არსებებმა რომ თავი შესაბამის სიხშირეზე და შესაბამის კომფორტის ზონაში შეინარჩუნონ, მათ სჭირდებათ ენერგია. სწორედ ამ ენერგიას აძლევთ მათ თქვენ, ქვედა, უფრო გაუცნობიერებელ განზომილებაში მყოფი არსებები თქვენი კონფლიქტებიდან, ომებიდან, მსხვერპლშეწირვის რიტუალებიდან, რელიგიური დაპირისპირებიდან, უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებიდან როცა თქვენი სიხშირე 666-ის სიახლოვეშია. მაგრამ საღმრთო კანონებისგან და კონკრეტულად კარმის კანონებისგან თავის დაღწევა საპნის პუშტივითაა, რომელიც იბერება, იბერება და ერთ მშვენიერ დღეს, ერთი უბრალო ჩხვლეტით სრულიად სკდება. როგორც თქვენი ტექნოგენური ცივილიზაცია, რომელიც ბუნების (იგივე საღმრთო) კანონებს ტექნოლოგიების საშუალებით ეწინააღმდეგება, სრულიად ხდება ამ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული და შეიძლება ერთი უბრალო ბუნებრივი კატაკლიზმით სრული კოლაფსი განიცადოს, ასევე ისინი, რომლებსაც თქვენ „დაცემულ ანგელოზებს“, ხან კიდევ „ღმერთებს“ ეძახით, სრულიად არიან თქვენზე დამოკიდებულები და მათი საპნის პუშტიც მაშინ გასკდება, როცა თქვენ შეწყვიტავთ მათ „გამოკვებას“. სხვა სიტყვებით აიმაღლებთ ცნობიერებას, გახსნით კავშირს თქვენ ზედა სულიერ ტრიადასთან და ისინი გახდებით, ვინც უნდა იყოთ საღმრთო ჩანაფიქრით! დამიჯერე, თქვენ მათ ვერ შეებრძოლებით, იმიტომ რომ ის როგორც თქვენ, მე-4 განზომილების ადამიანებს გესმით ბრძოლა, მათ მხოლოდ აძლიერებს. მუშტებისა და იარაღების ქნევა, სწორედ ის ძალადობის გამოსხივებაა რომელიც მათ ასაზრდოვებს, თქვენ კი მე-4 განზომილებისა და მუდმივი რეინკარნაციის ხაფანგში გამყოფებთ... მათთან ბრძოლა სხვაგვარია... ახლა კი წრე ისევ შეიკვრა... დაბრუნდი იქ საიდანაც დაიწყო შენი სულიერი მოგზაურობა, შენ ბავშვობაში და სულ პირველი სიზმარი გაიხსენე, რომელიც თელავში დაგესიზმრა და რომელიც ჩაწერილი გაქვს... ხომ გახსოვს... „ძალა უძლურებაში აღესრულება“!..

მე ვჩუმდები და ვიაზრებ მის ნათქვამს. ჩემში უნებურად აღმოცენდება კითხვა, რომელიც დიდი ხანია მიტრიალებს თავში და რომელზეც რატომღაც ვერასდროს ვპოულობ პასუხს...

-მიქაელ... შენ ვინ ხარ?... შენ ვინ ხარ ამ სიცოცხლის ხის უსასრულო განშტოებებში და ინკარნაციების ორომტრიალში? და ვინ ვარ მე?..

მაგრამ ვერ ვიღებ პასუხს... ვგრძნობ როგორ მეღლება გონება, აზრები ხელმოცარულივით მეცლება და ძილის რული უგონობის მორევში მაგდებს...

2018 წელი. 7 ივლისი. სწავლების ციკლურობა

მიქაელი:

- ერთი გადახვევა რომ გავაკეთოთ თემიდან... თუ დააკვირდი მე ხშირად გაბრუნებ უკან, გეუბნები „ეხლა დავბრუნდეთ იქ საიდანაც დავიწყეთ“, ან „წრე შეიკრა“. შენ ასევე შენიშნე რომ შენი სწავლებას გარკვეული გეზი, მიმართულება აქვს. მინდა აგიხსნა რომ რასაც არ უნდა აკეთებდე გამოვლენილ სამყაროში, შენი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს გამოვლენილ სამყაროთა მატრიცის მოხაზულობებს და სწავლების პროცესიც არ არის გამონაკლისი. შენი სწავლება ერთგვარ ციკლურ პროცესს წარმოადგენს, ჯერ თემას ვაყალიბებ ზოგადი დებულებით, შემდეგ ამ თემის დიფერენცირებას ვიწყებ წვრილ საკითხებად, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებლად აღიქმება, ყველა დეტალს განვიხილავთ და მერე ისევ ვუბრუნდებით იმას საიდანაც დავიწყეთ (იხ. ნახ. 7). ოღონდ ამჯერად ის ძირითადი თემა საიდანაც დავიწყეთ, ამ დიფერენცირებული საკითხების განხილვის ფონზე უკვე სულ სხვა შუქში გვევლინება და უფრო სიღრმისეულად გვესმის. ამას ვეძახი, მე „წრის შეკვრას“, შემდეგ ახალი ციკლს იწყებ და ასე... ხანდახან დიდი ციკლები თავის თავში მცირე ციკლებსაც შეიცავენ. კარგი იქნებოდა რომ სკოლებში ასეთი სწავლების პრინციპი დანერგილიყო, იმიტომ რომ ეს ყველაზე ოპტიმალური მეთოდია ინფორმაციის გარკვევის და შეთვისებისთვის. ეს მეთოდიც „არაწრფივი“ აზროვნების გამოვლინებაა.

2018 წელი. 11 ივლისი. მიწიერი მიჯაჭულობა

დღეს ღამით სიზმარი ვნახე:

თითქოს ჩემ გარდაცვლილ დედასთან და ცოცხალ მამასთან ერთად ქუჩაში მივდივარ. დედას ვეუბნები:

- ესე რომ ვსეირნობთ მავიწყდება ხოლმე რომელი თქვენგანი ცოცხალია და რომელი გარდაცვლილი.

დედა იშმუშნება და მთხოვს რომ ამაზე არ შევახსენო, მერე კი თვითონ მეუბნება:

- როცა გარდავიცვალე რაღაც ბნელ შავ, ბლანტ სივრცეში უნდა გამეარა. ეს ბნელი სივრცე დედამიწას გარს არტყავს. შიგ იმდენი ბოროტება და სიბნელე იყო, რომ შემეშინდა, ვერ გავბედე და თქვენთან დავრჩი.

მე ვეუბნები:

- დედამიწას შვიდი ფენა არტყავს გარს. პირველი, რომელიც ადამიანურ ყოფასთან ყველაზე ახლოსაა ყველაზე ბლანტი და შავია. მაგას რომ გაივლი, ყოველი შემდეგის გავლა სულ უფრო გაგიადვილდება. მეშვიდე ფენაში ადამიანის სული ნეტარებას განიცდის. პირველი ფენის გავლისას დახმარებას მოუხმე. ანტონი სუროჟელის სულს სთხოვე რომ შეგეწიოს. შენ ხომ მასთან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობდი. ადამიანებს ძალიან დიდი დახმარება აქვთ ზედა განზომილებებიდან. ოღონდ დამხმარეს მოხმობისას, მხოლოდ ერთხელ არ მოუწოდო, უწყვეტად იმეორე მისი სახელი და შეწევნის თხოვნა, რომ კავშირი არ გაწყდეს. ასე, შეძლებ მაგ მონაკვეთის გავლას.

ჩვენ გზას ვაგრძელებთ და მე ისევ ვეუბნები:

- გინდა სოლოლაკში მიგაცილო? შენ სახლში?

დედა შეშფოთებული მეუბნება:

- არა, იქაურობა მახსენებს, რომ ცოცხალი აღარ ვარ... მირჩევნია შენთან ვიყო...

აქ მეღვიძება არასასიამოვნო ფიქრებით და მიქაელთან ვცდილობ დაკავშირებას.

- უკვე სამი წელი გავიდა დედის გარდაცვალებიდან... ის ნათელი ადამიანი და ერთ-ერთი საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. არ არსებობს რომ მისი სული მიწიერ განზომილებაში მოჩვენებასავით დარჩენილიყო და ზეციერ განზომილებამდე გზა ვერ გაეკვლია. მან თუ ვერ გააკვლია, მაშინ ვინ გააკვლევს? მაშინ საერთოდ რა ვთქვათ „საშუალო“ ადამიანებზე, რომლებიც დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ? არაფერი მესმის. ესე მგონია რომ ეს სიზმარი არ იყო ნამდვილი და უბრალოდ ჩემი ქვეცნობიერი შფოთვის ნაყოფი იყო. ამას არ ჩავწერ! - ვეუბნები მიქაელს.

ისევ ვგრძნობ როგორ მეხვევა მისი თანამყოფობა როგორც მოსიყვარულე მზრუნველი ღრუბელი და მისი აზრები „მესმის“:

- ჩაუღრმავდი შენს შეგრძნებებს. შენ იცი...

ჩემ გულში ვიხედები და რაც უფრო ღრმად შევდივარ ჩემ ინტუიციურ შეგრძნებებში, მით მეტად მაქვს განცდა, რომ როგორც ბრმა უღრან ტყეში, ისე ვცდილობ გზის გაკვლევას... მახსენდება ჩემი შეგრძნება, რომ დედის გარდაცვალების მერე თითქოს სულ ვგრძნობ მის გვერდზე ყოფნას და სიზმრებში ისე ვეკონტაქტები თითქოს ცოცხალია... მაგრამ ასეთი გრძნობა ხომ ბევრს აქვს? თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ახლოებლი ჰყავს გარდაცვლილი, ამბობს რომ მის სულს მუდმივად გვერდზე გრძნობს. ადამიანები გარდაცლილი ოჯახის წევრების სულებთან ფიქრებით საუბრობენ და მათგან თითქოს მხარდაჭერას და მფარველობასაც იღებენ... მახსენდება რომ ექსტრასენსები, რომლებიც სავარაუდოდ სწორედ ამ ფიზიკურ განზომილებასთან ახლოს მყოფ სულიერ სფეროს აღიქვავენ, ხშირად სწორედ გარდაცლილი ადამიანების სულებს ხედავენ ცოცხალი ახლობლის ზურგსუკან. ხან როგორც მფარველებს, ხან როგორც ერთგვარ მევალეებს... მახსენდება ეგვიპტური, ინდიელებისა თუ სხვა კულტურის მითებში წინაპრების სულების ცოცხალთა სამყაროში თანამონაწილეობის და თანამყოფობის აღწერები...

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - ვეკითხები მიქაელს, - დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო. ნუთუ ეს სულიერი სინათლე შეიძლება არ დაფასდეს და დაიკარგოს? რატომ ვხედავ მის სულს ჩვენ განზომილებასთან მოჯაჭულს? ნუთუ მისმა სულმა ნათელში განსვენება ვერ იპოვა?

- თან კი და თან არა, - მეუბნება და ვგრძნობ რომ როგორც ყოველთვის უნდა რომ მე თვითონ მივაგნო პასუხს, - მისი უმაღლესი „მე“, უმაღლესი სულიერი სხეული ჭეშმარიტად ნათელშია, მაგრამ მე მინდა რომ ჩაუღრმავდე მიჯაჭულობის საკითხს და გაიხსენო, რომ არც სულია ერთი განზომილების წარმონაქმნი და არც დრო/სივრცე...

მე დედაჩემის ცხოვრებას ვიხსენებ, რომელშიც ერთი ძირითადი ხაზი, თემა იკვეთება. ეს არის ოჯახი! ოჯახი მისთვის იყო ყველაფერი. ის ოჯახით და ოჯახისთვის ცხოვრობდა. ოჯახის ასეთ სიყვარულს მისთვის როგორც სიხარული ასევე ტანჯვა მოჰქონდა...

- ისევე როგორც ყველანაირ მიჯაჭულობას მატერიალურ სამყაროში... - გააგრძელა ჩემი ფიქრები მიქაელმა.

- მაგრამ, განა ცუდია ასეთი თავდადება ოჯახისთვის? მას მართლა თავი ჰქონდა ჩვენთვის გადადებული. განა ეს კარგი არ არის სულისთვის?

- სულისთვის კარგია სრული უანგარობა. სულში გატარებული ღმერთის ენერგია რომელიც გარეთ გამოსხივდება და უკან არ ბრუნდება. ნამდვილი სიყვარული, რომლიც გაცდენილია მიჯაჭულობას, „უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივებას“ წარმოადგენს. გაიხსენე შენი შეგრძნებები (იხ. „ცნობიერების მე-7 დონე), როდესაც სიყვარული ისე გავსებს რომ შენც ქრები და ისიც, ვინც გიყვარს. მაგ დროს არც ობიექტი არსებობს გამოვლენილ სამყაროში და არც სუბიექტი ვიზეც შეიძლება ეს გრძნობა იყოს მიმართული და ადამიანის სიყვარული ღმერთის ყველა ცოცხალ და არაცოცხალ გამოვლინებაზე ერთნაირად ვრცელდება. მაგ დროს არა ოჯახია ვინც გიყვარს, ან ქვეყანა ან შენი შვილი, არამედ სრულიად ყველაფერი! აი, ეს არის უანგარო სიყვარული მიჯაჭულობის გარეშე. ვერანაირი ბნელი სივრცე ვერ დააკავებს ასეთ სულს, რადგან ეს სულია თვითონ „უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივება“ და მისთვის არც საზღვრებია, არც დრო და არც განზომილება! მიუხედავად იმისა, რომ სწორედ შენი სიყვარული ჩემ მიმართ არის ის რაც ჩვენს ასეთ კავშირს განაპირობებს, შენი ჩემ მიმართ ზედმეტი მიჯაჭულობა დაგაბრკოლებდა ამ ყოვლისმომცველ სიყვარულთან ზიარებისგან (იხ. „უნდა იყო თვითკმარი ღმერთში“)! სწორედ ეს იყო, რაც მაშინ აგიხსენი და რამაც შენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ასე დაგასევდიანა. როდის ისწავლი ჩემს ბოლომდე ნდობას?

- მე შენ არა, საკუთარ თავს არ ვენდობი... - მობოდიშებით ვეუბნები და თემას ვუბრუნდები - მაშინ რა არის ის რაც ადამიანების ფიზიკური განზომილების დონეზე უხილავად რჩება მათი გარდაცვალების მერე? - ვეკითხები და უკვე ვიცი მისი პასუხი:

- ეს ის არის, რაც ადამიანის სულს შემდგომ უკან განსხეულებაში (ინკარნაციაში) აბრუნებს. გაიხსენე ადამიანის 7-ობრივი აგებულება და მისი მიწიერი „მე“-ს 4-ობრივი მოწყობა. მიწიერ „მე“-სთან საკუთარი თავის ძლიერი გაიგივება, რომელიც სწორედ ამ მატერიალური მიჯაჭულობებითაა გამოწვეული, ფიზიკური სხეულის გარდაცვალების მერე არ აძლევს ქვედა სამ სულიერ სხეულს დაშლის, ნიჰილირების საშუალებას. ამ სხეულების ერთობლიობა სრულიად იმეორებს გარდაცვლილი ადამიანის ფიზიკური სხეულის გარეგნობას და მისი ცნობიერების მატარებელია. უფრო სწორედ ნაწილობრივი ცნობიერების მატარებელი. ეს სულიერი წარმონაქმნები თითქოს ნახევრადცნობიერ ან არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაშინ როდესაც სულის ზედა ტრიადა (შეხედე სქემას), ჭეშმარიტი სული პირველწყაროს უბრუნდება. ამას სულის ცნობიერების ფრაგმენტაცია ჰქვია. ამ „დაბლა დარჩენილი“ ნატიფსულიერი სტრუქტურის შენარჩუნებას არა მარტო თვითონ გარდაცვლილი ადამიანის ცხოვრებისეული მიჯაჭულობები განაპირობებს, არამედ მიჯაჭულობის ობიექტიც, თუ ის ადამიანია ან ადამიანთა ჯგუფი. თქვენ ხშირად „არ უშვებთ“ თქვენს გარდაცვლილებს, რაც მათ ჭეშმარიტ სულს, რომელმაც საღმრთო განზომილებაში უნდა განისვენოს (კარგი ადამიანის შემთხვევაში), ერთგვარად მოსვენებას არ აძლევს და „ქვევით“ ექაჩება. სწორედ ამ მიჯაჭულობის გამო არიან ეს ქვედა სულიერი წარმონაქმნები, სულის ნაწილები თავიანთ მიჯაჭულობის ობიექტთან სიახლოვეში და მათ თითქოს დაყვებიან. სწორედ ამ ქვედა სულიერ წარმონაქმნებს ხედავენ ნათელმხილველები, რომელთა „მესამე თვალი“ როგორც წესი დაბალი ვიბრაციის განზომილებებზე გადის მხოლოდ. მრავალ განზომილებაში ერთდროული არსებობის და ცნობიერების დაქსაქსვის (ფრაგმენტაციის) შესაძლებლობის ჭრილში, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, შეიძლება ითქვას რომ გარდაცვლილი ადამიანი აქაც არის და იქაც! დედაშენის სული ახლა ნათელშია, მაგრამ მან ერთგვარი ღუზა დატოვა პლანეტაზე გარშემორტყმული ქვედა 4 სფეროს დონეზე ოჯახზე მიჯაჭულობის გამო, რომელიც მოვა დრო და მას უკან, ხელახალ ინკარნაციაში დააბრუნებს (სავარაუდოდ იგივე ოჯახის ფარგლებში), რომ ახალ „ცხოვრებაში“ მან ეს მიჯაჭულობაც აღმოფხვრას.

მე ვუღრმავდები მის აზრებს და გულზე ლოდივით მძიმე ფიქრები მაწვება.

- არ გამიკვირდება რომ ამის წაკითხვის შემდეგ ადამიანს გაუჩნდეს გრძნობა, რომ „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის საშველი არ ყოფილა!

- საშველი ყოველთვის არის! ამიტომაც ვარსებობთ ჩვენ! ყოველთვის თქვენ გვერდით ვდგავართ და გიწვდით ხელს. თქვენ მხოლოდ საპასუხოდ გამოგვიწოდეთ! რეინკარნაციაში არაფერია ტრაგიკული. კარგი ადამიანების სულები ხელახალი ინკარნაციისას სულიერი წინსვლისთვის უკეთეს პირობებში იბადებიან. გახსოვდეს, სულიერი წინსვლისთვის უკეთეს პირობებში და არა ამ სამყაროში სიამოვნების მიღებისთვის უკეთეს პირობებში. რეინკარნაცია ამ სამყაროში სულთა ევოლუციისთვის გამიზნული კანონია. მაგრამ თუ ტანჯვას გინდა ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიო, ამ მატერიალურ განზომილებაში ხელახალი დაბადებების წრებრუნვიდან უნდა გამოხვიდე. თქვენი მიზანია „უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივების“ მდგომარეობას მიაღწიოთ, ჩვენ კი ამ პროცესს ხელი შევუწყოთ, რომ ის კოსმოსურ ვადებში ჩაჯდეს და არ დაბრკოლდეს.

- რას ნიშნავს კოსმოსური ვადები? - ჩავეძიე მის ნათქვამს, რომელიც მომეჩვენა რომ თემიდან იყო ამოვარდნილი.

- ამას მერე შევეხებით, როდესაც აგიხსნი, როგორ იცვლება დრო/სივრცის აღქმა მე-5 სამყაროს (განზომილების) არსებებისთვის და როგორ მოძრაობს დრო/სივრცის ციკლები.

ინტერნეტპოსტებიდან:

დრო და სივრცე

რა არის დრო? და რა არის სივრცე? ფიზიკოსებს რომ ცოტა ხნით თავი დავანებო და დავეკითხო ფილოსოფიურ ლიტერატურას, პირველი რაც გამახსენდება არის ჩემი საყვარელი მწერლის, ბორხესის მოთხრობა „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“. ეს მოთხრობა მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ისტორიას, სადაც ფაშისტებზე მომუშავე, წარმომავლობით ჩინელი ჯაშუში რაღაც გარემოების გამო ხვდება სახლში ჩინური კულტურის ინგლისელ მკვლევართან, რომელიც თავისმხრივ უამბობს მას თავისი კვლევის საგანზე - წიგნზე, რომელიც ავტორის თქმით არის უსასრულო წიგნი! გარდა ამისა ეს წიგნი ამავდროულად ლაბირინთია! რას ნიშნავს ეს? ინგლისელი მკვლევარი ყვება როგორ ცდილობდა იგი გაერკვია თუ რაში მდგომარეობდა წიგნის უსასრულობა. თავდაპირველად მან ჩათვალა, რომ წიგნი შეიძლება ციკლური ყოფილიყო, ანუ იგი უნდა დამთავრებულიყო იგივე გვერდით, რომლითაც იწყებოდა, იმისთვის რომ ციკლი შეკრულიყო და წიგნს „უსასრულო წიგნის“ ბუნება ჰქონოდა. მაგრამ როგორც მან შემდგომ აღმოაჩინა, წიგნის უსასრულობა სხვა რამეში მდგომარეობდა. იგი აღწერდა სიუჟეტის განვითარების უსასრულო ვარიანტებს! უფრო სწორედ რამდენიმე ვარიანტს, რადგან უსასრულო ვარიანტების აღწერა ერთ წიგნში შეუძლებელია, მაგრამ პრინციპი გასაგები იყო - ერთ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს გაგრძელების მრავალი ვარიაცია, რომლებსაც თავის მხრივ ასევე მრავალი ვარიაცია ექნებათ. სწორედ ეს უსასრულო განშტოებები ქმნიან ერთგვარი „ლაბირინთის“ ანუ „განშტოებულ ბილიკთა ბაღის“ სტრუქტურას. აი, ნაწყვეტი წიგნიდან:

„...ცუი პენის თხზულებაში პერსონაჟი ერთდროულად ყველა ალტერნატივას ირჩევს. ამით ის ქმნის „რამდენიმე მომავალს“, რამდენიმე დროს, რომლებიც თავად მრავლდებიან და განიტოტებიან. ასე იხსნება რომანის წინააღმდეგობები. ფანგს, ასე ვთქვათ, საიდუმლო აქვს. უცნობი უკაკუნებს კარზე. ფანგი მის მოკვლას გადაწყვეტს. ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტი: ფანგს შეუძლია მოკლას დაუპატიჟებელი სტუმარი, შეიძლება მოხდეს პირიქით, შეიძლება ორივე ცოცხალი დარჩეს ან ორივე მოკვდეს. ცუი პენის რომანში ფაქტობრივად ყველა შესაძლებელი ვარიანტი ხდება და თითოეული გამოსავალი საწყისი წერტილია მომდევნო განშტოებისთვის...“

„- დრო გამუდმებით იტოტება უთვალავ მომავლად. ერთ-ერთში მე თქვენი მტერი ვიქნები“, - ეუბნება ინგლისელი მკვლევარი ჯაშუშს და ამ ორი ადამიანის არჩევნები სწორედ ისეთი მომავლის რეალიზებას ახდენს, რომელშიც ჯაშუში მართლაც კლავს მკვლევარს.

ჩვენი ცხოვრებისეული არჩევნები ამ უთვალავ განშტოებებში ერთი ბედის, ერთი რეალობის, ერთო დრო-სივრცის კონტურს კვეთავენ, რომელიც ჩვენთვის წარსული, აწმყო და მომავალია, ჩვენი ბედი და ჩვენი ერთადერთი ცხოვრებაა. მაგრამ მე სხვა კითხვა მაქვს - არის რო, ეს განშტოებები უსასრულო?

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff