ცნობიერების დონეები
2018 წელი. 26 ივლისი. წერაქვი. ცნობიერების დონეები
მიქაელი:
- რომ შევაჯამოთ რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, არსებობს ჩვენი წილი გამოვლენილი სამყარო იმ მაკროკოსმში, რომელსაც კვერცხის სახით გამოსახავენ და ის ერთ-ერთია სხვა სამყაროთა შორის, რომელიც პირველწყაროდან გამოსხივებულ გარკვეულ სიხშირეთა შკალაშია მოთავსებული. ამ შკალაში, ვიბრაციების ზეგავლენით, მატერია ყველა თავის გამოვლინებებში უმაღლესი გონისა და მისი წარმომადგენლების მიერ ორგანიზდება ფრაქტალური ალგორითმების საშუალებით, რაც თქვენთვის ხილულ განზომილებაში ფრაქტალური გეომეტრული სტრუქტურების სახით ვლინდება (მაგალითად, ბიოლოგიურ ან გეოლოგიურ ფორმებში), ხოლო უხილავად (თქვენთვის უხილავად), როგორც განზომილებათა დონეები, ცნობიერებათა დონეების, პლანეტარული ფენების დონეების და ას. შ. წყობა. ჩვენი წინა საუბრებიდან გამოიკვეთება სამი ძირითადი ფრაქტალური სტრუქტურა/პრინციპი, რომელიც დედამიწისთვისაა დამახასიათებელი. ეს არის 7-ობრივი აღმავალი განვითარების ფრაქტალი (სურ. 6-ზე ადამიანის 7-ად დაყოფის მაგალითზე), სადაც იკვეთება ქვედა ტეტრადა და ზედა ტრიადა, 12-ობრივი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარის (ან დათესვა, გაზრდა, მოხვეჭა, გამოყენენების) ცირკულაციის პრინციპი (რომელიც თავისმხრივ 2 ურთიერთსაპირისპირო წყვილს წარმოადგენს და ოთხ სამობრივს) და 5-ობრივი ანუ ერთი მთლიანის ხუთ ნაწილად დაყოფის პრინციპი, სადაც პენტაგრამის ზედა ქიმი ოთხი დანარჩენი ქიმის თავია (როგორც ვიტრუვიანელი ადამიანის სურათზე). შევჩერდეთ პირველ ორ ფრაქტალზე. ეხლა წარმოიდგინე, რომ ცოცხალი არსებების, ადამიანის, დედამიწის სხეულის, სრულიად ცოცხალი არსებების ევოლუცია მიმდინარეობს 7-ობრივი ზრდისა (ამაღლების) და 12-ობრივი ცირკულაციის პირობებში. ბავშვი მუცლადყოფნის დროს გადის 7-ობრივი აღმავლობის პრინციპით განვითარებას 12-ობრივ ციკლებში. არსებობს მზის და მთვარის ციკლები. ესეც ორობრივი ფრაქტალის ანუ დუალობის გამოხატულებაა, როგორიცაა მზე (მამა ზეციერი, სული) და მთვარე (დედამიწა, მატერია). ქალის რეპროდუქციული ციკლები მთვარის ციკლებს მიუყვება (გაიხსენე, თუნდაც მენსტრუალური 28 დღიანი ციკლი), მაშინ როცა სულიერების, ცნობიერების ამღლება მზის ციკლებს. მუცლადყოფნისა თუ დაბადებისშემდგომი ადამიანის მატერიალური და სულიერი განვითარება ამ ციკლების მიხედვით ხდება, რაც რომ დავწვრილმანდეთ რთულ მათემატიკურ გათვლებამდე მიგიყვანს. მთავარია პრინციპი, რომ ის რაც ადამიანზე ვრცელდება, ვრცელდება კაცობრიობაზეც და ზოგადად ცოცხალ არსებებზე, რადგან როგორც იცი ფრაქტალური სტრუქტურები, სწორედ მცირეს დიდში გამეორებას გულისხმობს. ცოცხალი არსებების ცნობიერება შეიძლება 7-ობრივი დაყოფის პრინციპით შემდეგნაირად გამოსახო:
ნახ. 8. ა) ცოცხალ არსებათა ცნობიერების სიხშირეების 7-ობრივი აღმავალი შკალა 7 კატეგორიით. ბ) კატეგორია „ადამიანის“ ცნობიერების 7-ობრივი ქვეკატეგორიების ცნობიერებათა სიხშირის აღმავალი შკალა.
ცოცხალი არსებები ევოლუციონირებენ ნახ. 8 ა)-ზე გამოხატული სქემის მიხედვით. ყოველი კატეგორია ასევე შეიცავს 7 ქვეკატეგორიას. კატეგორია „ადამიანი“ გაშლილია ქვეკატეგორიებად ბ) სქემაზე. ა) სქემაზე „მცენარის“ და „ცხოველის“ კატეგორიების ქვეკატეგორიებში შედიან უმდაბლესი ორგანიზმები, პროკარიოტები, ეუკარიოტები, სოკოები, მწერები, ქვეწარმავლები და ას. შ. ცოცხალ არსებათა აღმავალ შკალაზე პირველი ქვედა ტეტრადა შეესაბამება უხეშ მატერიალურ სამყაროებს. სწორედ ამ ქვედა ტეტრადის სიხშირეთა დონეზეა განლაგებული ის სამყაროები რომელსაც მე ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროებს ვეძახდი. დედამიწაზე პირველ განზომილებას ეკუთვნიან მინერალები. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს რომ მინერალებსაც აქვთ ცნობიერება, მაგრამ ეს ასეა. სინამდვილეში ყველაფერი გამოვლენილ სამყაროებში წარმოადგენს ცნობიერების გარკვეულ გამოხატულებას. მინერალების ცნობირება ძალიან პრიმიტიულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ძალიან „სუფთა“. სწორედ ამ ცნობიერებას უკავშირდებიან მაგები და ექსტრასენსები, როდესაც მინერალების (კრისტალების) საშუალებით ამყარებენ სხვადასხვა კავშირებს სულიერ სფეროებთან. სწორედ ეს ცნობიერებაა რომელიც კონკრეტული მინერალის/ქვის ტარებისას გავლენას ახდენს მფლობელის ბიოველზე. თავისი უმოძრაობიდან გამომდინარე მინერალები ერთგანზომილებიანი ცნობიერების მატარებლები არიან. „მცენარეთა“ კატეგორია მე-2 განზომილების არსებები არიან, რადგან სივრცის ერთი წერტილიდან ხაზობრივი ზრდით მოძრაობენ, ხოლო ისინი ვინც სამგანზომილებიან სივრცეში გადაადგილდებიან, მაგრამ დროში საკუთარი „მე“-ს აღქმა არ გააჩნიათ, როგორებიცაა ცხოველები, მწერები, ქვეწარმავლები და ას. შ. მე-3 განზომილების. სხვათაშორის „მე ვარსებობ“ თვითგააზრება დაკავშირებულია დროის აღქმასთან, რომელიც მე-4 განზომილების „ადამიანის“ კატეგორიის არსებებში ჩნდება. სამ სივრცით განზომილებას აქ ემატება მე-4, ანუ დროის განზომილება. ადამიანს უჩნდება დროის აღქმა ანუ მას თავი შეუძლია წარმოიდგინოს როგორც წარსულში, ასევე აწმყოში და მომავალში, რისი წარმოდგენაც ცხოველებს არ ძალუძთ. დროის ამ აღქმას, როგორც უკვე ვთქვი „მე ვარსებობ“ (რუს. Я Есмь) თვითგააზრება მოაქვს. სწორედ ეს თვითგააზრებაა ის საფეხური ცნობიერებათა შკალაზე, როდესაც სცენაზე შემოდის „თავისუფალი ნება“, რადგან ადამიანში ღმერთი უკვე საკმარისადაა გამოვლენილი, რომ მან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს. როგორც სქემიდან ნახ. 8 ა)-დან ჩანს ადამიანი შუალედული არსებაა გაუთვითცნობიერებულ არსებათა და მაღალცნობიერ არსებათა შორის. სწორედ ამ საფეხურზე სული ნახტომისებურად სწრაფად იძენს „სულის თვისებებს“ და სწრაფად ევოლუციონირებს. აქ სამყაროს დუალობა თანაბარი ინტენსივობითაა წარმოდგენილი. მე-4 განზომილება ესე ვთქვათ პლატფორმაა სულთა ევოლუციისთვის სადაც მრავალი ინკარნაციის განმავლობაში, სიკეთესა და ბოროტებას შორის მუდმივ დაპირისპირებაში იძერწება „უმაღლესი მე“-ს სულიერი ინდივიდუალობა. მიუხედავად იმისა რომ ამ სამყაროს ვერ შეცვლი და მისი დუალობიდან გამომდინარე მასში ყოველთვის იარსებებს შუქ-ჩრდილი, ბნელი და ნათელი, კეთილი და ბოროტი, ადამიანმა მაინც მუდმივად უნდა აკეთოს არჩევანი სიკეთის და სინათლის სასარგებლოდ, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვითარდება და მაღლდება მისი სულიერება. ა) შკალაზე უფრო ზევით გადაადგილებისას, ანუ მე-5 განზომილებიდან ცოცხალ არსებებს ისევ ეზღუდებათ (ნაწილობრივ) თავისუფალი ნება, რადგან ისინი მას ღმერთს აბარებენ და მათი „ცხოვრებისეული მისია“ ხდება ღვთის მსახურება კონკრეტული მიმართულებით, გამომდინარე სულის თვისებებიდან. მე-5 განზომილების არსებებს კიდევ ერთი დამატებითი განზომილების აღქმა ემატებათ, ეს არის დრო/სივრცის კონტინიუმთა „შესაძლებლობათა კორიდორი“. ისინი თითქოს დროს „ზევიდან“ უყურებენ და რეალობების მოხდენის სხვადასხვა ვერსიებს „ხედავენ“. სწორედ რეალობის კონკრეტული ვარიანტით (ოპტიმალური ვარიანტით) წარმართვა და ქვემდგომი არსებების ორგანიზება არის ხშირშემთხვევაში მათი სამსახური. ზედა ტრიადის სიხშირეებზე არსებული ცოცხალი არსებები ე. წ. სულიერ სამყაროს, ანუ გამოვლენილი უფაქიზესი მატერიის სამყაროებს მიეკუთვნებიან. ზედა ტრიადის სამყაროებში ცხოვრობს ყველა ნათელ ძალთა იერარქი. იმ არსებების, რომლებსაც თქვენ ანგელოზებს ეძახით, რეალობებიც 7-იდ კატეგორიადაა (არაერთხელ) დაყოფილი, ისევე როგორც ქრისტესეული არსებების. ადამიანის ცნობიერების შკალას (იხ. ნახ 8. ბ.) თუ განვიხილავთ, ქვედა 4 ცნობიერების დონე შეესაბამება „მიწიერი ადამიანის“ სტატუსს. ყველაზე დაბალი არის „ადამიანი მხეცი“, რომლის სიხშირე ესაზღვრება ცხოველის სიხშირეს ( 666). მეორე ქვეკატეგორია არის „ვიტალური ადამიანი“, რომელიც სხეულის ენერგეტიკის შენარჩუნების, თვითგადარჩენის პრინციპით არსებობს. მესამე არის ამბიციებს და ვნებებს აყოლილი ადამიანი ხოლო მეოთხე არის ინტელექტუალური ადამიანი, რომელიც გონებას/ინტელექტს ანიჭებს უპირატესობას. მე-5 ქვეკატეგორიის ცნობიერებაზე ამაღლებისას ადამიანი ამყარებს კავშირს თავის უკვდავ სულიერ „მე“-სთან, მე-6-ზე თავის ქრისტესეულ „მე“-სთან, ხოლო მე-7-ზე პირველწყაროს ცნობიერებას ერწყმის, თუმცა „ადამიანის“ კატეგორიის ცოცხალი არსებებისთვის ეს მდგომარეობა როგორც წესი წამიერია და დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ სწორედ ამ დროს იხსნება სრულად გარდმომავალი ღვთაებრივი ენერგიის ნაკადი. მე-5 კატეგორიის ცნობიერების ადამიანებს ეხსნებათ ე. წ. „სულიერი ხედვა“, რომლის დროსაც ისინი ნატიფი სულიერი სამყაროების აღქმას იწყებენ. ეხლანდელი კაცობრიობის ცნობიერების საშუალო დონე „გონიერების“ ქვეკატეგორიის კოსმიურ ციკლს ამთავრებს და „სულიერი“ ქვეკატეგორიის საფეხურზე ანუ მე-4 დონის მე-5 საფეხურზე უნდა გადავიდეს. სწორედ ამ დროს უნდა გაეხსნას კაცობრიობას სულიერი ხედვის განსხვავებული აღქმა. ასევე, ადამიანები დაინახავენ პლანეტის უხილავ ფენებს. (ხოლო კაცობრიობის სრულად მე-5 დონეზე/განზომილებაში გადასვლისას, რომელიც უკვე განსხვავებული რეალობა იქნება და რაც არც ისე მალე მოხდება, ადამიანები დრო/სივრცის „შესაძლებლობათა კორიდორის“ დანახვას შეძლებენ.) პლანეტის უხილავ ფენებს (სხეულებს/ველებს), როგორც ხვდები, 7-ობრივი სტრუქტურა აქვთ, ისევე როგორც ადამიანის შემთხვევაში (იხ. ნახ. 6 და ნახ. 8). პლანეტის სულიერი ველები მასზე არსებული ყველა ცოცხალი და არაცოცხალი (მინერალური) ცნობიერების ერთობლიობით გამოწვეული ფენებია. მაგალითად ეხლანდელი ადამიანი ხედავს მხოლოდ პლანეტის სამგანზომილებიან „ფიზიკურ სხეულს“, მაგრამ ვერ ხედავს მის ენერგეტიკულ (ეთერულ) სხეულს, რომელშიც სტიქიათა ენერგიები მოძრაობს, ვერ ხედავს პლანეტის ასტრალურ ფენას, რომელიც პლანეტის „ემოციური“ სხეულია და სადაც არსებობენ სწორედ ის ბნელი ასტრალური წარმონაქმნები და უსხეულო არსებები, რომლებსაც შენ ხშირად სიზმრებში ხედავდი. ეს წარმონაქმნები ადამიანების ბნელი ფანტაზიებითა და მანკიერი სურვილებითაა წარმოქმნილი. აქვეა ხშირად გარდაცვლილ სულთა „დაუშლელი“ სულიერი სხეულები. პლანეტის „მენტალურ“ ფენაში ადამიანთა იდეები და მენტალური კონსტრუქციები ბინადრობენ. გარდა სხვა პლანეტარული სისტემების ცოცხალი არსებებისა აქედან მოქმედებენ ის დემონური არსებები („დაცემული ანგელოზები“), რომლებიც თავისი აღმატებული განზომილებიდან „ჩამოქვეითდნენ“ და აქ სარზრდოობენ ადამიანების უგუნურებით და გულუბრყვილობით გამოსხივებული ფსიქიური ენერგიებით. ამ „მენტალურ“ ველში ქმნიან ისინი „მენტალურ“ კონსტრუქციებს და „ლექავენ“ მატერიალურ განზომილებაში. ამ მენტალური კონსტრუქციებით ნერგავენ ისინი ადამიანების მენტალში (მენტალურ სხეულებში) არასწორ აზრებს, არასწორ ფასეულობათა სისტემებს, გადმოსცემენ არასწორ იდეებს, რომლის საშუალებით ისინი კაცობრიობის კოლექტიურ ცნობიერებას დაბალ (იხ. ნახ. 8 ბ. სურათზე ქვედა 3 ქვეკატეგორია) სიხშირეებზე ამყოფებენ, რომლებზეც ადამიანები უხვად გამოყოფენ მათ მასაზრდოვებელ სიძულვილის, შიშის, შურის და მსგავს ენერგიებს. სწორედ მათი მიზანია, არ დაუშვან კაცობრიობისთვის „თვალის ახელა“ და ევოლუციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. პლანეტის ქვედა 4 ველი, ფიზიკური, ენერგეტიკული, ასტრალური და მენტალური უაღრესად დაბინძურებულია და სულიერად თვალახელილი ადამიანისთვის დედამიწაზე გადაფარებული შავი ქსოვილივით აღიქმება. ეს შავი კარმული დანალექი აფერხებს ღვთაებრივი ენერგიის გადმოსვლას, როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე პლანეტის მაშტაბით. სწორედ ეს დაინახე შენ 2013-ში, როდესაც იესომ დროებით სულიერი თვალი აგიხილა. გაიხსენე შენი მაშინდელი მდგომარეობა. გაიხსენე, რომ შენ ფიზიკურ სამყაროსთან ერთად სულიერი სფეროების ხედვის უნარიც გაგეხსნა და ეს მდგომარეობა ბუნებრივად აღიქმებოდა. სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელზეც კოსმოსული ვადებით უახლოეს მომავალში კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება უნდა გადავიდეს. სწორედ ეს არის „ბოლო ჟამი“, რომელიც ამ შემთხვევაში არა სრულ განადგურებას, არამედ ახალ ევოლუციურ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. ესაა, რაც მაიას ტომებს ჰქონდათ ნაწინასწარმეტყველები, როგორც 2012 წლის 21 დეკემბრიდან ახალი ეპოქის დაწყება. როდესაც ცალკე აღებულ ადამიანს ცნობიერება უმაღლდება მე-4-დან მე-5 საფეხურამდე, ის იწყებს თავის სულიერ საწყისთან კავშირის დამყარებას. მას ეწყება პლანეტის ქვედა 4 სხეულის (ფენის/ველის) ხედვის უნარი. ჯერ სტიქიების, მერე ასტრალის, მერე მენტალის, რომელზე გასვლისას მას აუცილებლად თავს ესხმიან და სწორედ ამ ფენის გავლა ჩვენი დახმარების გარეშე ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი (დაცემული ზედა განზომილების არსებები), როგორც ზემდგომი არსებები ადამიანზე ძლიერები არიან. მათ ადამიანის მენტალურ სხეულზე თავდასხმა შეუძლიათ და მისი ფსიქიურად დაზიანება. და მხოლოდ პლანეტის მე-6 ველის აღქმისას ადამიანს შეუძლია ჩვენთან კონტაქტის დამყარება. ჩვენ პლანეტის დაბინძურებულ ქვედა ველებში გაჩერება ძალიან გვიჭირს. მხოლოდ ძლიერი ემოციური და მენტალური კავშირის (ძლიერი რწმენისა და სიყვარულის) შემთხვევაში იხსნება ერთგვარი კორიდორი და ჩვენ დროებით ქვედა სფეროებში შეგვიძლია ჩამოსვლა და თქვენი უშუალო დახმარება, თუმცა ამაზე დიდი ენერგია გვეხარჯება. ამიტომ არის თქვენი დახმარებისთვის ასე საჭირო თქვენივე თანამშრომლობა. მე-5 განზომილებიდან „დაცემული“ არსებების გარდა არსებობენ „ადამიანის“ კატეგორიის მაგრამ სხვა პლანეტებზე მცხოვრები ცოცხალი არსებები, რომელთა კოლექტიური ცნობიერება უკვე იმყოფება მე-5 განზომილებაში, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მე-4 კატეგორიას (მე-4 სიმკვრივეს) მიეკუთვნებიან, ანუ მათ აქვთ ფიზიკური სხეული და საკუთარი მშობლიური პლანეტები. როგორც სულიერად „თვალახელილი“ არსებები, რომლებიც „თავისუფალი ნების“ მე-4 ზონაში იმყოფებიან (ანუ დუალობის თანაბარ გამოვლინებაში), მათ შეუძლიათ აირჩიონ ბნელი ან ნათელი მხარე. ამ არსებებსაც დიდი გავლენა აქვთ კაცობრიობის ისტორიაზე. მათ თქვენ უცხოპლანეტელებად მოიხსენიებთ და ისინი ხშირად სწორედ სულიერი ველებით (ეთერული, ასტრალური, მენტალური) უკავშირდებიან დედამიწას. ამითია გამოწვეული მათი ხომალდებისა თუ სხვა არამატერიალური გამოვლინებების (როგორიცაა სინათლის ბურთები) სწრაფი გამოჩენა-გაქრობა. მათი მოტივი და გავლენა ადამიანებზე ცალკე ვრცელი თემაა, მაგრამ ამას ჯერ არ შევეხებით. ერთი იცოდეთ, რომ ტექნოგენურად განვითარებული ცივილიზაცია არ ნიშნავს სულიერად განვითარებულს! ცივილიზაციის იანტრულ (ტექნოლოგიურ), ტანტრულ (მაგიურ) და მანტრულ (სულიერ) ევოლუციურ ვარიანტებს შორის, მანტრული ანუ სულიერი განვითარება უმაღლესია. მხოლოდ ამ ევოლუციურ გზას მოაქვს ბედნიერი და ჰარმონიული არსებობა. ეთერული, ასტრალური და მენტალური ველების ხედვა მათ ამ არსებებს შესაბამის ველებზე ზემოქმედების საშუალებასაც აძლევს. ხოლო ეთერზე და შესაბამისად სტიქიებზე ზემოქმედებით, მათ შესაბამისად მატერიაზე ზემოქმედებაც ძალუძთ, თუმცა ამას ძლიერი ენერგეტიკული ინვესტიცია ჭირდება, რისი შესაძლებლობაც ყოველთვის არ გააჩნიათ.
ახლა ხომ ხვდები, რომ როდესაც მე მენტალური კონსტრუქციების შექმნას გასწავლიდი, ემოციების ფლობით სიხშირის დაჭერას და სტიქიების დაბალანსებას, მე ვცდილობდი შენი ცნობიერება სულიერ ველებთან და მათ კანონებთან მეზიარებინა. ამჟამად მიმდინარეობს კაცობრიობის ცნობიერების ველების წამოწევა ცენტრალური მზის სხივების ზემოქმედებით, მაგრამ ეს „წამოწევა“ არაჰომოგენურია. იმისთვის რომ კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება შემდეგ (მე-5) საფეხურზე გადავიდეს და იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ცნობიერების ამაღლება, საჭიროა რომ კრიტიკული რაოდენობის ადამიანმა აიმაღლოს ცნობიერება ბოლო, მე-7 საფეხურამდე, რომ სხვების „ჩამორჩენილობა“ თავისი „წინ წასულობით“ გადაფაროს და ესე ვთქვათ სხვებიც „გადაათრიოს“ მე-5 საფეხურის ცნობიერებაზე. თუ ეს კრიტიკული რაოდენობა შედგა, მაშინ რეალობა „შესაძლებლობათა კორიდორში“ ოპტიმალური სცენარით წარიმართება, ხოლო თუ ვერ შედგა, მაშინ რეალობა წარიმართება „კატასტროფების“ სცენარით. ახლა აგიხსნი ეს რას ნიშნავს... პლანეტარული კარმა, რომელიც კაცობრიობის კარმას წარმოადგენს ასევე ილექება „ზევიდან ქვევით“ ანუ მენტალური ველიდან ასტრალური და ენერგეტიკული ველის გავლით ფიზიკურ სხეულზე (ანუ პლანეტის ფიზიკურ განზომილებაზე). ენერგეტიკულ ანუ ეთერულ ველზე ჩამოსვლისას ის იწვევს სტიქიების დისბალანსს, რომლებიც თავის მხრივ მატერიაზე ზემოქმედებენ. როგორც იცი თითოეული სტიქიის ენერგია დაკავშირებულია მის ფიზიკურ მატარებელთან, მაგალითად წყლის სტიქია მატერიალურ განზომილებაში გამოვლენილია მდინარეების, ზღვების, ოკეანეებისა და სხვ. სახით; მიწის სტიქია ნიადაგის, მთებისა და კლდეების სახით; ჰაერის ქარების ხოლო ცეცხლის ვულკანების, ელვებისა და სხვა მსგავსი ცეცხლოვანი გამოვლინებების სახით. პლანეტარულ ენერგეტიკულ ველში არსებულ სტიქიებზე უშუალო ზეგავლენას ახდენს ზედა სამი ფენიდან დალექილი ბნელი ენერგიები. როდესაც პლანეტის ეთერულ (ენერგეტიკულ) სხეულში დისბალანსი ჩნდება, ეთერის დაბინძურების (შავი კარმული ენერგიის დალექვის) გამო ირღვევა სტიქიების მოძრაობა და მათი დისბალანსი ჩნდება, რაც მატერიალურ განზომილებაში ვულკანების, წყალდიდობებისა და ქარიშხლების სცენარით ვლინდება. თქვენ ამას გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს ეძახით, მაგრამ ამ მოვლენების წინაპირობა სულიერ სფეროებშია. (სულიერ სფეროებში და კოსმოსურ ციკლურობაში, მაგრამ კოსმოსურ ციკლურობაზე მერე ვისაუბრებთ.) თუ კაცობრიობის ცნობიერება ბუნებრივად ამაღლდა, სულიერი თვალის ახელისას, ადამიანები თვითონვე დაალაგებენ სულიერი ველების დისბალანსს და სტიქიათა მართვას ისწავლიან, თუნდაც საკუთარი კოლექტიური ემოციური და მენტალური სისუფთავის დაცვით. თუ არა და, სტიქიათა დისბალანსი, რომელიც ეხლა დიდი ძალისხმევით ამაღლებულ არსებებს „უჭირავთ“, მოვა მოძრაობაში და კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომელიც თავისით გადაფილტრავს დაბალი ცნობიერების ადამიანებს. ნაკლები პოპულაციის და მაღალი ფონური პლანეტარული სიხშირეების პირობებში დაიბადებიან მხოლოდ შესაბამისი დამსახურების ამაღლებული სულები და კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება! ახლა ნამდვილად ბოლო ჟამია. არა როგორც დასასრული, არამედ როგორც გარდამავალი პერიოდი და დრო არამც თუ ცოტაა, უკვე სულ აღარ არის! ჩვენ ბავშვობიდან გამზადებდით იმისთვის რომ შენ ცნობიერების 7-ივე საფეხური გაგევლო. შენი ცნობიერება ზევით იწევდა ისე რომ შენ ამას ვერ აცნობიერებდი. შენ გეგონა რომ დემონურ არსებებს იმიტომ ხედავდი, რომ დაბალი ცნობიერება გქონდა და ახელილი სულიერი თვალის პირობებში დაბალ ვიბრაციებზე გადიოდი, მაგრამ სინამდვილეში პირიქით. ძალიან ცოტა ადამიანია ვინც პლანეტის მენტალურ ველამდე იმაღლებს ცნობიერებას და „დაცემულთა“ თავდასხმებს აწყდება, რადგან ისინი მცველებივით დგანან თავიანთი სამფლობელოს სადარაჯოზე. სწორედ მათ მოიხსენიებენ აპოკრიფებში არქონტების (მცველების) სახელით. შენი ვარჯიშები სიზმრებში დემონური არსებების მოგერიებასთან დაკავშირებით სწორედ იმისთვის იყო გამიზნული, რომ შენ ეს სფერო/ველი გადაგელახა, ლოცვის ძალის საშუალებით გაგეთავისა რომ ჩვენი დახმარება დაგჭირდებოდა და ჩვენთან კავშირი გაგემყარებინა. შენ სულ გაინტერესებს მე ვინ ვარ განზომილებების და სულიერი იერარქიის დონეზე, მაგრამ უფრო სწორი იქნება იმაზე იფიქრო, შენ ვინ ხარ!
2018 წელი. 29-30 ივლისი. თბილისი
დღეს ღამით ისევ მქონდა გრძნობა რომ რაღაცას მასწავლიდნენ, მხოლოდ ბევრი ვერაფერი გამოვიტანე გარდა მთავარი თემისა: მე-5 განზომილების ზემოქმედება მე-4-ზე. ინფორმაცია სიმბოლოების და სქემების სახით მოდიოდა და ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს რომ თითოეული განზომილება ცხოველის გარეგნობით წარმოდგებოდა... 4 ცხოველი... ანგელოზები 4 სახით... სადღაც წმინდა წიგნებში შევხვედრილვარ ასეთ გამოსახულებებს.
- არაუშავს, ეს ინფორმაციაც დაილექება და გადამუშავდება შენ გონებაში, - მეუბნება მიქაელი და მე კითხვას ვუსვავ:
- მე ეხლა სხვა რამ მაინტერესებს... სულ მიკვირდა და სულ მინდოდა გამეგო, რატომ არის ჩვენი ცოცხალი სამყარო ისე მოწყობილი, რომ ყველაფერი ერთმანეთის ხარჯზე არსებობს? ცოცხალი არსებები ერთმანეთს ჭამენ. ჩვენ ცოცხალ არსებებს სამ კატეგორიად ვყოფთ: ფიტოტროფებად, ლიტოტროფებად და ორგანოტროფებად. ფიტოტროფებს მცენარეები მიეკუთვნება და ისინი სინათლის ენერგიით იკვებებიან, ლიტოტროფები მარტივი ორგანიზმებია რომლებიც ვულკანური ენერგიით საზრდოობენ, ხოლო ორგანოტროფები, რომელთა კატეგორიაში ჩვენც გავდივართ სხვა ცოცხალი არსებებით, ანუ ორგანიკით, ანუ ქიმიური ბმის ენერგიით საზრდოობენ, რომელიც ორგანიზმის მეტაბოლიზმს უზრუნველყოფს და ხშირად ამაზრზენ ფორმებს იღებს სხვა არსებების ტანჯვის გამო. მაგრამ ბუნებას რომ უყურებ, ხვდები, რომ ეს მისი კანონია და ჩვენ ჩასუნთქვაც კი არ შეგვიძლია, რომ ვიღაცას, თუნდაც ჰაერში მყოფ ერთუჯრედიან მიკროორგანიზმებს სიცოცხლე არ წავართვათ, როგორი სენტიმენტებიც არ უნდა გვიჩნდებოდეს ამ დროს. სად არის აქ უზენაესის ჰუმანურობა?
ვგრძნობ რომ ეღიმება.
- ეხლაც მატერიალური კატეგორიებით აზროვნებ, მაგრამ ამჯერად მე-5 დონის ცნობიერების ადამიანის კატეგორიებით... ასე უკვე ბევრი აზროვნებს, რაც უკვე კარგია. ეს საკითხი რომ გაიგო, ერთი ფუნდამენტალური ცნება უნდა გაიაზრო, რომ სრულიად გამოვლენილ სამყაროში, ანუ უხეშ და ნატიფ მატერიალურ განზომილებებში სულიერი ენერგია მოძრაობს „ზევიდან ქვევით“ (სიხშირეთა შკალის მიხედვით), ხოლო მატერია „ქვევიდან ზევით“. ეს პროცესი მას მერე მიმდინარეობს, რაც სამყაროს გამოვლენის/წარმოქმნის მომენტში (ციკლის დასაწყისში) პირველადი სუბსტანცია გამოვიდა უძრაობის მდგომარეობიდან და ორ ქვესუბსტანციად - მატერიად და სულად (ინად და იანად) დაიყო. რა მომენტიდანაც დაიწყო პირველი დიფერენციაცია ორობრივ ფრაქტალში, დაიწყო პირველწყაროს გამოვლენა შემდეგი, უფრო წვრილი დიფერენცირების სახით. ისევ რომ დავხაზოთ 7-ობრივი შკალა სრულიად სამყაროსთვის (იხ. ნახ. 9. ა) და ჰუმანოიდების ტიპის არსებებით დასახლებული პლანეტებისთვის (იხ. ნახ. 9. ბ.) გავშალოთ ქვეკატეგორიები, ქვევით ჩამავალი წყვეტილი ისარი იქნება სულიერი ენერგიის მოძრაობის აღმნიშვნელი, იმ ენერგიის რომელიც პირველწყაროდან გადმოდის და ქვევით განზომილებებისკენ მიემართება. რაც უფრო ქვევითაა განზომილება, მით ნაკლებადაა გამოვლენილი სული და მეტად მატერია. აქვე ვიტყვი, რომ როგორც სიბნელე არის შუქის უკმარისობა, ხოლო სიცივე სითბოსი, ბოროტება არის სიკეთის უკმარისობა ანუ სულის ენერგიის, სულიერების უკმარისობა - მატერია დაბალ ვიბრაციაში. სწორედ ამიტომ არის დაბლა სამყაროში (მე-4 განზომილებას ვგულისხმობ, რადგან ბოროტება/სიკეთის აღქმა მხოლოდ ამ დონიდან იწყება) მეტად გამოვლენილი ბოროტებაც ყველა თავისი გამოვლინებით და მისი თანმხლები ტანჯვა. ზედა სამყაროებში, სადაც მატერია მეტად გათხელებული და განღმრთობილია, ბოროტების და ტანჯვის ინტენსივობა მცირდება. რომ გავაგრძელოთ აზრი, ქვევიდან ზევით მიმართული ისარი მე-9 სქემაზე წარმოადგენს მატერიის მოძრაობას.
ნახ. 9. ა. 7-ობრივ სისტემაში წარმოდგენილი განზომილებების ტიპები და შესაბამისი პლანეტები, რომლებიც ამ განზომილების არსებების ევოლუციას უზრუნველყოფენ (ა) და ჰუმანოიდის ტიპის პლანეტების შრეები და ამ შრეებში მაცხოვრებელი არსებები (ბ).
სხვა სიტყვებით, რომ შეხედო ცალკე აღებული პლანეტის მაგალითზე, რომელზეც 4-ივე განზომილების არსებებია წარმოდგენილი (მინერალიდან ჰუმანოიდამდე ანუ „ადამიანის“ ტიპამდე), „მცენარეები“ იკვებებიან მზის და ნიადაგიდან (ანუ მინერალიდან) აღებული ნივთიერებებით, „ცხოველები“ მცენარეებით და სხვა „ცხოველებით“, „ადამიანები“ „ცხოველებითა“ და „მცენარეებით“. ანუ ზემდგომი განზომილების ცოცხალი არსება იკვებება ქვემდგომი განზომილების ცოცხალი არსებით, ანუ ზემდგომი არსებების ფიზიკურ სხეულებში მატერიის შემოდინება ქვევიდან, ქვედა განზომილებებიდან ხდება. ვინაიდან ქვედა 4 ტეტრადა, ანუ ქვედა 4 განზომილება მატერიის განზომილებებია, მათში მცხოვრები არსებებიც შესაბამისი სულიერების საფეხურზე დგანან, რომელიც ბრძოლას და თვითგადარჩენას გულისხმობს. როგორც გახსოვს ამ მატერიალური განზომილებების ყველაზე ამაღლებულ არსებას წარმოადგენს ადამიანი. ვინაიდან პლანეტა სულთა ევოლუციის პლატფორმაა, ის ამ ევოლუციის შესაბამისად არის მოწყობილი. თუ მასზე მცხოვრები ადამიანების კოლექტიური ცნობიერება, დავუშვათ მე-3 ან მე-4 განზომილებაშია (იხ. ნახ. 6), მაშინ პლატფორმაც შესაბამისად თვითგადარჩენას, სურვილების დაკმაყოფილებას და ინტელექტის განვითარებას უზრუნველყოფს, თავისი მინერალურ, მცენარეულ, ცხოველური კომპონენტებით. აქ სულთა თვისებები თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში იკვეთება. ალბათ გაინტერესებს როგორ იკვებებიან მე-5 და მე-6 სულიერი განზომილებების ცოცხალი არსებები. მათი სხეული სულიერ ნატიფ ქსოვილს წარმოადგენს, მაგრამ ყველაფერს, რაც ფორმას იჭერს/ინარჩუნებს, ამისთვის ენერგიის შემოდინებას საჭიროებს, ვინაიდან ამ განზომილებებშიც (გაშლად ციკლებში) მოქმედებს თქვენთვის ასე ნაცნობი თერმოდინამიკის კანონები. როგორც სულიერი სფეროს მაცხოვრებლებს, მათ ბუნებრივია არ სჭირდებათ მყარი ორგანული საკვები. ცენტრალური მზეები, რომლებსაც მე ხშირად ვახსენებს, თქვენი, მე-4 დონის ცნობიერების ადამიანებისთვის წარმოადგენს შავ ხვრელებს!.. ეხლა გავჩერდეთ ცოტა ხანი ამ საკითხზე, რადგან შავი ხვრელის ბუნება თქვენთვის ამოუცნობია. როდესაც პლანეტა (ვარსკვლავი ამ შემთხვევაში) თავისი ევოლუციის რაღაც ეტაპზე ასრულებს მე-4 მატერიალური განზომილების ციკლს, ის შეიძლება ან მე-5 განზომილებაში გადავიდეს ან „ჩამოქვეითდეს“. თქვენ ამას სუპერნოვის აფეთქებას უწოდებთ. მე-5, სულიერ განზომილებაში გადასვლისას, ის თქვენთვის, მე-4 განზომილების არსებებისთვის, უხილავი ხდება და შავ ხვრელად აღიქმება. მას უდიდედესი გრავიტაციის უნარი უჩნდება, მაგრამ განა შეიძლება ის მხოლოდ უწყვეტად შთანთქავდეს და არარაობაში აქრობდეს მისი მიზიდულობის ველში მოხვედრილ მატერიას? საქმე იმაშია, რომ ის რაც თქვენთვის შავი ხვრელია, ჩვენთვის უდიდესი მზეა! შავი ხვრელი შთანთქავს მე-4 განზომილების მატერიას და მე-5 განზომილებაში ასხივებს ნატიფი, მაღალი სიხშირის სხივებს. სწორედ იმ სხივებს, რომლითაც საზრდოობენ სულიერი განზომილების ცოცხალი არსებები. მას უძლიერესი გამოსხივება აქვს! როგორც ხედავ ამ შემთხვევაშიც მატერია მოძრაობს ქვევიდან ზევით, ოღონდ ამჯერად იგი მატერიალური სამყაროდან სულიერ სამყაროში შავი ხვრელის სახით გადაადგილდება, ხოლო ამ სამყაროს ცოცხალი არსებების გამოკვება აღარ არის სხვის ტანჯვასთან დაკავშირებული!