გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

სიკეთე და ბოროტება

 

2018 წელი. 16 სექტემბერი. თბილისი. სიკეთე და ბოროტება

მე:

-ესე მივხვდი, რომ გინდა რომ გნოსტიკური ტექსტები გავარჩიო.

მიქაელი:

- სიკეთის და ბოროტების თემა მინდა განვიხილოთ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად ყველაზე უკუღმართად გაგებული თემაა ადამიანებისთვის. როგორც იცი 1-ლი განზომილების (სიმკვრივის) არსებები ანუ რასაც დავარქვით „მინერალები“ შეიცავენ ფიზიკურ სხეულს, მე-2 განზომილების ანუ „მცენარეები“ ფიზიკურს და ეთეულს, ხოლო მე-3-ის ფიზიკურს, ეთერულს და ასტრალურს. გარდა ამისა სამივე კატეგორია შეიცავს „პირველწყაროს“ ანუ მე-7 დონეს, როგორც საღმრთო ნაპერწკალს/ცნობიერებას. მაგრამ მხოლოდ ადამიანს, რომელსაც მე-4 კომპონენტი, ანუ მენტალური სხეული აქვს, შეუძლია სულის უმაღლეს ტრიადასთან დაკავშირება და შესაბამისად სულიერი და ფიზიკური სამყაროების შეხებაში მოყვანა, რადგან სწორედ მენტალური სხეულით კავშირდება ერთმანეთთან ქვედა ფიზიკური და ზედა სულიერი ტრიადები. მენტალური სხეული მათი შუამავალია. (სწორედ მე-4 ანუ გულის ჩაკრა აკავშირებს „მიწიერ ადამიანს“ „ზეციერ ადამიანთან“ ანუ ქვედა სამ ჩაკრას ზედა სამ ჩაკრასთან. სწორედ ამიტომ ითვლება რომ გულის ლოცვა ამყარებს კავშირს ღმერთთან). ამიტომ არის რომ სიმბოლიზმში ადამიანს ხშირად სანთელად გამოსახავენ, სადაც სანთელი ქვედა ტეტრადაა, ხოლო ალი ზედა ტრიადა. ასევე შეიძლება წარმოიდგინო ადამიანი სიცოცხლის ხედ, რომლის ღერო ფიზიკური სხეული და სამშვინველია (ანუ ქვედა ტეტრადა), ხოლო ვარჯი სულიერი ტრიადა. მხოლოდ მენტალური სხეულის ანუ გონის, ინტელექტის განვითარებით ცოცხალ არსებას ეძლევა „მე ვარსებობ“ აღქმა, დროის შეგრძნება, წარმოსახვა და შესაბამისად შემოქმედების უნარი. ეს თვისებები კი სწორედ სულიერი სამყაროს გამოსავლენადაა საჭირო, რადგან სულიერი სამყაროა პირველადი და ფიზიკური სამყარო მისი თაოსნობით, მისგან მართულად ფორმირდება. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის მენტალური სხეული ისეთ დონეზე იყოს, რომ ის სრულად ატარებდეს საღმრთო ენერგიას სულიერი ტრიადიდან (სხვა სიტყვებით საღმრთო ნების გამტარებელი იყოს). თუ ეს კავშირი სუსტი ან გაწყვეტილია, ადამიანის შემოქმედება საღმრთო ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ეგოს შესატყვისად (ანუ მხოლოდ 4 ქვედა სხეულით) ხორციელდება, რაც მახინჯ და არასიცოცხისუნარიან რეალობას წარმოქმნის.

ეხლა დაფიქრდი იმაზე რა არის ბოროტება და ევოლუციის რომელ საფეხურზე ჩნდება ის?

მე:

- ნუ... იქიდან გამომდინარე რომ მინერალებს, მცენარეებს და ცხოველებს შეგნებული ბოროტების ჩადენა არ შეუძლიათ, როგორც ჩანს შეგნებული ბოროტება გონთან ანუ ინდივიდუალური მენტალური სხეულის ჩამოყალიბებასთან ერთად ჩნდება... სულ მახსენდება გველის მიერ ადამის და ევას ცდუნება „სიკეთისა და ბოროტების“ ნაყოფით. რას ნიშნავს ეს ალეგორია? და ვინ არის გველი? გნოსტიკურ ტექსტებში მას არა აქვს უარყოფითი დატვირთვა.

- ეხლა დაფიქრდი... მენტალური სხეულის განვითარება და მისი ვიბრაციის მაქსიმალურ სიხშირეზე აყვანა აუცილებელია, რომ სულიერ ტრიადას დაუკავშირდე, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ფიზიკური სამყარო სულიერს დაუკავშირდეს და მისი ენერგია, მისი ნება ფიზიკურში გაატაროს. მენტალის გარეშე ცოცხალი არსება ცხოველია და მეტი არაფერი, რაც არ უნდა ნეტარ მდგომარეობაში იმყოფებოდეს ის. ახლა კი გაიხსენე შენი ამაღლებული მდგომარეობა 2013-ში წერაქვში. ის მდგომარეობა, რომელშიც ქრისტემ შეგიყვანა სწორედ ისაა, რაზეც გესაუბრები. ესაა კავშირი სულიერ ტრიადასთან, რომლის დროსაც ნატიფი და სულიერი სამყაროების ხედვას იწყებ და ღმერთთან კავშირის გამო უწყვეტი ნეტარების შეგრძნება გაქვს. როგორც შენ მაშინ დაახასიათე, ბედნიერი ხარ უბრალოდ იმიტომ რომ არსებობ! ეს „მე ვარსებობ“ ცნობიერებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შენი შეგრძნების აღწერა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის ცათა სასუფეველი, რომელზეც ქრისტე ასე დაჟინებით საუბრობდა, ეს არის ის „ედემი“, რომელიც სიმბოლურად ადამმა და ევამ დაკარგეს და რომელშიც უნდა დაბრუნდნენ. არც ცათა სასუფეველი, არც ედემი არ არის გეოგრაფიული ადგილი. ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც ის საკუთარ სულიერ საწყისს უკავშირდება და ღმერთს ეზიარება. ახლა მითხარი, განა შენ მაშინ დაგიქვეითდა გონება ან შეგისუსტდა აზროვნება?

- არა, პირიქით, ასეთი მკაფიო გონება არასდროს მქონია, როგორც მაშინ.

- მოგინდებოდა შენ ასეთ მდგომარეობაში ვინმესთვის ზიანის მიყენება ან ე. წ. „შეგნებული ბოროტების“ ჩადენა?

- არა. ამ მდგომარეობაში ისეთი სიხარული გავსებს, რომ ყველა გიყვარს და არაფერი გინდება გარდა იმისა, რომ უბრალოდ ამ მდგომარეობაში არსებობდე. თითქოს სავსე, თვითკმარი ხარ და არაფერი გჭირდება.

- ხომ ხედავ, ესე იგი მენტალური სხეულის არსებობა-არარსებობა ანუ გონის შეძენა არ არის კავშირში „შეგნებული ბოროტების“ წარმოქმნასთან. „შეგნებული ბოროტება“ დაბალვიბრაციული მენტალის შედეგია, როდესაც ადამიანი საღმრთო საწყისსაა მოწყვეტილი. ამ დროს ის ცდილობს სიხარული „ქვევიდან“ ანუ ფიზიკური სამყაროდან მოიპოვოს. ხოლო როგორც მოგეხსენება ყველანაირი სიხარული, რომელიც ფიზიკური სამყაროდან მოდის კარგ ვარიანტში უბრალოდ დროებითია და ცუდ ვარიანტში საფასურს მოითხოვს. მაგალითად ბუნების სილამაზით ტკბობა დროებითია, ხოლო ნარკოტიკით სიამოვნების მიღება ადამიანის სიცოცხლეს იღებს საფასურად. სულიერ სამყაროს მოწყვეტილი ადამიანი ცენტრისკენული, ანუ საკუთარ ეგოზე ხდება ორიენტირებული. ის საკუთარ თავს ფიზიკურ სხეულთან აიგივებს არ აქვს რა კავშირი უმაღლეს სულიერ „მე“-სთან, ხოლო ფიზიკური სხეული და ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული დროებითი და წარმავალია. ამდენი ვნება, სურვილი და ეგოიზმი და მათი საშუალებით დაკარგული ნეტარების ძიება წარმოქმნის სწორედ „შეგნებულ ბოროტებას“. ადამიანებს სიყვარულიც კი არ შეუძლიათ, რადგან ამითაც როგორც შენ თქვი, ღმერთთან დაკარგული „სიმთელის“ მიღწევას ცდილობენ, ამიტომ სიყვარული საკუთრებაა მათთვის და სხვა არაფერი. „შეგნებულ ბოროტებას“ მოყვება კარმული უკუგების წარმოქმნა. ჩადენილი ბოროტებისთვის სამაგიეროს დასაბრუნებლად ფიზიკური რეალობა გარდაიქმნება საიმისოდ რომ მეტი „სადამსჯელო“ გარემოება შეიქმნას 1,2 და მე-3 განზომილების დონეზე. ანუ მეტი მიწისძვრა, წყალდიდობა (1-ლი განზ), ფლორის გადაგვარება, სასოფლო-სამეუნეო კულტურების არ გახარება (მე-2 განზ), ცხოველების აგრესია (მე-3 განზომილება). როგორც ხედავ კაცობრიობის მენტალური სიხშირეების დაცემა იწვევს სხვა ცოცხალი და არაცოცხალი არსებების „დაცემას“. ბიბლიური ფრაზა „Ибо всякая плоть извратила путь свой на земле“ (ძველი აღთქმა. 6.12) სწორედ ამაზეა. ამიტომ გამონათქვამი, რომ ადამიანის განღმრთობა ყოველივე ცოცხალს და არაცოცხალსაც მიიყვანს ღმერთთან, მართალია! ეხლა ისევ გაიხსენე ის მდგომარეობა წერაქვში. გახსოვს, რაღაც მომენტში შენ თითქოს თოვლი დაინახე, რომელიც შენი სიხარულის შედეგად წარმოიქმნა? ეს მენტალური სფეროს კონსტრუქცია იყო. შენმა ფიქრებმა შეუგნებლად ნატიფი მატერიის კონსტრუქცია შექმნეს. როგორც იცი ასეთი კონსტრუქციები სათანადო „სიმყარის“ შემთხვევაში ილექებიან ჯერ ასტრალურ, შემდეგ ეთერულ და ბოლოს ფიზიკურ სფეროში. ამ კონსტრუქციების შექმნა და მათი მართვა ფიზიკური რეალობის შეცვლას და მართვას ნიშნავს. ხომ ხედავ, ნატიფი და სულიერი სფეროების ხედვის შემთხვევაში შემოქმედების პროცესი სულ სხვა დონეზე ადის! ადამიანი უბრალო შემოქმედიდან დემიურგი ხდება! ფიზიკური რეალობის და ღმერთის თანაშემოქმედი! ეს არის მისი დანიშნულება და მოწოდება! რა არის ცუდი განღმრთობილი, სავსე, ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმული ადამიანის შემოქმედებაში? ახლა ბიბლიის სიტყვები გაიხსენე, რა თქვა „ღმერთმა“ როდესაც ადამმა და ევამ აკრძალული ნაყოფი შეჭამეს?...

- 22 И сказал Господь Бог: вот, Адам стал как один из Нас, зная добро и зло; и теперь как бы не простер он руки своей, и не взял также от дерева жизни, и не вкусил, и не стал жить вечно.

23 И выслал его Господь Бог из сада Едемского, чтобы возделывать землю, из которой он взят.

24 И изгнал Адама, и поставил на востоке у сада Едемского Херувима и пламенный меч обращающийся, чтобы охранять путь к дереву жизни.

- ...რომ არ გახდეს ადამი ჩვენნაირი... ეს არ იყო ღმერთის სიტყვები, როგორც არ უნდა ხსნიდნენ ამას ღვთისმეტყველები! ეს არქონტების სიტყვები იყო. მათი, ვისაც ფიზიკური სამყაროს ერთადერთ „ღმერთად“ ყოფნა სურდათ, მათი, ვინც ადამიანს საკუთარ სულთან გაუწყვიტა კავშირი და 666 სიხშირეზე ჩამოაგდო (სხვათაშორის ეს რიცხვიც საკრალურ გეომეტრიასთან და ფრაქტალებთანაა კავშირში). მათი ვინც ადამიანებისგან საუკუნეების განმავლობაში სისხლიან მსხვერპლშეწირვებს ითხოვდნენ, მათი, ვინც არასწორი ფასეულობების, მანკიერი იდეოლოგიის და მეტერიალური ღირებულებების რეალობა შექმნეს, რომ დედამიწა ადამიანისთვის რეინკარნაციის ხაფანგად ქცეულიყო! განღმრთობილი ადამიანი აღარ რეინკარნირებს ხელახალ ინდივიდუალობებში, სიცოცხლის ხეზე მისი დროებითი ფოთოლი (ერთჯერადი ინკარნაცია), მუდმივ ნაყოფად იქცევა. ხომ გახსოვს გუშინ რა გითხარი, ზედა ტრიადასთან კავშირის დამყარებისას ადამიანის ფიზიკური სხეული „ზევიდან“ იღებს ნატიფ ენერგიას და მას აღარ ჭირდება მყარი საკვებით კვება. სრულიად კაცობრიობის განღმრთობის შემთხვევაში მთელი რეალობა იცვლება. აღარ არის საჭირო კარმის უკუგებისთვის სადამსჯელო ღონისძიებები პათოგენური დაავადებების ან კატაკლიზმების სახით. სრულიად მატერია „თხელდება“ და იცვლება, დედამიწაზე ცათა სასუფეველი მკვიდრდება, ხოლო ადამიანი თავისი უკვდავ სულთან კავშირის გამო მარადისობას ეზიარება. სწორედ ამას ეხება სიტყვები „вот, Адам стал как один из Нас, зная добро и зло; и теперь как бы не простер он руки своей, и не взял также от дерева жизни, и не вкусил, и не стал жить вечно.“ განა ეს ღმერთის სიტყვებია?

- მაშინ რატომ მისცეს არქონტებმა ღმერთის სახელით ადამიანებს თუნდაც იგივე 10 მცნება, რომელიც ასეთი დადებითია თავისი შინაარსით.

- მათ არ მიუციათ. გარდა ამისა, ბიბლიაში აღწერილი 10 მცნება ძალიან სახეცვლილია და ეს სხვა ისტორიაა. ამ ისტორიის „აღდგენა“ ცალკე თემაა. გარდა ამისა, არქონტები არ უნდა გესმოდეს როგორც სრული ბოროტების, სრული დესტრუქციის ანალოგია. ისინი, როგორც მე-5 განზომილების არსებები, ისევე როგორც ჩვენ „შესაძლებლობათა კორიდორს“ ხედავენ. მათი მოტივაცია არ არის არც კაცობრიობის განადგურება არც სრული ანარქია, რადგან ამ შემთხვევაში „საკვებს“ დაკარგავენ, ამიტომ გარკვეულწილად პოზიტიური მცნებები საჭიროა წესრიგის შენარჩუნებისთვის. „შეგნებული ბოროტება“ ყოველთვის დაბალვიბრაციული მენტალური ველის ნაყოფია! მათ აწყობთ კაცობრიობის რეალობა „შესაძლებლობათა კორიდორის“ ზღვარზე გაიყვანონ, მაქსიმალური ადამიანების ინკარნაციით და მინიმალური მენტალური სიხშირით (მხეცის სიხშირე ანუ 666). ახლა კი კარგად დაუკვირდი რასაც გეტყვი... სანამ დედამიწაზე საერთოდ ადამიანი გაჩნდებოდა... მენტალურ ველის წარმოქმნამდე ასტრალური ველი, ანუ მე-3 განზომილების არსებები ფორმირდებოდნენ და მაგ დროს მილიონობით წლის განმავლობაში ბატონობდა დრაკონის ანუ გველის ეგრეგორი, რომელსაც შესაბამისი ზეარსება (მორიგე ღმერთი) მართავდა და რომელიც დინოზავრების ანუ დომინანტურად რეპტილიების საშუალებით აყალიბებდა პლანეტარულ ასტრალურ ველს... დაბალი მენტალი, რომელიც სიხშირეებით ამ ასტრალურ ველს ესაზღვრება დღემდე „კვებავს“ ე. წ. დრაკონის ეგრეგორს!.. ამ წარმონაქმნზე მერე ვისაუბრებთ. მტაცებლის ანუ მხეცის ცნობიერება ადამიანებში ამჟამად დიდწილად გენების დონეზეა უკვე გამყარებული. ამ პროცესზე ხორცის ჭამამაც იმოქმედა, მაგრამ არა მხოლოდ. გენები... გენები... ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ...

2018 წელი. 17 სექტემბერი. შეგნებული ბოროტება

მე:

- რას ეძახი „შეგნებულ ბოროტებას“? ხშირად ადამიანებს ჰგონიათ რომ სიკეთეს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ბოროტებას სჩადიან. მაგალითად ტერორისტებს, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს კლავენ, გულწრფელად სწამთ რომ საღმრთო საქმეს აღასრულებენ. ეს შეგნებული ბოროტებაა?

მიქაელი:

- შეგნებულია ბოროტება რომლის ჩადენის გადაწყვეტილება თავისუფალი ნების დონეზე ხდება. როდესაც ცხოველები ერთმანეთს ჭამენ და ამით ერთმანეთს ტკივილს აყენებენ, ეს არ არის შეგნებული ბოროტება, რადგან ისინი ინსტინქტებით არიან მართულნი. მაგრამ როდესაც ადამიანი ტერორისტულ აქტს სჩადის, თუნდაც მისი გაგებით კეთილი მიზნით, ეს შეგნებული ბოროტებაა, რადგან გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით და მენტალური სხეულის დონეზეა მიღებული. ნებისმიერი სიბრიყვე თუ სისულელე არასრულყოფილი ანუ დაბალვიბრაციული მენტალური სხეულის გამოვლინებაა. ასეთი სხეული კი ზედა ტრიადას მოწყვეტილია და გადაწყვეტილებას მატერიალური ეგოდან გამომდინარე აკეთებს. განუვითარებელი მენტალური სხეულის ქონა კი თავად ადამიანის უფრო სწორედ მისი უკვდავი მონადის, მისი უმაღლესი „მე“-ს პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ მრავალი ინკარნაციის განმავლობაში ის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და ვერ ასწია სულიერი სიხშირეები. მაგრამ ბოლომდე რომ მართლები ვიყოთ, ბოროტება არ არსებობს როგორც აბსოლუტური ცნება! არსებობს განვითარებული ან განუვითარებელი მენტალური სხეულები და ცნობიერების ვიბრაციის დონეები. გადახედე ადამიანებს ქუჩაში... დააკვირდი მათ სახეებს და შენ დაინახავ არა ბოროტ და კეთილ ან ჭკვიან და სულელ ადამიანებს არამედ ადამიანებს, რომლებსაც განვითარებული ან განუვითარებელი მენტალური და ასტრალური სხეულები აქვთ. ისინი უბრალოდ სხვადასხვა ევოლუციის საფეხურზე დგანან. ადამიანებს რომლებიც ცხოველების დონეზე ცხოვრობენ და მათი მთავარი საზრუნავი ჭამა და სქესობრივი კავშირია, მენტალური სხეული „ენერგეტიკულ მენტალურ დონეზე“ (იხ. ნახ. 10. გ) აქვთ. მათ, ვისაც ამბიციები, კარიერისა და ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებს, მენტალური სხეული „ვნებების და სურვილების დონეზე“ (იხ. ნახ. 10. გ.) აქვთ. არც მაღალი ინტელექტია განვითარებული მენტალის მაჩვენებელი. როგორც სქემაზეა გამოსახული, მხოლოდ მე-5, ანუ „სულიერი მენტალური დონის“ მიღწევისას მყარდება კავშირი სულიერ ტრიადასთან. ამ დონეს ხანდახან „ბრძენ გულს“ უწოდებენ. ეს ჯერ კიდევ არ არის სულიერი სამყაროების სრულყოფილი „ხედვა“ არამედ უფრო „გულიდან“ (სინამდვილეში „უმაღლესი მე“-დან) მომდინარე ინტუიციური სიბრძნე და საკუთარი უკვდავი სულის აღქმაა. მე-6 და მე-7 დონეზე ბუნებრივად იხსნება „ხედვა“ ანუ მე-3 თვალი. შენ გქონდა ამ დონეების აღქმის გამოცდილებები, მაგრამ ძალიან ხანმოკლე და არამყარი. თუმცა მაინც შეგიძლია რაღაც-რაღაცეები გაიხსენო. როდესაც მე გთხოვე მამა ღმერთის მიმართ გელოცა, მიუხედავად შენი ქაოტური მიდებ-მოდებისა (ეღიმება) და გარეშე დახმარებისა (როგორც ჩანს საკუთარი თავი იგულისხმა), შენ გქონდა ერთი შეგრძნება რომელიც მინდა რომ აღწერო.

მე მივხვდი რას გულისხმობდა. ეს შეგრძნება ლოცვის დროს მოვიდა როგორც ვიზუალური სურათი. ის წამიერი იყო და მალევე დამავიწყდა. შევეცადე იგი მეხსიერებაში აღმედგინა:

- მე დავინახე... თითქოს ქრისტე დავინახე გაშლილი ხელებით. ის დედამიწას გადმოყურებდა, და მისი ამობრუნებული ხელის მტევნებიდან სინათლის ნაკადები ადამიანებზე იღვრებოდა. და თითქოს მისი სიტყვები მესმოდა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ...“

- რა იგრძენი, გაიხსენე...

- თითქოს მე და ის ერთი ვიყავით და მე მისი თვალებით ვხედავდი...

- და რა დაინახე?

- თითქოს ქვევით დედამიწაზე ყველაფერი ერთდროულად თანაარსებობდა. ის რაც მოხდა, არის და მოხდება ერთად იყო... რომ ყველაფერი რაც ცხოვრებაში გადამხდა, კარგი თუ ცუდი, ყველა ადამიანი ვინც ცხოვრებაში შემხვდა, კარგიც და ცუდიც, ერთად იყვნენ და ყველა ძვირფასი იყო ჩემთვის...

- რატომ?

- იმიტომ რომ ჩემი იყო! იმიტომ რომ მე ვიყავი!

- კარგად დაიმახსოვრე ეს აზრი და კარგად დაიმახსოვრე ეს გრძნობა, რადგან შენ მაშინ ღმერთის ცნობიერებას შეეხე! წამით, გაკვრით, მაგრამ შეეხე! სწორედ ამ დონეზე... ცნობიერების, თუ გინდ სულის ამ დონეზე ქრება ბოროტი და კეთილი! ის აღარ არსებობს რადგან ყველა და ყველაფერი შენია... ანუ მისია... და ეს ერთი და იგივეა, როცა შენი სულის თვალებით ღმერთი იყურება!

მე:

- მე სულ იმას ვფიქრობ... მაინც როგორ მოხდა „ედემის“ დაკარგვა, ანუ სხვა სიტყვებით ადამიანის მიერ სულიერ ტრიადასთან კავშირის გაწყვეტა. ესე იგი როდესღაც იყო ცივილიზაცია, სადაც ადამიანები „ედემში“ ცხოვრობდნენ, ანუ მათ „სულიერი თვალი“ ჰქონდათ ახელილი და ისინი თავიანთი რეალობის დემიურგები იყვნენ?

მიქაელი:

- არა. ეს კაცობრიობის ევოლუციური დანიშნულებაა, რომელსაც მან მომავალში უნდა მიაღწიოს. ეს დრო რომ დადგება კაცობრიობა ერთ „სხეულად“ შეიკვრება. აღარ იქნება დისკრეტული, თავდაცვაზე და გადარჩენაზე ორიენტირებული ეგოები. ერთი მთლიანი იქნება, რომელიც ამავე დროს ინდივიდუალობებისგან იქნება შემდგარი. მხოლოდ ასეთი სიმთელის შემთხვევაშია შესაძლებელი იყო საკუთარი რეალობის დემიურგი. გარდა ამისა, განა შესაძლებელია მენტალური ველის ჩასახვისას, ეგრევე მის ბოლო ინსტანციაში გადახტე? როგორც ბავშვი ჯერ მიამიტი, უბრალო არსებაა და მხოლოდ ასაკთან ერთად ინვითარებს გონებრივ უნარებს, ასევე კაცობრიობა ინვითარებდა მენტალურ ველს. და სანამ მე-5 და უფრო მაღალ მენტალურ დონეებამდე მიხვალ, შესაბამისად უფრო დაბალი დონეებია გასავლელი. სწორედ ის დონეები, რომელზეც არსებობს სიკეთე და ბოროტება და არჩევანი მათ შორის. სწორედ არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ განაპირობებს სულის ევოლუციას, ხოლო საპირისპირო არჩევანი მას აფერხებს. სწორედ ამ „ბოროტება/სიკეთის“ სტადიაზე ჩნდება კარმა, რომელიც აუცილებელია ძალთა დასაბალანსებლად (კარმა არ მოქმედებს ცხოველებისთვის და არც უმაღლესი ანგელოზებისთვის. ის მხოლოდ თავისუფალი ნების პირობებში არსებობს) და ადამიანის სწორი „ცხოვრებისეული მისიის“ გზაზე (ანუ იმ გზაზე, რომელიც მისი ევოლუციისათვისაა ოპტიმალური) დასაბრუნებლად. მაგრამ... მაგრამ ადრე, როდესღაც, როგორც უკვე მოგიყევი იყო მდგომარეობა დედამიწაზე, როდესაც სულთა ევოლუციისთვის ოპტიმალური პირობები იყო შექმნილი. ამ დროს მენტალური ველი სწრაფად და ეფექტურად ვითარდებოდა, სწორედ იმართებოდა და ბევრი ადამიანი გადიოდა სამსარის ბორბლიდან. დედამიწის ჯამური ვიბრაციული ფონი მაღალი იყო, რაც ადამიანების ბედნიერების მაღალ დონეზე მიუთითებდა, თუნდაც მათი მენტალური საფეხური დაბალი ყოფილიყო. ისინი თითქოს უმწიკვლო ბავშვებს ჰგავდნენ, რომლებიც სწრაფად და წარმატებულად სწავლობდნენ. ამ დროს უმაღლეს არსებებს ადამიანებთან ტელეპატიური ურთიერთობა და დროებით განსხეულებაც კი შეეძლოთ. ადამიანის სულის ევოლუციის ოპტიმალური პირობებია ის პირობები, რომელიც სხვა დანარჩენი სამი განზომილებისთვისაა ოპტიმალური, რადგან ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამ კავშირის, ამ ერთიანობის ხედვაა რაც დაიკარგა უკანასკნელი ათასწლეულების მანძილზე. ადამიანი ვერ განვითარდება თუ დაიჩაგრნენ „მცენარეულ“, „ცხოველურ“ ან თუნდაც „მინერალურ“ განზომილებათა არსებები. დედამიწა ერთი მთლიანი ორგანიზმია. აი, ეს ოპტიმალური გარემო იყო, რაც დაიკარგა და რაშიც არქონტებს მიუძღვით წვლილი. შექმნეს თუ არა არქონტებმა მატერიალური სამყარო და არის თუ არა ის იმთავითვე მანკიერი, როგორც გნოსტიკოსები ფიქრობდნენ? არა. ყველა სამყარო ღმერთის შექმნილია, მისი შუამავალი ძალებით და იერარქიის სხვადასხვა წარმომადგენლებით. არქონტები უბრალოდ ის არსებები არიან, რომლებიც დაეპატრონნენ მას და კაცობრიობის ვიბრაციის სიხშირეს დაბალ დონეზე ინარჩუნებენ, რის შედეგადაც ის სულის იპოსტასისგანაა გათიშული და შესაბამისად მანკიერი რეალობა იქმნება. ამ ფაქტს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ამჟამინდელი თქვენი რეალობის „დემიურგი“ მანდვილად მანკიერი არსებაა. მას გნოსტიკები იალდაბაოფს ეძახდნენ, ხოლო სხვადასხვა კულტურები „ამ სამყაროს განმგებელს“ (რუს. Князь мира сего). ეს არსებები კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან თქვენი ისტორიის ასპარესზე და უნდა იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე! გახსოვდეს ტექნოგენური პროგრესი არ ნიშნავს სულიერ პროგრესს!

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff