ქრისტესთან შეხვედრა
2013. წელი. (9 აგვისტო). წერაქვი. ქრისტესთან შეხვედრა
„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ . . . ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).
ეს დღე ჩემთვის გარდამტეხი გახდა...
ესე მოხდა რომ ჩემს ძალიან ახლო და საყვარელ მეგობარს ბიჭი გაუხდა ავად. ფსიქიური პრობლემები შეექმნა და მთელი ოჯახი საშინლად განიცდიდა ამ მძიმე და ძნელად დასაძლევ სენს. ზაფხული იყო და ბავშვებთან ერთად აგარაკზე ვიყავი წასული ერთ ღმერთისგან და ადამიანებისგან მივიწყებულ ადგილას, რომელსაც წერაქვი ჰქვია. სწორედ ეს მოშორება ე. წ. ცივილიზაციისგან მხიბლავდა ამ სოფელში ყველაზე მეტად. აქ სულიერ და ფიზიკურ ძალებს ვიღდგენდი.
ჩემი დაკვირვებით სწორედ დემონური არსებებით შეპყრობა იწვევდა ადამიანში ფსიქიურ პრობლემებს. რადგან ამ დროისთვის უკვე კარგად მქონდა ნასწავლი ადამიანების აურაში დემონური არსებების აღმოჩენა, ერთ საღამოს, როდესაც ყველამ დაიძინა და გარშემო ფიზიკური და სულიერი სიჩუმე დამკვიდრდა, გადავწყვიტე შევსულიყავი „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში და დამენახა ამ ბიჭის სულიერი სხეული. უხილავი ძაფი გავავლე მე და მას შორის და უმალ ვიგრძენი ნაცნობი დემონური ენერგიები. მე ისინი „დავინახე“ და მათ მე. სამწუხაროდ სხვანაირად არ გამომდიოდა. მათგან მაშინვე მუქარა წამოვიდა რომ არ ჩავრეულიყავი, მაგრამ მე ავტომატურად ლოცვა დავიწყე და ცეცხლოვანი ლოცვის ენერგია მათი ბოგირის შუაგულში მივმართე. ვიცოდი, რომ ბევრს ვერაფერს გავხდებოდი და ჩემს ისედაც დაცლილ ენერგიას კიდევ უფრო დავკარგავდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. იესოს ლოცვას ვიმეორებდი, რამდენიმე საათი სანამ არ ვიგრძენი რომ მეძინება. ძილსა და სიფხიზლეს შორის სივრცეში აღვმოჩნდი. სწორედ ამ მდგომარეობაში ვხვდები ხშირად, როდესაც ტვინის რაღაც ნაწილი თითქოს იძინებს და რაღაც ნაწილი კი სრულიად ფხიზლადაა და კიდევ უფრო მეტი სიმკაფით აცნობიერებს ყველაფერს რაც გარშემო ხდება. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იწყებ ნათლად სულიერი მოვლენების „ხედვას“ და სულიერ არსებებთან კონტაქტში შესვლას. ასე თანდათან გადავედი კონტროლირებად სიზმარში და დავინახე, რომ ჩემ წინ ვეებერთელა საშინელი ეშმაკი დგას. როგორც წესი ეშმაკებს ადამიანური გარეგნობით ვხედავდი, უბრალოდ აურით და თვალებით ვხვდებოდი ვინც იყვნენ, მაგრამ ამჯერად ჩემ წინ იდგა ეშმაკი სრული ატრიბუტებით. ანუ ეშვებით, რქებით და ჩლიქებით. ეხლა მეცინება ამის გახსენებაზე, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა. ახლაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რათ უნდათ ეშმაკებს რქები და ჩლიქები, ან ანგელოზებს ფრინველის ფრთები? ისინი ხომ ისედაც დაფრინავენ, ანუ სწრაფად გადაადგილდებიან სივრცეში, რადგანაც სულიერი განზომილები სხვა კანონებს ემორჩილება. მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ არსებების შესაბამისი ატრიბუტებით ვიზუალიზაციას ჩვენი ტვინი აკეთებს, ამოაქვს რა ეს არქეტიპები ჩვენი ქვეცნობიერიდან. რადგან ჩვენი ტვინი არ არის მიჩვეული სულიერი განზომილების აღქმას, ის ამ განზომილებიდან მიღებულ ინფორმაციას ნაცნობ ფორმებში ასხავს ხორცს, ანუ ვიზუალიზაციას უკეთებს. როცა სულიერი განზომილებიდან მოდის ინფორმაცია რომ შენ წინაშე დემონური არსებაა, ტვინი მას ნახევრად ადამიანის, ნახევრად ცხოველის და განსაკუთრებით მტაცებელის იერსახეს აძლევს.
ჩემ წინ დემონური არსება იდგა. ეგრევე შევაფასე მისი სიძლიერე და კიდევ უფრო შემეშინდა. უფრო იმის შემეშინდა რომ ჩემი შერყეული რწმენის გამო ქრისტე აღარ დამიცავდა და ამ საშინელი მონსტრის წინაშე მარტო დავრჩებოდი. ეშმაკმა მშვიდად მომმართა:
- ადრე თუ გვიან შეწყვიტავ ლოცვას და მაშინ მე იმას წაგართმევ რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია!
ეს მუქარა იმდენად საზარლად ჟღერდა, რამდენადაც მშვიდად იყო წარმოთქმული. მაშინვე შვილებზე და მეუღლეზე გამეფიქრა. შვილები დედაჩემთან იწვნენ და დედაჩემის აურით იყვნენ დაცულები. ეს დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ ქმარი გვერდით არ მყავდა და ავნერვიულდი. ვცდილობდი ლოცვა არ შემეწყვიტა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მითრევდა ძილი და სიტყვები მერეოდა... ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას, ეშმაკი კი იდგა და მელოდა. ძილბურანში ვიგრძენი თითქოს ვიღაც მხარზე მანჯღრევდა და მიმეორებდა - არ დაიძინო!.. არ დაიძინო!... ძალები მოვიკრიბე და სიზმრიდან გამოვერკვიე.
გავიღვიძე. ეშმაკს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მის სიახლოვეს ვგრძნობდი. ოთახში მარტო ვიყავი. ვიწექი და ნახევრადდაფარულ ფანჯარაში ღამის ცაში შეჭრილ ნამგალა მთვარეს ვუყურებდი. გულზე მძიმე ლოდივით მედო საკუთარი უძლურების განცდა და ქრისტეს შევჩივლე. არ მახსოვს რა სიტყვებით მივმართე, მაგრამ უეცრად ძალიან მკაფიოდ ვიგრძენი როგორ გაიფანტა ბნელი ენერგიები და ჩემშიც და გარშემოც საოცარი სიმშვიდე დამკვიდრდა. სიმშვიდე და სიჩუმე... შინაგანი, ძალიან ღრმა, სულის სიღრმემდე ჩამწვდომი აბსოლუტური მდუმარება, როგორც ქარჩამდგარი უმოძრაობით მოსარკული ოკეანე სადაც არც ნიავი იძვრის, არც რაიმე მცირედი ტალღა! ამ სულისჩამწვდომელ სიჩუმეში, სრულ და მკაფიო გონებაზე გამეხსნა სულიერი ხედვა და ჩემ წინ ჩამომჯდარი ქრისტე დავინახე. მას თეთრი ტანისამოსი ეცვა. ხელები მუხლებზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და მშვიდად მიყურებდა. სრული სისავსით ვიგრძენი, რომ რასაც ვხედავ აბსოლუტურად და უპირობოდ რეალურია! მეტიც, რატომღაც უფრო ნამდვილი და რეალურია ვიდრე ის, რასაც ჩვენს რეალობას ვეძახით. ჩვენი რეალობა უფრო ილუზორულად მომეჩვენა, ვიდრე ის რასაც ვხედავდი! ჩემში მღელვარება არ აღძრულა. პირიქით, სულიერი დუმილის მდგომარეობაში მყოფს ტელეპატიურად ჩამესმა მისი ხმა:
- მე მოვედი, რომ კითხვებზე პასუხი გაგცე!
არასდროს არ დამავიწყდება ეს სიტყვები. რადგან ვინ იყო ის და ვინ ვიყავი მე და მაინც მოვიდა ჩემთან რომ კითხვებზე პასუხი გაეცა! მოვიდა, როგორც თანაბართან და მე მას ისე ცხადად ვხედავ როგორც ოთახს ჩემ გარშემო, თუმცა იმასაც ვხედავ რომ ის არამატერიალურია და ამ სამყაროს ნაწილი არაა. უეცრად ვიგრძენი რომ ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, რომ მისთვის გაშლილი წიგნივით ვარ, ჩემი სულის ვერც ერთი კუნჭული ვერ დაიფარება მისი მზერისგან და ჩემი კითხვა თავისით, დაუფიქრებლად და ასევე უსიტყვოდ აღმოცენდა:
- რამდენი ადამიანი შეიძლება აიღო საკუთარ თავზე?
-რამდენსაც შეიყვარებ ისე როგორც შენი ქმარი გიყვარს, იმდენს აიღებ. მთელს კაცობრიობას შეიყვარებ - მთელს კაცობრიობას აიღებ.
უეცრად გავაცნობიერე რომ თავის თავს გულისხმობდა. გავაცნობიერე რომ ნამდვილი სიყვარულია ის ძალა რომელიც ადამიანებს და მათ ბედს ერთ სივრცეში აერთიანებს. სხვისი ბედი შენი ბედი ხდება, სხვისი უბედურება შენი უბედურება, სხვისი ცოდვა - შენი პასუხისმგებლობა და ამ ცოდვის უკუგების ტანჯვა ნებაყოფლობით შეგიძლია გაიზიარო რომ შენს საყვარელ ადამიანს ტვირთი შეუმსუბუქო. ეს საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა ქრისტეს გზაა რომლიც თითოეულმა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა გაიაროს, სხვა ადამიანები აიღოს როგორც ჯვარი თავის თავზე და საკუთარ ცოდვებთან ერთად სხვისი ცოდვებიც იტვირთოს.
ჩემ გულში ჩავიხედე და მივხვდი როგორი მწირია ჩემი სიყვარულის უნარი. არც ისე ბევრი ადამიანი ვიპოვე ვის მიმართაც ნამდვილ სიყვარულს ვგრძნობდი და მაშინ შემრცხვა ჩემი თავის. მაგრამ ქრისტე იჯდა და მელოდა. და მე ის ვკითხე რაც ყველაზე მეტად მაღელვებდა:
-კაცობრიობა წარუმატებელ ექსპერიმენტს ჰგავს. რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ასეთი მოცემულობით? მეც კი, რომელსაც თანდაყოლილად სულიერი სამყაროს შედარებით ნატიფი აღქმა მაქვს, ვერ მომდის გულში ღმერთის შეგრძნება და ჩვეულებრივ ადამიანებზე რა ვთქვა. ბრმებს მიყავთ ბრმები და ვარდებიან ორმოში. მე ვერ ვხედავ გამოსავალს. რა საჭიროა სატანჯველად განწირული კაცობრიობის არსებობა? როგორ უნდა მიყვარდეს ღმერთი?
ამ კითხვებზე პასუხი მაშინვე არ მიმიღია. პატარა პაუზის მერე ვიგრძენი, რომ ჩემს ცნობიერებას რაღაც ემართებოდა. თითქოს ფართოვდებოდა და ზევით იწეოდა. ამავე დროს ფიზიკურად იგივე ადგილას ვრჩებოდი. ისევ ვხედავდი ოთახს, ფანჯარას და ნამგალა მთვარეს. და ამავე დროს ჩემი სული თუ ცნობიერის რაღაც ნაწილი ზევით მიიწევდა. სრული შეგრძნება მქონდა რომ ეხლა ჩვენს პლანეტას ზევიდან გადმოვხედავ, მაგრამ რაც ზევიდან ქვევით დავინახე იყო ვრცელი ბნელი სივრცე. ბნელი არა იმიტომ რომ ღამე იყო, არამედ იმიტომ რომ ბნელი იყო! მასზე თავჩაქინდრული, ბნელი ფიქრების ღრუბლებით გარშემორტყმული ადამიანები მოძრაობდნენ. წამიერად შევავავლე ამ სივრცეს თვალი და მივხვდი რომ ეს ჩვენი მატერიალური სამყარო იყო „ზეციური“ განზომილებიდან დანახული. სასაცილო ისაა რომ დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ დედამიწა ბრტყელია და მათ რათქმაუნდა ყველა დასცინის. როგორი სამწუხაროა რომ მათ არ იციან თავისი სიმართლე! ჩვენი მატერიალური სამყარო შიგნიდან აღიქმება როგორც სამგანზომილებიანი სივრცე, თავისი მრგვალი დედამიწით და ციური სხეულებით, მაგრამ ზეციური განზომილებიდან, მატერიალური განზომილება აღიქმება სწორედ როგორც სიბრტყე! სამყაროს აღქმა როგორც ჩანს დამოკიდებულია დამკვირვებლის სენსორულ მდგომარეობაზე და დაკვირვების რაკურსზე. არ ვიცი მეტი უკეთესად როგორ ავხსნა ის რაც დავინახე.
ის განზომილება, რომელშიც აღვმოჩნდი აღიქმებოდა როგორც ცისფერი სივრცე. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასე აღიქმებოდა. მე ვიგრძენი, რომ ქრისტეს უნდოდა გავცდენოდით ამ სივრცეს და კიდევ ზევით ავსულიყავით, მაგრამ მე შევჩერდი. ძალიან დამაინტერესა სად ვიყავი. გარშემო არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ცნობიერების მდგომარეობა, რომელშიც საოცარ სიხარულს გრძნობ არაფრისგან, უბრალოდ იმისგან რომ არსებობ! საოცარი შეგრძნებაა იყო ბედნიერი იმისგან რომ არსებობ. ამ დროს არაფერი გჭირდება, არაფერი გინდება. ეს სულის ნეტარი მდგომარეობაა. ამ მდგომარეობაში იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს რომ ხვდები - ესაა შენი ბუნებრივი მდგომარეობა და არა ის როგორშიც ამჟამად ყველანი ვარსებობთ. ამავე დროს მატერიალური სამყაროს აღქმა არაფრით დაქვეითებულა. ყველაფერს ისევე ვხედავდი და აღვიქვავდი როგორც ადრე. როგორც ჩანს ამ დამატებითი, სულიერი განზომილების აღქმა ადამიანის ტვინისთვის და გონებისთვის სრულიად კომფორტული და ბუნებრივი მოვლენაა. მხოლოდ ჩვენ რაღაც მიზეზების გამო მოკლებულები ვართ ამ აღქმას. იქნებ ეს არის სამოთხე, რომელიც ადამიანმა დაკარგა? ცათა სასუფეველი, რომელზეც მაცხოვარი ამბობს რომ ჩვენშია. რადგან ამ ზეციური განზომილების აღქმის ბედნიერებით ადამიანს აღარ დაჭირდება გარეშე სამყაროდან ნივთების ან მოვლებების მოზიდვით ბედნიერების გამოწვევა. თანაც ყველანაირი, მატერიალურ ნივთთან დაკავშირებული ბედნიერება დროებითია. ეს კი ულევი ბედნიერების წყაროა. გონების და სულის მდგომარეობაა როცა არაფერი გჭირდება, რადგანაც ბედნიერი მხოლოდ იმიტომ ხარ რომ არსებობ. ცნობიერების ამაღლების გარეშე ამ მდგომარეობის მიღწევა შეუძლებელია.
მაგრამ ეს ცისფერი სივრცე მთლად ცარიელი არ აღმოჩნდა. აქ მივიღე პასუხი იმ კითხვაზე რაც ქრისტეს დავუსვი. ამ სივრცემ პასუხი გამცა. ძნელია იმის გადმოცემა რასაც ასეთ განზომილებებში აღიქვავ, რადგანაც ეს უფრო შეგრძნებაა ვიდრე ხედვა. უეცრად ვიგრძენი, როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი. ალბათ ის რასაც ვხედავდი სიმბოლური იყო, რადგან მერეც ცოდნა რომელსაც სულიერი განზომილებიდან მასწავლიდნენ ყოველთვის სიმბოლოების სახით იყო წარმოდგენილი. „დავინახე“ როგორ ამოიღო ღმერთმა გულიდან რაღაც რაც მისი ნაწილი იყო და ადამიანი ერქვა. ამ ქმნილებაში მან სათუთად ჩადო საკუთარი თავი, როგორც უსაზღვრო სიყვარული და მე ეს სიყვარული ვიგრძენი - ღმერთის სიყვარული ადამიანის მიმართ! მან ადამიანს თავისი თვისებები მიანიჭა - შემოქმედების უნარი და თავისუფალი ნება. მერე ხშირად მიფიქრია, რატომ დავინახე ღმერთი, რომელიც ჩემი აღქმით აბსოლუტია და „ყველაფერი ყველაფერშია“ ადამიანის სახით? იოგის მასწავლებელმა მაგაზე როგორც ჩანს სწორი პასუხი გამცა - სხვანაირად შენ ამ პროცესს ვერ გაიგებდიო. იქიდან რაც „დავინახე“ მთავარი გზავნილი იყო ღმერთის სიყვარული ადამიანის მიმართ და მისი უხილავი თანაზიარება თითოეული ადამიანის ცხოვრებასთან. მე დავინახე რომ ის როგორც ჩვენ შიგნით, გულის ნაწილშია, ასევე ჩვენ გარეთ და ჩვენს თითოეულ განცდას, ტანჯვასა თუ სიხარულს თვითონაც განიცდის. ადამიანი მარტოსული არ არის, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ამჟამად ეს კავშირი ცალმხრივია.
ქრისტეს შევხედე და დავინახე როგორ იღიმოდა. ეს სახე ნიშანდობლივ დამამახსოვრდება და შემდეგ დავხატავ კიდეც. მეგობრები ამ ნახატს „გაღიმებულ ქრისტეს“ დაარქმევენ.
მეც უსაზღვრო სიხარული განვიცადე და გამეღიმა. ძალიან მომინდა ჩვენ სამყაროშიც მეპოვა რამე ამ გრძნობასთან მიახლოვებული და ჩემი შვილები გამახსენდა. ქრისტეს ვუთხარი:
- ჩვენც ვიცით ასეთი სიხარული... როდესაც შენი პატარა შვილი პატარა ხელებით გეხვევა და მოუხერხებლად ცდილობს გაკოცოს, ესეთივე ბედნიერების გრძნობა გიჩნდება.
უეცრად „დავინახე“ როგორ წამოვიდა ჩემ გარშემო თოვლი. ეს თოვლიც ნატიფ სულიერ მატერიას ეკუთვნოდა და ჩემი ემოციის მატერიალიზაციას წარმოადგენდა. თოვა ხომ ჩემ ცნობიერებაში სიხარულთან არის დაკავშირებული.
- ეს თოვლი მე შევქმენი, ხო? - შევეკითხე ღიმილით, მაგრამ თავადაც ვიცოდი პასუხი და მაშინ მომივიდა თავში აზრი, რომელიც მაშინვე ვკითხე.
- თუ ემოციები და ფიქრები ენერგიაა, ესე იგი ჩემ მიერ გამოგზავნილი სიხარულის და ბედნიერების ენერგიები, შენ შეგიძლია მიიღო ჩემგან როგორც ერთგვარი ლოცვა? ესე იგი სწორედ ვიქცეოდი მთელი ეს წლები?
ქრისტეს ძალიან გაუხარდა და თუ შეიძლება, რომ ტელეპატიურ საუბარში იხმარო სიტყვა „ხმამაღლა“, სწორედ ხმამაღლა მითხრა - „კი“! ვიგრძენი, რომ ძალიან უნდოდა მისი „კი“ გამეგონა, რადგანაც ამ საკითხს მნიშვნელოვნად თვლიდა.
მისი ეს პასუხი ერთგვარ მინიშნებად და დავალებად აღქვიქვი და გამიხარდა რომ მისგან დავალება მივიღე - დავალება ლოცვაზე!
ამ ფიქრებში დავეშვი უკან, ჩვეულ განზომილებაში. გარეთ ისევ ანათებდა ბრდღვიალა მთვარე. მე ძილი მომერია და ვეღარ შევეწინააღმდეგე მას. ვგრძნობდი, რომ მეძინებოდა და ქრისტე იქამდე იჯდა ჩემ გვერდით, როგორც მზურველი მშობელი უზის შვილს სასთუმალთან... სანამ არ დამეძინა.
დილით სხვა ადამიანად გამეღვიძა.
სულიერ იერარქიასთან დამოწაფება
იმ დღიდან ვიგრძენი, რომ ბევრი შეიცვალა. ვიგრძენი რომ აღარ ვარ მარტო. ამ გამოცდილებით ისეთი ცოდნა მივიღე, რომ მეგონა აწი აღარაფერი შემაშინებდა, რადგან ვიცოდი რომ ღმერთი არსებობს, ქრისტე არსებობს და სადღაც სახლი გაქვს, სადაც უნდა დაბრუნდე, სადაც მუდმივი ნეტარების შეგრძნებაა და დაცული და ბედნიერი ხარ, მომავალი აღარ გაშინებს და ცხოვრება ახალ, განსაკუთრებულ აზრს იძენს. იმ დღიდან დემონურ არსებებს აღარ შევუწუხებივარ და ჩემმა სულიერმა ხედვამ ახალ, ამაღლებულ სამყაროებში გადაინაცვლა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოხდა. ნელ-ნელა მასწავლიდნენ ორ პარალელურ განზომილებაში ერთდროულ თანაარსებობას. ეგრევე მივხვდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულიერი სამყაროს ისეთი მკაფიო ხედვა როგორიც უფალმა მაშინ მომანიჭა დამეხშო, მაგრამ ვიცოდი რომ საზღვარი განზომილებებს შორის რეალურად არ არსებობს. ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემი ცნობიერების მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ერთხელ თუ შევძელი ქრისტესთან ტელეპატიური კავშირი, კიდევ შევძლებ. ეს აზრი არ მასვენებდა და ყოველ დღე ვევედრებოდი, რომ არ გაეწყვიტა ეს კავშირი ჩემთან. ალბათ გავკადნიერდი, მაგრამ სხვანაირად ვერ წარმომედგინა და მოსწავლედ აყვანას ვევედრებოდი.
ამ ამბავზე ვერავის ვერ მოვუყევი, რადგან ვიცოდი რომ არ დამიჯერებდნენ და ვგრძნობდი, რომ არც უნდა მომეყოლა. ქრისტე თითქოს ერთგვარად მცდიდა. პირველი ერთი წელი ტელეპატიურად მიგზავნიდა მოკლე მითითებებს, რომლებსაც ხან სიზმრებში ვხედავდი სიმბოლოების სახით, ხან ცხადში „მესმოდა“. ეს ერთგვარი აზრების „გაგონება“ არის ძალიან ნატიფი სენსორული აღქმა, როცა თავში აზრი მოდის, რომელსაც გამომგზავნი პიროვნების ინდივიდუალური ენერგია მოყვება. დაახლოებით იგივეა, როდესაც ადამიანის ხმა გესმის, მაგრამ ვერ ხედავ მას. ხმას ცნობ ბგერის ვიბრაციის სიხშირით, რომელიც ამ ხმის გამომცემის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ასევე ცნობ „გამოგზავნილ ტელეპატიურ ფიქრს“, რომელსაც ასევე გამომგზავნი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ვიბრაციის სიხშირე აქვს. ტელეპატიურმა ფიქრმა შეიძლება ვიზუალიზაციაც მოახდინოს, როგორც ერთგვარი „სიზმარი ცხადში“. ამისთვის საჭირო იყო „შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში“ შესვლა, რომელიც ჩემთვის არავის უსწავლებია, მაგრამ რატომღაც ბუნებრივად გამომდიოდა. ბავშვობიდანვე გამომდიოდა, ოღონდ ქრისტესთან შეხვედრამდე ამ მდგომარეობაში იმ სულიერ განზომილებაზე გავდიოდი, სადაც ძირითადად დემონური არსებები და ბნელი ასტრალური წარმონაქმნები ბინადრობდნენ. ტელეპატიური ფიქრების მიღებისთვის განსაკუთრებული გარემოებებია საჭირო. ერთ-ერთი გარემოება „სუფთა“ ადგილას ყოფნაა. სოფელი წერაქვი სწორედ ასეთი მადლიანი ადგილი იყო. დიდ ქალაქებში, ტელეპატიურ აღქმას ხელს უშლის ერთგვარი მუდმივი „ხმაური“, რომელსაც ხშირად შავი ქარის სახით ვხედავდი. ხანდახან უცნობი ადამიანების ქაოტური აზრები ირეოდნენ თვალწინ. ამიტომ, როცა თბილისში ვიყავი, ღამით 4-5 საათზე ვიღვიძებდი და მაშინ, როცა ყველას ეძინა და გარემო შედარებით „სუფთა“ იყო, ვცდილობდი სულიერ სამყაროსთან დაკავშირებას. ამ დროს ფიზიკური სმენაც ძალიან მძაფრდება და მცირე მოულოდნელი ხმაური ძალიან ძლიერად გირტყავს თავში. როგორც ჩანს ნერვული სისტემა უკიდურესი დაძაბულობის მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობაში მატერიალური სამყაროს ხმებს არა მარტო ყურთასმენით, არამედ ხელის გულებითაც კი აღვიქვავდი, რაც საკმაოდ არასასიამოვნო გრძნობა იყო. ამ შეგრძნებებს მაშინვე გამოვყავდი „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობიდან, ამიტომ სიჩუმე ძალიან მჭირდებოდა.
ამ წელს მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ჩემი სული და თავისუფალი ნება ქრისტეს და მისი შუამავლობით ღმერთს ჩავაბარე. ეს თხოვნა სამჯერ ხმამაღლა გავიმეორე. ეხლა ვხვდები როგორ ინტუიციურად ვაკეთებდი ყველაფერს და როგორ ლოგიკურ თანმიმდევრობაში გადაიზარდა შემდგომი მოვლენები. როგორც მერე მივხვდი სულიერი ევოლუციის დაჩქარება სულიერი სამყაროდან დახმარების გარეშე შეუძლებელია. სულიერი იერარქიის არსებები მუდმივ მზადყოფნაში არიან ადამიანის დასახმარებლად, მაგრამ არსებობს ორი ხელშეუხებელი კანონი: 1. ვერ დაეხმარებიან ადამიანს სრული დატვირთვით თუ ამაზე თვითონ ადამიანის კეთილი ნება არ არის და 2. დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეს ადამიანის სულიერ განვითარებას უწყობს ხელს, ვინაიდან ჩვენი, ადამიანების აქ, მატერიალურ სამყაროში ყოფნის აზრი მხოლოდ ესაა და მეტი არაფერი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა თხოვნები ძირითადად მატერიალური კეთილდღეობის მიღებაზე ან პრობლემების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული და სულიერ განვითარებას ხელს არ უწყობს, მსგავსი თხოვნები ძირითადად არ სრულდება. მაგრამ თუ ადამიანი თავისი კეთილი ნებით საკუთარ სულზე მფარველობას უზენაესს ჩააბარებს, ნათელ ძალებს ადამიანის კარმაში, ანუ ბედში, მეტი ჩარევის უფლება ეძლევათ. მეტიც, ადამიანის კარმა ჩქარდება მეტი გასაჭირის შემოტევის სახით, რადგანაც თუკი იქამდე იგი მარტო იყო, ამ შემთხვევაში მას ძლიერი დამხმარე ჰყავს გვერდში იმ სულიერი არსების სახით, ვისაც საკუთარი თავის ზედამხედველობა ჩააბარა. გარეგნულად ასეთი გარიგების შედეგი ერთის შეხედვით ცხოვრების ხარისხის გაუარესებაში ვლინდება. ადამიანის კარმის აღმოფხვრის გეგმა თითქოს ხელახლა იწერება და მას უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა ატყდება თავს. და აქ კიდევ ერთხელ უნდა გამოვლინდეს ადამიანის მზადყოფნა ნეთელ ძალებთან თანამშრომლობისთვის და თავისი სულიერი წინამძღოლის უდიდესი და უპირობო ნდობა.
ნათელ ძალთა იერარქიაში სულიერი წინამძღვრის შერჩევისას თითოეულმა ადამიანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და ის სული შეარჩიოს ვისთანაც მეტ სულიერ სიახლოვეს გრძნობს. ეს შეიძლება ვინმე წმინდანი იყოს, ღვთისმშობელი მარიამი, თავად მაცხოვარი ან ვინმე სხვა ადამიანის რელიგიური მრწამსიდან და მისი სულიერი მიკუთვნებიდან გამომდინარე.
პირველი წელი მოსამზადებელი იყო. ქრისტე ხშირად მიგზავნიდა ტელეპატიურ გზავნილს თავმდაბლობაზე, რომ თუ ჩავთვლიდი საკუთარ თავს ვინმეზე აღმატებულად, ეგრევე წარმომედგინა თავი ყველაზე ღრმა ოკეანის ფსკერზე ქვიშაში ჩაფლულ თევზად, რომელზე დაბლა არავინაა. სასაცილო მეტაფორაა, მაგრამ ესეც ერთგვარი სულიერი ვარჯიში იყო.
ესე მოხდა, რომ ამ წელს გააქტიურდა მიქაელთან ურთიერთობაც და ისეთი გრძნობა მაქვს რომ სწორედ მაშინ ქრისტემ მიქაელს გადამაბარა, თუმცა ის ადრეც ყოველთვის გვერდში მედგა. მიქაელი მასწავლიდა ბნელი ძალების გაფანტვას გულის გამონათებით. როგორც ამიხსნა შეიძლება ორი ვარიანტის გამოყენება - ლოცვის ენერგიით ან გულის ნათებით, ანუ საკუთარი სულის ვიბრაციით, რაც უფრო მაღალ დონეს წარმოადგენს და ჩემთვის ეს უნდა ყოფილიყო მიზანი. ეს ჰგავს მთვარის და მზის ნათებას. მთვარეს საკუთარი ნათება არა აქვს და მზის სინათლეს იყენებს, მზე კი თვითონ არის მანათობელი სხეული. სხვისი (რომელიმე წმინდანის) ლოცვის გამოყენებით მის (ან ვის მიმართაცაა ლოცვა მიმართული) ენერგიას სესხულობ და იყენებ, ხოლო გულის ნათება შენი საკუთარი სულის უმაღლესი მდგომარეობაა. მასწავლიდა, როგორ უნდა მიაღწიო ამ ნათების სიმყარეს და სიწმინდეს. ბნელმა ძალებმა ვერ უნდა ნახონ შენ სულიერ სხეულში თავისი შესატყვისი დაბალი სიხშირის რხევები, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის სიხშირეზე გადაგიყვანენ, ერთგვარად შემოვლნენ შენში და სულის ნათელს ჩააქრობენ. სულიერ სიბრტყეში ეს პროცესები ენერგიების და ვიბრაციების მიმოცვლაა. მატერიალურ სამყაროში ეს ვლინდება როგორც შიშის, მრისხანების წარმოქმნა, შურისძიების სურვილი და სხვ. მიქაელმა მასწავლა, რომ ყველაფერი სამყაროში სხვადასხვა სიხშირის ტალღოვანი ენერგიების რხევებს წარმოადგენს. ალბათ კარგი ფიზიკოსი უნდა იყო, რომ ეს იდეები ბოლომდე გაიგო.
როგორც ამიხსნეს, იმის გამო რომ ერთ ცხოვრებაში ვერ შემექმნებოდა ყველა ის გარემოება რომელიც ნაკლოვანებების აღმოჩენისთვის, აღმოფხვრისთვის და სწავლისთვის იყო საჭირო, პროცესის დასაჩქარებლად ეს გარემოებები პარალელურად სხვადასხვა სცენარების და ცხოვრებისეული სიტუაციების სახით სიზმრებში შეიქმნებოდა, სადაც მე შესაბამისად უნდა მემოქმედა, მესწავლა და სულიერი თვისებები შემეძინა. ჩემი სიზმრები სიზმარხილვებში გადაიზარდა. ზოგიერთი სიუჟეტი სრულიად ფანტასტიკური იყო, მაგრამ სიზმარში ხომ ყველაფერი რეალობად აღიქმება. მაგალითად, ერთ-ერთი გაკვეთილის მიზანი იყო გამეგო თუ რატომ არის ცხოვრებაში ხშირად ბოროტი, დაბალი სულიერების ადამიანები დიდხანს და უდარდელად რომ ცხოვრობენ, კარგ ადამიანებს კი უამრავი განსაცდელი ხვდებათ წილ და ხშირად მალევე მიდიან ამ ქვეყნიდან. სწორედ ეს საკითხი ხშირად იწვევდა ჩემში აღშფოთებას და უსამართლობის განცდას. ზოგი ქრისტიანის მოსაზრებით ეს ხდება ღმერთის სადისტური სურვილით ადამიანის ტანჯვით გამოსცადოს მისი მედეგობა და ერთგულება. ამ მოსაზრების მოსმენისას, სულ ფაშისტი ექიმები მახსენდებოდნენ, რომლებიც ადამიანებზე ცდებს ატარებდნენ, რომ ენახათ მათი გამძლეობის ზღვარი. მე მგონი ღმერთის ასეთი წარმოდგენა უდიდესი მკრეხელობაა. ამაზე მეტი მკრეხელობა მგონი არც არსებობს საერთოდ. ასეთი წარმოდგენებია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეკლესიაში დომინირებს ის, ვისაც ღმერთის „ეშინია“ და არ ის ვისაც მიღწეული აქვს ისეთი ცნობიერების სიმაღლე, რომ ღმერთის სიყვარული შეძლოს. აქვე მახსენდება ერთი ქრისტიანი მოძღვარის კომენტარი ამ საკითხზე. როდესაც მას მრევლის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა, რატომ უნდა ეშინოდეს ღმერთის თუ ღმერთი სიყვარულია და მისი საპასუხოდ შეყვარება შეიძლება? რაზეც მოძღვარმა შემხვედრი კითხვა დაუსვა - გულწრფელად მითხარი, ღმერთი უფრო გიყვარს თუ შენი შვილიო? მრევლის წევრმა ხმა ვერ ამოიღო, რაზეც მოძღვარმა უპასუხა - ხოდა თუ არ შეგიძლია მისი შეყვარება, ამიტომ უნდა გეშინოდესო. დიდხანს ვფიქრობდი მის ნათქვამზე, რადგანაც სადღაც სიმართლეს ვგრძნობდი, სანამ მიქაელმა ეს სიზმარი არ მაჩვენა. სიზმარი, როგორც ყოველთვის სიმბოლური იყო.
ვითომ რაღაც ზღაპრულ სამყაროში ვიყავი დიდი ჯარის მხედართმთავარი. ჯარი ტყით ამყავდა მთის მწვერვალზე. ნელა მივიწევდით წინ. ჩემ გვერდით, პირველ რიგებში ყველაზე კეთილშობილი, უშიშარი და დამსახურებული მეომრები მედგნენ. რაც უფრო ქვევით იყო რიგი, მით უფრო დაბალი შეგნების და ძნელად სამართავი მეომრებისგან შედგებოდა იგი, თუმცა ფიზიკურად ისინი უფრო ძლიერები და სწრაფები იყვნენ. როდესაც მწვერვალს მივუახლოვდით, ჯარი გავაჩერე. ტყე დამთავრდა და გაშლილ ველზე უნდა გავსულიყავით, სადაც ვიცოდი რომ კანიბალი გოლიათები შეიძლება შეგვხვედროდნენ და მათთან ბრძოლა დიდი ალბათობით ჩვენი მარცხით დამთავრდებოდა, რადგანაც ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უჩუმრად, რაც შეიძლება უხმაუროდ გავსულიყავით რათა არავის შევენიშნეთ. ჯარი გავაფრთხილე და პირველი რიგები, მორჩილად ფეხაკრეფით გამომყვნენ, მაგრამ უკანა რიგებში ხმაური არ ჩერდებოდა. სიჩუმის და სიფრთხილის მნიშვნელობა ვერაფრით შევაგნებინე და შედეგად გოლიათებმა ჩვენ ხმაზე მოგვაგნეს. მივხვდი რომ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიმეღო და მოლაპარაკებაზე გავედი. მათი მხრიდანაც გამოვიდა წარმომადგენელი და ასეთი გარიგება შემომთავაზა, რომ თუ რამდენიმე ადამიანს ჩემი ნებით გავატანდი, დანარჩენებს ხელშეუხებლად გაგვატარებდნენ. მახსოვს რომ ჯარს გადავხედე და რამდენიმე ვარიანტი გავითამაშე გონებაში. უარი, რომ მეთქვა რამდენიმე ადამიანის მიცემაზე, გოლიათები ჯარს დაერეოდნენ. ის ვინც საუკეთესო, კეთილშობილი და კარგი იყო, წინა რიგებში იდგა და ჩემი ჩათვლით ამ ბრძოლას ნამდვილად შეეწირებოდა. ისინი კი ვინც მთელი ეს პრობლემა გამოიწვიეს იმდენად შორს იდგნენ და იმდენად სწრაფები და ღონივრები იყვნენ, რომ ნამდვილად გაქცევით უშველიდნენ თავს. მაშინ იყო რომ ეს გზა უსამართლოდ მომეჩვენა, რადგან ჩვენი, მატერიალური გონების ადამიანებისთვის „კარგების“ დაღუპვა და „ცუდების“ გადარჩენა უსამართლობად აღიქმება. ამაზე ისევ მეტყვის მიქაელი საყვედურს - იმიტომ რომ მატერიალური კატეგორიებით აზროვნებ! ძალიან მინდა ვიტრაბახო, რომ ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოვავლინე და მსხვერპლად საკუთარი თავი და ჩემი უახლოესი მეგობრები გავწირე, მაგრამ არა. ის უკან მყოფი ადამიანები, რომლებმაც ასეთ უბედურებაში გაგხვიეს, კიდევაც იცინოდნენ და ერთობოდნენ, თითქოს მათ არაფერი დაეშავათ. ბრაზმა ამიტანა, რომ ამათ გამო ან საუკეთესოები უნდა განწირულიყვნენ ან ყველა დაღუპულიყო არათანაბარ ბრძოლაში. და მაშინ მივიღე გადაწყვეტილება იმ უმაქნისი ბრიყვი ადამიანებიდან სამი გამეგზავნა გოლიათებთან რომ ყველა დანარჩენი გადამერჩინა. ასე სამართლიანად მომეჩვენა.
სიზმარი უეცრად გაწყდა და მიქაელის ხმა გავიგე:
-არასწორი გადაწყვეტილება იყო. მთელი კაცობრიობა შეგიძლია წარმოიდგინო როგორც მთაზე ამავალი რიგი. მთის სიმაღლე ცნობიერების შკალაა. მაღალი ცნობიერების, იგივე მაღალი სულიერების ადამიანები წინ მიდიან და ზოგმა კიდევაც მიაღწია ან ახლოსაა ღვთაებრივი ცნობიერების მწვერვალთან. უკან დაბალი ცნობიერების ადამიანები მოდიან. ხშირად მათ ფიზიკური სხეული უფრო ძლიერად აქვთ განვითარებული რადგან ღვთაებრივი ენერგია, რომელიც მათ ფიზიკურ და სულიერ სხეულებში ტარდება დაბალი ცნობიერების გამო ფიზიკური სხეულს ხმარდება და არა მენტალური და ნატიფი სულიერი სტრუქტურების განვითარებას. ჩვენთვის არ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. არსებობენ ის ვინც მეტად წარმატებულია და წინაა და ის ვინც ჩამორჩა და უკან მოჩანჩალებს. თქვენ, ადამიანებს, მთაზე ასვლისას ხომ არ გძულთ ისინი, ვისაც გაუჭირდა და ჩამორჩა? ხოდა არც ჩვენ გვძულს. ღმერთისთვის ის „ცუდი“ ადამიანიც ისეთივე ფასეულია როგორც „კარგი“, ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ ჩამორჩენილების წინ წამოწევაა. სიტყვები „აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის“ სწორედ ეს პროცესია. გარდა იმისა რომ თვითონ მლოცველიც იხვეწება ამ დროს, იგი თავისი ლოცვის ენერგიას იმ „ჩამორჩენილ“ ადამიანს ახმარს. გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. სულიერად „ჩამორჩენილი“ ადამიანის აურა ხშირად დემონური ბუნების ხდება და „მინუს“ თვისებას ძენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ კაცობრიობის მენტალური და სულიერი ველი ჰომოგენურად ვითარდებოდეს ანუ ზემოთმოყვანილი მთაში ამავალი რიგი არ იყოს ძალიან გაწელილი. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება პოლარიზაცია „წინ წასულ“ და „ჩამორჩენილ“ სულებს შორის, რაც მატერიალურ სიბრტყეში ვლინდება კონფლიქტების და ომების სცენარში. ანუ დადებითი და უარყოფითი მუხტები ერთმანეთს ეჯახება. ამაზე მოწმობს უამრავი ისტორიეული მოვლენა. სწორედ ამის გამო „წინ წასული“ ადამიანების ცხოვრება ხშირად ადრე წყდება, ხოლო „უკან ჩამორჩენილების“ დიდხანს გრძელდება, რადგან მათ ისევ და ისევ ეძლევათ შანსი ცხოვრებისგან მეტი სულიერი განვითარება მიიღონ. ისიც მინდა გითხრა რომ ადამიანი რაც უფრო წინაა და მწვერვალს უახლოვდება, მით უფრო რთულ ცხოვრებისეულ გამოცდებს გადის, ერთის მხრივ ზენატიფი სულიერი თვისებების შეძენის მიზნით და მეორეს მხრივ ამ თვისებების დახვეწასთან ერთად მას მეტი და მეტი კარმული დავალიანების გადამუშავება შეუძლია, რადგანაც მწვერვალს ცოდვების ბარგით ვერ მიუახლოვდები.
ახლა პასუხი მოძღვარს, რომელიც ღვთის შიშისკენ მოუწოდებს. ცნობიერების (ანუ იგივე სულიერების) დონიდან გამომდინარე ადამიანები სხვადასხვა საფეხურზე დგანან. ზოგს გულის ველი იმდენად ნატიფი და წმინდა აქვს, რომ მას ეხსნება აღმატებული სულიერი სამყაროს აღქმის უნარი და შესაბამისი მისწრაფების არსებობის შემთხვევაში, მას შეუძლია ღმერთის სიყვარული შეიმეცნოს, მაშინ როცა დაბალი ცნობიერების ადამიანს დახშული აქვს ნატიფი შეგრძნებები და ველური, მიწიერი მისწრაფებების შესაბოჭად მას მართლაც ჭირდება შიში, როგორც შემაკავებელი ძალა. მაგრამ შიში, თავისი ბუნებით დემონური ვიბრაციის ენერგიაა და მხოლოდ დაბალი ცნობიერების ადამიანებისთვისაა მისაღები, ისიც იმიტომ რომ მეტის უნარი, მათ ამ განვითარების ეტაპზე არა აქვთ. სწორედ ადამიანის სულიერი პოტენციალის სწორედ განსაზღვრა და შესაბამისი სულიერი განვითარების გზის დასახვა წარმოადგენს სულიერი მოძღვარის მთავარ მიზანს. არ შეიძლება ყველა ადამიანი ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანო. ის რაც ერთისთვის განვითარებაა, მეორესთვის უკან დახევაა. მეტიც, ზუსტად ამ მოვლენის არსებობის გამოა რომ ამდენი სხვადასხვა რელიგია შეიქმნა და ისინი უნდა არსებობდნენ კიდეც სანამ სულიერ ევოლუციას ემსახურებიან და არა პირიქით. თუმცა დგება დრო როცა ამ სფეროშიც ბევრი შეიცვლება, რადგანაც ადამიანების ცნობიერება სხვა საფეხურზე გადადის. ისევ მთის ალეგორია რომ გამოვიყენოთ, სხვადასხვა რელიგიები შეგვიძლია შევადაროთ მწვერვალისკენ მიმავალ სხვადასხვა გზებს. წარმოიდგინე, რომ ერთ მთასვლელს მუხლი აქვს მაგარი, მაგრამ გული სუსტი, მისთვის ერთი მარშრუტია საჭირო, მეორეს გული აქვს ძლერი, მაგრამ ფეხები სუსტი, მას სხვა მარშრუტი სჭირდება, მესამე ყოველმხრივ მომზადებული და ძლიერია, მას შეიძლება ყველაზე მოკლე, მაგრამ ციცაბო მარშრუტი შეურჩიო. ასევეა ადმიანთა ეროვნული თუ რასობრივი თავისებურებები. სუფთა გენეტიკის დონეზე განსხვავდება მათი შესაძლებლობები და მისწრაფებები, ამიტომ ყველა ერთი მარშრუტით ვერ ივლის. ერთ ადამიანს ჰკითხეს - რა არის მზე? და მან თქვა რომ მზე დიდი მანათობელი და მხურველე თეთრი ლაქაა ცაზე. მეორეს ჰკითხეს და მან უპასუხა, რომ მზე არის ვერსკვლავი, რომელშიც თერმობირთვულად წყალბადიდან ჰელიუმი სინთეზირდება, რის შედეგად გამოტყორცნილი ფოტონები სინათლის ენერგიის სახით აღწევენ დედამიწამდე. რომელია მართალი? ორივე მართალია თავისი დონის ცნობიერების გადმოსახედიდან. ასევეა სხვადასხვა რელიგიები და ამიტომ იყო დაშვებული მათი არსებობა. მაგრამ მატერიალური სამყაროს არასრულყოფილების გამო დღეს-დღეობით არსებულ რელიგიებში არც ერთია ბოლომდე უცდომელი, თუნდაც შესაბამისი ცნობიერების დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ არიან რელიგიები და რელიგიური დაჯგუფებები, რომლებიც 10%-ით ცდებიან და არიან რომლებიც 90%-ით. როცა რელიგიის ცდომილება რაღაც დონეს გადააჭარბებს, ის აღარ ემსახურება ადამიანის სულიერ განვითარებას და ადამიანები მწვერვალამდე ნახევარ გზაზეც კი არ აყავს, არამედ ქვემოთ ამოძრავებს. ასეთი წარმონაქმნები რათქმაუნდა უნდა აღმოიფხვრას. მათ არა აქვთ არსებობის უფლება.
მიქაელმა მაგრძნობინა რომ არ უნდოდა, რომ მე რაიმე რელიგიასთან, თუნდაც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიასთან მქონოდა ზედმეტად მჭიდრო კავშირი, ან სულიერი მოძღვარი მყოლოდა, რომელსაც უპირობოდ დავემორჩილებოდი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არსით ქრისტეს ეგრეგორის ველში მოვიაზრებოდი. ამის მიზეზი, მერე გახდა ჩემთვის ცნობილი.
2013 წელი. შემოდგომა. სიმართლის აღთქმა
ჩემმა უხილავმა სულიერმა მასწავლებლებმა დამადებინეს „სიმართლის აღთქმა“. ამ აღთქმას ბუნებრივია თან ახლდა პირობა, რომ მიუხედავად სიმართლის თქმის აუცილებლობისა, დუმილის შენარჩუნებაც შეიძლება. ერთი სიტყვით პირობა ჩემთვის ცხადი იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ ამაში დიდი არაფერი სირთულეა, რადგანაც ისედაც ძალიან იშვიათად ვიტყუებოდი. თუმცა ამ აღთქმის გამო სამსახურში ერთ წყალწაღებულ პროექტზე უარის თქმა მომიწია, რაც სამსახურიდან დათხოვნის ტოლფასი გახდა. და წამოვედი კიდევაც რადგან შედეგების გაყალბება და ანგარიშებში ტყუილების წერა წარმოუდგენლად მივიჩნიე. სწორედ ამ სიმართლის აღთქმის გამო ამ წიგნში მიწევს ისეთი პირადი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა, რაც საერთოდ არ მჩვევია. მაგრამ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყო და ამას ეს აღთქმაც მაიძულებს.
ერთი თვით ადრე ამავე სამსახურში სიტუაცია ისედაც დაიძაბა. რაც მეტს ვაკეთებდი, მით მეტს მავალებდნენ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სანამ ბოლომდე არ მიმახრჩობდნენ, იქამდე არ შემეშვებოდნენ. ეს დაძაბულობა და მისი თანმხლები ინტრიგები ჩემში პერმანენტულ გაღიზიანებას იწვევდნენ, რაც სულ არ შეესაბამებოდა სულიერი განვითარების გზაზე შემდგარი ადამიანის მდგომარეობას. ცუდი ის იყო, რომ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ასე გაგრძელდა ერთი წელი. ერთის მხრივ ქრისტეს მოსწავლედ აყვანას ვეხვეწებოდი და მეორეს მხრივ უამრავ, ერთბაშად თავს დატეხილ პრობლემასა და საკუთარ შინაგან მდგომარეობას ბევრძოდი.
2014 წელი. ზაფხული. წერაქვი. ეშმაკი სარკიდან
წერაქვში იმ განწყობით ჩავედი, რომ ერთი წლის თავზე „სუფთა“ გარემოში ისევ შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი იესოს. ძილის წინ ბევრი ვილოცე. ვეხვეწებოდი, რომ სიზმარში მაინც გამომსაუბრებოდა.
მაგრამ სიზმარში სრულიად მოულოდნელი რამ დავინახე.
ვხედავ, როგორ ვწევარ ლოგინში. ლოგინის გვერდით დიდი სარკეა, რომლიდანაც პატარა ეშმაკი გოგო გამოდის. მე ჩვეულებისამებრ ლოცვას ვიწყებ ეშმაკის გასაგდებად, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემს ლოცვას რატომღაც არანაირი ძალა არა აქვს. ეშმაკი ხელს ხელზე მკიდებს და მაშინვე ვგრძნობ როგორ აღიძვრება ჩემში ბოლო დროს ასე მოჩვეული გაღიზიანების გრძნობა. ეს ამ ეშმაკის ვიბრაციებია. მისი ხელი ჩემ ხელში შემოდის და რაც უფრო ღრმად შემოდის, მით უფრო გაღიზიანებულად ვგრძნობ თავს. საშინელი შიშის და უსუსურობის შეგრძნება მეუფლება. უნებურად მეფიქრება რომ აი, ასე მიჰყავთ ეშმაკებს ცოდვილ ადამიანთა სულები თავიანთ სამყოფელში. ლოცვა არ მოქმედებს! სწრაფად ვფიქრობ იმაზე რა შეიძლება გავაკეთო და ის შემთხვევა მახსენდება, რომში რომ დამესიზმრა. იგივეს ვიმეორებ და ეშმაკს ვეუბნები - „ალბათ შენც ღმერთის ქმნილება ხარ და როდესმე შენც დაბრუნდები ღმერთთან! დალოცვილ იყავ!“ ამ სიტყვების წარმოთქმისას ვიგრძენი, როგორ შემეცვალა შინაგნი განწყობა და გაღიზიანებიდან სიმშვიდეში გადავედი. ამაზე, პატარა გოგო-ეშმაკმა ცეცხლდამწვარივით სწრაფად გამოაძრო ჩემი ხელიდან თავისი ხელი და ბუზღუნითა და ლანძღვით შებრუნდა უკან სარკეში. მე თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ამ შემთხვევას გადავურჩი. ქრისტეს და მიქაელს საყვედურით მივმართე რომ ასეთ ვითარებაში მიმატოვეს. უეცრად მაცხოვარის გვერდით ყოფნა ვიგრძენი. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იღიმოდა. არა... ლამის ეცინებოდა და მითხრა:
- არა აქვს მნიშვნელობა, ბოროტება მოდის როგორც ეშმაკი, თუ როგორც პრობლემა სამსახურში, ორივე შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა ერთნაირი უნდა იყოს.
ეს ხომ ასეთი ნათელი და ადვილი იყო. მერამდენედ უნდა გამევლო ერთი და იგივე გაკვეთილი. შემრცხვა საკუთარი თავის.
2014 წელი. ზაფხული. როდოსი. მიქაელის გაკვეთილები
როდოსი მზის გულზეა სიცხეში გაღვითქული. მზის ენერგია მიქაელის ენერგიაა. ვგრძნობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ხალხითაა გავსებული, ამ ჩახჩახა მზით გაჯერებულ ადგილას კომფორტულად გრძნობს თავს და ჩემთან კონტაქტი უადვილდება. მზე ხომ მისი სტიქიაა. მიქაელის ტელეპატიური აზრები, თითქმის სულ მესმის და მეც სულ ვესაუბრები. ჩვენი ურთიერთობა მასწავლებელი-მოსწავლის დამოკიდებულებიდან ნელ-ნელა გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა. ის მე სულიერ ცოდნას მიზიარებს, მე კი ყველაფერ კარგს, რასაც მიწიერ განზომილებაში ვხედავ და განვიცდი. კარგი ემოციების გარდა, ჩემ შვილებზე ღელვასაც ვუზიარებ, რადგან ეს სულ არის ჩემი ფონური საფიქრალი. ჩემს ქალიშვილს რთული ასაკი აქვს. 13 წლისაა და ასაკის შესაბამისად ჯიუტობს და ჭირვეულობს. ერთ საღამოს მე და ჩემი მეუღლე მორიგჯერ გავუბრაზდით და ასეთ გაბრაზებულ ნოტაზე დავწექით დასაძინებლად. მეც და ჩემი ქმარიც, ორივენი ალბათ „სუსტი“ მშობლების კატეგორიაში გავდივართ, რადგან ვერც ერთი ვერ ვიტანთ კომფლიქტურ სიტუაციებს და მზად ვართ ბევრი დავთმოთ და დავივიწყოთ ოღონდ ოჯახში კონფლიქტი არ იყოს. ეხლაც იგივე სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით და დიდი ცდუნების მიუხედავად ჩემს გოგოს ბოიკოტი გამოვუცხადეთ.
ღამით ისევ მეღვიძება, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, „შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში“ შევდივარ და მიქაელს ვეუბნები:
- რომ ვაპატიოთ, ჩვენი მხრიდან სისუსტე იქნება!
ვგრძნობ მის გაკვირვებას.
- როდის იყო პატიება სისუსტე ყოფილიყო?... ისევ მატერიალური სამყაროს კატეგორიებით აზროვნებ. შეხედე...
უეცრად რაღაც დიდ მოჩუქურთმებულ ჭიშკართან აღვმოჩნდით. გარშემო ყველაფერი შავ-თეთრი იყო.
- ეს შენი შვილის შინაგანი სამყაროა!
მივხვდი, რომ ეს სიმბოლური ვიზუალიზაცია იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალური და ქმედითი და რომ ეს ერთდროულად ილუზორული და რეალური განზომილება ნატიფი სამყაროს ერთ-ერთი გამოვლინება იყო. მიქაელს ამ დროს ვხედავდი როგორც სილუეტს. ასეთი ვიზუალიზაციების დროს ხშირად პატარა ბიჭად მეცხადებოდა, ხანდახან ახალგაზრდა ვაჟად და მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც მისი ცეცხლოვანი მანათობელი სხეული დავინახე. მაგრამ ეს მერე.
ჭიშკარში შევედით. გარშემო გორა-გორა დაკუჭული ქაღალდები ეყარა. როდესაც ქაღალდების გორის ავლას ვცდილობდი, უფრო მიჭირდა სიარული, ხოლო როდესაც შიგ გორაში მივაბიჯებდი, გავლა მიადვილდებოდა. ამ არალოგიკურმა შეუსაბამობამ ჩემში ოდნავი გაღიზიანება გამოიწვია. ზუსტად განმეორდა ის შეგრძნება რაც ჩემი შვილის არალოგიკურ (ჩემი აზრით არალოგიკურ) ქცევას მოყვებოდა. მივხვდი რომ თითოეული სიმბოლო ზუსტად რაღაცას ნიშნავდა. მიქაელმა დაკუჭული ქაღალდი აიღო.
- ამ ბავშვს ბევრი შინაგანი განცდა აქვს. თითოეული დაკუჭული ქაღალდი შესაბამის პრობლემას წარმოადგენს. თუ ამ ქაღალდს სულიერ დონეზე გახსნი, მატერიალურ დონეზეც გადაწყვიტავ შესაბამის პრობლემას.
როგორც მივხვდი ასე მასწავლიდა სულიერ სამყაროში მოქმედებას და ამ სამყაროს უპირატესობის აღქმას.
მეორე ღამეს მაჩვენა როგორ გამოტყორცნიან ადამიანები სიხარულის ენერგიას, როდესაც ჯგუფურად ერთობიან და იცინიან. ეს ენერგია სინათლის სახით დავინახე. აქამდე ვთვლიდი, რომ ადამიანების ჯგუფური მხიარულობა დიდ წილად სისულელეებთან იყო დაკავშირებული და სასტუმროს ჯამბაზი ანიმატორების გასართობი პროგრამები სრულიად სიშტერედ მიმაჩნდა, რაზეც მიქაელმა სხვანაირად შემახედა.
- ჩემთვის სულერთია ადამიანი პროფესორია თუ ჯამბაზი. მთავარია რას ასხივებს მისი სული. ადამიანი ყოველთვის სულიერი გამოსხივებით შეგიძლია შეაფასო. შეხედე!..
მან ვიზუალიზაცია მოახდინა და ჩემ თვალწინ სასტუმრო კომპლექსის დიდი ამფითეატრი გაიშალა სადაც საღამოთი ვიყავი, არ მოვინდომე ყოფნა და წამოვედი. ანიმატორი ერთდროულად სხვადასხვა ენაზე ხუმრობდა რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს თანაბრად გაეგოთ მისი წარმოდგენა. მე ნაკლებად მეცინებოდა. საშუალო სტატისტიკურ ევროპელზე გათვლილი, საკმაოდ მდარე იუმორი იყო, მაგრამ ფართო საზოგადოება როგორც ჩანს ძალიან ხალისობდა. უეცრად, კულისებიდან გამოსულმა ერთ-ერთმა ანიმატორმა წინა რიგებში მჯდომ მაყურებელს ჩამოურბინა და ყველას სათითაოდ ხელი ხელზე ჩამოარტყა. ამ დროს დავინახე როგორ მოყვებოდა მას უკან ადამიანების გულებიდან გამოტყორცნილი სინათლის ტალღა.
- მე მომწონს ეს ადამიანი! - თქვა მიქაელმა - შენ არ გიყვარს ხალხმრავლობა, მაგრამ იქ სადაც ჯანმრთელი სიხარულის ენერგია გამოსხივდება, ჯობია რომ იყო ხოლმე.
შემდეგ ღამეს შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში დავინახე, როგორ დაიჭირა მიქაელმა რაღაცა ჩარჩოსმაგვარი, რომელსაც შუაში ერთგვაროვანი მოლივლივე ფონი ქონდა და მითხრა:
- გამოაკრისტალე!
ცოტა დამაბნია ამ მოკლე და კონკრეტულმა განცხადებამ. ჩემთვის ბუზღუნით გავიფიქრე რომ რას ნიშნავს „გამოაკრისტალე“, მაგასაც მე თვითონ უნდა მივხვდე! თუმცა კი მიჩვეული ვიყავი, რომ მიქაელს ბევრი „ლაპარაკი“ არ უყვარდა და ტელეპატიური აზრები ყოველთვის მოკლე და ლაკონიური მოდიოდა. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ჩარჩოსკენ ხელი გავიშვირე და ლოცვის თქმა დავიწყე. ჩემი ლოცვა „იესოს ლოცვას“ წარმოადგენდა, რომელსაც უბრალოდ უწყვეტად ვიმეორებდი. ხან გულის რიტმს ვუსადაგებდი, ხანაც უბრალოდ გადაბმით ვამბობდი. შევეცადე ლოცვის ენერგიისთვის ნაკადის ფორმა მიმეცა და კვადრატისკენ მიმეშვირა. უეცრად, დავინახე, რომ ჩარჩოში მოლივლივე სივრცემ ვიბრაცია დაიწყო და მასზე რაღაც ამოიბურცა, რამაც ასოციაციურად მთები მომაგონა. როგორც კი მთებზე გავიფიქრე ნაკადი გაწყდა და კვადრატი თავის ძველებურ ფორმას დაუბრუნდა. ამ ყველაფრის ახსნა და განმარტებების ფორმულირება მე თვითონ უნდა გამეკეთებინა, რაზეც მიქაელი ან დამეთანხმებოდა ან არა. როგორც ამიხსნა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ დასკვნებამდე ადამიანი თვითონ მიდიოდეს და არა გამზადებულ ინსტრუქციებს ან მოსაზრებებს იღებდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შეძენილი იდეა მისი სულის თვისებაში გარდაიქმნება და მისი, ადმიანის, საკუთარი მონაპოვარი ხდება.
ჩემ მიერ ფორმულირებული დასკვნა, რომელზეც მიქაელისგან თანხმობა მივიღე, შეიძლება შემდეგნაირად გადმოიცეს:
სულიერი მატერია ძალიან ნატიფია და ფიქრის ენერგიით მისი ფორმირებისთვის ფიქრის ნაკადის ფოკუსირება და აზრის „სიწმინდის“ შენარჩუნებაა საჭირო, რაც ხანგრძლივი ვარჯიშით და შესაბამისი სულიერი თვისებების დისციპლინირებით მიიღწევა. ფიქრის ენერგიით სულიერი მატერიის გარდაქმნის უნარი დაბალ დონეზე ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ამაღლებულ სულს ეს უნარი უძლიერდება, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რადგან როგორც დადებითი ფიქრის ძალა ძლიერდება, ასევე უარყოფითის. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, როდესაც ადამიანს ლოცვის ძალა ეძლევა. ეს განსაკუთრებული ღვთაებრივი ენერგიაა, რომელიც აუცილებლად წმინდა მოტივაციით უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს კარმას შეიძენ. როგორც ნათქვამია რაც უფრო მაღლა ადიხარ მით უფრო დიდი სიმაღლიდან შეიძლება ჩამოვარდე. ამიტომ ჩემთვის საჭირო იყო ყოველწუთიერი მუდმივი ყურადღება საკუთარ ფიქრებზე, მუდმივი გაანალიზება და კონტროლი ჩემი ემოციებისა და ფიქრების. „ფიქრების ჰიგიენა“! - ასე ვუწოდე მე ამ მოვლენას.
სულიერი გამოცდები სიზმარხილვებში
მიქაელი პერიოდულად გამოცდებსაც მიწყობდა, რომელიც ძირითადად ორი ტიპის იყო:
ერთ შემთხვევაში მაგდებდა დემონური არსებების შუაგულში და აკვირდებოდა როგორ მოვიქცეოდი. იპოვიდნენ თუ არა დემონური არსებები ჩემ აურაში თავის შესატყვის ენერგიებს მოწმობდა იმაზე, რამდენად გაწმენდილი მქონდა გული. თავიდან ყოველთვის შიშის ცივი ტალღა დამივლიდა ხოლმე, მერე თავი ხელში ამყავდა და დემონურ არსებებს ლოცვის ენერგიას ვუპირისპირებდი. ხანდახან მიქაელი ლოცვის ენერგიას მართმევდა და მაშინ გულის ნათება უნდა გამომეყენებინა, რაც უფრო რთული იყო, რადგანაც შინაგანად სულიერი ჰარმონიის მდგომარეობაში უნდა მომეყვანა თავი დემონური არსებების თანდასწრების მიუხედავად. ხანდახან ვიბნეოდი და არც ერთი გამომდიოდა, არც მეორე და მიქაელს ვთხოვდი დახმარებას, რაზეც მკაცრ პასუხს ვიღებდი - არ შემიძლია, შენ თვითონ უნდა მოახერხო! - მთავარი აზრი ეშმაკებთან „ჩაგდების“ იყო არგადასვლა მათ ვიბრაციებზე და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება. მიქაელი ელოდებოდა როდის გადავეჩვეოდი „გულის ხეთქვებს“ მათ დანახვაზე, რადგან შიში, როგორც ჩანს ჩემი მთავარი პრობლემა იყო, რომელიც დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურად დავძლიე.
გამოცდის მეორე ვარიანტი ისეთი გარემოებების შექმნა იყო, სადაც მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდებოდა, რომ გადაწყვეტილებებს, როგორც ჩვენ ვიტყოდით „ინსტინქტურად“ იღებდი. თუმცა მიქაელი ამას ეძახდა გადაწყვეტილების მიღებას „სულის თვისებებით“. მაგალითად, მიწისძვრაა და წამები გაქვს რომ ან შენი თავი გადაარჩინო ან სხვა ადამიანი. დაფიქრების დრო არა გაქვს და გადაწყვეტილებას წამებში იღებ. მაგალითად სხვა ადამიანისთვის თავგანწირვის თვისებაზეა საუბარი. როგორც მიქაელმა ამიხსნა, ასეთ სიტუაციაში სხვისთვის თავგანწირვის გადაწყვეტილებას იმიტომ კი არ იღებ რომ ასე მოიფიქრე, შენი ინტელექტით გაიაზრე და მიხვედი დასკვნამდე რომ ასე მოქცევა სწორია, არამედ იმიტომ რომ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია. სხვანაირად მოქცევა კი იმიტომ არ შეგიძლია, რომ ეს თვისება შენი სულის თვისება გახდა! მხოლოდ ეს „სულის თვისებებია“ რაც ფიზიკური სიკვდილის მერე ადამიანის სულს რჩება, რადგან „გარეგანი გონება“ რომელიც მატერიალურ სამყაროში ნერვული სიტემის საშუალებით ვლინდება სწორედ ამ სამყაროს დრო-სივრცის განზომილებასაა მორგებული და სწორედ იმისთვის არსებობს რომ მისი საშუალებით ფიზიკური ცხოვრების დროს „სულიერი თვისებები“ შეიძინო. ფიზიკური სხეულის არარსებობის მდგომარეობაში ცნობიერების მდგომარეობაც იცვლება. ფიზიკური სამყარო და „გარეგანი გონების“ არსებობა საშუალებას გვაძლევს ლოგიკური აზროვნებით გარკვეულ დასკვნებამდე მივიდეთ, მაგრამ ეს დასკვნები აუცილებლად სისხლ-ხორცში უნდა გაგვიჯდეს, ანუ „სულის თვისებებში“ გარდაიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვები სიტყვებად და აზრები აზრებად დარჩება და ფიზიკურ სხეულთან ერთად ადრე თუ გვიან ქარწყლდება.