გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

 

ინტერნეტპოსტებიდან:

თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.

თვითმკვლელობა შემთხვევით არ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცოდვად. მაგრამ ეს იმდენად ცოდვა არაა, რამდენადაც საშინელი შეცდომა და უაღრესად მცდარი გადაწყვეტილება საკუთარი თავის მიმართ. ვინც ჩემს წინა პოსტებს კითხულობდა, ნახავდა რომ ადამიანის ცნობიერების მწვერვალია "მე ვარსებობ" (Я Есмь; ego sum qui sum) აღქმა. ეს ღმერთის ცნობიერების მაქსიმალური გამოვლინებაა ადამიანში - მე-7 დონის ვიბრაციები. რას წარმოადგენს ეს აღქმა რაღაც დონემდე წინა პოსტებში მაქვს აღწერილი. ხოდა, როგორც სიყვარულის ანტიპოდია სიძულვილი, დღის - ღამე, თეთრის - შავი, ასევეა "მე ვარსებობ" ცნობიერების ანტიპოდი "მე არ ვარსებობ" (ან "არ მინდა ვარსებობდე") ცნობიერება. ეს არის ვარდნა ფსკერზე. ჩვენ ყველას განგვიცდია ეს მდგომარეობა რაიმე პრობლემების და გაჭირვებების ფონზე, მაგრამ როგორც წესი ამ მდგომარეობიდან გამოვდივართ ხოლმე. ჩვენს გონებას საერთოდ ახასიათებს მსგავსი ფლუქტუაციები და ურყევი შინაგანი წონასწორობის დაცვა ადამიანისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა. ამ პასაჟში სიკვდილისშემდგომ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიქაელმა პირველად ახსენა ტერმინი "აღიქმება როგორც მარადისობა". ეს თემა შემდგომ განავრცო და უფრო გასაგები გახადა. ეხლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩევნი "მარადიული" ჯოჯოხეთები და სამოთხეები არ არის სინამდვილეში მარადიული, მაგრამ ასე აღიქმება, ვინაიდან ფიზიკურ სხეულთან ერთად კვდება ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც აღიქვავს დროს ისე, როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული. მოკლედ, დროის აღქმა არსებითად იცლვლება. "სამოთხე" და "ჯოჯოხეთი" კი არის ერთგვარი ილუზორული ხაფაგები დედამიწის ნატიფ ველებში (მაქამდე მერე მივალთ), რომელშიც სული სიკვდილის მერე იჭედება პრინციპით "მსგავსი ხვდება მსგავსში". "მარადისობა" გრძელდება მანამ სანამ პრე და პოსტნატალური ენერგიები აკავებს ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობას. როცა ეს ენერგიები ამოწულურია, სული რეინკარნირდება. რეინკარნაციის წრებრუნვიდან გასვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სული გადის ქვედა 4 ველიდან მე-5-ში მაინც, ანუ მე-5 ცაში, ანუ სულიერ განზომილებაში (ხომ გახსოვთ მე-5, მე-6, და მე-7 დონეები სულიერ ტრიადას ეკუთვნის), მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანს ცნობიერების მე-5 დონე, ანუ საკუთარი უკვდავი სულის (უმაღლესი "მე"-ს) შეგრძნება უკვე სიცოცხლეშივე აქვს მოპოვებული. ზემოთ რაც ავღწერე ძალიან ვრცელი თემაა და მოკლე კონსპექტივით გამომივიდა.

2018 წელი. 23 ივნისი. თვითმკველობასთან დაკავშირებით

დღეს ინტერნეტში ერთი ძალიან ავტორიტეტული ფსიქოლოგი ქალბატონის პოსტი წავიკითხე, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. როდესაც ცალსახა პასუხს ვერ ვპოულობ მიქაელს ვეკითხები ხოლმე. ამ პოსტს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და როგორც შევამჩნიე არავის ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი. აი, ამ ქალბატონის პოსტი:

„ნარკოტიკით გარდაცვლილებს წესს არ აუგებენო... თვითმკვლელობად განიხილავენ? თუ ნარკოდამოკიდებულია, მაგრამ სიბერემდე იცოცხლა, მაშინ აუგებენ? დაღუპულ ალპინისტებს უგებენ წესს? ისინიც ხომ სიკვდილს ეთამაშებიან, თანაც ასე უტიფრად და თამამად? საერთოდაც, თვითმკვლელებს რატომ არ უგებენ წესს? მორწმუნე ოჯახებისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმაა. ბერად რომ აღიკვეცებიან, სიმბოლურად ხომ კვდებიან საერო ცხოვრებისთვის, ანუ ზურგს აქცევენ "ჩვეულებრივ სიცოცხლეს". სავლე რომ პავლედ იქცა, მან ხომ ძველი, ცოდვილი თავი "მოკლა" და ახალი "მე" შეიძინა. ყველაფერში, ყველგან, ყველა ნაბიჯზე შეგვიძლია ვიპოვოთ ნაწილობრივ განხორციელებული თვითმკვლელობა, სიმბოლური თუ სრული. მკვლელებს უგებენ წესს? გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით თვითმკვლელობას შორის რომელია ნაკლები ცოდვა? საერთოდ რატომ უგებენ ვინმეს წესს? რატომ გვეკრძალება სიკვდილი, თუკი ჩვენი სიცოცხლე ცოდვაა? სამოთხის კარის საკონსულოში გაყალბებული დოკუმენტაციით ჩადგება ხალხი რიგში, ისედაც ხშირად იმალებოდა გარდაცვალების მიზეზი და კიდევ ერთი "ცოდვა" გაჩნდება ამგვარად. რა აზრის არის ეკლესია ფსიქიკურ აშლილობებზე დღეს? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. საინტერესო პოზიციის გაფორმებაცაა ერთგვარად - სიკვდილი სირცხვილია. ზოგიერთი სიკვდილი განსაკუთრებით. ბოდიში, რომ მოვკვდი, ძალიან მერიდება - საფლავის ქვებს წარწერა დაამშვებებდა.“

მიქაელს ვუკავშირდები. ის ჩემს აზრებს კითხულობს.

მე:

- ნაწილობრივ მეც შემიძლია რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა. აქ, როგორც ვხვდები ბევრი სრულიად სხვადასხვა ტიპის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენაა ერთმანეთში არეული და ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული.

მიქაელი:

- მე მთავარს ვიტყვი. ნამდვილი თვითმკვლელობა ძალიან რთული თემაა და ბევრს არ ესმის რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება... გაიხსენე რითი განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან... გაიხსენე რა იგრძენი, როდესაც ბუზის ცნობიერებაში შეხვედი...

მე:

- მათ არა აქვთ „მე ვარსებობ“ აღქმა...

მიქაელი:

- არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ სწორედ ეს აღქმაა რომელიც ჩვენ ცნობიერში ღმერთის გამოვლინებაა. ეს ის ნაპერწკალია რომელიც ჩვენ გულში ღვივის, ეს ის ღმერთია რომელიც შენში ამბობს - „მე ვარსებობ! შენი სახით ვარსებობ“ და შენ ამის აღქმის უნარი გაქვს ბოძებული! ეს ის გულისმიერი კავშირია ღმერთთან რომლის განცდის გამძაფრებას უწყვეტი ნეტარება მოაქვს. და ეს ის კავშირია, რომელიც ცხოველებისგან განსხვავებით, თავისუფალი ნების არსებობის პირობებში ადამიანს ნებით შეუძლია გაწყვიტოს! თუ „მე ვარსებობ“ ცნობიერების მდგომარეობა შეიცვალა „მე არ მინდა ვარსებობდე“ მდგომარეობით, ადამიანის სული კარგავს კავშირს პირველწყაროსთან! ეს ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ამ მდგომარეობის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია სანამ ფიზიკური სხეული არსებობს, მაგრამ როდესაც ადამიანი ასეთი ცნობიერების მდგომარეობაში თავს იკლავს, მას ეს მდგომარეობა სულიერ სამყაროში გადააქვს, სადაც დრო-სივრცის განზომილება „მარადისობად“ აღიქმება. ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ფიზიკური სხეულის სიკვდილით ის პრობლემას თავს აღწევს, მაგრამ სინამდვილეში მას ეს პრობლემა „მარადისობაში“ გადააქვს, როგორც ცნობიერების დეპრესიული მდგომარეობა და უკიდურესი უიმედობისა და უბედურების განცდა, სადაც ამ მდგომარეობიდან ძლიერი გარეგანი ჩარევის გარეშე ასე ადვილად ვერ გამოძვრება. თვითმკვლელობის სურვილი სწორედ „მატერიალური კრიტერიუმებით აზროვნების შედეგია“. ფიზიკური სხეულის ყოფნა-არყოფნა კი არაა გადამწყვეტი, არამედ ცნობიერების, იგივე სულის მდგომარეობა! ბუნებრივი სიკვდილის მომენტშიც უაღრესად მნიშვნელოვანია ცნობიერების სათანადო ორიენტაცია. ადამიანი ამ დროს ფიქრებით და გულით ღმერთისკენ ან სულიერი იერარქისკენ უნდა იყოს მიმართული. ასეთი მისწრაფება არსებითად ზემოქმედებს მიღმიერ სამყაროში სულის არსებობის ბედზე.

თუმცა იცოდე, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები და სულებს „საღმრთო კანონით“ მრავალჯერ ეძლევათ შანსი. ხომ გახსოვს რომ „ცოდვის“ აღმოფხვრა შეიძლება შეგნებულად (მონანიებით, საკუთარ თავზე მუშაობის) და შეუგნებლად (ტანჯვით). გარდა ამ ორისა, არსებობს მესამე გზაც, როდესაც ადამიანს სხვა სული ეხმარება, სიყვარულის ველში აერთიანებს და მის ცოდვას თავის თავზე იღებს, უფრო სწორედ თავის „სულიერ საუნჯეს“, თავის სულიერ მიღწევებს გასცემს ამ ადამიანის ცოდვის გადასაფარად. ეს ერთგვარი საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაა მისი მხრიდან. თუ თვითმკვლელის სულთან ძლიერი სულია კარმულად „შეჭიდული“, უკანასკნელს შეუძლია მისი გამოყვანა ჯოჯოხეთური მდგომარეობიდან. ყველაფერი შესაძლებელია!

არც ნარკომანიას, არც ალპინიზმს და მითუმეტეს ბერად აღკვეცას (ეღიმება) არაფერი აქვს საერთო თვითმკვლელობასთან. ბერად აღკვეცის შემთხვევაში, პირიქით, ეს სიკვდილი კი არა, დაბადებაა, ხელმეორედ დაბადება, რომელიც სწორი განვითარების შემთხვევაში ადამიანის სულს აძლიერებს, ცნობიერებას ამაღლებს, საკუთარ თავში ღმერთის თვითგააზრებას ამძაფრებს და ადამიანს ნეტარების პირველწყაროს აზიარებს. არც ერთი ცოდვა, არც სხვა ადამიანის მკვლელობა, არც დაუდევრობით, ანუ შეუგნებლად თვითმკვლელობა არ არის იმდენად დიდი და მძიმე, როგორც საკუთარ თავში ღმერთის გამოვლინების, ანუ „მე ვარსებობ“-ის უარყოფა! მხოლოდ ამ მოტივით თვითმკვლელობაა ნამდვილი თვითმკვლელობა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff