გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

რა არის რეალობა?; დროის ციკლები

 

2018 წელი. 12 ივლისი. რა არის რეალობა?

მე:

- დღეს დამესიზმრა რომ ჩემი ფეხის თითები ერთმანეთს უხორცდება და ფარფლებად იქცევა იმის გამო რომ ვითომდა გამუდმებით ვყვინთავ წყალში. ერთგვარ ამფიბიად ვიქცევი. რას ნიშნავს ეს?

მიქაელი:

- ამბიგანზომილება!.. შენი ცნობიერება იმდენად ხშირად „ყვინთავს“ ზედა განზომილებაში და უკან რომ შენ მართლაც ორ სამყაროს ეკუთვნი. მაგრამ დავუბრუნდეთ დრო/სივრცის თემას. მე შენ ვიზუალური ინფორმაციული სქემები გამოგიგზავნე, მაგრამ გარეგან გონებაში გამოტანა ჯერ-ჯერობით გიჭირს. შენ ცნობიერებაში ჯერ ის უნდა დაინგრას რაც ძალიან „მყარია“!

- რაღაცას ვხედავ, რაც ერთგვარ მილს ჰგავს, რომელშიც ბევრი ხაზია გატარებული, როგორც ტროსში მავთულები. ეს ხაზები უსასრულოდ იტოტება, მაგრამ ყველა ხაზი თავისივე განშტოებებით მაინც ამ მილის შიგნითაა მოგცეული. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს მილი?

- რეალობების „შესაძლებლობათა კორიდორს“! ხოლო თითოეული ხაზი დრო/სივრცის კონტინიუმის ანუ რეალობის კონკრეტული ვარიანტია. განშტოებებს ქმნის ამ ვარიანტიდან გამომავალი ვარიანტები, რადგან თითოეული თავისუფალი ნების მქონე არსების გადაწყვეტილება რეალობას რაღაც მიმართულებით ცვლის. მაგრამ ყველა ეს პარალელური რეალობები არ ცდება „შესაძლებლობათა კორიდორს“. ის დრო/სივრცე, რომელიც თქვენ მიერ წრფივად აღიქმება მოქცეულია „შესაძლებლობათა კორიდორში“, რომელიც ამ წრფივობის პრინციპის უფრო დიდ ფრაქტალს წარმოადგენს და ზედა განზომილების არსებების მიერ აღქმადია. თქვენ მიერ აღიქმება მხოლოდ ქვედა, უფრო მცირე ფრაქტალი, ანუ კონკრეტული დრო/სივრცის ხაზი (კონტინიუმი), რომელშიც კონკრეტულად თქვენი დისკრეტული ცნობიერებაა მოთავსებული, ანუ თქვენი ეს „ვარიანტი“ არსებობს...

- ვერაფერი ვერ გავიგე.

- კარგი... დავბრუნდეთ შენ რეალობაში. წარმოიდგინე ელვა ჭექაქუხილის დროს... მოხდა მოვლენა ელვის სახით და ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა „ინფორმაციული ტალღების“ სახით, რომელიც თქვენი 5-ობრივი პენტაგრამული ფრაქტალური სენსორიკით (ანუ 5 გრძნობათა ორგანოთი) უნდა გახდეს აღქმული. „ინფორმაციული ტალღების“ გავცელება ასევე 5-ობრივი პენტაგრამული პრინციპით ხდება, ანუ ცეცეხლის, ჰაერის, წყლის, მიწის და ეთერის სტიქიების საშუალებით/გავლით. სწორედ 5-ობრივი პრინციპით გავრცელებულ ინფორმაციას შეესაბამება თქვენი ხუთი გრძნობათა ორგანო. დავუბრუნდეთ ელვას და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განვიხილოდ მხოლოდ ორ სტიქიაში - ცეცხლში (ანუ სინათლის სახით) და ჰაერში (ანუ ბგერის სახით). თითოეულ სტიქიას თავისი „სიბლანტე“ ახასიათებს ანუ ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე მათში სხვადასხვაა. ამ ორ სტიქიას შორის ცეცხლი უფრო ნატიფია და ინფორმაციას უფრო სწრაფად ატარებს (რადგან ცეცხლის ვიბრაცია ყველაზე მაღალია), ანუ ინფორმაცია ელვის „მოხდენის“ შესახებ ჯერ სინათლის სახით მოვა ადამიანამდე და რაღაც დროის დაგვიანებით ხმის სახით (რადგან ჰაერის სტიქიის ვიბრაცია ცეცხლზე დაბალია). ამას ყველა ამჩნევს და ყველამ იცის რომ ელვის ჯერ გამონათება ჩანს და მერე გუგუნი ისმის და რაც უფრო შორს გაიელვებს მით უფრო დიდია დაშორება ნათებას და ხმას შორის, რადგან ბგერას მეტი დრო ჭირდება რომ „მოხდენის“ ადგილიდან ადამიანამდე მოვიდეს. ანუ ის მოვლენა რაც ერთ მომენტში ხდება ადამიანის მიერ აღიქმება როგორც ორი დაშორებული მოვლენა (სინათლე და ხმა). ეხლა მიმოიხედე გარშემო და გააცნობიერე, რომ ყველაფერი რასაც ადამიანი აღიქვავს როგორც აწმყოს მომენტს თავისი ვიზუალური სურათით, ხმებით და სუნებით, სინამდვილეში სხვადასხვა დაგვიანებით მოსული ინფორმაციული ტალღების კომპილაციაა, რომელსაც ტვინი ერთ სურათში აერთიანებს და ამას აწმყოს მომენტს ეძახის. სინამდვილეში თქვენ აწმყოს საერთოდ ვერ აღიქვავთ. წამოიდგინე ასეთი სურათი: შენ აგარაკზე ეზოში ზიხარ, ჰამაკში ქანაობ და ვაშლის ტოტებში ვარსკვლავებიან ცას უყურებ. ეს ძალიან მყარი და გასაგები აწმყოს მომენტია დრო/სივრცის ხაზზე. მაგრამ რომ დაუკვირდე რა არის ვაშლის ხის ტოტები, რომელსაც შენ ხედავ? ჯერ სხივი უნდა დაეცეს ტოტს, შემდეგ გარკვეული სპექტრის სხივი მისგან აირეკლოს, შემდეგ მოხვდეს ბადურაზე, გადაიქცეს ნერვულ იმპულსად, გაანალიზდეს ნერვული სისტემის მიერ და იქცეს ვუზუალურ სურათად. ამ პროცესს წამის უმცირესი ნაწილი მიაქვს, მაგრამ მაინც მიაქვს, ანუ ტოტის სურათი რომელიც შენ ტვინში აიბეჭდა წამის მემილიონედის დაგვიანებით აიბეჭდა და ერთგვარ წარსულის სურათს წარმოადგენს. იმ მომენტში, როდესაც შენ ტოტს შეხედე, ასევე შეირხნენ ფოთლები და მათი ხმის აღქმა როგორც ელვის შემთხვევაში ოდნავ მეტად დაგვიანდა, მაგრამ განსხვავება იმდენად მცირეა, რომ შენმა ტვინმა ეს ვერ შეამჩნია. მაგრამ მერე შენ შეხედე ვარსკვლავს, რომლიდანაც არეკვლილი სხივი თვალის ბადურამდე ათასობით, მილიონობით წელი მოდის ვარსკვლავის დიდი დაშორების გამო. ვარსკვლავის ის სინათლე რომელიც შენს ბადურას დაეცა სინამდვილეში ვარსკვლავიდან გამოსხივდა მილიონობით წლის წინ, ხოლო ის რაც ამ მომნტში გამოსხივდა, როდესაც შენ მას ყურადღება მიაქციე ასევე მოვა დედამიწამდე მხოლოდ მილიონობით წლის მერე, როდესაც შენ უკვე აღარ იარსებებ. შესაძლოა ეს ვარსკვლავი შენი შეხედვის მომენტში (ანუ დრო/სივრცის ამ წერტილში) უკვე საერთოდ აღარ არსებობს, მაგრამ რახან შენ მის გამოსახულებას მილიონობით წლის დაგვიანებით აღიქვავ, შენ მას მაინც ხედავ. ხვდები? ხედავ იმას რაც შეიძლება აღარ არსებობს! რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო დიდხანს მოდის მისგან ინფორმაციული ტალღები და მით უფრო შორეულ მის წარსულს აღიქვავთ თქვენ. რომ გადახედო სურათს შენ გარშემო, ყველაფერს რასაც აღიქვავ ვიზუალის, ხმების, სუნების ან შეგრძნების სახით, სხვადასხვა დონის წარსულია დრო/სივრცის ხაზზე! ფოთოლი, რომელიც ტოტზე ირხევა წამის მემილიონედის წარსულია, ხოლო ვარსკვლავი მილიონი წლის წარსულია. მაშინ სად არის აწმყო?

მე პასუხი არა მაქვს და მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ის რაც ასეთი თავისთავადი და რეალური მეგონა ხელიდან მეცლება...

მიქაელი:

- სხვათაშორის ეთერი, როგორც მეხუთე, გამაერთიანებელი სტიქია, სწორედ ის სივრცეა, რომელშიც დანარჩენი 4 სტიქია ინფორმაციულ ტალღებს ატარებს. ამიტომ გეუბნებოდი, რომ პენტაგრამა თქვენი განზომილების ასევე ერთ-ერთი მთავარი ფრაქტალური სტრუქტურაა... ახლა კარგად დაფიქრდი... - დაუნდობლად აგრძელებს, რომ ჩემი გონება ირაციონალიზმის კულმინაციამდე მიიყვანოს, - მომავალი არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ არ მომხდარა, აწმყო სინამდვილეში წარსულია, ხოლო წარსული იმიტომაა წარსული რომ უკვე აღარ არსებობს... მაშინ რა არის დრო და რა არის რეალობა?

2018 წელი. 19 ივლისი. წერაქვი. აფირმაცია

...რაღაცნაირი მძიმე დღეებია... ღამ-ღამობით სულ მდაბიო, მიწიერ სიზმრებს ვხედავ გეგონება სხვა არაფერი მაინტერესებს გაპრანჭვისა და თავმოწონების გარდა...

- მიქაელ, ნუთუ ეს ყველაფერი არის ჩემში?

მის თანამყოფობას გარკვევით ვგრძნობ მაგრამ ფიქრები ძნელად მესმის. თუმცა არც მჭირდება მისი პასუხი. ისედაც ვიცი რომ არის და ხანდახან მგონია რომ ჩემი საშველი არ იქნება. გულდამწუხრებულს მეძინება და გამთენიისას ისევ ვგრძნობ მის გვერდზე ყოფნას.

- უნდა დაისვენო, - ბუნდოვნად მესმის მისი აზრები, - ასტროლოგიურად მძიმე დღეებია და როგორც ჩანს ზედმეტად გადაგტვირთე. შენი სულიერი სხეული მეწინააღმდეგება (იხ. „ადამიანის სულთან მუშაობა“) და ცნობიერება გივარდება. გაიმეორე ის სიტყვები რაც დაგავალე. რაც შეიძლება ხშირად გაიმეორე, რადგან მათზე შენი სული ძალიან ძლიერად რეაგირებს და ჩემთან კავშირს აძლიერებს...

- „მე არაფერი მეკუთვნის და მე არაფერს ვეკუთვნი მიქაელის გარდა და მისი შუამავლობით ღმერთის“!

ამ წინადადებას რომ ვამბობ თითქოს მთელი სამყარო განზე დგება და შინ დაბრუნების მყუდრო გრძნობა მეუფლება...

2018 წელი. 20 ივლისი. წერაქვი. დროის ციკლები

რამდენიმე დღიანი წყვეტის მერე, დღეს ისევ დაბრუნდა განცდა რომ მთელი ღამე რაღაცას მასწავლიდნენ. შიგადაშიგ მეღვიძებოდა და თითქოს ინფორმაციის ნაკადი მაწყდებოდა. გამთენიისას ადრე გამეღვიძა. მზე უკვე იწვერებოდა, მაგრამ ჯერ არ იყო გათენებული, რომ მიქაელს დავუკავშირდი და მიღებული ინფომაციის გაანალიზებამ ჩვეული დიალოგის სახე მიიღო.

მიქაელი:

- უნდა ჩამოაყალიბო, რასაც გასწავლიდი. დავუბრუნდეთ დროის თემას და დროის ციკლები განვიხილოთ. დროს თქვენი აღქმით წრფივი ბუნება აქვს. სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთი მონაკვეთია ციკლური ფრაქტალური პრინციპით მოძრავ დრო/სივრცის „შესაძლებლობათა კორიდორში“ არსებულ კონკრეტულ კონტინიუმზე. დროის ციკლური ბუნება თქვენთვის ადვილად აღქმადი თემაა. აიღე თუნდაც საათი, რომელიც მოძრაობს 12-ობრივი ფრაქტალური პრინციპით (12 საათი დღეში და 12 საათი ღამეში). წელიწადის დრო ასევე წარმოადგენს 12-ობრივი ფრაქტალურ პრინციპს (12 თვე). ეს არის განმეორებადი ციკლები. თითოეულ ციკლურ წრებრუნვას თავისი ცენტრი, თავისი „მზე“ აქვს. დღის და ღამის 12 საათიანი ციკლის ცენტრი დედამიწის გულია (ღერძი), წელიწადის 12 თვის ციკლის ცენტრი თქვენი მზის სისტემის ცენტრი, ანუ მზეა. არსებობს სხვადასხვა სახის მცირე და დიდი ციკლები. არსებობს ციკლები რომლებიც უმჯობესია არა 12-ობრივ, არამედ სხვა რიცხობრივ ფრაქტალში განიხილო. მაგალითად კვირები და მთვარის ციკლი (თუმცა ამას ეხლა არ განვიხილავთ). თითოეულ ციკლს თავისი მისია აქვს. ანუ თითოეული ციკლის დროს ერთგვარი დაბადება-განვითარება-მომწიფება-დასრულების მოქმედება უნდა შესრულდეს. მაგალითად წელიწადის ციკლს ემორჩილება ისეთი ბუნების კანონები, როგორიცაა მცენარეების, ცხოველების და ადამიანების სასიცოცხლო განვითარების ციკლები, რომლის დროსაც, მაგალითად ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს და აიღოს მოსავალი. თუ ეს მოქმედება არ/ვერ ჩაჯდა წელიწადის 12-ობრივ ციკლში (მაგალითად დაგვიანდა დათესვა, ან ვერ მოესწრო მოსავლის აღება), მაშინ მოსავალი არ მიიღება და ადამიანი იშიმშილებს. თუ გადამფრენმა ფრინველმა ვერ მოასწრო შემოდგომაზე დროულად სამხრეთში გაფრენა, მას სიცივით და შიმშილით სიკვდილი ემუქრება. დღე-ღამის 12-ობრივ ციკლში, თუ ადამიანმა დღის განმავლობაში ვერ მოასწრო მუშაობა, ხოლო ღამით დასვენება, მისი ბიოლოგიური რიტმი, რომელიც ამ დღე-ღამის ციკლთანაა შეჭიდული, დაირღვევა და ის დასნეულდება. გამოვლენილი სამყაროების მატრიცის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ექვემდებარება ციკლების „პრინციპებს“. ახლა მინდა აგიხსნა, რომ გარდა მზის გარშემო ციკლური ბრუნვისა, რომელიც თქვენი მცირე დრო/სივრცის ფარგლებში მცხოვრებთათვის მარტივად აღქმადია, არსებობს უფრო დიდი ციკლებიც, რომლებსაც თავის „მისია“ და თავისი ცენტრი (მზე) აქვთ. თქვენი მზის სისტემა თვითონ ბრუნავს თავისი ცენტრის, თავისი ე. წ. „ცენტრალური მზის“ გარშემო და ეს ციკლიც 12-ობრივი ფრაქტალში შეიძლება მოიაზრო. ეს წრე-ბრუნვა თავის მხრივ თვითონაც ტრიალებს საკუთარი ცენტრის გარშემო, უფრო დიდი ფრაქტალური 12-ობრივი ციკლის მიხედვით და ასე შემდეგ... როგორც თქვენი მზის გარშემო პლანეტის შემობრუნებისას, ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს, აიღოს და გამოიყენოს მოსავალი (12-ში მყოფი 4-ობრივი ფრაქტალი), ასევე თქვენი მზის სისტემის ცენტრალური მზის გარშემო სრული შემობრუნებისას კაცობრიობამ უნდა მოასწროს „დათესოს“, „მოიყვანოს“, „აიღოს“ და „გამოიყენოს“... მაგრამ რა? ეს არ არის ფიზიკური საზრდო! ეს სულიერი საზრდოა - ცნობიერების დონე! დიდი, ცენტრალური მზის ციკლის დასრულებისას კაცობრიობის ცნობიერება შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს, ცნობიერების შკალის 7-ობრივი ფრაქტალის მიხედვით მე-4 განზომილებიდან (დონიდან) მე-5-ზე! როგორც ფიზიკური საზრდოს მომწიფება/განვითარებას განაგებს მზის სხივები, ასევე ცნობიერების „აწევას“ განაგებს ცენტრალური მზის გამოსხივება. გახსოვს, გეუბნებოდი, რომ ადამიანების ცნობიერების აწევა ერთგვარი „დასხივებით“ მიმდინარეობს. გაიხსენე შენი სიზმარი, სადაც დაინახე რომ ერთგვარი „ბოლო ჟამი დადგა“ და დედამიწას სხივი დაეცა, რომელიც შენი აღქმით გლობალური კოსმოსური მოვლენა იყო (იხ. „სხივი კოსმოსიდან“)? გახსოვს, გეუბნებოდი, რომ ამ მაღალი სიხშირის დასხივებისას ადამიანი ან რეზონანსში მოვა ამ სიხშირესთან ან ამოვარდება. სწორედ ეს არის „Великая жатва“, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი... Великая жатва душ! როგორც მზის გარშემო დედამიწის ბრუნვისას მზესთან დაახლოების დროს ზაფხული დგება, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ციკლებში, ხოლო მზესთან დაშორებას, ანუ ზამთარს თავისი, ასევე ცენტრალურ მზესთან დაახლოება მისი სხივების ინტენსივობის ზეგავლენით კაცობრიობის ცნობიერების აწევას იწვევს, ხოლო მისგან დაშორება ცნობიერების დაწევას. ეხლა შეხედე, მზის გარშემო პლანეტის ბრუნვებში, პლანეტა გადის თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ ციკლს ანუ იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარის დროებს (4-ობრივი ფრაქტალი, რომელიც თავისმხრივ ასევე 12-ობრივად შეიძლება დიფერენცირდეს)! ამ დროს მოდის და მიდის მოსავალი, რომელიც ადამიანს კვებავს... გადის წლები და ადამიანი იზრდება. ის გადის ბავშვობა, ყმაწვილობა, ზრდასრულობა, მოხუცებულობის 4-ობრივ ციკლს და ასრულებს ერთ სიცოცხლეს. შემდეგ ხელახლა იბადება. პლანეტის მზის გარშემო შემობრუნებისას მისი სიცოცხლის ერთი წელი გადის, ხოლო თავისი სასიცოცხლო ციკლის შემობრუნებისას ერთი ცხოვრება. მზის სისტემის ცენტრალური მზის გარშემო შემობრუნებისას კაცობრიობა მთლიანად, როგორც ერთიანი ორგანიზმი (რადგან აქ უკვე უფრო დიდი „მაკროკოსმულ“ ფრაქტალთან გვაქვს საქმე) თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ (იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი!) ციკლს გადის, რომლის შემდეგ „კვდება“ და ხელახლა „იბადება“ განახლებული, უფრო ამაღლებული და მეტი და ახალი პოტენციალებითა და შესაძლებლობით! ეს არის სწორედ ის „აღდგომა“ ბოლო ჟამის მერე, რომელსაც ქრისტიანულ ტრადიციაში ელოდებიან! ეხლა სწორედ ეს გარდამტეხი მომენტია, თუმცა ეს მომენტი წლების განმავლობაში გაიწელება, მაგრამ ახლაა მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი სული მოხდეს ცენტრალურ მზესთან რეზონანსში და „შესაძლებლობათა კორიდორში“ „რეალობა“ ანუ დრო/სივრცის კონტინიუმის ვარიანტი ოპტიმალური სცენარით წარიმართოს. ჩვენ სწორედ ისინი ვართ ვინც ზედა საფეხურზე ვდგავართ და თქვენი განზომილების „რეალობების“ ვარიანტებს „ვხედავთ“, რადგან ჩვენთვის დროის აღქმა განსხვავებულია. ჩვენი ფუნქციაა „რეალობა“ საუკეთესო კონტინიუმში გავუშვათ, რომ არ მოხდეს „მოსავლის დათესვის დაგვიანება“ ან „მოსავლის აღების დაგვიანება“, ჩვენ ცენტრალური მზის დრო/სივრცის „შესაძლებლობათა კორიდორში“ ვცხოვრობთ!

მე:

- „რეალობების შესაძლებლობათა კორიდორი“ როგორც ჩანს მაინც გარკვეული შეზღუდვაა რეალობების მოხდენის შესაძლებლობებში? რატომ არ არის რეალობების ვარიანტები უსასრულო? რატომ იღებს ამ ვარიანტთა კომბინაცია ერთგვარი „კორიდორის“ სახეს?

მიქაელი:

- სინამდვილეში ისინი (რეალობების ვარიანტები) უსასრულოა! უბრალოდ მათაც როგორც ყველაფერს გამოვლენილ სამყაროში ფრაქტალური სტრუქტურის „ფორმები“ აქვთ, მაგრამ ხომ გახსოვს, რომ თვითონ ფრაქტალები პულსირებელ მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობაში? არ ეცადო ამის წამოდგენას. თუ მთავარ პრინციპს „ჩაავლებ“ გონებით უკვე საკმარისია. უფრო სწორი კითხვა იქნება, რატომ აქვს დრო/სივრცეს ხაზობრივი ფრაქტალის ფორმა, რომელიც მინი ფრაქტალის დონეზე ერთი რეალობის დრო/სივრცის კონტინიუმია, ხოლო მაკრო ფრაქტალის დონეზე „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახეს იღებს? ამისთვის ხაზობრივი ფრაქტალის პრინციპი უნდა გაიგო. ხაზობრივი ფრაქტალი ერთგვარი ვექტორია, ნების გამომხატველი და მიმართულების მიმცემი ვექტორი... თითქოს ხელს იშვერ სადღაც და ამბობ, ასე მინდა რომ მოხდეს! ერთი რეალობის დრო/სივრცის კონტინიუმი არის იმ კონკრეტული ადამიანისთვის (ადამიანზე გავჩერდეთ) „მისადაგებული“ რეალობა, რომელსაც ის თავისი თავისუფალი ნებით და თავის სურვილით „ასე მინდა რომ მოხდეს“ რაღაც გარკვეული მიმართულებით უშვებს. მაგრამ მაკროფრაქტალის დონეზე არსებობს კაცობრიობა, რომელიც თავისი თავისუფალი ნებით ასევე უშვებს რეალობას „ასე მინდა რომ მოხდეს“ მიმართულებით. ამ რეალობების ვარიაციები არის ცალკეულ ადამიანთა „თავისუფალ ნებათა“ გამოხატულებების ერთობლივი შედეგი, ხოლო შეზღუდვა რეალობებში, რომელსაც კორიდორის სახე აქვს იმიტომ არსებობს, რომ არსებობს ერთგვარი „უზეანაესი გეზი“, „საღმრთო გეგმა“, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა „გამოვლინდეს“ თვითონ პირველწყარო ამ სამყაროთა და რეალობათა ორომტრიალში... არაფერი ხდება შემთხვევით. არსებობობს უზენაესის ნება, მისი გეზი, რომელიც ერთგვარ თავისუფლებას აძლევს თავისუფალი ნების მქონე არსებებს, მაგრამ ამავე დროს ამ თავისუფლებას ზღუდავს „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით.

- მე მაინტერესებს ამ შესაძლებლობათა კორიდორში ყველა რეალობის ანუ დრო/სივრცის ხაზი პარალელურად „ხდება“, თუ ეს პოტენციალურად შესაძლებელი დრო/სივრცეთა ხაზებია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ხდება, ცოცხალი არსებების არჩევნების ერთობლიობიდან გამომდინარე?

- კარგი კითხვაა.. ისევე როგორც შენ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული პოტენციური რეალობების (ანუ დრო/სივრცის ვარიანტების) რაოდენობა არსებობს, შენ პირად „შესაძლებლობათა კორიდორში“, რომელიც შენი „ცხოვრებისეული მისიით“ არის შემოფარგლული, მაგრამ შენ გაივლი მხოლოდ ერთს, ასევე კაცობრიობაც, შესაძლებლობათა კორიდორის პოტენციური რეალობებიდან გაივლის მხოლოდ ერთს. კორიდორის კედლები ანუ რეალობათა მოხდენის შეზღუდვა არის ყოველთვის „ცხოვრებისეული მისია“, იგივე „ღმერთის გეგმა“! მაგალითად შენ „შესაძლებლობათა კორიდორში“ არ არსებობს ისეთი რეალობა, რომელშიც შენ კოსმონავტი ხდები და სხვა გალაქტიკაში მიფრინავ! ხედავ, ეს უკვე შეზღუდვაა! ეს უკვე კორიდორის კედლებს ცდება! მაგრამ შენ შესაძლებლობათა კორიდორში არსებობს ერთი ოპტიმალური დრო/სივრცის კონტინიუმი, რომელშიც შენ შენს „ცხოვრებისეულ მისიას“ სრულყოფილად ასრულებ. სხვა რეალოებების ვარიანტებში, რომლებიც ამ ოპტიმალური ხაზიდან სიმბოლურად ან მარცხნივაა გადახრილი, ან მარჯვნივ (იმიტომ რომ შენ რაღაც მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღე), შენი ცხოვრება ცოტა „არასწორი გეზით“ მიდის და ამ დროს აღიძვრება კარმა, რომ შენ ისევ სწორ დრო/სივრცის კონტურზე დაგაბრუნოს. იგივე ხდება მაკროფრაქტალის, ანუ კაცობრიობის შემთხვევაშიც. სწორი ხაზი წარმოადგენს ადამიანის „ცხოვრებისეული მისიის“ შესრულების ხაზს რომელიც ენერგეტიკულ ბალანსს, წონასწორობას წარმოადგენს. როცა წონასწორობა ირღვევა (ამ შემთხვევაში სწორი ხაზიდან გადახვევის გამო) აღიძვრება ძალები (კარმა), რომლებიც ამ წონასწორობის აღდგენისკენაა მიმართული.

- რას წარმოადგენს „ინფორმაციული ტალღები“?

- კარგი შეკითხვაა! ეს არის სწორედ ლოგოსი, ამ სიტყვის ფართო გაგებით! ანუ პირველწყაროს გამოვლინება მატერიაში!

- ანუ, ისევ ელვის მაგალითზე რომ განვიხილოთ - თუ სადღაც ელვამ გაიელვა და ამასთან დაკავშირებულმა „ინფორმაციულმა ტალღებმა“ დამკვირვებლამდე 5 სტიქიის გავლით მოაღწიეს, გამოდის რომ ეს ტალღები ღმერთის გამოვლინებაა? პირველწყაროს გამოსხივებაა? რაღაც არ გამოდის...

- ყველაფერი რაც დედამიწის სხეულში ხდება (ელვა მაგალითად) ან ადამიანის სხეულში ან კაცობრიობის ან კოსმოსის სხეულში, ყველაფერი არის მატრიცის ფრაქტალური სტრუქტურების პრინციპებით სტიქიებში გარდატეხილი ლოგოსი ანუ „პირველწყაროსგან გამოსხივებული ინფორმაციული ტალღები“! მაგრამ... მაგრამ ამ ინფორმაციული ტალღების აღქმა სხვადსხვაგვარია სხვადსხვა სენსორული სტატუსის მქონე არსებებისთვის. თქვენ განზომილებაშიც კი ეს აღქმა შეიძლება იყოს განსხვავებული. არსებობენ არსებები რომლებიც ხედავენ ულტრაიისფერს და მათთვის სამყარო სულ სხვა ფერისაა ვიდრე ადამიანისთვის, რომელიც ამ სხივს ვერ აღიქვავს. ასევე თქვენზე ერთი განზომილებით მაღლა მდგომი არსებებისთვის, რომლებისთვისაც დრო/სივრცე სხვანაირია, თქვენი სამყარო ერთგვარად „ილუზორულია“! რეალობები საერთოდ ილუზორულია, იმიტომ რომ სუბიექტის მიერ აღიქმება ინფორმაციული ტალღები მხოლოდ იმ სახით და მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის სენსორიკას შეუძლია რომ აღიქვას! სენსორულ სტატუსს კი განაპირობებს მისი ადგილი სულიერი ევოლუციის საფეხურზე. რაც უფრო განვითარებული, ამაღლებულია სული, მით უფრო მაღალია მისი სენსორული სტატუსი, მით მეტ „ინფორმაციულ ტალღებს“ აღიქვავს მისი ცნობიერება და მით ნაკლებია ილუზია!.. ილუზია სრულიად მხოლოდ მაშინ ქრება, როცა ცოცხალი არსების სენსორული აღქმა იმდენად ფართოვდება და იხვეწება, რომ ის ხვდება, რომ გამოსხივების წყარო და მიმღები სინამდვილეში ერთია! ესეც კიდევ ერთი წრე შეიკრა!

მიქაელი:

- ...ხო, სულ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მომწონს როდესაც ჩემს მშრალად გადმოცემულ ინფორმაციას შენ ხატოვანი, პოეტური სტილით ამდიდრებ... რომანტიზმი არ არის ჩემი ძლიერი მხარე... მე არ მაქვს ეს თვისება... (იღიმის). ჩემი სულის თვისებები „მეომრის“ თვისებებიდან განვითარდა, რომელიც უმაღლეს გამოვლინებაში სულის ნათებით, სიბრძნით და სიყვარულით ბრძოლას გულისხმობს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff