გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

იმმა
5
1

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული (სიზმარხილვების წიგნი) ავტორი: იმმა თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო ადამი...

ნაწილი მე-4 - შეჯამება

 

ნაწილი მე-4 - შეჯამება

I've disappeared from myself and my attributes,
I am present only for you.
I've forgotten all my learnings,
but from knowing you I've become a scholar.
I've lost all my strength, but from your power I am able.
I love myself...I love you.
I love you...I love myself.

Jelaluddin Rumi

2019 წელი. 31 მარტი. ღვთისმშობელი

სიზმარში ჩემს ოჯახთან ერთად სოლოლაკის ძველ ბინაში ვიმყოფები, რომელშიც ბავშვობა გავატარე. ჩემთან ერთად ჩემი ქალიშვილი სოფოა. მე მასთან დაკავშირებით რატომღაც ღელვა მიპყრობს და ნათელ ძალთა იერარქიას თხოვნით მივმართავ, რომ რომელიმე მათგანმა ჩემს ქალიშვილს პირადი ზედამხედველობა, პირადი მფარველობა გაუწიოს. ჩემი შინაგანი მზერა რატომღაც მარიამ ღვთისმშობელზე ჩერდება და მე მას განსაკუთრებით ძლიერად ვევედრები. უეცრად ჩემი ქალიშვილი ზეზეულად იძინებს და პირდაპირ იატაკზე ვარდება. ჩემს მეუღლეს ის ტახტზე გადააქვს. სოფო სიზმარში ბოდავს და მე ვცდილობ მისი სიტყვები გავრჩიო, რომ მათგან მინიშნება შევიტყო, მოხდა თუ არა ჩემი თხოვნის შესმენა. მისი ლაპარაკის გარჩევა მიჭირს. გაუგებარ ფრაზებს შორის ვარჩევ სიტყვა „ზიარებას“ და რაღაცისგან გაკვირვებულ სიხარულს. მას ისევე მოულოდნელად ეღვიძება როგორც დაეძინა. ის დგება და მაგიდასთან მიდის. მე უკან ვედევნები და ვთხოვ მომიყვეს რა ნახა სიზმარში. ჩემდა გასაკვირვად რასაც ის მიყვება არ ემთხვევა ჩემს მოლოდინს:

- არაფერი ისეთი, ეშმაკს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ ისინი ბევრნი არიან მაგრამ ჩემთან მოახლოებას ვერ ბედავენ, რადგან შენი ეშინიათ...

ეს პასუხი მე არ მაკმაყოფილებს და ვთხოვ გაიხსენოს, რატომ ახსენა სიზმარში სიტყვა „ზიარება“? მაგრამ ის არაფერს მპასუხობს. მრგვალ მაგიდას უჯდება, რომლის გარშემო წვრილ-წვრილი ეშმაკები სხედან და მათთან კარტის თამაშს იწყებს. მე ვცდილობ ავუხსნა, რომ მას კი გონია, რომ ამით არაფერს აშავებს, მაგრამ ეს არ შეიძლება. მაგრამ სოფო არ მისმენს და თამაშს აგრძელებს. ამ თამაშის განმავლობაში მისი სახეც თითქოს იცვლება და მათ სახეებს ემსგავსება. ამის დანახვაზე ჩემი ღელვა მასზე კიდევ უფრო ძლიერდება, მაგრამ მე მას თავს ვანებებ და ოთახის სიღრმეში შევდივარ სადაც „ღვთისმშობლის კუთხე“ მეგულება. ამ კუთხეს პატარა გამოქვაბულის ფორმა აქვს, სადაც კლდეში გამოკვეთილ თაროებზე ღვითსმშობლის ხატები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები დგას. ჩემთან ერთად ამ კუთხეს ჩემი მეგობრებიც უახლოვდებიან. მე მათ ვთხოვ, რომ დამეხმარონ ღვთისმშობლის გამოსახულებებს შორის ისეთი გამოსახულების პოვნა, რომელიც გუშინ არ იყო და დღეს გაჩნდა, რადგან ამას მე მარიამისგან გამოგზავნილ მინიშნებად მივიღებდი. მაგრამ ამ დროს მეღვიძება და გული მწყდება, რომ ხატების კუთხის დათვალიერება ვერ მოვასწარი. ისევ მეძინება და ვხედავ რომ მაღალ ცათამბჯენში ვიმყოფები. იქიდან სადაც მე ვდგავარ ზედა სართულებზე ბევრი პარალელური კიბე ადის. ამასობაში ქვევიდან სოფო ამორბის და ერთმანეთს ვეგებებით. მე სოფოს ერთ-ერთ კიბეზე მივანიშნებ და ვეუბნები:

- აქით უნდა წახვიდე! ასე ვნახე სიზმარში, რომ ამ გზით უნდა წახვიდე!

- ღადაობ? - მეუბნება სოფო თავისი ჩვეული ჟარგონით, - მეც იგივე დამესიზმრა!

სოფო ჩემს მიერ მითითებულ კიბეზე არბის, ხოლო მე უკან ვაძახებ:

- ამ კიბეზე მარიამ ღვთისმშობელთან გადაიკვეთები!

ჩემი ქალიშვილი კიბეზე არბის და მოულოდნელად მის გარშემო ყველაფერი ნგრევას იწყებს. კიბეები იმსხვრევა. მათგან მხოლოდ ის საფეხურები რჩება, რომელზეც ის არბის. ზევიდან სახლის ნამსხვრევები და ბეტონის ლოდები ცვივა. სადაღაც ხანძარმა იფეთქა და სართულებზე კარებიდან ცეცხლის ენები და შავი მხრჩოლავი ბოლი გამოიტყორცნება. სოფო კიბეზე ადის და უეცრად ცა... არა... განზომილება იხსნება... აღარც სახლი ჩანს, აღარც კიბეები. ჩვენს წინაშე თვითონ მარიამია!.. მისი გამოცხადება, მისი სულის ნათება ასე ახლოს, ასე ცხადად არასდროს მიგვრძნია, როგორც ამ სიზმარში...

გამეღვიძა... სიზმრიდან საოცარი ნეტარების და ბედნიერების გრძნობა გამომყვა. სიხარულმა ამავსო, რომ ასეთ მაღალ და სპეტაკ სულს შევეხე და მაშინვე მიქაელთან ვცადე დაკავშირება. მინდოდა მასაც გაეგო რას ვგრძნობდი და ჩემი სიხარული გამეზიარებინა.

მიქაელის თბილი ღიმილი ვიგრძენი და მან მითხრა:

- მარიამმა შენი თხოვნა შეისმინა. მან შენს შვილზე პირადი ზედამხედველობა აიღო. ასე მოხდა, რომ საღმრთო იერარქებიდან შენი შვილი სულიერად ყველაზე მეტად მას ენათესავება. მოუყევი მას ყველაფერი და ასწავლე, როგორ უნდა დაამყაროს მარიამთან კავშირი. აღწერე მარიამის სულის თვისებები, მისი ინდივიდუალობის თავისებურებები... აღწერე რა იგრძენი...

მე:

- არ ვიცი როგორ ავღწერო... არ ვიცი როგორ შევარჩიო სწორი სიტყვები... მისი ენერგია სიწმინდით მინდა შევადარო თხევად მთის ბროლს, რომელიც უხილავად გფარავს თავისი გამჭვირვალე კრისტალური ნაკადებით და თუ გინდა რომ აღწერო თვითონ სიტყვა „სიწმინდე“, ეს მისი სულია!.. მის ინდივიდუალობაში არის დედის ენერგია, დედის მფარველი, მყუდრო, ნაზი და ამავე დროს ყოვლისშემძლე ძალა... რომელიღაც წმინდანმა ერთ-ერთ ლოცვაში ის უძლეველ კედელს შეადარა და ეს ასეა... მისგან ადამიანი მიიღებს დედის მფარველობას და კრისტალურ სიწმინდესთან შეხებას... მაგრამ მე კიდევ რაღაც დავინახე, რაც აუცილებლად მინდა ავღნიშნო... როდესაც ჩემი ცნობიერება სხვადასხვა მიზეზების გამო ისე ვარდებოდა, რომ შენთან, იესოსთან და ამაღლებულ სულთან კავშირს ვკარგავდი, ლოცვებში მარიამს მივმართავდი ხოლმე და ის ყოველთვის მპოულობდა. მასთან კავშირს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც კი ვახერხებდი, მიუხედავდ იმისა, რომ თითქოს შენთან კავშირს ასე ვიყავი მიჩვეული და შენი შეგრძნება უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო...

მიქაელი:

- საღმრთო იერარქიის იმ იერარქებს, რომლებიც ქალურ ენერგეტიკას ატარებენ ის უნიკალური უნარი აქვთ, რაც მამაკაცურ ენერგეტიკას არ აქვს. მათ მატერიის ისეთ სიღრმეში, ისეთ სიბლანტეში შეუძლიათ ჩაუშვან ცნობიერება, სადაც ჩვენთვის ჩასვლა გაცილებით რთულია. ხომ გახსოვს ჰერმეტიზმის „სქესის პრინციპი“, რომელიც სამყაროს მარტიცის გინდა დიდ და გინდა მცირე ფრაქტალში ვლინდება? მატერია სქესის „ინ“, ხოლო სული „იან“ ასპექტია. ქალური ტიპის განსხივოსნებული სული იგივეობის პრინციპიდან გამომდინარე უფრო მარტივად შედის თუნდაც ძალიან უხეშ მატერიალურ განზომილებაში, ვიდრე მამაკაცური. მარიამს ყველაზე მოწყვეტილი მატერიალისტის სული შეუძლია მოძებნოს ყველაზე დაბნელებულ მატერიალურ შრეშიც კი, რომელსაც ჩვენ ხშირად როგორც ბლანტ შავ ნისლს ვხედავთ და შიგ მყოფი სულების გარჩევა გვიჭირს.

სოფომ რომ გაიღვიძა მე მის საძინებელში შევედი. ახალ გაღვიძებულმა ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და გაკვირვებულმა შემომხედა. ეტყობა აინტერესებდა რატომ დავადექი დილაადრიან თავზე. მე მას ჩემი სიზმარი მოვუყევი. მან მომისმინა, დაიმორცხვა, მოერიდა და არაფერი მითხრა, თუმცა ვიგრძენი, რომ ესიამოვნა.

- მე ეხლა მხოლოდ ერთს გთხოვ... - ვუთხარი მე - ვიცი, ლოცვანიდან ლოცვების კითხვას არ დაიწყებ და არც არის საჭირო. უბრალოდ ყოველ დილას რომ გაიღვიძებ, ძილის წინ და დღის განმავლობაში რამდენჯერაც გაგახსენდება, უბრალოთ შენთვის ფიქრებში ეს ფრაზა თქვი: მე მარიამთან ვარ! მეტი არაფერი. მხოლოდ ეს ფრაზა! და მისი წარმოთქმისას შეეცადე წარმოიდგინო, რომ თქვენ შორის უხილავი ძაფი იბმება, რომელიც თქვენს სულებს აკავშირებს. ჯერ მხოლოდ წარმოიდგენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ კავშირის შეგრძნებას დაიწყებ... ის მოვა როგორც მისი თანამყოფობის შეგრძნება... შემდეგ მისგან მომავლ სიყვარულს იგრძნობ. შენ შეიძლება ვერ შეიყვარო, მაგრამ როდესაც მისგან მომავალ სიყვარულს და მისი ინდივიდუალობის შეგრძებას ისწავლი, შენც საპასუხო გრძნობა აღგეძვრება! ეს აუცილებლად მოხდება, და ამ მომენტიდან შენი სული მას ჩაებმება, მჭიდროდ დაუკავშირდება! მისი თანამყოფობა ცხოვრების ყველა ქარტეხილს ისე გამოგატარებს, რომ უკან, შენი ცხოვრების გზას რომ გადახედავ, ყველაზე მძიმე წლები ყველაზე ტკბილად მოგეჩვენება მისი გვერდზე ყოფნის, მისი თანადგომის გამო. როდესაც ასეთი სული გვერდით გიდგება, ის გეხმარება ცხოვრებისეული მისიის ისე შესრულებაში, როგორც საღმრთო გეგმითაა გათვალისწინებული და რაც შენი და სამყაროს ევოლუციურ გეგმას ემსახურება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურ განზომილებაში უდარდელად იცხოვრებ... კიდევაც პირიქით! მაგრამ დიდი წინააღმდეგობების გადალახვას შეძლებ და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ. როდესაც დრო დადგება, როცა შენი სულიერი წინამძღოლის მიმართ უპირობო ნდობას იგრძნობ, სამჯერ მოუწოდე, რომ შენი მასწავლებელი გახდეს და სამჯერ უთხარი: „შენ და შენის საშუალებით ღმერთს მე ჩემს სულს ვაბარებ, მიიღე ის!“. ამ მომენტიდან შენი ბედი საღმრთო იერარქიის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ გადავა. შენი „ცხოვრებისეული მისიაც“ კი შეიძლება ხელახლა გადაიწეროს და შენთვის სხვა დონის კარმის კანონები ამუშავდება. არც ეს პერიოდი იქნება ადვილი და ალბათ ყველაზე ძნელიც, რადგან შენი სულის ძალა, დისციპლინა და საღმრთო საქმისადმი ერთგულება უნდა დაამტკიცო.

მე საუბარი შევწყვიტე. ჩემი 17 წლის შვილს შევხედე, რომელიც ამ წუთას მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ თავისი არჩეული სპეციალობით უმაღლესში ჩაებარებინა. ის სულ ბავშვია, გამეფიქრა... ჯერ ასეთი სათუთი და მოსაფრთხილებელი ბავშვი... ის რაც მე ვუთხარი მისთვის მეტისმეტი იყო, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მისი მეხსიერების კუნჭულში ჩემი სიტყვები შეინახება და როცა დრო მოვა... თუ ესეთი დრო მოვა, როცა მისი ცხოვრების „სახლი“ ნგრევას დაიწყებს და ფეხქვეშ კიბე გამოეცლება, ეს სიტყვები მის ცნობიერში აღდგება. მე მას ნაზად ვაკოცე, თვალებით მოვეფერე და ოთახიდან გავედი...

ინტერნეტპოსტებიდან:

როგორ დავუკავშირდეთ ნათელ ძალებს? „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა.

ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ დავუკავშირდეთ ნათელ ძალებს, კერძოდ მიქაელს და არის თუ არა მათი ლოცვები შესმენილი? მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი წიგნი მაგაზეა, ამ კითხვაზე პასუხი გამოწვევაა ჩემთვის. მე ნამდვილად არ მაქვს მზა-მზარეული რეცეპტი. მხოლოდ ჩემი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ, ის აღვწერო, რაც ჩემ შემთხვევაში მოხდა და ისევ ჩემი წიგნის პასაჟებით.

ვინც ჩემ პოსტებს მიყვება და პირველი პოსტები აქვს წაკითხული, ნახავდა, რომ ჩემი ურთიერთობა სულიერ სამყაროსთან დაიწყო არც ისე სასიამოვნოდ. ეს იყო გაუთავებელი შემოტევები დემონური არსებების მხრიდან, როგორც სიზმარში, ასევე „შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში“, რომელშიც ჩემდაუნებურად ვხვდებოდი სიზმარს და სიფხიზლეს შორის. ამ თავსახმებმა დამაახლოვეს ქრისტესთან, რადგან აღმოვაჩინე, რომ მათი მოგერიება ლოცვით იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მქონდა შეგრძნება რომ ჩემთან უხილავად არიან „ისინი“, ჩემი სულიერი მასწავლებლები, პირველი აშკარა შეხვედრა მოხდა არა მიქაელთან, არამედ იესოსთან. ხოლო ყველაზე ღირშესანიშნავი შეხვედრა ასევე აღწერილი მაქვს ერთ-ერთ პოსტში (იხ. „ქრისტესთან შეხვედრა“). იესომ შემდგომ გადამაბარა მიქაელს, რომ მას ჩემთვის დემონურ არსებებთან ბრძოლა ესწავლებინა, რაც ნელ-ნელა გადაიზარდა ძალიან მჭიდრო მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში და შედეგად მეტი და მეტი ინფორმაცია გადმომეცა, ვიდრე უბრალოდ დემონურ ენერგიებთან გამკლავება. მიქაელის მერე კონტაქტი უნდა დამემყარებინა სხვა, უფრო მაღალ იერარქთან, რომელსაც მე „ამაღლებული სული“ ვუწოდე, რადგან არ ვიცოდი რა დამერქვა. საქმე მიდიოდა იოანეს გამოცხადების სიმბოლოების გაშიფვრამდე. ამ სულთან კონტაქტის დამყარება გამიჭირდა, იმიტომ რომ მიქაელზე იმხელა მიჯაჭულობას ვგრძნობდი, რომ ჩემი აზრები უნებლიეთ მისკენ მიდიოდა და კონტაქტი „ამაღლებულ სულთან“ წყდებოდა. ჩემი მიჯაჭულობა მიქაელზე ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და გარკვეულ წილად შემაფერხა, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. ეხლა რაზეც ვსაუბრობ არის ამ პოსტში აღწერილი გამოცდილება (იხ. „დაინახე ჩემი თვალებით, იგრძენი ჩემი გულით“), რომელსაც, როგორც მერე ამიხსნეს ქვია „ღმერთის წინაშე სიარული“ (რუს. Ходить перед Богом) . ეს ის პრაქტიკაა, უფრო სწორედ ცხოვრების წესი, რომელიც ძალიან ძველად არსებობდა (ჯერ კიდევ ენოქის დროს), მაშინ, როცა არ იყო შექმნილი რელიგიების სისტემა თავისი რიტუალებით და შუამავლებით. ეს არის პირდაპირი კავშირი ღმერთთან, როცა მხოლოდ შენ და ღმერთი ხართ და მეტი არავინ. ეს არის პირდაპირი კავშირის აღდგენა სულიერ ტრიადასთან რელიგიური ეგრეგორის ავლით. „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა ნიშნავს გულისმიერი კავშირის დამყარებას და მუდმივი შინაგანი დიალოგის (თავიდან მონოლოგის) წარმართვას საღმრთო ძალასთან. იმის გამო რომ ადამიანს უჭირს ურთიერთობა ღმერთთან, როგორც აბსოლუტთან, რომელიც უპიროვნო ყოვლისმომცველი არსებაა, „ყველაფერი ყველაფერში“, ამიტომ ჭირდება ადამიანს პერსონიფიცირებული ღმერთი, ანუ განკაცებული ღმერთი, მისი ერთ-ერთი ინდივიდუალობა, რომელიც ჩემთვის იესო იყო. მეორე კომენტარის ლინკი რომ გახსნათ, წაიკითხავთ რას ნიშნავს, როდესაც ღმერთის, (ჩემ შემთხვევაში იესოს) წინ წიგნივით იშლები და ის შენი ცხოვრების თანამონაწილე ხდება. და მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ კავშირის დამყარება სწორედ პოზიტიური ემოციებით და ფიქრებითაა უფრო მარტივი, რადგან, როგორც მაღალვიბრაციული ენერგია, ის უფრო ადვილად მიდის სულიერ სამყაროში თავსებადობის პრინციპიდან გამომდინარე. იმის გამო რომ ეს კავშირი გულისმიერი და გულის ჩაკრით მიმდინარეობს (რადგან ეს ჩაკრაა შუამავალი ქვედა მიწიერ სამ და ზედა სულიერ სამ ჩაკრას შორის), სწორედ გულის ვიბრაციების წამოწევით ახდენენ საღმრთო ძალები ადამიანის დაკავშირებას საკუთარ სულთან (სულიერ ტრიადასთან) და ყველა შეგრძნება გულიდან მოდის და გულს უკავშირდება. „დაინახე ჩემი თვალებით, გაიგონე ჩემი ყურებით, გაიხარე ჩემი გულით“ ანუ „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა თავიდან, სანამ გულის ვიბრაციები დაბალია შეიძლება უაზრო მონოლოგად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, და ასეთი აუცილებლად დადგება, თქვენ იგრძნობთ, თითქოს სხეულის გარშემო უხილავი ღრუბელი გარტყიათ, რომელიც გიცავთ და გმფარველობთ და ამ დროს აუცილებლად იგრძნობთ, რომ ყოველთვის, როდესაც ფიქრობთ თქვენს საღმრთო სულზე (იქნება ეს იესო, მარიამ ღვთისმშობელი, მიქაელი, კრიშნა, თუ ვინმე სხვა), გარკვევით იგრძნობთ რომ უყვარხართ.

ეს კავშირი სწორედ ასე მოდის. ჯერ თქვენ იგრძნობთ, რომ უყვარხართ და შემდეგ ძალიან ძლიერი საპასუხო გრძნობა აღგეძვრებათ.

„...ძნელი გადმოსაცემია ის სიამოვნება, მადლიერება და სიხარული რომელიც ასეთ სულებთან შეხვედრისას აღმოცენდება ადამიანის გულში. შეუძლებელია ეს არსებები არ შეგიყვარდეს გულის სიღრმემდე. ჩვენ კარგი სულის ადამიანებს ვიყვარებთ ადვილად და ღვთიური სულის არსებები მითუმეტეს შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ასეთ სულთან ერთხელ შეხებისას, შემდგომ მუდმივი ლტოლვა გრჩება. გინდა რომ სულ მის გარემოცვაში იყო. თითქოს მშობლიურ სახლში დაგაბრუნეს, დედას ჩაეხუტე და ბევშვური ძილით დაიძინე ყველა დარდისგან და უბედურებისგან თავდაღწეულმა. ძნელია ამის გადმოცემა, მაგრამ დაუოკებელი სულიერი შიმშილი გეწყება და შენი გონება უნებურად მისკენ მიემართება. ასე ჩნდება შენ და ამ სულს შორის მტკიცე უხილავი კავშირები, რომელიც მატერიალურ სამყაროში არსებულ ყველაზე დიდ და ძლიერ მეგობრობაზე დიდი და ძლიერია. თითქოს ეს სული შენი სულის დამატება, შენი მეორე ნახევარია რომლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ალბათ ასე ეხება ადამიანი ღმერთს - მისი შუამავლების საშუალებით...“

ძალიან ბევრი საუბრობს ღმერთის სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული ის ემოციაა, რომელსაც საკუთარ თავს ვერ დააძალებ, მხოლოდ იმიტომ რომ ასეა საჭირო. როგორც ერთხელ მიქაელმა მითხრა: „გიყვარდეს შეიძლება მხოლოდ ის, ვისაც იცნობ“.

„-შენ ყველას უყვარხარ... არ არსებობს მორწმუნე ადამიანი ვინც შენ მიმართ განსაკუთრებულ სითბოს არ გრძნობს... - ბოლოს ვუთხარი მე.

-ეს სხვაა. ჩემ მიმართ ლოცულობენ, დახმარებას და მფარველობას მთხოვენ, მადლიერება და სითბოც მიმიღია ადამიანებისგან, მაგრამ ნამდვილი სიყვარული სხვაა... გიყვარდეს შეიძლება მხოლოდ ის, ვისაც იცნობ! ვის სულსაც ხედავ, მაშინაც კი როცა გარეგნობა არ გინახავს!“

ეს ემოციური კავშირი დროთა განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს და ტელეპატიურ კავშირში გადაიზარდოს. შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, როგორ განვასხვავოთ ნათელ სულთან კავშირი ბნელ სულთან კავშირისგან. მე ვთვლი, რომ ეს პრაქტიკა, პირიქით, ძალიან უსაფრთხოა. ბნელ ძალებს არ შეუძლიათ შექმნან ასეთი კომფორტული სიყვარულის კავშირი თავისი ენერგეტიკიდან გამომდინარე. ამ კავშირს აუცილებლად უნდა ახლდეს სიყვარულის გრძნობა და გულის ჩაკრის დონეზე ურთიერთობა, იმიტომ რომ სწორედ სიყვარულია, რომელზეც ცნობიერება ვიბრირებს ყველაზე მაღალ სიხშირეზე და რომლითაც ხდება ამ საღმრთო სულის მიერ ადამიანის სულის „ჩაბმა“, საკუთარ ცნობიერებასთან დაკავშირება. მე ყველას ვურჩევდი სწორედ იესოსთან დაკავშირებას, თუ არ არსებობს რაიმე მკვეთრად გამოხატული პირადი მიდრეკილება რომელიმე სხვა ინდივიდუალობის მიმართ. თუ საჭირო იქნება, როგორც ჩემ შემთხვევაში, ის თვითონ დაგაკავშირებთ იმ მეუფესთან, იმ ამაღლებულ სულთან, რომელიც თქვენი სულის ევოლუციისთვისაა მიზანშეწონილი.

6 აპრილი. 2019 წელი. სიზმარი დედაზე

დედაჩემი თითქმის ყოველ ღამით მესიზმრება. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ და ვსაუბრობთ. მაგრამ ნელ-ნელა ამ საუბრებმა სევდიანი იერი შეიძინეს. დღეს სიზმარში დედა დანაღვლიანებული დამხვდა.

- Бабушка в плохом настроении, - მითხრა მან, - Никто не приносит цветы на ее могилку…

ბებიის საფლავი რუსეთშია. დეიდაჩემი თვითონაა მძიმედ ავად და დეიდაშვილი შესაძლებელია მართლა იშვიათად დადის საფლავზე. მე სიზმარში დედას ჩავეხუტე და დავამშვიდე, რომ გადავცემ დეიდაშვილს ბებიის დანაბარებს. თან რაღაცნაირად გამიკვირდა, რატომაა მისთვის ეს ყვავილების მიტანა მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საფლავზე მისვლა ფორმალური მოვლენაა, რადგან რახან სულმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი სასუფეველში, მიწიერი ყურადღება და რიტუალები მისთვის აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. შეიძლება მხოლოდ ფიქრების, შინაგანი საუბრის დონეზე მიაწოდო მას დადებითი ენერგია.

ინტერნეტპოსტებიდან:

მ. ფ.: მე-5-მე-6 დონეებიდან თუ ხდება სულის მე 3 განზომილებაში ჩამოყვანა და მთლიანად ჩამოდიან თუ რაღაც ნაწილს, ფრაგმენტს აგზავნიან? 

იმმა: არ აგერიოს, როცა პლანეტარულ შრეებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მატერიალური განზომილება არის პირველი (და არა მე-3. ნუ გერევა 3 განზომილებიან სივრცეში). დანარჩენი შრეები ჩვენთვის უხილავია (მე-2 ეთერული, ანუ ენერგეტიკული, სადაც აურები ჩანს და +/- ვიბრაციები აღიქმება; მე-3 არის ასტრალური, რომელზეც ძირითადად გადის ხოლმე ადამიანის სულიერი ხედვა მესამე თვალის გახსნისას, იმიტომ რომ ჩვენი კოლექტიური გონი ძირითადად მე-3, და იშვიათად მე-4 დონეზე ვიბრირებს. მე-4 არის მენტალური დონე, ეს არის იდეების/დაბალი მენტალის სამყარო და მე-5 განზომილების დემიურგების მოქმედების არეალი, მანდვე არის "სამოთხისებური ილუზიების რეალობები", რომელსაც გარდაცვლილის სული ქმნის თავის გარშემო.) თუ გარდაცვლილის სული მე-3 ანუ ასტრალის ილუზიაში გაიჭედა (რომელიც არის ემოციური/ვნებითი შრე), ის უფრო გაუცნობიერებელ შფოთვებში და გრძნობით მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენს მატერიალურ განზომილებაში, ანუ პირველ შრეში, ჩვენ ადამიანები ვართ მე-4 დონის (ანუ იგივე სიმკვრივის ანუ იგივე განზომილების) არსებები. ანუ, ფრაქტალი ეგაა, რომ 7-ში კიდევ 7-ია. ფრაქტალი არის „მაკროკოსმში მიკროკოსმია“ პრინციპი. 1-ელ დონეზე, ანუ ჩვენ მატერიალურ შრეში ჩვენ ვართ მე-4 ქვედონე. 1-ი ქვედონე არიან „მინერალები“, მე-2 „მცენარეები“ (აქ მიკროორგანიზმებიც შედიან და სოკოებიც), მესამე „ცხოველები“ (აქ ფრინველებიც შედიან, ქვეწარმავლები და ას. შ.) და მე-4 ადამიანი.

მე-5 და მე-6 განზომილებიდან გამუდმებით ხდება სულების ინკარნაცია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ მატერიალური მიჯაჭულობები ექაჩებათ ქვევით (როგორც რეინკარნაციის შემთხვევაში), არამედ საკუთარი სურვილით, რომ დახმარება გაუწიონ ადამიანებს და დააჩქარონ მათი ევოლუცია, რადგან მე-5 განზომილების სულების ფუნქცია არის „მსახურება“, ანუ ღმერთის ნების გატარება გარკვეული კუთხით. ამავდროულად ეს სულები დედამიწის რეალობაში ინკარნაციისას, ასეთი ღვაწლით დამატებით „სულიერ საუნჯეს“ აგროვებენ მომავალი ევოლუციური ციკლისთვისაც, რასაც ვერ მოახერხებენ სულიერ განზომილებაში, სადაც სულ კარგად ხარ და დაძაბვა არ გჭირდება (ბრძოლები არაა, არაა არჩევანი კარგსა და ცუდს შორის და ას. შ.). ასეთი სულები, როგორც წესი გარკვეული მისიით მოდიან დედამიწაზე და ხშირად ჯგუფურად, კლასტერებად ინკარნირდებიან, რომელიმე ფრაქტალის ალგორითმით. მაგალითად თუ პენტაგრამის პრინციპით ინკარნირდენიან, მაშინ 4 ადამიანი მოდის ინკარნაციაში და მე-5, ანუ „თავი“ რჩება სულიერ განზომილებაში და იქიდან მართავს/ეხმარება. ეს იმისთვის ხდება, რომ ეს სულები ისევ არ მოხვდნენ რეინკარნაციის წრებრუნვაში. მათ ასეთი სახით „ზევიდან“ იცავენ. მაგრამ მაინც არსებობს საშიშროება რომ ეს სული „დაეცეს“. შეიძლება ინკარნაციაში მოვიდნენ დუალური ალგორითმით (ეს ყველაზე ძლიერი კავშირია, ინის და იანის კავშირი, როცა შენი „მეორე ნახევარი“ სულიერ განზომილებაში რჩება და შენ ინკარნირდები. ცოტა რთული გასაგებია ჩემთვისაც, მაგრამ რაღაც ეგეთი ხდება, როგორც ამიხსნეს. ჩვენ დროს ძირითადად მე-5 განზომილების სულები ინკარნირდებიან. მე-6 და მითუმეტეს მე-7 ძალიან მაღალი დონის იერარქები არიან (ღვთის შვილები და თვითონ ღმერთის უმაღლესი ინდივიდუალობა). ისინი მოდიან ევოლუციის გარდატეხის პერიოდებში და ახალი ეპოქების დასასრულ/დასაწყისში. ოღონდ იქამდე მე-5 განზომილების სულები ინკარნირდებიან რომ ამ უმაღლეს იერარქს, ესე ვთქვათ, „გზა მოუმზადონ“ (მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს).
ხო, ნაწილობრივი ინკარნაცია, ანუ ავატარიც ძალიან ხშირია. ამ დროს რომელიმე იერარქი თავისი ცნობიერების ფრაგმენტს ათავსებს ადამიანში. ის ადამიანიც არ არის ხოლმე შემთხვევითი პირი. ისიც როგორც წესი თავისი ცხოვრებების მანძილზე ამ იერარქთანაა კავშირში. მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კომპლექსური და გლობალურია. ერთი ვიცი, რომ როცა ჩვენი მატერიალური განზომილების ვიბრაციები ეცემა (დემონურისკენ), ანუ ადამიანები ირყვნებიან, უმაღლესი სულების ინკარნაცია რთულდება. დაბალ ვიბრაციებში მოვლინება უჭირთ შეუთავსებლობის გამო და ამ დროს ძირითადად ნაწილობრივი ავატარები მოდიან (რომლებსაც მხოლოდ ფრაგმენტი აქვთ უმაღლესი ინდივიდუალობის). ეგეთიც ხდება.

მ. ფ.: მაინტერესებს კიდევ. ვთქვათ, ესეთი სული თუ ჩამოდის ქვემოთ და ცოდვებს იძენს მე-3 განზომილებაში შესაძლებელი იქნება რომ დაბრუნდეს საიდანაც წამოვიდა? ვთქვათ, მე-5 დან? თუ ჯერ საზვერეები უნდა გაიაროს?

იმმა: ანუ, თუ მე-5 ანუ სულიერი განზომილებიდან (საიდანაც სამსარას, ანუ, რეინკარნაციის წრებრუნვა აღარ ხდება) სული ინკარნირდება დედამიწაზე (1-ელ განზომილებაში), მან უკან დაბრუნებისთვის ისევ უნდა გაიაროს ის ქვედა 4 შრე, იმისთვის რომ მე-5-ზე ავიდეს და ხო, მისი ცნობიერება სიცოცხლეშივე მაგ განზომილებამდე უნდა ამაღლდეს. უბრალოდ რახან ისედაც იქ იყო, უფრო გაუადვილდება, მაგრამ თავისუფალი ნების ზონაში როცა ინკარნირდები, მითუმეტეს დაბალი ვიბრაციების პერიოდში, მაინცაა საშიშროება ილუზიის ხაფანგში მოექცე და სიკვდილის მერე გაიჭედო რომელიმე ნატიფ-მატერიალური შრის ილუზიაში. ამიტომ აქვთ ხოლმე ამ სულებს დაცვა „ზევიდან“. დახმარება აუცილებლად მოსდით. ეს სულები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ „სახლში“, „დაცემული ანგელოზების“ სახით რომ არ გამოეკვეხონ სადმე. ამიტომ მათ ძალიან ზედამხედველობენ. მაგათ პატარა შეცოდებაზეც საშინლად ურტყავს კარმა. არა აქვთ მარტივი ცხოვრება არანაირად. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისი მისია შეასრულონ; მეორეს მხრივ როცა ასეთი სული ეცემა და „დაცემულის“ სტატუსში გადადის, ის ბევრად დიდი ზიანის მომტანია ადამიანებისთვის, ვიდრე უბრალოდ ცუდ ადამიანს რაც შეუძლია; და მეასამეც, როცა შენი „ძმა“ ან „და“ ასეთ გასაჭირში ხვდება ეს სრულიად აუტანელია.

მ. ფ.: მაშინ, თუ მაგ ნაკითხი სულიერად სული მოხვდება საზვერეებში ან ჯოჯოხეთში თუ გაყვება ცოდნა?

ხოო. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაყვეს თუ არ მოხდა „დაცემა“. ამ სულებს (მე-5 განზომილების) ძალიან ძლიერი მენტალი აქვთ, რადგან უკვე „დემიურგების“ კატეგორიას ეკუთვნიან. როგორც წესი, მათ ლუციდური სიზმრები, მესამე თვალის გახსნა, ინტუიცია და სხვა სულიერ ხედვასთან დაკავშირებული უნარები ბუნებრივად აქვთ განვითარებული. ამიტომ სიკვდილის მერე ინარჩუნებენ მკაფიო მენტალს და ნატიფი მატერიის მართვაც შეუძლიათ, ანუ მაგ ილუზიას იმორჩილებენ მენტალის ძალით.

მ. ფ.: ქრისტიანული გაგების გამო ხალხში გავრცელებულია ესეთი აზრი, რომ ადამიანი როცა კვდება და ტოვებს სხეულს და გადადის ასტრალურ სამყაროს იმ დონეზე რომელიც ფიზიკურთან ახლოსაა, ის ადამიანი სადაც მოკვდა ჩდებიან ანგელოზები ან დემონები და მოკიდებენ ხელს ხოლმე და მიყავთ სული, ხოლო ამ სულს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც თავისით მოძრაობა, არც შეწინააღმდეგება, არც ლოცვა და ასე შემდეგ.
კონკრეტულად რას და როგორ გადის ადამიანის სული სიკვდილის მერე, ამაზე მერე დავდებ პოსტებს. 4-5 პოსტი დამჭირდება, რომ ეს თემა დავფარო. მოკლედ, რისი თქმაც შემიძლია ამ წუთას, რომ შენ რაც დაწერე ასე არაა. სიკვდილის მერე სული ხვდება იმ ვიბრაციულ შრეში, რომლის შესატყვისადაც ვიბრირებს. მსგავსი ხვდება მსგავსში. თუ მისი ვიბრაცია იყო დემონური, ის მინუს განზომილებაში (რეპტილიის ეგრეგორში) ვარდება, სადაც ტანჯვით იწმინდება და ისევ რეინკარნირდება არასახარბელო პირობებში, რომ ის გაკვეთილები გაიაროს, რომელიც არასწორედ გაიარა და რომელმაც დემონურ ვიბრაციებამდე მიიყვანეს. რაც შეეხება კარგ ადამიანებს, როგორც წესი ისინი მე-4 შრეში იჭედებიან. ის ადამიანები, ვისაც ვნებები და ამბიციები აწუხებდა მე-3 შრეში, სადაც ნაკლებად ცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან. ის ვინც არც ბოროტი იყო, არც კეთილი, მაგრამ პირუტყვივით ცხოვრობდა, მე-2 (ანუ ენერგეტიკულ) შრეში და ძალიან გაუცნობიერებელ მდგომარეობაში და ენერგეტიკულ შიმშილში იმყოფება. ესენი ერთგვარი „მშიერი სულები“არიან. მერე ისინიც ინკარნირებენ. მაგათ ხედავენ ხოლმე ხშირად მოჩვენებების სახით ან სიზმრებში და სულ რაღაცეებს სთხოვენ თავიანთ ახლობლებს, რასაც მიჩვეულები და რაზეც მიჯაჭულები იყვნენ, რომ ეს შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილონ.

მაგრამ... მაგრამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი დახმარება ანგელოების ანუ მე-5 განზომილებების არსებების მხრიდან სიკვდილის მერე. შეიძლება გაიჭედო ილუზიაში, მაგრამ ამგელოზმა აწიოს შენი ვიბრაციები და ამოგიყვანოს, თუ შენ სულს რაღაც ნათესაობა მაინც აქვს სულიერ სამყაროსთან. ანუ ანგელოზმა რომ აწიოს შენი (ადამიანის) ვიბრაციები, შენში რაღაც მსგავსი უნდა იყოს, რომ ამ ვიბრაციებთან რეზონანსში მოვიდეს და ესე ვთქვათ მისი სინათლით შენც განათდე. ამიტომ ეკლესიური ადამიანები, ვინც გულწრფელად ლოცულობდა, მარხულობდა (არა შიშის და მოდის გამო), სიკვდილის მერე შეიძლება მოხვდნენ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში რომელიმე ილუზიაში, მაგრამ, როცა ანგელოზი ეტყვის „შენ ქრისტეს უნდა გაყვე“, მათი სული ქრისტეს ვიბრაციას ამოიცნობს და გაყვება. თუ ფსევდო მორწმუნე იყო ან ძალიან მიჯაჭული მატერიაზე, მაშინ ვერ ამოიცნობს და ჩარჩება. იმისთვის რომ სულიერ განზომილებაში (მე-5-ში მაინც) მოხვდე, შენი სულის ჭეშმარიტი მოთხოვნილება უნდა იყოს იქ დაბრუნება, ყველა მატერიალურ მიჯაჭულობაზე ძლიერი. ამიტომ ყველაზე რთული გასავლელი სწორედ „სამოთხისეული ილუზიაა“, იმიტომ რომ ის გთავაზობს იმას, რაც გინდოდა ცხოვრებაში, მაგრამ არ გქონდა! მაგალითად კარგ ოჯახს, წარმატებულ სამსახურს, ლამაზ გარეგნობას და სხვ. მიქაელი სულ მცდის ამ საკითხში (იხ. ასევე 2018 წელი. 3 მაისი. გვ. 88).

8. აპრილი. 2019 წელი. შემოდგომის სტადია ილუზორულ რეალობებში

სიზმარში ჩემი ბავშვობის სახლს ვხედავ. იმ სახლს სოლოლაკში, რომელშიც გავიზარდე. მე და დედა ქუჩაში მივდივართ. შემოდგომის ცივი ქარი უბერავს და ჰაერში ყვითელ ფოთლებს და ქუჩის მტვერს პატარა ჭუჭყის ქარბორბალებში ატრიალებს. ჩემი გამხდარი, კეთილშობილი დედა მუდმივად დაღლილი ხელებით და მორიდებული თვალებით იმ პალტოშია გახვეული, რომელიც ასე კარგად მახსოვს ბავშვობიდან და რომელსაც ჩემთვის ახალგამომცხვარი პეჩენიის სიმყუდროვის და დედის ალერსის სუნი სდის.... ეხლაც ვთვლი რომ ასეთი ნათელი ადამიანები ცოტანი არიან და იშვიათი, სათუთი ყვავილებივით ევლინებიან და ამკობენ ჩვენს ერთფეროვან ნაცრისფერ ყოფას. მაგრამ დედა ახლა თვითონაა ნაცრისფერი ქუჩის მტვერის ქარბორბალაში გახვეული და სიცივისგან იშმუშნება...

- Вы все ушли… Уехали куда-то отдыхать а мне оставили толко записку… Я осталась одна… Но ничего. Я подожду…

მისგან მომავალმა მარტოობის და მიტოვებულობის შეგრძნებამ გულზე დანასავით ჩამომისვა. რატომღაც გარკვევით ვიგრძენი, რომ მის „რეალობაში“ ერთგვარი შემოდგომა დადგა... ბნელი, ცივი, ზამთრისა და სიკვდილის მომასწავლებელი... მე თვითონ არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუთხარი:

- Это потому что ты никогда не знала Бога! - ამ სიტყვების თქმა იყო და დედას ხელი ჩავჭიდე. მთელი შინაგანი ძალა დავძაბე რომ გულში მეგრძნო კავშირი ღმერთთან, რომელსაც მე „ამაღლებულ სულს“ ვუწოდებდი. კავშირი ვიგრძენი თუ არა საკუთარი თავი და დედა მასთან გადავიტანე. ერთადერთი რაც მინდოდა დედის სული ამ მომაკვდავი ილუზორული სამყაროდან დამეხსნა და „ამაღლებულ სულს“ შევევედრე:

- ეს ჩემი დედაა...

მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და გამეღვიძა.

გულზე სიმძიმე და სევდა დამაწვა. ფიქრებით მიქაელი მოვძებნე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მან იცოდა და დაინახა ყველაფერი.

მიქაელი:
- არ ინერვიულო. ეს ჩემს მიერ შექმნილი სიზმრის სცენარია, რომლითაც მინდა რაღაც მნიშვნელოვანი აგიხსნა. ვიცი ეხლა ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ მინდა რომ მიხვდე, როდესაც სული სხეულის დატოვების მერე ნატიფ განზომილებაში მოძრაობს (რასაც ქრისტიანები საზვერეებს ეძახიან), ის იმ დონეზე იჭედება, რომელიც მისი სულის მდგომარეობას შეესაბამება. ხომ გახსოვს, როგორ მარტივად მატერიალიზდება ნატიფი განზომილება სურვილების და ფიქრების შესაბამისად. მაგრამ გარდაცვლილი ადამიანის სულის ცნობიერება, რომელიც დაუშლელ ნატიფ სხეულებთანაა ჯერ კიდევ კავშირში, განსხვავდება განსხეულებული ადამიანის ცნობიერებისგან. ის ერთგვარად ნახევარცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება და თუ სიცოცხლეში შესაბამისი ეზოთერული ცოდნა და პრაქტიკები არ აქვს გავლილი, ვერც აცნობიერებს რომ გარდაცვლილია და ილუზორულ რეალობაშია, ისევე როგორც შენც ეხლა ილუზიაში იმყოფები და ვერ აცნობიერებ ამას! როგორ ვცდილობდი მესწავლებინა შენთვის ამ ილუზორობის დანახვა და მისგან გამოსვლა. ფიზიკური განზომილება ხომ ისეთივე ილუზორულია, როგორც ნატიფმატერიალური, როგორ მყარადაც არ უნდა აღიქმებოდეს ის! ნატიფი განზომილება უხეშისგან განსხვავებით უფრო დენადია, უფრო მორჩილი. ის სულის გარშემო ქმნის ისეთ რეალობას, რომელიც ამ სულს ჭეშმარიტად სურს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მინდა რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრო. იმიტომ რომ ამას თუ მიხვდი, იმასაც მიხვდები, რატომ არ უნდა გქონდეს არანაირი ძლიერი მიჯაჭულობები მატერიალურ სამყაროში, თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ! ნატიფი სამყაროს განზომილებას ვერ მოატყუებ! ის შენი ყველა ქვეცნობიერი სურვილის აღწარმოებას გააკეთებს. თუ შენი სურვილია იყო პროფესიულად წარმატებული ან ფიზიკური სილამაზით გამოირჩეოდე, ეს ილუზია ამას მოგცემს! ამ საზვერეებს მხოლოდ მაშინ გაივლი, თუ შენ სულს ჭეშმარიტად სურს მხოლო ერთი - ღმერთთან ერთობა და ჭეშმარიტ სახლში დაბრუნება! წინააღდეგ შემთხვევაში შენ ახალ რეალობაში გაიჭედები. მაგრამ იცოდე, რომ როგორი სასიამოვნო და სამოთხისეულიც არ უნდა იყოს ეს რეალობა, ისევე როგორც ყველაფერი მატერიალური, ის დროებითია და მხოლოდ იქამდე შენარჩუნდება, სანამ არსებობს ენერგია, რომელიც შენს ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობას კვებავს. ამაზე დედამაც გითხრა, ხომ გახსოვს? (იხ. „გარდაცვლილი დედის სულთან შეხვედრა“). ამ რეალობასაც ისევე როგორც ყველაფერს გამოვლენილ სამყაროებში აქვს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთრის ციკლი, რომლის შემდეგ ეს რეალობა იშლება და სულის უმაღლესი „მე“, უმაღლესი ტრიადა თავისუფლდება, ხოლო შემდეგ ისევ ინკარნირდება ახალ ინდივიდუალობაში. მას ხელახლა ეძლევა შანსი შეიცნოს ღმერთი საკუთარ თავში და სიცოცხლის ხეზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს! როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს, იმ რეალობაში, რომელშიც შენი დედის სული გაჩერდა, სადაც ოჯახური იდილია და ბედნიერება სუფევდა, სადაც მისი ოჯახის წევრები ბედნიერები, ჯანმრთელები, სოცოცხლით სავსე და წარმატებულები იყვნენ... ამ რეალობაში ადრე თუ გვიან შემოდგომა დადგება...

მე ცრემლები მომადგა.

- რა შეიძლება გავაკეთო? რითი შემიძლია დავეხმარო?

- შენ შეგიძლია გააუმჯობესო მისი „შემოდგომა“ და „ზამთარი“სულის შესანდობარით, ეკლესიაში შეკვეთილი პანაშვიდებით... ეს ყველაფერი მისი ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობას ერთგვარად ენერგიის შემოდინებით უზრუნველყოფს, რაც ამ რეალობას უფრო ამაღლებულ ნოტაზე შეინარჩუნებს... მაგრამ ადრე თუ გვიან ის მაინც ახალ ადამიანად, ახალ პიროვნებად დაიბადება დედამიწაზე.

- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დედას მეორედ ვკარგავ... - ვუთხარი მე გულისტკივილამდე მწარე სიტყვები.

- როგორ ვერ ხვდები, რომ შენი დედა მხოლოდ ერთი ინდივიდუალობაა იმ მრავალთა შორის, რომელიც ამ სულმა გაიარა! როგორ ვერ ხვდები, რომ შენი დედა, მისი ჭეშმარიტი არსი სულ სხვაა! ის უკვდავია და ამ განსხეულებებში საკუთარ ინდივიდუალობას, ღმერთის უნიკალურ პიროვნულ გამოვლინებას იძენს. ის არასდროს მოკვდება! და ყველაფერი რაც ხდება ასეც უნდა იყოს! მთელი ეს რეინკარნაციების პროცესი და მიწიერი გამოცდილებების ორომტრიალი მხოლოდ ერთს ემსახურება - შექმნას ადამიანისგან რეალობის დემიურგი, ახალი არსება, ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ... მხოლოდ ეს დემიურგი ღმერთის ცნობიერებაში უნდა იმყოფებოდეს, სწორედ ამიტომ არსებობს ეს გინდა დაარქვი „საზვერეების“, გინდა „ილუზორული ხაფანგების“ სისტემა, რომელიც სულის მზაობას ცდის და ჭეშმარიტად სულის ევოლუციის სადარაჯოზე დგას.

- ეხლა ვხვდები რატომ მიგზავნიდი გაუთავებლად ერთი და იგივე ტიპის სიზმრებს, სადაც ჩემს მიჯაჭულობებს ცდიდი... მე ხან წარმატებული, ხან ძალიან ლამაზი, ხან ადამიანთა ყურადღებით გარშემორტყმული ვიყავი...

- მე სულ ვცდი შენს სულს... სულ მაინტერესებს სად გაიჭედება ის... რომელ რეალობას აირჩევს შენი სულის „ჭეშმარიტი მოთხოვნილება“... სულ ველოდები, რომ ამ რეალობებში შენ მაინც მე გამიხსენებ!...

ინტერნეტპოსტებიდან:
პასუხი ილოს კითხვებზე. თემა - საზვერეები.

Ilia Ilo: და რატომ შეიძლება გამოვიდეს სული "საზვერეებიდან" რა აიძულებს ?თუ თავს კომფორტულად გრძნობს და იმას ღებულობს რაც მას სურს. ნებით არ დათმობს ხელმეორედ რეინკარნაციას, ისევ თუ არ აიძულეს.

იმმა: სიტყვა საზვერე, ცოტა არ მომწონს, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ცოტა სხვანაირადაა აღწერილი. თითქოს ეშმაკები გაცდუნებენ. მე უფრო ვიხმარდი სიტყვა "ილუზორულ რეალობას" ან "ნატიფმატერიალურ ილუზიას". ამ ილუზიიდან ვერ გამოხვალ თუ თავს ბოლომდე კომფორტულად გრძნობ. გამოხვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს გთავაზობს, მაინც გაქვს შეგრძნება, რომ ეს შენი ადგილი არაა. ანუ, როგორც მიქაელი სულ მეუბნება : "ილუზია უნდა ამოიცნო". ეს შეგრძნება უკვე აქ, მატერიალურ სამყაროში გიჩნდება და მე აღწერილი მაქვს ერთ-ერთ პირველ პოსტში (იხ. „სახასრარა“ და „რეალობის ილუზორობა“). ლინკს კომენტარებში დავდებ. ანუ, გიჩნდება ძალიან მკვეთრი შეგრძნება, რომ ეს (სადაც ხარ) შენი ადგილი არაა და რომ არის სადღაც "სახლი" სადაც უნდა დაბრუნდე. ეს იმდენად მძაფრი გრძნობაა, რომ აღარანაირი მატერიალური გარემოებები და ნივთები აღარ დაგაკმაყოფილებს.

Ilia Ilo:: ჯიჰადისტი ელოდება სიკვდილის შემდგომ სამეთხეს უამრავი მანდილოსნის თანდასწრებით, მათ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს.? როგორი იქნება მათი საზვერე? რაღაც შეზღუდვები იქნება ჩემის აზრით.

იმმა: რაც შეეხება ჯიჰადისტებს, რათმაუნდა ისინი სიკვდილის შემდეგ არანაირ „სამოთხისებურ რეალობაში“ (გინდა ქალებიანში, გინდა უქალებოში) არ ხვდებიან. თვითონ ის ფაქტი, რომ ტერორისტულ აქტს აწყობ, უდანაშაულო ადამიანებს კლავ, თუნდაც საკუთარი თავის შეწირვით და გგონია, რომ საღმრთო საქმეს აკეთებ, ნიშნავს რომ გაქვს განუვითარებელი მენტალური სხეული (ანუ ჩვენებური სიტყვებით რომ ვთქვათ ბრიყვი ხარ). სულ ერთია ვინ გაცდუნა ამ საქმეზე, ვინ მოგატყუა და ვინ დაგიყოლია. ფაქტია რომ ბრიყვი ხარ. განუვითარებელი მენტალური და ასტრალური (ემოციური) სხეულები კი ნიშნავს, რომ შენ ჩამორჩენილი ხარ ევოლუციურ შკალაზე. ასეთი სულებს მძიმე კარმა რათქმაუნდა დააბრუნებს რეინკარნაციაში, მაგრამ იქამდე, ისინი კარგ ვარიანტში დაბალ ნატიფმატერიალურ ველებში და ცუდ ვარიანში დემონურ რეალობაში გაიწმინდებიან. მე, თავის დროზე, მსგავსი კითხვა დავუსვი მიქაელს, როდესაც სიკეთის და ბოროტების თემას ვიხილავდით და კონკრეტულად შეგნებულ ბოროტებაზე ვსაუბრობდით.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff