სულიერი გზა
2019. 26 ოქტომბერი. სულიერი გზა
...სულ მახსენდება ხოლმე ერთი ფრაზა ერთი წიგნიდან: „-დადგება დრო, როდესაც მოგიწევს არჩევანის გაკეთება იმას შორის რაც სწორია და იმას შორის რაც მარტივია“. ეს ფრაზა ჩამებეჭდა გონებაში ძალიან ზუსტად აქცენტირებული ფორმულირების გამო. უნდა აირჩიო არა „სწორსა“ და „არასწორს“ შორის, არამედ „სწორს“ და „მარტივს“ შორის, იმიტომ რომ „არასწორი“ ხშირად სწორედაც რომ მარტივია. რატომ დავიწყე ამაზე საუბარი...
როდესაც „მოწაფე“ სულიერი განვითარების გზას ადგება და ცდილობს საკუთარ თავში კეთილი თვისებების კულტივირებას, მას ეწევა ვიბრაციები. ვიბრაციების აწევასთან ერთად ის ნელ-ნელა მეტად და მეტად მგრძნობიარე ხდება ამ სამყაროს დაბალვიბრაციული გამოვლინებების მიმართ. დარწმუნებული ვარ რომ ბევრისთვის ნაცნობია შეგრძნება, როგორი აუტანელი შეიძლება იყოს არაჰარმონიული, მძიმე მუსიკის მოსმენა, ინფორმაციული ხმაური ან ხმამაღალი მთვრალი საუბრები. შეიძლება ცუდად გახდე უბრალოდ ხალხმრავლობის გამო. დაბალი ვიბრაციების შემაწუხებელი ზეგავლენა იმდენად მძაფრად აღქმადი ხდება, რომ ბევრი ადამიანი, ვისთანაც ადრე უპრობლემოდ გქონდა ურთიერთობა, ახლა ძალიან გღლის და ენერგიას გართმევს. ქალაქის უბნების ენერგეტიკასაც კი ანსხვავებ. ასევე მძიმე ასატანი ხდება ნეგატიური ახალი ამბები, რომლებიც ყველა საინფორმაციო საშუალებიდან დაჟინებით გვაწყდება. ყურისმომჭრელი ხდება ადამიანებისგან უცენზურო სიტყვების გაგონება, თუნდაც სრულიად უცნობისკენ იყოს ეს სიტყვები მიმართული. აუტანელი ხდება ნასვამი და დაბოლილი ადამიანების გვერდით ყოფნა. ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. იმ „სქელკანიანობას“ და „ამტანიანობას“ რაც ადრე გქონდა, ნელ-ნელა კარგავ და უფრო მოწყვლადი ხდები. ეს ყველაფერი იმდენად შემაწუხებელია, რომ პირველი, რისი სურვილიც გიჩნდება ასეთ შემთხვევაში არის „მარტივი“ არჩევანი - უბრალოდ გაერიდო ამ დაბალვიბრაციულ კერებს. მინიმალურად ეკონტაქტო ადამიანებს, აღარ უყურო ახალ ამბებს, „აისხლიტო“ ადამიანების ჩივილი, კონფლიქტურ სიტუაციებს გვერდით ჩაუარო. გაერიდო ყველას და ყველაფერს რაც ნეგატიურია და შეიქმნა პირადი კომფორტის ზონა, სადაც იქნება ლამაზი მცენარეები, დამამშვიდებელი სამედიტაციო მელოდიები, სურნელოვანი ჩხირები და მინერალური კრისტალები - პატარა ოაზისი აპოკალიფსურ, მომაკვდავ სამყაროში.
სხვებიც, შენნაირები აუცილებლად გეტყვიან - ნუ ჩაერთვები დისკუსიებში, კონფლიქტებში... გაერიდე, დაე ძაღლებმა იყეფონ, ხოლო ქარავანმა იაროს... მოუსმინე მუსიკას, მოუსმინე ჩიტების ჭიკჭიკის ხმას, შეხედე, როგორ ლამაზად კრთის მზის სხივი ფოთოლზე გარიდებულ ცვარის წვეთში... დაივიწყე ყველაფერი... მთავარი ვიბრაციის ამაღლებაა!...
...და რაღაც სტადიაზე ეს „გარიდების“ გადაწყვეტილება სწორია. სწორია, სანამ მოსწავლე სუსტია, სანამ ბუდეში გარიდებული ბარტყი უსუსურია, მაგრამ როდესაც ბარტყი შეიღინღლება, ფრთები მოუმაგრდება და ბუდის დატოვებისთვის მზად იქნება, მას მასწავლებელი აპოკალიფსური ჯოჯოხეთის შუაგულში ჩააგდებს.
ამ სტადიაზე სწავლობ შენი ასეთი ძალისხმევით მოპოვებული და ასე სათუთად გამოწვრთნილი მაღალი ვიბრაციების შენარჩუნებას მიუხედავად ყველაფრისა, რადგან თავს უამრავი განსაცდელი დაგატყდება: გაჭირვება, ავადმყოფობა, კონფლიქტები... დარტყმებს ფსევდო აღზევების პერიოდები მოყვება, რაც კიდევ უფრო საშიშია. შესაძლოა უეცრად პოპულარული გახდე, უეცრად ბევრს მოეწონო და ყველა მხრიდან ხოტბას გასხავდნენ. ამ შემთხვევაშიც უნდა შეძლო და შეინარჩუნო შენი ერთადერთი საგანძური - მაღალი ვიბრაცია და ის „შინაგანი მდუმარება“, რომელიც ამ მდგომარეობას მოყვება - „შინაგანი ღერძი“, როგორც მას მიქაელმა უწოდა. „სწორი“ გზის არჩევა სულ უფრო რთული ხდება, რადგან „მარტივი“ გზა ყოველთვის გვერდითაა, უხილავი ჩრდილივით მოგყვება და მზად არის ნებისმიერ დროს ჩაგიხუტოს და შეგიფაროს. ის ყოველთვის გაგიგებს, ყოველთვის გაგამართლებს, შენ ოღონდ შეცდი, ერთი ნაბიჯი გადადგი გზიდან. ეს არის „დაბალ ვიბრაციებში“ მოსწავლის ჩაშვების სტადია, როდესაც „ჩაშვება“ არ უნდა იქცეს „დაცემად“. უნდა შეძლო, რაც შეიძლება ღრმად ჩაეშვა, ისე რომ არ დაკარგო სულიერი სინათლე - შენი მასწავლებლის მიერ ბოძებული ჩირაღდანი, რომელიც შენს გულში მის ენერგიას ატარებს. ხშირად შეიძლება მასწავლებლის სიწმინდით მოხიბლულმა წამოიძახო - „მე მზად ვარ ჯოჯოხეთში ჩავეშვა და იქ შენი ენერგია ჩავიტანო!“, ის კი ღიმილით გიპასუხებს - „შენ უკვე იქ ხარ“... იმიტომ რომ, „სისხლიანი ანგელოზი“ ყოველთვის იქ უნდა იდგეს „სადაც ქარიშხალია“.
და მხოლოდ როდესაც ქარიშხალს გამოივლი, ქარტეხილებს გადაურჩები, ბოროტ აჩრდილებს დაუსხლები და დაუძლურების და დასისხლიანების მიუხედავად შეინარჩუნებ შენს შინაგან ანგელოზს, მასწავლებელი ისევ „განრიდების ოაზისში“ დაგაბრუნებს. ოღონდ ამჯერად შენს განმარტოვებულ არსებობას უძლიერესი ქმედითი ძალა მიეცემა, რომელიც სამყაროებს შეცვლის, მარტო იმიტომ რომ არსებობ! ეს სწორედ ის მდგომარეობაა, როდესაც „ძალა უძლურებაში“ აღსრულდება. აღარ იქნება საჭირო ბრძოლები, დაპირისპირებები. არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ და ბოროტების საწინააღმდეგოდ წარსულს ჩაბარდება, რადგან შუქ-ჩრდილი, კეთილი და ბოროტი, შავი და თეთრი მარადიულ ღვთაებრივ ბრწყინვალებაში გაერთიანდება. ერთმა განსხივოსნებულმა ადამიანმა შეიძლება მთელი ქვეყანა გაანათოს. ის თავისი არსებობით, თავისი სულიერი გამონათებით უამრავ ადამიანს აწევს და ეს თავისით, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე მოხდება. უბრალოდ იმიტომ, რომ ის არსებობს! აი ეს არის მე-7 დონის „მე ვარსებობ“ ცნობიერების უმაღლესი გამოვლინება!
იქამდე კი ბრძოლებია...