ზოროასტრიზმი და ახურა მაზდა
მოკვლევა ინტერნეტიდან. ზოროასტრიზმი და ახურა მაზდა
ზოროასტრიზმი არის ერთ-ერთი უძველესი სულიერი ტრადიცია, რომლის საფუძველზე აღმოცენდა არაერთი თანამედროვე მონოთეისტური რელიგია. ეს ტრადიცია სხვა რელიგიურ სისტემებთან ბრძოლის შედეგად გარკვეულ წილად დავიწყებას მიეცა და თანამედროვე საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის მის შესახებ ზოგადი და ზედაპირული ინფორმაციის გარდა. ზოროასტრიზმს სხვანაირად მაზდეანობა ქვია. ეს სახელწოდება გამომდინარეობს უმაღლესი ღვთაების - ახურა მაზდას სახელიდან. ახურა მაზდა კი თავის მხრივ ითარგმნება როგორც „უმაღლესი სიბრძნე“ ან „ბრძენი მეუფე“ და ითვლება რომ, ეს სახელი ანაცვლებს მის ჭეშმარიტ სახელს, რომლის გამოთქმა აკრძალულია.
ზოროასტრიზმის წმინდა წიგნია ავესტა. ავესტა წარმოადგენს ამ სარწმუნოების წმინდა ტექსტების კრებულს, რომელშიც ჩაწერილია ახურა მაზდას წინასწარმეტყველის სპიტამა ზარატუსტრას გამოცხადებები. ამ ტექსტებში გადმოცემულია მისი სწავლება სულიერი და მატერიალური სამყაროების მოწყობასა და კანონებზე, ასევე ახურა მაზდასა და მისი კეთილი ქმნილებების მიმართ მიმართული ლოცვები. მიუხედავად იმისა, რომ ზარატუსტრას სწავლებები 500 წლის განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, მე-3 საუკუნეში ჩ. წ. ა-მდე პართიული დინასტიის - არშაკიდების დროს დაიწყო ამ სწავლების ჩაწერა და ფორმირება წმინდა წიგნის სახით, ხოლო სასანიდების დინასტიის დროს (მე-4 ს. ჩ. წ.) ავესტა ჩამოყალიბდა 21 წიგნის კრებულის სახით. იგი დაჯგუფებული იყო სამ შვიდწიგნიან ნაწილად. პირველ წიგნს ეწოდებოდა „გათიკი“ და წარმოადგენდა ზარატუსტრას გამოცხადებას, მეორე - „დათიკი“ იყო ერთგვარი „კოდექსი“, ანუ სოციალურ-პოლიტიკური წესების კრებული, ხოლო მესამე „ხადა მანტრიკი“ (მანტრები) წარმოადგენდა ზოროასტრელების სულიერ კანონებს. ირანის მრავალწლიანი ომების შედეგად ხანძრებში განადგურდა ავესტას ძველი ხელნაწერები. ის რაც არაბებს, თემურლენგს და ჩინგიზ ხანს გადაურჩა და რაც თანამედროვე ავესტას წარმოადგენს არის 3 წიგნი: იასნა, ვისპერედი და იაშტი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრიზმი ითვლება მონოთეისტურ რელიგიად და ახურა მაზდა სამყაროს შემოქმედ ღმერთად, არსებობს მოსაზრება, რომ ეპითეტი „ბრძენი“ გამოარჩევს ახურა მაზდას სხვა ახურებს შორის, რომლებიც ირანის ღვთაებების პანთეონში ქაოსთან ანუ დესტრუქციულ ძალებთან მებრძოლ ძალებს წარმოადგენდნენ. წარმოდგენა ახურებზე მოდის ჯერ კიდევ ინდოირანული ერთობის ხანიდან. ავესტური ახურა („მეუფე“, „უფალი“) შეესაბამება ვედების ასურა-ს („სასიცოცხლო ძალის მფლობელი“). ვედური ასურები და გერმანული/სკანდინავიური ასები შეესაბამებიან ირანულ ასურებს, რომლებიც არქაულ ინდოირანულ მითოლოგიაში ითვლებიან უფროსი თაობის ღმერთებად ორ ერთმანეთთან მებრძოლ ღმერთების თაობებს შორის. ინდუიზმში ასურები (იგივე ახურები) წარმოჩენილნი არიან ან დაბალი რიგის ღვთაებებად ან დემონებად, ხოლო ავესტაში პირიქით: ახურა უმაღლესი ღმერთია, ხოლო დევები დემონური არსებები არიან. ინდუიზმში ცალსახად ნაჩვენებია ასურების ურთიერთდაპირისპირება სურებთან (დევებთან), ანალოგიური როგორც ღმერთების ტიტანებთან ბერძნულ მითოლოგიაში. ამავე დროს ვედების ერთ-ერთ ნაწილში, კერძოდ რიგ-ვედაში ასურები არ მოიაზრებიან უარყოფით პერსონაჟებად. აქ ერთი და იგივე ღვთაებებს მოიხსენიებენ როგორც დევებად, ასევე ასურებად, რაც ერთობ დამაბნეველია. მაგალითად, ასურად მოიხსენიებენ მზის ღმერთს სავიტარას. მისი სახელებია „ოქრისხელებიანი ასურა“ (რიგ-ვედა 1.35), „ბრძენი ასურა“ (4.53), სურია (8.101), პუშანა (5.51). როგორც ხედავთ ასურებს აქაც კავშირი აქვთ „მზის ღმერთებთან“ და იკვეთება მსგავსება ახურა მაზდასთან. ასევე სიტყვა ასურა რიგ-ვედაში ხშირადაა ნახმარი ინდრას მიმართ (1.174, 3.38, 4.16, 6.36, 10.54), ვარუნას და მითრას მიმართ (1.24, 2.27, 4.42, 5.85, 5.63, 8.25, 8.42). ასურას უწოდებენ აგნის (2.1, 3.3), აპამ ნაპატას (2.35), მარუტოვს, რუდრუს და სხვა ღვთაებებს. ირანულ მითოლოგიაში ასურების გამარჯვება დევებზე (იგივე ვედურ ღვთაებებზე) მოხდება ბოლო ჟამს, ხოლო ვედურ ლიტერატურაში პირიქით, დევების (ვედური ღვთაებების) გამარჯვება ასურებზე აღწერილია, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელიც მიღწეულ იქნა მოტყუებით, ეშმაკობით და მაგიური შელოცვებით (ზოგიერთი წყაროს მიხედვით: მსხვერპლშეწირვებით). ჩვ. წ.-მდე 3000-2000 წელს მოხდა განცალკევება ინდური და ირანული სულიერი ტრადიციების საერთო ინდო-ირანული არიული ფესვებიდან. როგორც ჩანს სწორედ ამ პერიოდში ინდურ მითოლოგიურ ტრადიციაში არქაულმა არიულმა ღვთაებებმა განიცადეს ინვერსია - ასურებს წაერთვათ ძალაუფლება და ნათელი არსებების სტატუსი, ხოლო დევები შერაცხულ იქნენ ღვთაებრივ, ყოვლისშემძლე არსებებად. ის რომ მოხდა სწორედ ამ ღმერთების ორი შტოს ინვერსია, ანუ ერთის დემონიზაცია და მეორის გაღმერთება, ასევე ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ვედებშიც კი ასურებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია - ხან როგორც დემონური და ხან როგორც ღვთაებრივი არსებების სახით, რაც ზემოთ ვახსენე.
არქაულ პერიოდში ირანულ მითოლოგიაში ახურების ტიპის არსებათა კლასი იყო ძალიან ვრცელი, მაგრამ ავესტას საბოლოო ფორმირების დროისთვის (მე-4 საუკუნე) ახურა მაზდას გარდა ახურებს მიაკუთვნებდნენ მხოლოდ მითრას და აპამ-ნაპატას. „სიბრძნის ღმერთი“ გახდა ირანული პანთეონის მთავარი ღვთაება, ხოლო ზარატუსტრას მოძღვრებაში ის წარმოდგენილია ცის და მიწის შემოქმედ ღმერთად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განსხვავებით უმრავლესობა ირანული მითოლოგიის მონათესავე ინდოევროპული მითოლოგიური ტრადიციებისგან, ავესტაში უმაღლესი ღვთაება წარმოდგენილია არა როგორც მეომარი და მრისხანე ჭექა-ქუხილის ღმერთი, არამედ როგორც უმაღლესი ქურუმი, რაც მის წმინდა სულიერ ბუნებაზე მიანიშნებს. ახურა მაზდა ქმნის სამყაროებს ფიქრის ძალით და არ საჭიროებს თაყვანისცემას სულიერი თაყვანისცემის გარდა. რძესთან შერელი ხაომას წვენის შეწირვა არის ერთადერთი შესაწირი, რომელიც ახურა მაზდასთვისაა დაშვებული ავესტას ტექსტების თანახმად („იასნა“ 29, 6-7). ლოცვა ახურა მაზდას მიმართ აღევლინებოდა წმინდა ცეცხლის წინაშე, რომელიც ითვლებოდა მის ხილულ გამოვლინებად, მის სხეულად. ხოლო ახურა მაზდას სახელი, მეტყველებს იმაზე რომ სიბრძნე მისი მთავარი თვისება იყო. ითვლებოდა, რომ სწორედ სიბრძნის საშუალებით იყო შესაძლებელი მიწიერი და ზეციერი სამყაროების დაკავშირება. ზარატუსტრას სწავლება წარმოადგენდა სწორედ ცის, მიწის და ადამიანის ერთობას. მისი თქმით როგორც მატერიალური, ასევე სულიერი სამყაროები ახურა მაზდას შექმნილი იყო, ამიტომ ადამიანს არ უნდა დაევიწყა არც მიწიერი არც ზეციერი კანონები და ფასეულობები. მხოლოდ მატერიის განღმრთობა წარმოადგენს ყოველი მოაზროვნეს ევოლუციურ გზას, გზას სიბრძნის (მაზდას) მიღებისკენ.
აქემენიდური ლურსმნული დამწერლობის ტექსტებში ნახსენები სპარსული ღმერთის სახელი Auromazda, მოგვიანებით გადაიქცა Ohrmizd-ად, Ohrmazd-ად, მანიქეველურ xwrmzt-ად, xormazda-ად, ქორეზმიულ Remazd-ად, საქსურ urmaysde. ასევე ცნობილია მისი სახელის ისეთი ვარიაციები, როგორიცაა ტუვინური კურბუსტუ, მონღოლური ხორმუსტი, ბურიატული ტურმასი და ბოლო-ბოლო ქართული არმაზი, მიუხედავად იმისა, რომ არმაზი მთვარის ღვთაებად მიიჩნეოდა. ახურა მაზდა სახელის ფეხლევური ვარიაციის, ჰორმუსტის ეტიმოლოგია მიდის საერთო ინდოევროპულ ფუძემდე „ჰორ“, რომლისგან ასევე წარმოიქმნენ სოლარული ღმერთების ისეთი სახელები, როგორიცაა სპარსული „ჰორშედი“, სლავური „ჰორსი“ და ეგვიპტური „ჰორი“. როგორც ხედავთ საქმე გვაქვს ისევ ცეცხლის და მზის სტიქიებთან. ეგვიპტური მზის ღმერთის ჰორის სახელის ფუძეა hr, რაც ნიშნავს „სიმაღლეს“, „ცას“. არაერთ ეგვიპტურ ღვთაებას ჰქონდა სახელში „ჰორ“ ფუძე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაპირველად „ჰორი“ იყო ღვთაებრივის, არამიწიერის სინონიმი. საინტერესოა ისიც, რომ „ვარუნა“ ახურა მაზდას ერთ-ერთი სახელია. ამავე დროს ბჰაგავატ გიტაში კრიშნა ამბობს საკუთარ თავზე - მე ვარ ვარუნა. თუ ერთის მხრივ hr ფუძე ზეციერს, მაღალს ნიშნავს და მისგან მოდის სიტყვა აჰურა, ვედებში ამ სიტყვის წარმოშობა სხვანაირადაა მოთხრობილი. „აგნი-პურანაში“ სამყაროსეული „რძის ოკეანის ათქვეფის“ დროს (შესაძლოა იგულისხმება რაღაც კოსმოსური პროცესები, გალაქტიკის “milky way”-ის ფორმირება ან რამე სხვა), მისგან იშვა ღვინოს ანუ მათრობელა სასმისის „სურას“ ქალღმერთი ვარუნი (მსგავსებაა ვარუნასთან). ღმერთებმა (იგივე დევებმა) მიირთვეს ეს სასმისი და მას მერე მათ ჰქვიათ სურები (დევები), ხოლო დაიტიებმა უარი თქვეს ამ სასმელის მიღებაზე და მათ ეწოდათ ასურები (ანუ სურას არმიმღებები). დაიტიები თავისმხრივ ვედების თანახმად წარმოადგენენ გოლიათების რასას. აქ კი იკვეთება მსგავსება ტიტანებთან ბერძნულ მითოლოგიაში. ხოლო თუკი ტიტანებს გავიხსენებთ, გავიხსენოთ პრომეთეც, რომელმაც ადამიანებს საღმრთო ცეცხლი (ისევ ცეცხლის სტიქია) ჩამოუტანა (ანუ სიბრძნე) და ადამიანებს მრავალი ცოდნა გადასცა, რითიც ღმერთების რისხვა გამოიწვია.
მოკვლევა ინტერნეტიდან. ამეშასპენტები ზოროასტრიზმში
ზოროასტრიზმის მთავარი ღვთაების - ახურა მაზდას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები სახელია იეზდანი, ხოლო მის გამოვლინებებს ანგელოზების სახით ავესტურ ტრადდიციაში ერქვათ იზედები. იზედი ან იაზატი ჩვენებური ანგელოზის ანალოგია. ავესტურიდან თარგმანში იაზატა ნიშნავს „ის ვინც თაყვანისცემის ღირსია“. ზოროასტრულ თეოლოგიაში ახურა მაზდა წარმოადგენს შემოქმედს, ხოლო ახრიმანი (არიმანი) დამანგრეველს. ეს ორი საწყისი მარადიულია და მუდმივ ურთიერთდაპირისპირებაშია ერთმანეთთან. აქ ცალსახად იკვეთება მეტაფიზიკური დუალიზმი. როგორც მახსოვს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომელსაც ქრისტიანობის, როგორც მონისტური რელიგიის ჩამოყალიბებისას წმინდა მამები უპირისპირებდნენ დუალისტურ ქრისტიანულ გნოსტიციზმს, იყო ის მოსაზრება, რომ შემოქმედ ღმერთს, რახან იგი მარადიული და ყოვლისშემძლეა, ვერ დაუპირისპირდება ეგეთივე „ძალის“ უარყოფითი ძალა, რადგან ორი ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი და მარადიული ძალა ვერ თანაიარსებებს. ამიტომ ქრისტიანობაში ჩამოყალიბდა ცნება სატანაზე, რომელიც შემოქმედი ღმერთის ერთ-ერთი განდგომილი ქვეშევრდომია და მისი „თარეში“ ღმერთისგან დაშვებულია გარკვეული ვადებით. ზოროასტრიზმში საქმე სხვაგვარადაა. აქ ახრიმანი და ახურა მაზდა აშკარად სამყაროს დუალობის ურთიერთსაპირისპირო პოლუსებს წარმოადგენენ. ახურა მაზდა ქმნის იზედებს (ანგელოზებს), ხოლო ახრიმანი დემონებს. ეს ბრძოლა ზოროასტრელების რწმენით დასრულდება ბოლო ჟამს, ნათელი ძალების გამარჯვებით, მაგრამ ამ გამარჯვებისთვის საჭირო იქნება როგორც ანგელოზთა, ასევე ადამიანთა სრული მობილიზაცია.
ავესტურიდან „ამეშა სპენტა“ ითარგმნება, როგორც „უკვდავი წმნინდანი“. ამეშა სპენტები წარმოადგენენ ახურა მაზდას შვიდ იპოსტასს, მის უშუალო შვიდობრივ გამოვლინებას იმ სხვადასხვა წმინდა თვისების სახით, რომლისკენაც უნდა იღწვოდეს ზოროასტრელი. ეს თვისებებია: სიმართლე (აშა-ვახიშტა), კეთილი სურვილი (ვოხუ-მანი), წმინდა კეთილგანწყობა (სპენტა-არმაიტი), დიდსულოვანი ძალაუფლება (ხშატრა-ვარიუ), ჯანმრთელობა (ხაურვატი) და სიცოცხლე (ამერტატი). ამ 6 თვისებას მიყავს ადამიანი მე-7, უმაღლეს ღვთაებრივ გამოვლინებამდე - სპენტა-მანიუმდე ანუ წმინდა სულამდე (სულიწმინდამდე). ითვლება, რომ ადამიანი მაშინაა ყველაზე ახლოს ღმერთთან, თუ იგი მის ამ მე-7 იპოსტასს ანუ სულიწმინდას ეზიარება. სწორედ სულიწმინდას (სპენტა-მანიუს) საწინააღმდეგო ძალაა ანგრა-მანიუ ანუ ბოროტი სული, იგივე ახრიმანი. საინტერესოა, რომ ისევე როგორც სხვა დუალისტურ მიმდინარეობებში, როგორიცაა მაგალითად მანიქეიზმი ან მანდეიზმი, ზოროასტრიზმშიც დუალიზმის ფონზე იკვეთება მონიზმის ერთიანი ღვთაებრივი პრინციპი, რომელიც ყველაფრის პირველწყაროა და რომელიც ამ ორმხრივ საწყისებზე მაღლა დგას. ამ იდეამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო მაზდეიზმიდან მოგვიანებით განვითარებულ ზურვანიზმში, რომელიც ასევე ზოროასტრიზმის ტრადიციას წარმოადგენს. ზურვანიზმის მიმდევრების რწმენით უმაღლეს ღმერთს წარმოადგენს ზურვანი, აბსოლუტი, რომელის ტყუპი შვილები არიან ახურა-მაზდა, როგორც შემოქმედი და ახრიმანი, როგორც დამანგრეველი საწყისი, რომლებიც ერთმანეთთან განუწყვეტელ დაპირისპირებაში იმყოფებიან. ეს იდეა ეფუძნება ძველ მითს, ტყუპ ძმებზე, რომელიც სავარაუდოდ უძველესი არქეტიპების მითოპოეტურ ფორმას წარმოადგენს.