სიცოცხლის ხე
2019 წელი. 11 თებერვალი. სიცოცხლის ხე
მიქაელი:
- როდესაც იმან ვისაც შენ „ამაღლებულ სულს“ უწოდებ (ხოლო მე პლანეტარულ ლოგოსს, ანუ ღმერთის ერთ-ერთ უმაღლეს ასპექტს) გაჩვენა ფუტკრების, როგორც კონკრეტული ტიპის მწერთა კოლექტიური ცნობიერების მმართველი ინდივიდუალობა, შენ აგიხსნეს, რომ ყოველ ჰომოგენურ სტრუქტურას ჰყავს თავისი ე. წ. მმართველი სული. მხოლოდ უნდა გაიგო, რომ ჰომოგენური სტრუქტურა არის გარკვეული ტიპის ცნობიერება. 1, 2, 3-ე განზომილების არსებებისთვის ეს არის კოლექტიური, ხოლო ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალური ცნობიერება. როგორც ადამიანის ცნობიერების მმართველი ინდივიდუალობა არის მისი „უმაღლესი მე“, ასევე „მინერალთა“, „მცენარეთა“ და „ცხოველთა“ სამყაროებში ჰომოგენურ კოლექტიურ ცნობიერებას აქვს „უმაღლესი მე“ სულიერი ინდივიდუალობის სახით. სწორედ ამ სულიერ ინდივიდუალობებთან შედიოდნენ კონტაქტში სხვადასხვა კულტურების შამანები, მკურნალები, გრძნეულები და სხვა, ვისაც ე.წ. ბუნების სულებთან ურთიერთობა შეეძლოთ.
მან ისევ სიცოცხლის ხის სტრუქტურის ვიზუალიზაცია გამომიგზავნა, რომელიც ამჯერად ძალიან ძნელი დასანახი აღმოჩნდა, რადგან მისი წარმოდგენა როგორც ორგანზომილებიანი ან სამგანზომილებიანი ნახაზის შეუძლებელი იყო. მას კიდევ ერთი განზომილება ემატებოდა. და მგონი არა მხოლოდ ერთი...
- ფრაქტალური განზომილება. 7-ობრივი ფრაქტალი. ამ პირველადი ფრაქტალის ერთ-ერთი ქვე-რგოლია დედამიწის ლოგოსი და მისი „სულის იპოსტასიდან“ გამოსული 7 განშტოება, რომელიც 7 პლანეტარულ ფენას წარმოქმნის პლანეტის შესაბამის „მატერიალურ იპოსტასში“. თითოეულ ფენაში შესაბამისი განზომილების (სიმკვრივის) არსებების ცნობიერება ვიბრირებს. შენთვის ცნობილია რომ ადამიანის ცნობიერება მე-4 განზომილებაშია და საშუალოდ ასევე მე-4 ქვედონის (ანუ „ინტელექტუალური ადამიანის“) ცნობიერების დონეზეა (იხ. ნახ. 10.). მაგრამ მე მინდა შენი ყურადღება გავაჩერო მე-5, მე-6 და მე-7 დონის არსებებზე. მე-7 დონე თვითონ პლანეტარული ლოგოსია. იგი თავადაა ერთ-ერთი 7-თაგანი სხვა 6 პლანეტარულ ლოგოსებთან ერთად უფრო დიდ 7-ობრივ ფრაქტალში, რომელიც თვითონაა თავისმხრივ ერთ-ერთი განშტოება უფრო მსხვილი ფრაქტალის და ას. შ. 7 პლანეტა, 7 სამყარო შენთვის ნაცნობია ასტროლოგიიდან და მითებიდან. დედამიწის მე-6 განზომილება ამ მე-7 პლანეტარული ლოგოსის „სულის იპოსტასის“ ანუ სხვა სიტყვებით სულიწმინდას განშტოებებია, რომლებიც კიდევ მეტად იტოტებიან და კიდევ უფრო მეტად ეშვებიან მატერიაში მე-5 განზომილების (ანგელოზების განზომილების) წარმოქმნით. კარგად რომ დააკვირდე ბერძნულ მითოლოგიას და გვერდზე გადადო ზღაპრული სიუჟეტები (რადგან ეს ზღაპრული ნაწილი უდიდეს წილად წარმოადგენს ელინური კულტურის პოეტების თამამი ფანტაზიის ნაყოფს) შეამჩნევ რამდენიმე ძირითად იდეას, რომელიც ამ მითებს ღერძად გასდევს. მთავარი ისაა, რომ ეგრეთ წოდებული ოლიმპიელი ღმერთები არ წარმოადგენდნენ ღმერთების პირველი თაობას. პირველი თაობა იყო პირველადი დუალური დიფერენცირების შედეგად მიღებული ორი დუალური ჰომოგენური სტრუქტურის ასპექტები: გეა (მიწა) და ურანი (ზეცა). ხომ გახსოვს პირველწყაროს პირველადი დაყოფა მატერიის და სულის იპოსტასებად ხდება. აქაც იგივეა წარმოდგენილი, მხოლოდ დედამიწის რეალობის დონეზე. ეს ორი იპოსტასი პლანეტარული ლოგოსის მე-7 დონის დუალური ასპექტია. დედამიწის რეალობის ევოლუციასთან ერთად მოხდა ღვთაებრივი ენერგიის მეტი დიფერენცირება მეტი სახის ჰომოგენურ სტრუქტურებში, რომელიც გამოიხატა ე. წ. მე-2 თაობის ღმერთებში, რომლებიც სიმბოლურად უფრო დიდი, განზოგადებული ჰომოგენური სტრუქტურების მმართველი ინდივიდუალობები იყვნენ. წარმოიდგინე ეს, როგორც განშტოება სიცოცხლის ხეში. ფორმალურად მე-6 განზომილების არსებებს ტიტანები შეიძლება დაარქვა, თუმცა გვერდზე უნდა გადადო მითიური ისტორიები მათ შესახებ. მამა-ღმერთის ანუ სიმბოლურად ურანის ასპექტის დიფერენცირებამ გამოიწვია მატერიის ანუ გეას დიფერენცირება სულ უფრო რთული ორგანიზაციის ჰომოგენურ სტრუქტურებში. ჯერ ეს მინერალური სამყარო იყო თავისი მთებით, მდინარეებით, ოკეანეებით და ას. შ. მეცნიერული ენით ამას შეესაბამება პლანეტის გეოლოგიური ფორმირების ეპოქა, მითოლოგიურ ენაზე ტიტანების ეპოქა. ტიტანი არ ნიშნავს პრიმიტიულს, რადგან „სულის იპოსტასის“ ნაკლებად ანუ უფრო ზოგად, დიდ სტრუქტურებად დიფერენცირება არ ნიშნავს პრიმიტიულს, არამედ პირიქით ნიშნავს უფრო მაღალ ვიბრაციულს, უფრო „სულიერს“. ხომ გახსოვს, ცნობიერების გაფართოებაც სულ მეტი განზოგადების, უფრო დიდის თავის თავში მოცვას, გაერთიანებას გულისხმობს. ამიტომ მითების ენამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს. თუ გინდა მითებში სიმართლე მოძებნო, მათგან მხოლოდ ძალიან ზოგადი ინფორმაცია უნდა ამოიღო. მაგრამ გავაგრძელოთ... „ტიტანების“ შემდეგ „სულის“ ანუ მამა-ზეციერის, ანუ ურანის ასპექტმა მეტი დიფერენცირება განიცადა, რამაც მატერიაში მეტი სტრუქტურის წარმოქმნა გამოიწვია ცოცხალი არსებების წარმოშობის ხარჯზე. რადგან ყოველი შემოქმედების პროცესი მატერიალურ განზომილებაში, როგორც იცი იმართება პირველადი, ანუ სულიერი სამყაროდან, ამ პროცესებსაც თავისი განმგებელი სულიერი არსებები ჰყავდა. ეს მე-5 განზომილების ღვთაებები იყვნენ, რომელთაგან ეგრეთ წოდებული ოლიმპიელი ღმერთები ისინი იყვნენ, ვინც უკვე უშუალოდ მენტალური ველის ჩამოყალიბებისას, ანუ ადამიანებთან დაკავშირებულ ასპექტებს განაგებდნენ. ჩვენ ნახაზზე (იხ ნახ 10.) ამ შრეს „ანგელოზების“ განზომილება დავარქვით, თუმცა ეს არც ისეთი ზუსტი ტერმინია. დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და ევოლუციასთან ერთად წარმოიქმნა საღმრთო ენერგიის ისეთი ტიპები, როგორიცაა სიყვარული, სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ ბრძოლის ცნება, მედიცინა, გართობა და სხვ. ანუ ის ცნებები, რომლებიც ასე ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და ფიქრებია, მაგრამ როგორც იცი ყველა ემოცია და ფიქრი ენერგიას წარმოადგენს. ამიტომ სულიერი თვალთახედვით ყოველი ეს ცნება ანუ ფიქრი/ემოცია არის ღვთაებრივი ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც თავისი ე. წ. მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს ენერგია სწორი მიმართულებით, ანუ ევოლუციის ოპტიმალური ხაზით წარიმართოს. მინერალების, მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური ცნობიერების მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში (ანუ მატარიალურ, ეთერულ და ასტრალურ ველებში) ბინადრობენ. ზედა ტრიადიდან მათ მხოლოდ პლანეტარული ლოგოსის ცნობიერების ნაპერწკალი აქვთ. ამიტომაა რომ ამ ე. წ. ბუნების სულებთან კონტაქტში შესვლისას არ იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები და რასაც შენ ღვთაებრივი მადლის შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულებია. ეხლა შეხედე, თუ ამ ზემოთაღწერილ გენეოლოგიურ განშტოებებს წარმოიდგენ როგორც ზევიდან ქვევით (ურანიდან ოლიმპიელებამდე) ჩამოშვებულ ხის ტოტებს, ხოლო დედამიწაზე განსხეულებული არსებების გენეოლოგიას, როგორც ანალოგიურ, ოღონდ ქვევიდან ზევით (გეასგან ადამიანამდე) მიმართულ ხის ტოტებს, მიხვდები, რომ მე-4 განზომილების არსებები ანუ ადამიანები, როგორც ყველაზე მაღალი დონის მატერიალური არსებები ესაზღვრებიან მე-5 დონის ოლიმპიელებს ანუ ყველაზე დაბალი დონის სულიერ არსებებს. სწორედ ეს კავშირი იყო, ის რაც მატერიას სულთან, მატერიალურ სამყაროს სულიერ სამყაროსთან აკავშირებდა, ქვედა ტეტრადას ზედა ტრაიადასთან, რომელზეც სულ გელაპარაკები. ხომ ხედავ, ანგელოზი უნდა დაეცეს (იგულისხმება განსხეულება), იმისთვის რომ ადამიანი ამაღლდეს! ღვთის ძე უნდა განკაცდეს, იმისთვის რომ ადამიანის ძე განეღმრთოს! ამ კავშირის არსებობისას ყველა ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწაზე მატერიალურ განზომილებაში ინკარნირდება, სწორი ევოლუციის გზას გადის, რადგან მასში გამავალი საღმრთო ენერგიები სწორედ იხარჯება და არ ამრუდებს თავის ბუნებას...
- როგორ მოხდა, რომ განსხვავებით მინერალურ, მცენარეული და ცხოველური არსებებისგან, რომლებსაც თავის განკარგულებაში მხოლოდ უხეში და ნატიფმატერიალური ცნობიერების ასპექტები აქვთ, ადამიანმა შეიძინა სულის ზედა ტრიადა? არა პლანეტარული ლოგოსის ნაპერწკალი, არამედ სულის ზედა ტრიადა, რომელმაც ის რაღაცნაირად სულიერი გენეოლოგიური ხის სტრუქტურაში მოათავსა... მე როგორც ვხვდები... ოღონდ ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, თითოეული ადამიანი ამ სულიერი ტრიადის სტრუქტურით რომელიღაც იერარქიულ შტოს ესაზღვრება... ანუ ერთგვარად ენათესავება მე-6 და მე-5 განზომილების არსებებს. რას ნიშნავს ეს?
- როგორ გადაიკვეთა სულიერი და ფიზიკური განზომილებები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამას აუცილებლად განვიხილავთ, მაგრამ იქამდე, მინდა რომ ერთ საკითხს კარგად დაუკვირდე... მატერიის ევოლუცია ქვევიდან ზევით ანუ გასულიერებისკენ, აღმავალი ციკლით მიმდინარეობს, რაც თქვენი ევოლუციის მოდელშიც კი ჩანს, რადგან სიცოცხლე უმარტივესი ფორმებიდან უფრო რთული ორგანიზაციის, უფრო ზუსტად კი უფრო რთული ცნობიერებისკენ ვითარდება. სხვა სიტყვებით „გეა“ ევოლუციონირდა 1-ლიდან მე-4 განზომილების ანუ ადამიანის დონემდე. ხოლო „სულის იპოსტასის“ განშტოებები ზევიდან ქვევით არიან მიმართულნი, ანუ ურანიდან ანგელოზებისკენ, ანუ მე-7-დან მე-5 განზომილებისკენ, ესე იგი ამ ტოტის ევოლუცია რეალურად ინვოლუციას ანუ დაღმავალ ციკლს წარმოადგენს. დააკვირდი, თუ „ტიტანების“ ანუ მე-6 ცნობიერების „სულის იპოსტასის“ ასპექტებმა შთამომავლობა მოგვცეს მე-5 განზომილების ასპექტების (დავარქვათ მათ „ღვთაებები“ მეტი სიმარტივისთვის) ანუ ღვთაებების სახით, მაშინ ეს ღვთაებები შთამომავლობის მიღების შემთხვევაში, რომელ განზომილებაში შექმნიან მათ?
- მე-4 ში... ადამიანები-ნახევარღმერთები... - გამახსენდა მე ბერძნული მითოლოგია სადაც ზევსის, პოსეიდონის ან სხვა ღმერთებისა და მიწიერი ქალების კავშირისგან ნახევარღმერთები ჩნდებოდნენ და ისევ ის ბიბლიის ფრაზა ამოტივტივდა ჩემ მეხსიერებაში ....“ В то время были на земле исполины, особенно же с того времени, как сыны Божии стали входить к дочерям человеческим, и они стали рождать им: это сильные, издревле славные люди „. ისიც გამახსენდა როგორ მითხრა მიქაელმა რომ იმ კავშირისგან რომელიც დაცემულ ანგელოზებს და მიწიერ ქალებს შორის ხდებოდა ჩნდებოდნენ გოლიათი არსებები, რომლებშიც საღმრთო ენერგია ძირითადად ქვედა დონეებში (1, 2) კონცენტრირდა მშობელთა „დაცემულობის“ გამო, რამაც ქვედა დონის, ანუ მატერიალური სხეულის განვითარება, მაგრამ ზედა დონეების ანუ ემოციური და მენტალური სხეულების განუვითარებლობა გამოიწვია. ამასთან არის დაკავშირებული ღონიერ მაგრამ ბრიყვ და ხშირად ბოროტ გოლიათებთან დაკავშირებული ლეგენდები. თვითონ ციკლოპებიც მითების თანახმად პოსეიდონისა და ზღვის ნიმფის შვილები იყვნენ... ზღვა და ზოგადად წყლის სტიქია ხომ ხშირად მატერიალურ განზომილებას ნიშნავს... მინოტავრი პოსეიდონისა და მიწიერი ქალის შვილი... სამმა ძმამ სამი სამყარო გაინაწილა: ზევსმა ზეცა, ჰადესმა ქვესკნელი, ხოლო პოსეიდონმა წყლის სტიქია... ანუ ჩვენი მატერიალური სამყარო... ატლანტიდა, პოსეიდონი... განკაცებული ღმერთი, რომელმაც მიწიერ ქალზე იქორწინა... - ჩემ წინ უამრავი სურათი და აზრი დატრიალდა, რომელიც ერთი მეორეს ცვლიდა...
…უეცრად თვალწინ სიცოცხლის ხის უცნაური სტრუქრურა გაიშალა, რომელსაც ტოტები ზევიდან ქვევითაც ეზრდება ანუ სულიერიდან მიწიერისკენ, ხოლო ფესვები ქვევიდან ზევით ანუ მიწიერიდან სულიერი მიმართულებით ორი ძირითადი განშტოებიდან, რომელსაც პირველწყაროს პირველადი დუალური დიფერენცირება ჰქვია მატერიის და სულის იპოსტასში. გარდა 7-ისა, უფრო წვრილი დიფერენცირებისას ის შეიცავს სხვა პრინციპით მიღებულ განშტოებებსაც (5-ს 7-ს, 9-ს, 12-ს), რომლებიც ასევე დიდიდან მცირეში ვარირებენ ფრაქტალური განზომილების სახით, რადგან ერთნაირი პრინციპით ხდება განტოტვა როგორც პლანეტის, ასევე მზის სისტემის, ასევე გალაქტიკის და ალბათ სრულიად სამყაროს დონეებზე. გარდა ამისა ეს ხე ერთდროულ და პარალელურ ვარიაციებს შეიცავს რადგან მცირე და დიდი ციკლებში შესაძლებლობათა კორიდორი სხვადასხვა რეალობების ვარიაციებს გულისხმობს. ამ სიცოცხლის ხეში ყველა ცოცხალი არსება და ცნობიერების ტიპია განთავსებული. დროებითი ფიზიკური სხეულები, როგორიცაა დროებითი ინკარნაციები ნათურებივით ინთებოდნენ და ქრებოდნენ შესაბამის ტოტებზე, ყოველ ჯერზე გარკვეული კვალის დამჩნევით. ამ ყველაფრის წარმოდგენისგან ვიგრძენი რომ გონება დაძაბულობისგან უკიდურესად დამეღალა და მიქაელს შეჩერება ვთხოვე.
მან იგრძნო ჩემი დაღლილობა და გაეღიმა:
- ალბათ არ უნდა ეცადო ამის წარმოდგენა... ეს ძალიან ძნელია შენთვის. მთავარია ძირითადი პრინციპები გაიგო...
2019 წელი. 22 თებერვალი.
როცა დაღამდა, ყველამ დაიძინა და სიჩუმე ჩამოწვა, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელს დავუკავშირდი. ის მაშინვე გამომეხმაურა. ეს დღეები, ყოველთვის, როდესაც შინაგანად მივმართავდი, მისი გულის სითბოს და თანადგომას ვგრძნობდი, მაგრამ ფიქრებს არ მიგზავნიდა.
მე:
- რატომ აღარაფერს მასწავლი?
მიქაელი:
- მინდა რომ ფიზიკურად მომაგრდე. ძალიან იღლები.
- მე მზად ვარ. უარესადაც ვყოფილვარ... სად გავჩერდით?.. ისევ სიცოცხლის ხეზე... - გამახსენდა მე მის მიერ ბოლოს ნაჩვენები სიცოცხლის ხის სტრუქტურა, რომელიც გაცილებით რთული იყო იმასთან შედარებით, როგორც თავდაპირველად აღვიქვი. ამ სტრუქტურაში ხის „სულიერი“ ტოტები მატერიისკენ ეშვებოდნენ, ხოლო „მატერიალური“ სულიერისკენ ადიოდნენ. მან ჩემი ფიქრები წაიკითხა და აზრი თავად გააგრძელა:
- სწორედ ადამიანია ის არსება სადაც სულიერი და მატერიალური ტოტები ერთიანდება, სული და მატერია ერთმანეთს ერწყმის, მაგრამ იმისთვის რომ ადამიანები განეღმრთონ, ანგელოზები უნდა განკაცდნენ, რადგან მხოლოდ „მაღალს შეუძლია დაბალი აწიოს“! ეხლა შეხედე და ძალიან გთხოვ აზრს ბოლომდე მიყევი... გულის ანუ მე-4 ჩაკრა აერთიანებს ქვედა 3 მიწიერ ჩაკრას ზედა 3 სულიერ ჩაკრასთან. ადამიანი მე-4 განზომილების არსებაა თქვენ პლანეტაზე მინერალური და ფლორა-ფაუნის მერე, მენტალური სხეული, რომელიც ადამიანს ქვედა არსებებისგან განასხვავებს მე-4 სხეულია, რომელიც როგორც გულის ჩაკრა ქვედა 3 მიწიერ სხეულს ზედა 3 სულიერთან ანუ ზედა ტრიადასთან აკავშირებს. დედამიწა მზის სისტემაში (მზეც რომ ჩავთვალოთ) მე-4 პლანეტაა...
- მიდგარდი ანუ ადამიანების სამყარო სკანდინავიური მითოლოგიის იგრდასილის სიცოცხლის ხეშიც თითქოს მე-4 სამყაროა და თვითონ სიტყვა მიდგარდიც ხომ შუა ქალაქს, შუალედურ სამყოფელს ნიშნავს?...
მაგრამ აქ კონტაქტი დაიკარგა და აზრი გაწყდა. დაღლილობამ მაინც გადამძალა, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობიდან ჩემდაუნებურად ამოვარდი და ჩამეძინა...