5 - სამყაროს სახე
5. სამყაროს სარკე
დეკლარაცია
თქვენი სამყარო არის ის, რასაც თქვენ მასზე ფიქრობთ. სამყარო როგორც სარკე, აირეკლავს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას. ცხოვრება თამაშია, სადაც სამყარო თავის მკვიდრებს გამუდმებით ერთიდაიგივე შეკითხვას უსვამს - „აბა, გამოიცანით როგორი ვარ მე?“ და ყველა საკუთარი წარმოდგენისამებრ პასუხობს.- „შენ აგრესიული ხარ“, ან „შენ მყუდრო ხარ,“ ან „მხიარული, პირქუში, მეგობრული, მტრული, ბედნიერი, უბედური“. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ვიქტორინაში ყველა იმარჯვებს. სამყარო ეთანხმება და თითოეულის წინაშე იმ ფორმით წარსდგება როგორი წარმოდგენაც აქვთ მასზე. თქვენ რას ფიქრობთ თქვენს სამყაროზე?
ახსნა
თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი საუკეთესო უკვე გაყიდულია, მაშინ მისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ცარიელი თაროებიღა რჩება. თუ ის ფიქრობს, რომ კარგი საქონელის მისაღებად, აუცილებელია გრძელ რიგში ჩადგომა და მისი ძვირად შეძენა, მაშინ ეს ასეც ხდება. თუ მოლოდინი პესიმისტურია და სავსეა ეჭვებით, ისინი აუცილებლად მართლდება. თუ ადამიანი მოელის არამეგობრულ გარემოსთან შეხვედრას, მისი წინათგრძნობა აუცილებლად ახდება. თუმცა საკმარისია ადამიანმა გაიფიქროს, რომ სამყარომ მისთვის ყოველივე საუკეთესო შემოინახა, რატომღაც ასეც ხდება. ისეც ხდება, რომ „ტიპი“ რომელიც აზრზე არაა, თუ რა რთულია საქონლის „დათრევა“, რაღაც წარმოუდგენელი გზით აღმოჩნდება იმ დახლთან სადაც ახლახან მოიტანეს ახალი საქონელი, და როგორც პირველ კლიენტს ყველაფერი უფასოდ ეძლევა. ხოლო მის შემდეგ ისევ გრძელი რიგი ეწყობა იმათგან ვინც ფიქრობს, რომ სინამდვილეში რეალობა ძალიან მკაცრია, ხოლო სულელებს ზოგჯერ უბრალოდ უმართლებს. და ის „ტიპი“ ვისაც ასე გაუმართლა, თუ ოდესმე მათსავით დაიწყებს ფიქრს, მაშინ რეალობაც მისთვის შეიცვლება და რიგის ბოლოში აღმოჩნდება.